Facebook Twitter

საქმე №ას-211-2019 15 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ქალაქ თბილისის №130 საჯარო სკოლა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.უ.ჩ–ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დისკრიმინაციის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით მ.უ.ჩ–ეს (შემდგომში - „მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ ქალაქ თბილისის №130 საჯარო სკოლას (შემდგომში - „მოპასუხე“, „სკოლა“ ან „კასატორი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელე, მის მიერ მითითებული დისკრიმინაციის განხორციელების დროს, იყო მოპასუხე სკოლის მოსწავლე;

2.2. 2015 წლის 9 ნოემბერს 112 კლასში ტარდებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი (მე-5 გაკვეთილი), სადაც მოსწავლეების ერთი ნაწილი (მათ შორის - მოსარჩელე) განსაკუთრებით ხმაურობდა. მასწავლებელმა მ.დ–მა რამდენჯერმე მისცა შენიშვნა გოგონას, რადგან ის ხმამაღლა საუბრობდა სხვა მოსწავლეებთან ერთად და მასწავლებელს ხელი ეშლებოდა. ხმაურით შეწუხებულმა რამდენიმე მოსწავლემ დაუძახა მოხმაურე მოსწავლეებს, გაჩუმებულიყვნენ, ზოგი მათგანი, მათ შორის - ბ.ქ–ა მასწავლებელს თხოვდა წესრიგის დამყარებას. მოსარჩელემ ბ–ს უთხრა, არ ვხმაურობთო, რა დროსაც ს. ქ–ძემ მხარი დაუჭირა ბ–ს და თქვა, რომ ის მართალი იყო და მათი ხმაურის გამო გაკვეთილზე ხელი ეშლებოდათ. მოსარჩელემ ჩათვალა, რომ ს–მ რაღაც არასასიამოვნო უთხრა, მაგრამ რა, კარგად ვერ გაიგო, ამიტომ ს–ს უთხრა, შენ თვითონ ხარ ეგო. ს–მ პასუხად - შენ სად ხარ საერთოდო, მოსარჩელემ დამცინავად უთხრა - შენ ვისთან ხარ, შენ არ გელაპარაკებიო. ამის შემდეგ, ს–მ მას უთხრა: „შენი ადგილი აფრიკაშია, საზოგადოებაში - არა“. ამ სიტყვებს მათ შორის კამათი მოყვა. მასწავლებელმა საბოლოოდ ორივე მათგანი გააძევა გაკვეთილიდან. აღნიშნულ ინციდენტს ადასტურებს მისი შემსწრე 20 მოსწავლე, თუმცა ზოგი მათგანი, მოკამათე ორი მოსწავლის, განსაკუთრებით, მოსარჩელის სიტყვებს მცირე განსხვავებული ინტერპრეტაციით გადმოსცემს, მაგალითად, მათი განმარტებით, მოსარჩელემ ს–ს უთხრა: „შენ ვისთან ხარ, შე სოფლელო“, „შენ არ გელაპარაკები, შენ „ვაფშე“ ვისთან ხარ“, „შენ არ გეკითხება“ და სხვ.; უმრავლესობა ს–ს სიტყვებს შემდეგი სახით იხსენებს: „შენ ვისთან ხარ, წადი აფრიკაში“ ან „წადი აფრიკაში, შენი ადგილი ცივილიზაციაში არ არის“ ან კიდევ - „წადი აფრიკაში ველურებთან“. საკლასო ოთახიდან მოსწავლეების გაძევებამდე, მასწავლებელმა მ.დ–მა კლასის დამრიგებელ - ც.თ–ს ტელეფონით თხოვა კლასში სასწრაფოდ მოსვლა, სიტყვებით - „ჩამოდი, დახოცეს ბავშვებმა ერთმანეთი“. მასწავლებელს და მოსწავლეებს ესმოდათ დერეფანში მოჩხუბარი გაძევებული მოსწავლეების ხმა: მასწავლებლის მიერ გაკვეთილიდან გაძევებული ორი დაპირისპირებული მოსწავლე დერეფანში აღმოჩნდა ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე (რასაც შეეძლო მათი კონფლიქტის გაგრძელება და კიდევ უფრო გაღრმავება);

2.3. იმავე დღეს, 2015 წლის 09 ნოემბერს, საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალზე გავრცელდა ინფორმაცია სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის უფლებების შესაძლო დარღვევის თაობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ნოემბრის 1211 ბრძანების საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლებს დაევალათ მოპასუხე სკოლის ინსპექტირება 2015 წლის 10 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, ინსპექტირების გეგმით გათვალისწინებული საკითხების (ინტერნეტ-პორტალზე გავრცელებული, მოსწავლის უფლებების შესაძლო დარღვევის და ადგილზე წამოჭრილი სხვა საკითხები) შესწავლის მიზნით. სკოლაში დადგენილი დარღვევების გათვალისწინებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია: სკოლისათვის წერილობითი გაფრთხილების მიცემა, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის შეს–მისად; სკოლისათვის დასკვნაში მითითებულ დარღვევებზე რეაგირების მოხდენის და გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის (თანდართული დოკუმენტებით) შიდა აუდიტის დეპარტამენტში, ერთი თვის ვადაში წარდგენის დავალება; სკოლისთვის დამატებითი ღონისძიებების (ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისთვის სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციისა და რასიზმის აკრძალვებზე, სკოლის თანამშრომლების ინფორმირება სავარაუდო დისკრიმინაციის/რასიზმის ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების მნიშვნელობაზე და სხვ.) გატარების დავალება, მომავალში საქმიანობაში ზემოაღნიშნული ნორმების განუხრელად დაცვის უზრუნველყოფის მიზნით (იხ. დასკვნა; მოპასუხის ახსნა-განმარტება);

2.4. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე სკოლამ გაატარა სხვადასხვა სახის ღონისძიებები: მოსწავლე ს– ქ–ძეს კლასელის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დაეკისრა დისციპლინური სახდელი - შენიშვნა; მოსარჩელის მიმართ ვერ განხორციელდა დისციპლინური წარმოება, მისი სხვა სკოლაში გადასვლის გამო, მას ინციდენტის შემდეგ სკოლაში არ უვლია; საყვედური გამოეცხადა სკოლის დღის დარაჯს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, კლასის დამრიგებელს; ქიმიის მასწავლებელს მიეცა შენიშვნა. სკოლაში გატარდა ინფორმაციული და საგანმანათლებლო ღონისძიებები: 14-17 დეკემბერს ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის გაფართოებული სხდომა ბულინგისა და რასიზმის პრობლემებზე (ს. ფ. 170); სხდომები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან დისკრიმინაციისა და რასიზმის თემებზე (ს.ფ. 172-182);

2.5. სკოლას თავისი ინიციატივით მყისიერი ღონისძიებები მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როგორც ინფორმაციული და საგანმანათლებლო, ასევე დისციპლინური ხასიათის, არ ჩაუტარებია.

3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ ორი მოსწავლის, მოსარჩელისა და ს. ქ–ძის შეკამათებისას და ურთიერთსიტყვიერი შეურაცხყოფისას, ს. ქ–ძის მიერ თანაკლასელი მოსარჩელის მისამართით ნათქვამი სიტყვები: „შენი ადგილი აფრიკაშია, საზოგადოებაში - არა“, ან სხვა ვერსიით - „წადი აფრიკაში ველურებთან, შენი ადგილი საზოგადოებაში არ არის“ ან „წადი აფრიკაში, შენი ადგილი ცივილიზაციაში არაა“, არ შეიცავს რასისტულ შინაარსს, არის მოსაუბრის შეურაცხმყოფელი, მაგრამ ეს შეურაცხყოფა არ არის რასისტული ხასიათის და შესაბამისად, არ წარმოადგენს მოსარჩელე გოგონას შევიწროებას რასისტულ ნიადაგზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, და მოპასუხეც ამტკიცებდა, რომ თანაკლასელის ეს სიტყვები განპირობებული იყო მოსარჩელის ქცევით და არა - მისი კანის ფერით. სააპელაციო პალატამ არარელევანტურად ჩათვალა მოცემულ შემთხვევაში იმ საკითხის კვლევა, რით იყო განპირობებული ასეთი შეურაცხყოფა ან რა ჰქონდა მხედველობაში (რა მიზნით იყო ნათქვამი) მის ავტორს. პალატის განმარტებით, იმის დასადგენად, ადგილი ჰქონდა თუ არა შევიწროებას, მნიშვნელოვანია მოპყრობის აღქმა მსხვერპლის მიერ. აუცილებელი არ არის იმის მტკიცება, რომ ქმედების ჩამდენს „რასისტული“ იდეები ჰქონდა, რადგან შეუძლებელია პირის დამოკიდებულების განსაზღვრა მისი ქმედების მიმართ, მნიშვნელოვანია თავად ქმედება, რომელშიც შესაძლებელია ამგვარი დამოკიდებულება გამოიხატოს. პალატამ მიიჩნია, რომ სიტყვები: „შენი ადგილი აფრიკაშია, საზოგადოებაში - არა“, ან სხვა ვერსიით - „წადი აფრიკაში ველურებთან, შენი ადგილი საზოგადოებაში არ არის“ ან „წადი აფრიკაში, შენი ადგილი ცივილიზაციაში არაა“, რომლის ადრესატიც იყო მოსარჩელე, როგორც მსხვერპლის, ასევე გონიერი და მიუკერძოებელი დამკვირვებლის თვალითაც, აღიქმება როგორც შევიწროება სწორედ კანის ფერის გამო.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ წინამდებარე განჩინების 2.4. ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა მას შემდეგ, რაც სკოლას 2015 წლის 10 დეკემბერს გადაეგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება, რომლითაც სკოლას დაევალა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებულ დარღვევებზე რეაგირება და გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წარდგენა (გატარებული ღონისძიებების დამადასტურებელი დოკუმენტებით) ერთი თვის ვადაში. სწორედ აღნიშნული დასკვნის თანახმად, სკოლას დაევალა რეაგირება მითითებულ დარღვევებზე და დამატებითი ღონისძიებების გატარება: ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისათვის სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციისა და რასიზმის აკრძალვაზე, სკოლის თანამშრომლების ინფორმირება სავარაუდო დისკრიმინაციის/რასიზმის ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების მნიშვნელობაზე და სხვა. სასამართლოს მითითებით, მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სკოლამ 2015 წლის 9 ნოემბრიდან ზემოთ ხსენებული ბრძანების და დასკვნის მიღებამდე რაიმე ღონისძიებებს მიმართა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. თავად მოპასუხე განმარტავდა, რომ მას შემდეგ, რაც საკითხის კვლევა დაიწყო სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა, სკოლა მოკლებული იყო შესაძლებლობას თავად გამოეკვლია აღნიშნული საკითხი და მიეღო შესაბამისი ზომები, რაც არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, რადგან რაიმე სამართლებრივ საფუძველზე, რომლითაც შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხის ინსპექტირება მოპასუხეს უკრძალავდა ამ ფაქტთან დაკავშირებულ დარღვევებზე რეაგირებას ან შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, მოპასუხე ვერ უთითებდა. მოპასუხე ასევე განმარტავდა, რომ ინფორმაციული და საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებები დასკვნის მიღებამდეც ჩატარდა, თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. მეტიც, თავად სკოლის დამოკიდებულება საკითხის მიმართ, კერძოდ, ის, რომ სკოლა მომხდარს განიხილავს როგორც მხოლოდ კონფლიქტს კლასელებს შორის, იძლეოდა საფუძველს დასკვნისათვის, რომ, გარდა იმისა, რომ მოპასუხეს არავითარი ღონისძიებები არ გაუტარებია, არც ხედავდა ასეთის გატარების აუცილებლობას.

5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლით, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-13 და მე-20 მუხლებით და განმარტა, რომ, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი დისკრიმინაციისას საჭიროა კომპარატორის მოძიება, რათა დადგინდეს, კონკრეტული წესის, კრიტერიუმის თუ პრაქტიკის გავლენა გაცილებით უარყოფითია თუ არა ანალოგიურ სიტუაციაში მყოფ პირებთან შედარებით. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ სკოლის პასიური დამოკიდებულებისა და უმოქმედობის შედეგი მომხდარი ფაქტის მიმართ დისკრიმინაციულია და მოსარჩელის კანის ფერის გამო მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს მასზე, ვიდრე - მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე, მაგალითად, მოსწავლეებზე, რომლებიც საქართველოში გაბატონებულ რასას მიეკუთვნებიან და ვერ გახდებიან რასისტულ ნიადაგზე შევიწროების მსხვერპლი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის ამგვარი დამოკიდებულება ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელის განათლების უფლების რეალიზაციას, კერძოდ, მოსარჩელის უფლებას მიიღოს განათლება შემწყნარებლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ გარემოში, მიუხედავად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა, მოსარჩელის უფლების ამგვარად რეალიზაციის უზრუნველყოფა კი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით, სწორედ სკოლის ვალდებულებაა, ამ ვალდებულების შესრულება მოპასუხემ მოცემულ შემთხვევაში ვერ უზრუნველყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოცემულ დავაზე დისკრიმინაციის ფაქტის არსებობა.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 10.1. მუხლით, ასევე სსკ-ის 413.1. მუხლით და განმარტა, რომ დამრღვევი პირისათვის დასაკისრებელი მორალური ზიანის სამართლიანი ოდენობის დადგენისას, გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ მოსარჩელე ჩააყენა არახელსაყრელ პირობებში, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევით გამოწვეულ მორალურ ზიანს მატერიალური ეკვივალენტი არ გააჩნია და ობიექტურად შეუძლებელია პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული პირის მიერ განცდილი სულიერი ტკივილის ხარისხის შეფასება და მისი ფულადი თანხით კომპენსირება. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება. იგი მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. ზიანის ოდენობა უსაშველოდ არ უნდა იყოს გაზრდილი და მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. პალატამ ამგვარ ვითარებაში გონივრულად მიიჩნია მორალური ზიანის 1000 ლარის ოდენობით განსაზღვრა.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

12. საკასაციო საჩივრის თანახმად:

12.1. სააპელაციო სასამართლო არასწორად და დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებულად განმარტავს ირიბ დისკრიმინაციას. სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რა წარმოადგენს მთავარ განსხვავებას მოსარჩელესა და სხვა მოსწავლეებს შორის. იგი არასწორად უთითებს განათლების უფლებაზე, რადგან მოსარჩელისთვის არ მომხდარა განათლების უფლების რეალიზებაში ხელშეშლა, მას ჩვეულებრივად შეეძლო ევლო გაკვეთილებზე და მიეღო ზოგადი განათლება სხვა ნებისმიერი მოსწავლის მსგავსად;

12.2. სააპელაციო სასამართლო ვერ უთითებს, სხვა მოსწავლეებთან შედარებით თუ რაში მდგომარეობდა მოსარჩელის მიმართ არასათანადო მოპყრობა, მაშინ როდესაც სკოლამ დისციპლინური სახდელები გამოიყენა ინციდენტში მონაწილე ყველა პირის მიმართ, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთა საქმის მოკვლევის დროს. სკოლის მხრიდან მოსარჩელის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. სკოლაში არ არსებობს წესი, რომელიც მხოლოდ კანის ფერის ან სხვა რაიმე ნიშნით განსხვავებულობის გამო უარყოფით გავლენას მოახდენდა მოსწავლეზე;

12.3. ს.ქ–ძეს ფრაზა: „წადი შენ ველურებთან“ ან „წადი შენ აფრიკაში“, მოსარჩელის კანის ფერის გამო არ უთქვამს. იმის დასადგენად, ადგილი ჰქონდა თუ არა შევიწროებას, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მსხვერპლის მიერ მოპყრობის სუბიექტური აღქმა, არამედ - ქმედების ჩამდენი პირის დამოკიდებულება და თავად ქმედების შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინაციის ფაქტის შეფასების საფუძველი იქნება მხოლოდ მსხვერპლის სუბიექტური აღქმა, აღნიშნული დაამკვიდრებს ძალიან საშიშ პრაქტიკას, როცა ნებისმიერი „მსხვერპლისათვის“ არასასიამოვნო მიმართვა შესაძლოა განმარტებულ იქნეს, როგორც დისკრიმინაცია;

12.4. სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიუთითებს, რომ სკოლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ირიბ დისკრიმინაციას. სკოლის მხრიდან არასოდეს მომხდარა მოსარჩელის ნებისმიერი განსხვავება, გამორიცხვა, შეზღუდვა ან/და უპირატესობის მინიჭება მისი კანის ფერის გამო. ს.ქ–ძის სიტყვებს - „წადი აფრიკაში“, რომელსაც წინ უძღოდა მოსარჩელის მიერ ნათქვამი ფრაზა - „შენ ვისთან ხარ, შე სოფლელო“, არ შეიძლება მიეცეს დისკრიმინაციული შეფასება;

12.5. სკოლის რეაგირება იყო ეფექტიანი და სწრაფი მომხდარი კონფლიქტის აღმოფხვრის მიზნით, კერძოდ, ინციდენტის დღეს, 2015 წლის 09 ნოემბერს, სკოლას არ მიეცა მომხდარ ინციდენტში გარკვევის შესაძლებლობა, მოსარჩელის მშობლის უხეში ჩარევის გამო. უკვე მეორე დღეს, 2015 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა სკოლაში მოსწავლის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. დადგინდა გაკვეთილზე თანაკლასელთა მოსარჩელისა და ს. ქ–ძის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი და არა - მოსწავლის დისკრიმინაციის ფაქტი. შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, სკოლაში განხორციელდა მთელი რიგი დისციპლინური ხასიათის, ასევე საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომელიც ატარებდა, მათ შორის, პრევენციულ ხასიათს;

12.6. მითითება იმ გარემოებაზე, რომ სკოლამ მოქმედება დაიწყო მხოლოდ შიდა აუდიტის დასკვნის შესრულების მიზნით, არასწორია, რადგან შიდა აუდიტის დეპარტამენტმა იმავე დღეს დაიწყო საქმის მოკვლევა, შესაბამისად, სკოლა ასეთ დროს არ ახორცილებს რაიმე ქმედებას მოკვლევისათვის ხელშეშლის თავიდან აცილების მიზნით, არამედ ელოდება ასეთი ფაქტების დროს ზემდგომი ორგანოს დასკვნაში არსებულ შეფასებებს.

13. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით [საქართველოს კონსტიტუციის 11.1. მუხლი]. კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-1].

14. ამასთან, თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას. [ამ ნორმის] ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, «არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით» (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №2/1-392) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-1,2]

15. დისკრიმინაცია აკრძალულია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლით [ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად].

16. „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 1.1. მუხლის თანახმად, ტერმინი „რასობრივი დისკრიმინაცია“ ნიშნავს რასის, კანის ფერის, წარმომავლობის ან ეროვნული ან ეთნიკური წარმოშობის ნიადაგზე ნებისმიერ განსხვავებას, გამორიცხვას, შეზღუდვას ან უპირატესობის მინიჭებას, რომლის მიზანი ან ეფექტი არის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ან საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროში არსებული ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების, თანაბარ გარემოებებში აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების უარყოფა ან შეზღუდვა. ამავე კონვენციის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო მხარეები კისრულობენ მიიღონ დაუყოვნებელი და ეფექტიანი ზომები, განსაკუთრებით კი სწავლების, განათლების, კულტურისა და ინფორმაციის სფეროებში, იმ უარყოფით განწყობებთან ბრძოლისათვის, რომლებიც იწვევს რასობრივ დისკრიმინაციას, და ერებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთგაგების, შემწყნარებლობისა და მეგობრობის წახალისებისათვის, ისევე როგორც გაეროს ქარტიის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ გაეროს დეკლარაციისა და წინამდებარე კონვენციის მიზნებისა და პრინციპების გავრცელებისთვის.

17. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ისტორიულად, კონსტიტუციებში ხდებოდა იმ ნიშნების ჩამოთვლა, რომელთა მიხედვით, ადამიანთა ჯგუფებს აერთიანებდა მათთვის დამახასიათებელი პირადი, ფიზიკური თვისებები, კულტურული ნიშნები ან სოციალური კუთვნილება. ამ ნიშნების კონსტიტუციებში ჩამოთვლა ხდებოდა ზუსტად მათ საფუძველზე ადამიანების დისკრიმინაციის დიდი გამოცდილების არსებობის და, ამასთან, ასეთი მოპყრობის გაგრძელების შიშის გამო (საპასუხოდ)[საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-4].

18. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1. მუხლით, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია [2.2. მუხლი: პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად; 2.3. მუხლი: ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად].

19. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციაა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება (იხ. Willis v. the United Kingdom, #36042/97), უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია (იხ. Konstantin Markin v. Russia, #30078/06), განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბარზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის (იხ. Petrovic v. Austria, #20458/92). ირიბი დისკრიმინაცია კი, პრეცედენტული სამართლის მიხედვით, განიმარტება, როგორც განსხვავებული მოპყრობის იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობა, რომელიც, მართალია, ნეიტრალურადაა წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე (იხ. D.H. and others v. the Czech Republic, #13378/05) (იხ. სუსგ საქმე №ას-247-235-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი).

20. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დისკრიმინაციას წარმოადგენს არა მარტო ისეთი შემთხვევა, როდესაც საჯარო ხელისუფლების მოქმედება პირდაპირ ისახავდა მიზნად პირის ან პირთა ჯგუფის დისკრიმინაციას, არამედ ისეთიც, რომელსაც შედეგად მოჰყვა მათი de facto დისკრიმინაცია [იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე: საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ, II-25].

21. პირდაპირ და არაპირდაპირ დისკრიმინაციას შორის მთავარი განმასხვავებელი არის ის, რომ არაპირდაპირი დისკრიმინაციისას დისკრიმინაციულ შედეგს იწვევს ფორმით ნეიტრალური მოპყრობა (კანონი ან პრაქტიკა). თუ პირდაპირი დისკრიმინაცია გამოიხატება თვითნებურ განსხვავებაში, შეზღუდვაში, უპირატესობის მინიჭებაში, არაპირდაპირი დისკრიმინაციის მახასიათებელია ის, რომ მას აქვს ნეიტრალური ხასიათი – ანუ გულისხმობს ზოგად, საერთო წესს/პრაქტიკას და მიზნად არ ისახავს განსხვავებას, შეზღუდვას, უპირატესობის მინიჭებას. არაპირდაპირი დისკრიმინაცია გულისხმობს შემდეგი ელემენტების კუმულაციას: 1) ეს არის ფორმით ნეიტრალური ფაქტორი (კანონი/დებულება, კრიტერიუმი, პრაქტიკა); 2) რომელიც გარკვეულ პირთა ჯგუფს კომპარატორებთან შედარებით აყენებს არახელსაყრელ მდგომარეობაში; 3) არ აქვს გონივრული და ობიექტური გამართლება. არაპირდაპირი დისკრიმინაცია ძირითადად არის იმის შედეგი, რომ სახელმწიფო პოზიტიურ ვალდებულებას არ ასრულებს იმ პირებთან მიმართებით, ვისაც ეს სჭირდება. არაპირდაპირი დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია განსხვავებების გათვალისწინება და შესაბამისი წესის თუ პრაქტიკის სათანადოდ დარეგულირება/კომპენსირება (იხ. ქეთევან ერემაძე, „ძირითადი უფლებები თავისუფლებისთვის“, თბილისი, 2020, გვ. 98, 99, 101).

22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე. სსსკ-ის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი იძლევა გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი მოცემულ სფეროში შემდეგია: მას შემდეგ, რაც მომჩივანი დაადასტურებს განსხვავებული მოპყრობის არსებობას, უკვე მთავრობის ვალდებულებაა, დაამტკიცოს, რომ იგი გამართლებული გახლდათ (Chassagnou and Others v. France [GC], #25088/94, #28331/95) (იხ. სუსგ საქმე №ას-247-235-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი).

23. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ განსხვავებული მოპყრობა უნდა არსებობდეს კანონმდებლობით აღიარებული რომელიმე უფლებით ან სიკეთით სარგებლობასთან მიმართებით, რამეთუ ცალკე აღებული დისკრიმინაციის ინსტიტუტი დამოუკიდებელ დაცვას არ ექვემდებარება. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო – უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; კომპარატორი – ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება წარმოადგენს ე.წ „დაცულ სფეროს“.

24. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლებია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 10.1. მუხლი [ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება] და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413.1. მუხლი [არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით]. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სკოლის მიერ განხორციელებული დისკრიმინაციით მას შეეზღუდა განათლების უფლება [საქართველოს კონსტიტუციის 27.1. მუხლი: ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება; „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1. მუხლი: ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის] და კომპარატორად ასახელებს სკოლის ყველა სხვა თეთრკანიან მოსწავლეს, რომლებიც არასდროს გახდებიან რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი, რადგან მიეკუთვნებიან საქართველოში გავრცელებულ რასას და აქვთ თეთრი ფერის კანი (იხ. სარჩელი, ტ. 1. ს.ფ. 11).

25. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სკოლის პასიური დამოკიდებულებისა და უმოქმედობის შედეგი მომხდარი ფაქტის მიმართ დისკრიმინაციულია და მოსარჩელის კანის ფერის გამო, მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს მასზე, ვიდრე - მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა თეთრკანიან მოსწავლეებზე, რომლებიც ვერ გახდებიან რასისტულ ნიადაგზე შევიწროების მსხვერპლი. დადგენილია, რომ მოსარჩელეს ინციდენტის შემდეგ სკოლაში არ უვლია (იხ. წინამდებარე განჩინების 2.4. ქვეპუნქტი), ხოლო სკოლა, იმის ნაცვლად, რომ მომხდარი ინციდენტის გამო დაუყოვნებლივ მიემართა რამე ეფექტიანი ღონისძიებისთვის, ელოდებოდა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას. დადგენილია, რომ სკოლამ სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გაატარა სხვადასხვა სახის ღონისძიებები (იხ. წინამდებარე განჩინების 2.4. ქვეპუნქტი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სკოლას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა შეესრულებინა მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება და საკუთარი ინიციატივით უნდა მიეღო მყისიერი ზომები მომხდარი ინციდენტის აღმოსაფხვრელად, რაც მას არ განუხორციელებია [„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 9.8. მუხლი: მოსწავლეს უფლება აქვს დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან; 13.6. მუხლი: სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა. 20.1. მუხლი: დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით]. განსახილველ შემთხვევაში სკოლამ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის განათლების უფლების რეალიზაცია, საკუთარი პასიური დამოკიდებულებით ვერ შეუქმნა მას კეთილგანწყობილი და შემწყნარებული გარემო, რაც გახდა სწორედ სასამართლოს მიერ დისკრიმინაციული ფაქტის დადასტურების საფუძველი. კასატორს კი ზემოაღნიშნული ფაქტის მიმართ, რაც არსებითი საკითხი იყო განსახილველი დავის გადასაწყვეტად, არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ ქალაქ თბილისის №130 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ ქალაქ თბილისის №130 საჯარო სკოლას (ს/კ: 202...) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 16 იანვარს №4 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი