Facebook Twitter

საქმე №ას-210-2019 17 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „კ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – რ.ხ–ვი, ნ.ხ–ვი, ნ.ბ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რ.ხ–ვს (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), ნ.ხ–ვსა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და სს „კ.ბ–ს“ (რეორგანიზაციამდე - შპს „მ.ო.კ–ო“)(შემდგომში - „მოსარჩელე“, „კრედიტორი“ ან „კასატორი“) შორის 2016 წლის 02 მარტს დაიდო ხელშეკრულებები სესხის ხაზით მომსახურებაზე, რომელთა საფუძველზეც პირველი და მეორე მოპასუხეების სახელზე გაიხსნა სესხის ხაზი 50 000 - 50 000 ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით.

2. პირველ და მეორე მოპასუხეებთან დადებული სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ნ.ბ–ის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: გარდაბანი, სოფელი ......, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2700.00 კვ.მ, ს.კ. ...... იპოთეკით დაიტვირთა ასევე მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: გარდაბანი, სოფელი ......, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 1375.00 კვ.მ, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებთან ერთად, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, N3, N4, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 383.88 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 90.00 კვ.მ, დამხმარე ფართი 231.78 კვ.მ, სხვა ფართი 62.10 კვ.მ, ს.კ. ...... (შემდგომში - „იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები“) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 21-30).

3. მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 02 მარტს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 10 000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, 0,58% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტით განისაზღვრა, რომ გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს დაერიცხებოდა სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0,27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამასთან ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეს დაერიცხებოდა ჯარიმა 5%, არანაკლებ 2 ლარისა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 31-33).

4. 2016 წლის 02 მარტს დადებული თავდებობის ხელშეკრულებების მიხედვით, მეორე და მესამე მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე, სოლიდარულად დაეფარათ ძირითადი მოვალის - პირველი მოპასუხის დავალიანება, მაშინაც კი როდესაც ადგილი არ ექნებოდა იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. ხელშეკრულების მიხედვით, თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი შეადგენდა 12 527,12 და 12 547,78 აშშ დოლარს, ასევე, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 35-38).

5. სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 02 მარტს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 20 000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, 0,58% თვიური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0,27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამასთან ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეს დაერიცხებოდა ჯარიმა 5%, არანაკლებ 2 ლარისა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 40-41).

6. 2016 წლის 02 მარტის თავდებობის ხელშეკრულებით მესამე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე, სოლიდარულად დაეფარა ძირითადი მოვალის - მეორე მოპასუხის დავალიანება, მაშინაც კი როდესაც ადგილი არ ექნებოდა იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი შეადგენდა 24 746,19 აშშ დოლარს, ასევე, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 43- 44).

7. სადავო არ არის სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მოპასუხეთა მხრიდან დარღვევის ფაქტი.

8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვა: პირველ მოპასუხესთან დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11 369,15 აშშ დოლარის გადახდა; მეორე მოპასუხესთნ დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მეორე და მესამე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 22 437,95 აშშ დოლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების აუქციონზე რეალიზაცია; ხოლო, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმრისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

9. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გარდა, სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

9.1. პირველმა მოპასუხემ 2016 წლის ივლისიდან შეწყვიტა სესხის ხელშეკრულებითა და გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა. მსესხებელი და თავდებები - მოპასუხეები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულები როგორც ზეპირი და წერილობითი, ისე სატელეფონო შეტყობინებებით ვალდებულების შესრულების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ;

9.2. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2016 წლის 02 მარტს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეთა სოლიდარული დავალიანება შეადგენს 11 369,15 აშშ დოლარს, საიდანაც 9 090,85 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1 662,58 აშშ დოლარი დარიცხული პროცენტი, 400 აშშ დოლარი დაზღვევის თანხა, ხოლო 215,75 აშშ დოლარი დარიცხული ჯარიმა;

9.3. მეორე მოპასუხემ 2016 წლის ივლისიდან შეწყვიტა სესხის ხელშეკრულებითა და გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა. მსესხებელი და თავდები - მეორე და მესამე მოპასუხეები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულები როგორც ზეპირი და წერილობითი, ისე სატელეფონო შეტყობინებებით ვალდებულების შესრულების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ;

9.4. მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის 2016 წლის 02 მარტს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მეორე და მესამე მოპასუხეების სოლიდარული დავალიანება შეადგენს 22 437,95 აშშ დოლარს, საიდანაც 18 181,72 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 3 325,30 აშშ დოლარი დარიცხული პროცენტი, 521,39 აშშ დოლარი დაზღვევის თანხა, ხოლო 409,55 აშშ დოლარი დარიცხული ჯარიმა;

9.5. მეორე და მესამე მოპასუხეებთან დადებული იპოთეკის ხელშეკრულებების 5.11 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას.

10. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს, თუმცა საქმის არსებითად განხილვისას სარჩელს ნაწილობრივ დაეთანხმნენ. კერძოდ, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც ერთ შემთხვევაში შეადგენს 9 090,85 აშშ დოლარს, ხოლო მეორე შემთხვევაში - 18 181,72 აშშ დოლარს.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (პირველი პუნქტი); მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 11 369,15 აშშ დოლარის გადახდა (1.1 პუნქტი); მეორე და მესამე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 22 437,95 აშშ დოლარის გადახდა (1.2 პუნქტი); კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, დადგინდა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაცია (1.3 პუნქტი); ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს კრედიტორის მოთხოვნას, განისაზღვრა მეორე და მესამე მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა (1.4 პუნქტი); სარჩელი პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში არ დაკმაყოფილდა (1.5 პუნქტი), ვინაიდან, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულება ასეთ დათქმას არ ითვალისწინებდა.

12. მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც სარგებლის, დაზღვევის თანხისა და პირგასამტეხლოს, ასევე, აღსრულების მეორე და მესამე მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე მიქცევის ნაწილში მისი გაუქმება მოითხოვეს.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 1.4 პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს კრედიტორის მოთხოვნას სარეალიზაციოდ მიექცეს მეორე და მესამე მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონება); დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

14. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება დავალიანების მოცულობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, დავალიანების შესახებ ცნობითა და სესხის გადახდის გრაფიკით დასტურდება, რომ 2016 წლის 02 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველი მოპასუხის დავალიანება, 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, შეადგენს 11 369,15 აშშ დოლარს (სესხის ძირითადი თანხა 9 090,85 აშშ დოლარი, სარგებელი 1 662,58 აშშ დოლარი, ჯარიმა 215,72 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 400 აშშ დოლარი), ხოლო მეორე მოპასუხის დავალიანება - 22 437,95 აშშ დოლარს (სესხის ძირითადი თანხა 1 8181,72 აშშ დოლარი, სარგებელი 3 325,30 აშშ დოლარი, ჯარიმა 409,55 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა 521,39 აშშ დოლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 45-50). მოპასუხეს აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

16. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტების პრეტენზია, რომ სასამართლომ არასწორად მოახდინა დაზღვევის თანხის დაკისრება. სასამართლოს განმარტებით, სესხის ხელშეკრულებები ითვალისწინებდა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას. კერძოდ, ხელშეკრულებების 5.1, 5.2 და 5.3. პუნქტები შეიცავდა შემდეგ დათქმას: „გამსესხებლის“ და „მსესხებლის“ რისკების შემცირების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. მსესხებელი ვალდებულია, დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახადის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად. მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო დაზღვევის პირობებს. ასევე ადასტურებს, რომ გადაეცა სიცოცხლის დაზღვევის პირობების შესახებ მცირე ბუკლეტი. ამასთან, სესხის ხელშეკრულებების 3.4 და 3.2 პუნქტების თანახმად, სესხი გადახდილი უნდა ყოფილიყო თანდართული გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები მოიცავდა სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტსა და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას.

17. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 361.2, 417-ე, 420-ე მუხლები და აღნიშნა, რომ აპელანტების მხოლოდ იმგვარი მითითება, რომ სასამართლომ არასწორად არ შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, არ არის საკმარისი ამ გარემოების სრულად გაზიარებისათვის. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების წინაპირობა.

18. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301.1 და 301.11 მუხლებზე დაყრდნობით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია მეორე და მესამე მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის ნაწილში.

19. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მეორე და მესამე მოპასუხეებთან გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებების 5.11 პუნქტის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას (იხ. 02.03.2016წ. იპოთეკის ხელშეკრულებები, ტ. 1, ს.ფ. 25-30).

20. სააპელაციო პალატის განმარტებით, 301-ე მუხლის 11 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად. შესაბამისად, იმისთვის რომ აღსრულება მიექცეს მოვალის ან თავდების სხვა ქონებაზე აუცილებელია მხარეთა სპეციალური შეთანხმება აღნიშნულის თაობაზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა მოვალისა და თავდების სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევას, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად.

21. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და მისი ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.

22. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

22.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღსრულების მოვალის ან თავდების სხვა ქონებაზე მიქცევისათვის აუცილებელია აღნიშნულის თაობაზე მხარეთა სპეციალური შეთანხმება, რასაც, სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან ჩათვალა, რომ მეორე და მესამე მოპასუხეების სხვა ქონებაზე აღსრულება არ უნდა გავრცელდეს, თუმცა სასამართლოს უარი დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით;

22.2. სამოქალაქო კოდექსის 301.11 მუხლის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არაა დადგენილი. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი (იპოთეკარი) კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაღებ თანხასა და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალეთა სხვა ქონებებზე აღსრულების მიქცევით. საქმეში არსებული იპოთეკის ხელშეკრულებების 5.11 მუხლის, სესხის ხელშეკრულებების 9.1 მუხლისა და თავდებობის ხელშეკრულებების 3.13 მუხლის ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად ან/და იპოთეკის საგანი პირდაპირ გადავა იპოთეკარის საკუთრებაში და იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, ასეთ შემთხვევაში მოთხოვნა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გაწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაღები თანხა ან მისი ღირებულება, ხოლო დარჩენილი დავალიანების დასაფარად აღსრულება შეიძლება გაგრძელდეს კანონის შესაბამისად, მოვალეთა საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე;

22.3. მხარეთა შორის დადებული იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებებისა და განცხადებების ანალიზი ცალსახად ადასტურებს სოლიდარული ვალდებულების არსებობას, რაც გულისხმობს ერთდროულად რამდენიმე მოვალის არსებობასა და თითოეული მათგანის (მოცემულ შემთხვევაში კი როგორც თავდებების, ისე მსესხებლის) სოლიდარულ პასუხისმგებლობას კრედიტორის მიმართ. აღნიშულის მაგალითია, თუნდაც, საქმეში წარდგენილი სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები - თავდებობის ხელშეკრულებები და განცხადებები. დასახელებული ხელშეკრულებების როგორც სათაური, ასევე ტექსტი შეიცავს მითითებას სოლიდარული ვალდებულების არსებობის თაობაზე. თავდების განცხადებით თავდებებმა აიღეს ვალდებულება, რომ მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები მსესხებელთან ერთად იკისრონ სოლიდარულად, რის საფუძველზეც მოსარჩელეს ეძლევა უფლება წაუყენოს თავდებებს მოთხოვნა მსხესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. აღნიშნული პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, რომ იგი აღჭურვილია უფლებამოსილებით და არა ვალდებულებით მიმართოს თავდებ პირებს მსესხებლის მიმართ მოთხოვნის წაყენებამდე და მის მიმართ იძულებითი ღონისძიების გამოყენებამდე. აღნიშნული არ გამორიცხავს მოსარჩელის მიერ ჯერ მსესხებლის მიმართ მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობას. ეს კი სწორედ სოლიდარული ვალდებულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარეობს და სოლიდარული პასუხისმგებლობისაგან განსხვავებულ წესს არ ადგენს;

22.4. დადგენილია მხარეთა ნება და შეთანხმება იმის თაობაზე, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით არ უქმდება კრედიტორის მოთხოვნა. ამასთან, აშკარაა, რომ მხარეთა შეთანხმება არ შემოიფარგლება მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულებით, მხარეთა შეთანხმება მოიცავს ზემოთ მითითებულ ყველა ხელშეკრულებას ერთობლიობაში, რომელთა ანალიზიდან ცალსახად იკვეთება, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც იპოთეკით დატვირთული ქონებით, ასევე სოლიდარული მოვალეთა ქონებით;

22.5. ანალოგიურ საკითხზე უზენაესი სასამართლო 2011 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილებაში საქმეზე Nას-164-158-2011 ამბობს, რომ არასწორია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ „შეთანხმება, აღსრულების განსხვავებული წესის თაობაზე უნდა აისახოს აუცილებლად იპოთეკის ხელშეკრულებაში. მხარეთა შეთანხმება არ შემოიფარგლება მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულებით. მხარეთა შეთანხმება მოიცავს ზემოთ ჩვენს მიერ მითითებულ ყველა ხელშეკრულებას ერთობლიობაში, რომელთა ანალიზიდან ცალსახად იკვეთება, რომ მსხესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს როგორც იპოთეკით დატვირთული ქონებით, ასევე თავდებთა ქონებით, რომლებმაც მსესხებელთან ერთად იკისრეს სოლიდარული ვალდებულება“;

22.6. კანონი ყველა მოვალის მიმართ ვალდებულების შესრულების ერთნაირ წესს ადგენს და იგი არ ითვალისწინებს რომელიმე მოვალის ვალდებულების გამორიცხვის შესაძლებლობას მოვალის შეხედულებისამებრ. შესაბამისად, თუ მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება ბოლომდე, მსესხებლის ვალდებულება ძალაში რჩება და იგი ვალდებულია, დააკმაყოფილოს კრედიტორის მოთხოვნა ისევე, როგორც სხვა მოვალეებმა.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

24. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

25. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია კრედიტორის (მოსარჩელის) მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, აღსრულების მეორე და მესამე მოპასუხის კუთვნილ ქონებაზე მიქცევაზე უარის თქმის მართლზომიერება.

26. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების აღსრულების წესის იმგვარად განსაზღვრაზე, რომ თუკი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს კრედიტორის მოთხოვნას, სარეალიზაციოდ მიექცეს მეორე და მესამე მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულის საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ მხარეთა შორის არ ყოფილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული სპეციალური შეთანხმება მოვალის ან თავდების სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის თაობაზე.

27. აღნიშნულს კასატორი არ ეთანხმება და დავობს, რომ საქმეში არსებული იპოთეკის ხელშეკრულებების 5.11 პუნქტის, სესხის ხელშეკრულებების 9.1 პუნქტისა და თავდებობის ხელშეკრულებების 3.13 პუნქტის ანალიზიდან ცხადია, რომ მხარეთა შორის არსებობდა წინამდებარე პუნქტში მითითებული სპეციალური შეთანხმება.

28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

29. ამდენად, იპოთეკა სანივთო-სამართლებრივი გარიგებაა, მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაში მდგომარეობს და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების ბუნება ვლინდება ძირითადი უფლების გადაცემის პროცესშიც - მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას. აღნიშნულს ნათლად ასახავს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლის დანაწესი, რომლის ძალითაც იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც (იხ. სუსგ საქმე Nას-1280-1300-2011, 06 მარტი, 2012 წელი).

30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლით რეგულირებულია იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნის წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით კი, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

31. აღნიშნული სამართლებრივი ნორმით განსაზღვრულია მოვალის ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლები და, შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები. მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მოვალის მიერ უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება ან/და შესრულების გაჭიანურება იპოთეკარს ანიჭებს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლებას იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის საფუძველზე. ამასთან, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია, მიუხედავად იმისა, ამონაგები თანხა სრულად ფარავს მოთხოვნას თუ არა, ავტომატურად იწვევს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მოთხოვნის დაკმაყოფილებით კი, მოთხოვნა წყდება და თუკი მოთხოვნა არ არსებობს, წყდება მისი უზრუნველყოფის ისეთი აქცესორული საშუალებებიც, როგორიცაა თავდებობა. შესაბამისად, იპოთეკარი კარგავს თავდებობიდან დაკმაყოფილების შესაძლებლობასაც (იხ. ლადო ჭანტურია, "კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი", გამომცემლობა "სამართალი", თბილისი, 2012, გვ. 98, 108-109). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ განსახილველი ნორმა ატარებს დისპოზიციურ ხასიათს და აღნიშნული წესის შეცვლა დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის ბოლო წინადადება მხარეებს აძლევს უფლებასა და შესაძლებლობას, შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად არ ჩაითვალოს და დარჩენილი, დაუფარავი მოთხოვნა კრედიტორმა დაიკმაყოფილოს ძირითადი მოვალის ან/და ვალდებულებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელი სხვა პირების ქონებიდან. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა მითითებული შეთანხმება არ მოიცავს მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულებას და იმისათვის, რომ ასეთმა შეთანხმებამ გავლენა მოახდინოს მოვალის ვალდებულების შესრულებაზე, 301-ე მუხლის 11 ნაწილის ბოლო წინადადებით გათვალისწინებული შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა, უნდა შედგეს მოვალესთან და არა იპოთეკის საგნის მესაკუთრესთან. აღნიშნულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც იპოთეკის საგნის მესაკუთრე იპოთეკარის პირად მოვალეს არ წარმოადგენს (შედ. იხ. სუსგ საქმე Nას-164-158-2011 01 აგვისტო, 2011 წელი).

32. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2016 წლის 02 მარტს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 10 000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, 0,58% თვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობით. იმავე დღეს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით მეორე და მესამე მოპასუხეებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება მსესხებლის ფულადი ვალდებულების შესრულებაზე; დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის 2016 წლის 02 მარტს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 20 000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, 0,58% სარგებლის დარიცხვით. იმავე დღეს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით მესამე მოპასუხემ იკისრა სოლიდარული ვალდებულება მსესხებლის ფულადი ვალდებულების შესრულებაზე; ამასთან, აღნიშნული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მეორე და მესამე მოპასუხეების კუთვნილი უძრავი ქონება; სადავო არ არის, რომ მსესხებლებმა დაარღვიეს ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.

33. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარეთა შორის ადგილი არ ჰქონია გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრაზე სპეციალურ შეთანხმებას და მიუთითებს, რომ იპოთეკის ხელშეკრულებების 5.11 პუნქტის თანახმად, „იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 25-30). იგივე შინაარსის დათქმას ითვალისწინებს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება. კერძოდ, სესხის ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით, „იმ შემთხვევაში თუ სესხი უზრუნველყოფილია იპოთეკით/გირავნობით, მხარეები თანხმდებიან, რომ მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ იპოთეკის/გირავნობის საგნის კრედიტორის (იპოთეკარის/მოგირავნის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს მოთხოვნის ოდენობას ან თუ ამ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არაა საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 40-41). ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტების ანალიზიდან ნათელია მხარეთა შეთანხმება - მსხესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოთხოვნის როგორც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებით, ისე მსესხებლის ქონებით დაკმაყოფილების თაობაზე, იმ შემთხვევაში თუკი იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი კრედიტორის მოთხოვნის სრულად დასაფარად.

34. აქედან გამომდინარე, მართებულია მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების წესის იმგვარად განსაზღვრის თაობაზე, რომ თუკი იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს კრედიტორის მოთხოვნას, სარეალიზაციოდ მიექცეს მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება. შესაბამისად, ასევე მართებულია აღნიშნული მოთხოვნა მესამე მოპასუხის, თავდების მიმართაც, ვინაიდან თავდებობა, მისი აქცესორული ბუნების გათვალისწინებით, ძირითადი სახელშეკრულებო მოთხოვნის ბედს იზიარებს, თუმცა მხოლოდ თავდებობით განსაზღვრულ ფარგლებში. გარდა ამისა, თავდებობის ხელშეკრულების 3.13 პუნქტშიც აღნიშნულია, რომ „იმ შემთხვევაში, თუ სესხი დამატებით უზრუნველყოფილია იპოთეკით/გირავნობით, მხარეები თანხმდებიან, რომ მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ იპოთეკის/გირავნობის საგნის კრედიტორის (იპოთეკარის/მოგირავნის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს მოთხოვნის ოდენობას ან თუ ამ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არაა საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 43-44).

35. პირველი მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, აღსრულების მეორე და მესამე მოპასუხეების უძრავ ქონებაზე მიქცევის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა დავალიანების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე. სასამართლომ დაადგნა, რომ „ხელშეკრულება ასეთ დათქმას არ ითვალისწინებდა“. მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში (გადაწყვეტილების 1.4 პუნქტი) არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

36. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა, თავდებობა აქცესორული უფლებაა და დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების არსებობაზე. შესაბამისად, თავდების ვალდებულება წყდება ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტისას. ამდენად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა პირველი მოპასუხის კუთვნილ სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის თაობაზე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, აღნიშნული ასევე გამორიცხავს პირველი მოპასუხის მიმართ არსებული კრედიტორის მოთხოვნის დასაფარად მეორე და მესამე მოპასუხეების კუთვნილ უძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევას.

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის 2016 წლის 02 მარტს დადებული №20160302NXIDI სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნას, სარეალიზაციოდ მიექცეს მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება; ასევე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის 2016 წლის 02 მარტს დადებული №20160302NXIDI სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნას, მოსარჩელესა და მესამე მოპასუხეს შორის 2016 წლის 02 მარტის თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებში, სარეალიზაციოდ მიექცეს სოლიდარული თავდების - ნ.ბ–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში.

39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

40. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თუმცა, ვინაიდან კასატორის საკასაციო მოთხოვნა არაქონებრივი ხასიათის იყო, სახელმწიფო ბაჟის დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად დაანგარიშება/დაკისრება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ვინაიდან აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მხოლოდ მეორე და მესამე მოპასუხეების მიმართ, ამ უკანასკნელებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევრის - 150 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. სს „კ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. სს „კ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

3.1. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ნ.ხ–ვსა და შპს „მ.ო.კ–ო“-ს შორის 2016 წლის 2 მარტს დადებული №20160302NXIDI სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნას, სარეალიზაციოდ მიექცეს ნ.ხ–ვის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება;

3.2. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ნ.ხ–ვსა და შპს „მ.ო.კ–ო“-ს შორის 2016 წლის 2 მარტს დადებული №20160302NXIDI სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნას, ნ.ბ–სა და შპს „მ.ო.კ–ო“-ს შორის 2016 წლის 2 მარტის თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებში სარეალიზაციოდ მიექცეს სოლიდარული თავდების - ნ.ბ–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში;

5. ნ.ხ–ვსა (პ/ნ: ......) და ნ.ბ–ს (პ/ნ: ......) სს „კ.ბ–ის“ (ს/კ: .....) სასარგებლოდ დაეკისროთ 150 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი