საქმე №ას-1271-2018 7 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ.პ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.კ–ძე (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები – ვ.მ–ე, ნ.ვ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2017 წლის 16 ოქტომბერს შპს „გ.პ–ის“ (ბრენდული სახელი - „გ.მ–ე“) (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) ოფიციალურ ვებგვერდზე www.....com და გაზეთ „გ.მ–ეს“ 16.10.2017წ. №? (?) ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა, დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ი.კ–ძე?“ (შემდგომში – „სადავო სტატია“).
2. სადავო სტატიაში საუბარია ი.კ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) საქმიანობაზე, მათ შორის, გავრცელებულია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „კრიმინალები მ–ძეს პოლიციის უფროსმა მ–მა ი.კ–ძის დავალებით მიუსია“; „ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში ი.კ–ძე მონაწილეობს“.
3. აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, 2017 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს კ. მ–ს და ითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, გ. გ–ძის, ი. კ–ძის, გ. კ–ისა და ი. ტ–ძის მკვლელობებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება; დადგენილი იყო თუ არა ბრალეული პირის ვინაობა და რაიმე ფორმით ამ ან სხვა რომელიმე მკვლელობასთან დაკავშირებით გამოიკვეთა თუ არა მოსარჩელის კავშირი, როგორც თანამონაწილის, დანაშაულის ორგანიზატორის ან ამსრულებლის სახით; რომელიმე საქმეზე დაკითხული იყო თუ არა მოსარჩელე მოწმის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის სტატუსით.
4. შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, პოლიციის პოლკოვნიკის, ს.ბ–ის 29.11.2017წ. №2871349 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება გ. გ–ძის, ი. კ–ძის, გ. კ–ისა და ი. ტ–ძის მკვლელობებთან დაკავშირებით. მოსარჩელე მკვლელობებთან დაკავშირებით არ დაკითხულა, ვინაიდან მისი დაკითხვის აუცილებლობის საკითხი არ დამდგარა.
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში პირველი მოპასუხის, მისი დირექტორისა და 70%-იანი წილის მფლობელის - ვ.მ–ისა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და 30%-იანი წილის მფლობელის - ნ.ვ–ძის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა სასამართლომ დაადგინოს, რომ სადავო სტატიაში გამოქვეყნებული შემდეგი განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს:
- „ე.წ. „მაყურებლების“ ინსტიტუტს კი, ყოველი არჩევნებისას ეფექტურად იყენებს მმართველი პარტია. ოზურგეთში სულ უფრო ძლიერდება ხმები, რომ ამ შეკვეთილი მკვლელობებისა და საერთოდ გურიაში არსებული მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობის მიზეზი, რომელიც გეომეტრიული პროგრესით იზრდება, პოლიციის პოლიტიზირებული ხელმძღვანელობის ბრალია. უფრო კონკრეტულად კი, ოზურგეთში მიიჩნევენ, რომ გამოუძიებელი მკვლელობების უკან კ.კ–ძის გარემოცვა, კერძოდ კი, ი.კ–ძე დგას, რომლის კადრია გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მ–ი“;
- „სწორედ არჩევნების მიზნით იყენებს პოლიცია, ძირითადად, ეჭვმიტანილთა და მათ ოჯახთა უმეტეს ნაწილს, არჩევნების დღეს შედის კრიმინალებთან უშუალოდ თანამშრომლობაში, შემდეგ კი მოსახლეობა იხდის პოლიციისა და კრიმინალების დანაშაულებრივი კავშირის შედეგებს. ამას კი გურიაში ი.კ–ძისა და პოლიციის უფროსის, მ–ის ახლო კავშირებით ხსნიან, მ–მა თავი გურიას, მისი რამდენიმე წლიანი მმართველობის პერიოდში კიდევ იმით დაამახსოვრა, რომ ოზურგეთში ე.წ „მ.შ–მა“ ანუ „მ.შ–მა“ გახსნა“;
- „სხვათაშორის ამ „მ.შ–მასთან“ ასოცირდება ერთი სკანდალიც, როცა ოზურგეთში მომხდარი ერთ-ერთი გახმაურებული მკვლელობიდან რამდენიმე წუთში ოზურგეთში პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, დ. მ–ძემ აღნიშნული საშაურმეს წინ გამართულ ბრიფინგზე მკაცრად გააკრიტიკა გურიის პოლიციის უფროსი, განაცხადა რომ: „იმის ნაცვლად, რომ გურიის პოლიციის უფროსი კრიმინალს ებრძოდეს, ეს უკანასკნელი საშაურმეს ხსნის“ - ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ოპოზიციის ლიდერს სახლში კრიმინალური ავტორიტეტები მიუვარდნენ და ემუქრებოდნენ. გადამოწმებული ინფორმაციით, ეს კრიმინალები მ–ძეს, პოლიციის უფროსმა მ–მა, ი.კ–ძის დავალებით მიუსია“;
- „თავად ი.კ–ძე (რომელიც პირველად ოფიციალურად პოლიტიკურ სკანდალში მაშინ გაეხვა, როცა მას თბილისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის ლიდერებმა კანონიერი ქურდების საქართველოში უკანონოდ შემოყვანაში, გადაადგილებასა და მფარველობაში დასდეს ბრალი და შესაბამისი ფაქტებიც წარმოადგინეს) მ–ის დანიშვნაში ფიგურირებს და მის „კრიშად“ ასოცირდება, მიუხედავად იმისა, რომ კ–ძემ ის გარკვეული ფინანსური მაქინაციებისათვის საკუთარი არაოფიციალური გუნდიდან დაითხოვა, მოიშორა, ოზურგეთში პოლიტიკურ პროცესებზე, როგორც „კ–ძის“ „მარჯვენა ხელს“ და ქალაქ ოზურგეთის მერის მძახალს, უდიდესი გავლენა აქვს. სწორედ კ–ძე - მ–ის დუეტთან ასოცირდება ყველა „ბოროტება“ რაც კი გურიაში ხდება ამ წუთისათვის და რაოდენ სამწუხარო და სავალალო არ უნდა იყოს, რამდენიმე და არა ყველა შეკვეთილი მკვლელობის უკანაც გურიაში ამ დუეტს ხედავენ. მ–ს სავარაუდოდ იმიტომ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, ის უკვე დათხოვილია აღნიშნული თანამდებობიდან, ოღონდ არჩევნების პირველ ტურს ელოდებიან რომ ოფიციალურად გადააყენონ. კ–ძეს იმიტომ, რომ ყველა კრიმინალურ გარჩევაში ის მონაწილეობს“;
- „ოზურგეთში დღემდე დიდი მითქმა მოთქმაა იმ ფაქტზე, რომ ოზურგეთის კანალიზაციის მილების გარკვეული ნაწილის ჯართში ჩაბარების მიზნით, დემონტაჟის დროს (დღეს ოზურგეთის კანალიზაცია პირდაპირ მდინარე ნატანებში ჩაედინება) ქალაქ ოზურგეთის მერმა, კ–ძის მძახალმა, ბ.ს–ძემ და მაშინდელი პოლიციის სამმართველოს უფროსმა მილები ვერ გაიყვეს და კ–ძემ „საქმის გასარჩევად“ რუსეთიდან კრიმინალური ავტორიტეტი ჩამოიყვანა, რომელმაც ამ ორი უწყების ხელმძღვანელს მოპოვებულ ჯართზე საკუთრების უფლების ესა თუ ის ფორმა განუსაზღვრა. სამწუხაროა ასევე, როგორც უშუალო თვითმხილველები გვიმტკიცებენ, ი.კ–ძე და გურიის პოლიციის უფროსი ამ უკანასკნელის კაბინეტში ხშირად იბარებენ და ზეწოლას ერთობლივად ახორციელებენ ოპოზიციის მხარდამჭერებზე“.
6. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხეებისათვის მოსარჩელის მიმართ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მისთვის ზიანის მიმყენებელი, სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი ზემოაღნიშნული განცხადებების უარყოფისა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნების დაკისრება; აგრეთვე, მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.
7. მოსარჩელის განმარტებით, სადავო სტატიაში მოპასუხეებმა მოსარჩელის მიმართ გაავრცელეს პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები, რომელიც აგებულია მხოლოდ მათ მოსაზრებებზე, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და ფაქტების გარეშე. მოსარჩელე სარგებლობს საკმაოდ მაღალი რეპუტაციით, შესაბამისად, „გ.მ–ის“ მიერ ცილიმსწამებლური ინფორმაციის გავრცელებით შეილახა ასევე მისი საქმიანი რეპუტაცია.
8. მოპასუხეებმა წარდგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
8.1. სტატია არ შეიცავს მოსარჩელისათვის პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, რადგან ინფორმაცია გავრცელებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მოსარჩელე წარმოადგენს ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს, ამასთან, საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ იგი ასევე წარმოადგენს კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებულ პირს და აქტიურად არის ჩართული ოზურგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. შესაბამისად, მისი ნებისმიერი მოქმედების მიმართ არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. ამასთან, იგი არის პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების დამფინანსებელი;
8.2. ოზურგეთში მართლაც მძიმე კრიმინოგენური სიტუაციაა. ბოლო დროის განმავლობაში რამდენიმე გაუხსნელი მკვლელობაა, რომელთაგან ზოგიერთი აშკარად ატარებს შეკვეთილი მკვლელობის ნიშნებს. ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი და ცენტრალური პრესის საშუალებით არაერთი პუბლიკაცია არსებობს. არაერთი პუბლიკაცია არსებობს ასევე იმის შესახებ, რომ კ.კ–ძის გარემოცვა და მათ შორის მოსარჩელე, კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული პირები არიან;
8.3. არაერთი პუბლიკაცია და განცხადება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მ–ი დაკავშირებულია ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ისევე როგორც მოსარჩელე, რომელიც ოზურგეთის მერის, ბ.ს–ძის ახლო ნათესავია. სწორედ ამ უკანასკნელის ლობისტია მოსარჩელე და ეს ზოგადად საზოგადოებისათვის ცნობილია. ამდენად, როგორც ამ, ისე სხვა შემთხვევაში სტატიაში საუბარია საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებებზე, ანუ საზოგადოებრივ აზრზე;
8.4. რაც შეეხება არჩევნებს საქართველოში, კერძოდ, ოზურგეთში, იგი გამუდმებით ყალბდება. არის ამომრჩევლებზე და მათ ნებაზე დაუშვებელი ზეწოლის უამრავი ფაქტი. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობისას მედიასაშუალება ვერ დაელოდება გამამტყუნებელ განაჩენებს. პრესის მოვალეობაა, მოსახლეობას მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ისაც, რომ ინფორმაციის დაყოვნებით გავრცელებამ შეიძლება მის გავრცელებას საერთოდ აზრი დაუკარგოს;
8.5. სტატიაში ასევე მითითებულია რამდენიმე ადრე გამოქვეყნებული სტატიის შინაარსი, რათა მკითხველის მიერ სრულად მოხდეს ადრე გამოქვეყნებული ინფორმაციის ამჟამინდელთან შედარება. მაგალითად, სტატია - „გურია კრიმინალს მიაქვს პოლიციის უფროსი კი საშაურმეს ხსნის“;
8.6. მოსარჩელის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებასთან და პოლიციაში მაღალ თანამდებობაზე მისთვის სასურველი პირების გამწესებასთან დაკავშირებით პრესაში ასევე მრავლადაა ინფორმაცია;
8.7. ამდენად, ყველა შემთხვევაში სადავო სტატიაში საუბარია საზოგადოებაში არსებულ აზრზე, რომლის ფორმირება ხდება პრესაში გავრცელებული ინფორმაციით.
9. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ: მოსარჩელე საჯარო პირის სტატუსის მქონე პირია, ხოლო სადავო სტატიაში მითითებული გამონათქვამები მის შესახებ წარმოადგენს მოპასუხის მოსაზრებებს, რომლებიც ასახავს მის სუბიექტურ დამოკიდებულებას, სუბიექტურ აზრს და არ შეიცავს კონკრეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზიას; მოცემულ შემთხვევაში საუბარია საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც ფორმულირებული იყო სადავო სტატიის გამოქვეყნებამდე; სადავო სტატიაში გამონათქვამები, როგორც შეფასებითი მსჯელობა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ცილისწამებად, ვინაიდან აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც გამორიცხავს სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას; ჟურნალისტმა გადმოსცა საჯარო ინტერესის შემცველი ინფორმაცია და მან პასუხი არ უნდა აგოს მესამე პირთა მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.
10. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის უარყოფის თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გაზეთ „გ.მ–ის” 2017 წლის 16 ოქტომბრის ნომერში და ამავე გაზეთის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.........com გამოქვეყნებული სტატიით: „რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა, დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ი.კ–ძე” - გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „კრიმინალები მ–ძეს, პოლიციის უფროსმა მ–მა, ი.კ–ძის დავალებით მიუსია“; „ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კ–ძე მონაწილეობს” - არ შეესაბამება სინამდვილეს და არის ცილისწამება; გაზეთ „გ.მ–ეს“ დაევალა გაზეთში და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.......com სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე ცნობის გამოქვეყნება შემდეგი ფორმით: გაზეთ „გ.მ–ის” 2017 წლის 16 ოქტომბრის №40 (741) ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში - „რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა, დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ი.კ–ძე” - გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „კრიმინალები მ–ძეს, პოლიციის უფროსმა მ–მა, ი.კ–ძის დავალებით მიუსია; ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კ–ძე მონაწილეობს” - არ შეესაბამება სინამდვილეს და არის ცილისწამება; დადგინდა, რომ ცნობა გამოქვეყნებულ უნდა იქნას გამოყოფილი შრიფტით, გაზეთის მეორე გვერდზე. მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
13. სააპელაციო პალატა დაეთანხმა აპელანტს, რომ სადავო სტატიით გავრცელებული განცხადებები იმის შესახებ, რომ „კრიმინალები მ–ძეს, პოლიციის უფროსმა მ–მა, ი.კ–ძის დავალებით მიუსია“; „ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კ–ძე მონაწილეობს“ - შეიცავს არა მოსაზრებებს მოსარჩელის საქმიანობასთან დაკავშირებით, არამედ მისი პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, რადგან სტატიის ავტორი დადასტურებულად მიუთითებს მოსარჩელის შეკვეთილ მკვლელობებსა და კრიმინალურ გარჩევებში მონაწილეობაზე.
14. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო პუბლიკაციიდან (სახელდობრ, პუბლიკაციის შემდეგი წინადადებიდან: „კრიმინალები მ–ძეს პოლიციის უფროსმა მ–მა ი.კ–ძის დავალებით მიუსია“; „ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში ი.კ–ძე მონაწილეობს“) ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობს, რომ ჟურნალისტი - სტატიის ავტორი თავის შეფასებას ან შეფასებით მსჯელობას კი არ ავითარებს მოსარჩელის პიროვნების მიმართ, არამედ აღწერს და მიუთითებს დადასტურებულ ფაქტებზე. აღნიშნულ წინადადებებში აღწერილი გარემოებები მტკიცებითი ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი, როგორც უარყოფა, ასევე დადასტურებაც სავსებით შესაძლებელია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო პუბლიკაციით (კერძოდ, პუბლიკაციაში გადმოცემული გამონათქვამებით: „კრიმინალები მ–ძეს ი.კ–ძის დავალებით მიუსიეს“; „ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში ი.კ–ძე მონაწილეობს“) პუბლიკაციის ავტორს თავისი ე.წ. „მოსაზრებები“ კი არ გაუვრცელებია, არამედ მტკიცებით ფორმაში გადმოსცა ფაქტები.
15. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პუბლიკაციით გადმოცემული ფაქტები ნამდვილი არ არის, რაც დასტურდება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის №2871349 წერილით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებით დაუდასტურებელია პუბლიკაციაში მითითებული ფაქტი ოზურგეთში გახმაურებულ მკვლელობებსა და კრიმინალურ გარჩევებში მოსარჩელის მონაწილეობის შესახებ.
16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შეკვეთილ მკვლელობასა და კრიმინალურ გარჩევებში მონაწილეობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებას წარმოადგენს, რისი დამადასტურებელი მტკიცებულების (განაჩენის) არარსებობაც, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ქმნის პრეზუმფციას, რომ მოსარჩელის მიერ დანაშაული არ ჩადენილა. ამდენად, პალატის მითითებით, გამოქვეყნებულ სტატიაში ასახული ფაქტები მოსარჩელის წინააღმდეგ იმის შესახებ, რომ გურიაში შეკვეთილი მკვლელობების უკან მოსარჩელე დგას და რომ ის მონაწილეობს კრიმინალურ გარჩევებში - სიმართლეს არ შეესაბამება.
17. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ მოსარჩელეზე გაავრცელა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და მოსარჩელის სახელის გამტეხი განცხადება. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული გამონათქვამები „კრიმინალურ გარჩევებში კ–ძე მონაწილეობს”, „ყველა ამ შეკვეთილი მკვლელობის უკან დგას კ–ძე” - უნდა შეფასდეს, როგორც ცილისწამება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული პუბლიკაციით, რომლითაც ის მოსარჩელის მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტებზე მიუთითებდა, ამასთან, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ზიანი მიადგა ადრესატის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას.
18. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ „საჯარო პირს“. სასამართლომ იხელმძღვანელა მითითებული კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არ წარმოადგენს თანამდებობის პირს, საქმის განხილვის დროისათვის მას არ ეკავა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში, სრულიად დაუდასტურებელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მის რომელიმე გადაწყვეტილებას ან აზრს მნიშვნელოვანი ან რაიმენაირი გავლენა მოეხდინა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
19. სააპელაციო პალატის მითითებით, ცილისწამების საკანონმდებლო რეგულირებას შეიცავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვით, ცილისწამება არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა. კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს კერძო და საჯარო პირის ცილისწამებას. კერძო პირის ცილისწამებისათვის პირს მხოლოდ მაშინ ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.
20. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება. თუმცა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. კონკრეტულ შემთხვევაში შეზღუდვის ინიციატორმა უნდა ამტკიცოს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არ მონაწილეობდა კრიმინალურ გარჩევებში და ა.შ., ხოლო ჟურნალისტმა უნდა ადასტუროს გავრცელებული ინფორმაციის სისწორე ანდა ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მის მიერ მიღებული გონივრული ზომები. მტკიცების ტვირთის აღნიშნული წესით განაწილების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა, რომ ის არ მონაწილეობდა შეკვეთილ მკვლელობებსა და კრიმინალურ გარჩევაში. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული დასკვნის ფაქტობრივი საფუძველია საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, პოლიციის სამმართველოსადმი მიწერილობა, შესაბამისი პასუხის მიღება პოლიციის განყოფილებიდან, ასევე პრეზუმფცია, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არარსებობის პირობებში, პირი უდანაშაულოდ ითვლება, მით უფრო, მაშინ, როდესაც ჟურნალისტს აღნიშნული ინფორმაციის სისწორის თაობაზე რაიმე სახის მტკიცება არ განუხორციელებია.
21. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მცდარი ფაქტის გავრცელება ყოველთვის არ წარმოადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რა ზომები მიიღო და რა ღონისძიებები გაატარა ჟურნალისტმა, როდესაც ფაქტს ავრცელებდა. თუ მან ჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა ინფორმაციის გადამოწმებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა არ ეკისრება. თუმცა, მოვალეობის შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები სწორედ ინფორმაციის გამავრცელებელმა უნდა წარმოადგინოს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ მან გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა ან მცდელობა ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით.
22. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ჟურნალისტების უფლება გაავრცელონ ინფორმაცია შეზღუდულია ვალდებულებით, მოამარაგონ საზოგადოება სწორი და გადამოწმებული ინფორმაციით. შესაბამისად, ჟურნალისტები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებენ, რომ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან მიიღეს. ჟურნალისტმა გონივრულ ფარგლებში უნდა გადაამოწმოს გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტება. თუმცა, რიგ შემთხვევებში ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დაუძლეველ სირთულეებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, ჟურნალისტმა ზუსტად ამგვარი სირთულის არსებობა უნდა დაადასტუროს.
23. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულება პასუხისმგებელ სუბიექტთა მხრიდან (სტატიის ავტორი, რედაქტორი) ინფორმაციის გადამოწმების, გადამოწმების შეუძლებლობის ან მისი სწრაფად გავრცელების გარდაუვალობასთან დაკავშირებით.
24. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხეებზე მორალური ზიანისათვის თანხის დაკისრებას ითხოვდა, თუმცა დაუდასტურებელი იყო ფაქტობრივი გარემოება, რომ მითითებული, მცდარი ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია მოსარჩელის სულიერი ტანჯვა, რომელიც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა სულიერი ტკივილით გამოწვეული ზიანის ქონებრივ ანაზღაურებაზე, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურებისა და მოპასუხეთათვის 10 000 ლარის დაკისრების საფუძველი.
25. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირველმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
26. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
26.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე იყო საჯარო პირი. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის შესახებ პრესის სხვადასხვა საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც შეეხებოდა კრიმინალურ სამყაროსთან მის კავშირს, ასევე - საჯარო ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მის გავლენას. ამასთან, იგი იყო მაშინდელი ვიცე-პრემიერის ახლო მეგობარი და ბიზნეს-პარტნიორი, ოზურგეთის მერის მძახალი და საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელიც აშკარად, ყველასთვის ნათლად ერეოდა საარჩევნო პროცესებში. აღნიშნული მიუთითებდა იმაზე, რომ ხსენებული პირი მოხვედრილი იყო მასმედიის სხვადასხვა საშუალების ყურადღების ცენტრში. ამ პირის ნებისმიერი მოქმედების მიმართ ძალიან დიდი იყო არამარტო მასმედიის, არამედ - საზოგადოების ინტერესი;
26.2. სააპელაციო სასამართლო საერთოდ არ შევიდა ზემოთ მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებულ მსჯელობაში. აღნიშნულ გარემოებებს კი საქმის გადაწყვეტისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კანონი ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებულად არეგულირებს მხარეთა შორის წარმოშობილ ინტერესთა კონფლიქტს. კერძოდ, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი არის მოსარჩელეზე, რომელმაც სასამართლოში უნდა ამტკიცოს შემდეგ გარემოებათა ერთობლიობა: 1. სტატია შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ; 2. განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი; 3. განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის გავრცელება;
26.3. სტატიაში საუბარია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, დ. მ–ძის ბრიფინგზე, რომლის ჩატარების შემდეგ თავად მ–ძის განცხადება და მასთან და სხვა წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია იქნა ციტატის სახით მოყვანილი - „გადამოწმებული ინფორმაციით, ეს კრიმინალები მ–ძეს პოლიციის უფროსმა, მ–მა ი.კ–ძის დავალებით მიუსია“. მოცემულ შემთხვევაში საუბარია წყაროსთან ინფორმაციის გადამოწმებაზე, ასევე წყაროს თანხმობით კასატორმა სასამართლოს მიუთითა, რომ ამ ინფორმაციის მიმწოდებელი ერთ-ერთი წყარო თავად მ–ძე იყო. ამასთან, ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა და, მიუხედავად პრესის საშუალებით მისი გავრცელებისა, სამართალდამცავ ორგანოებს ეს ფაქტი არ გადაუმოწმებიათ და დღემდე ამ ფაქტთან დაკავშირებით არც მ–ძე დაკითხულა. აღნიშნული ფაქტის გადამოწმება და შესწავლა აუცილებლად უნდა მომხდარიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ანუ სწორედ იმ დაწესებულების მიერ, რომელმაც ცნობა მისცა მოსარჩელეს იმის თაობაზე, რომ იგი დაკითხული საერთოდ არ არის პრესის საშუალებით გავრცელებულ ფაქტთან მიმართებით;
26.4. პრესა ინფორმაციას აქვეყნებს არამარტო იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს საზოგადოების ინფორმირება, არამედ დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაცია საფუძველი უნდა იყოს სამართალდამცავების მხრიდან სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების დაწყებისა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. ასეთ პირობებში პრესისათვის რაიმე სახის მტკიცების ტვირთის დაკისრება დაუშვებელია. პრესამ გაავრცელა ის ინფორმაცია, რაც მას გააჩნდა. არ არსებობდა ისეთი გარემოება, რომელიც მას შეზღუდავდა ან/და თავს შეაკავებინებდა საზოგადოების და თუნდაც სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებისაგან, ხოლო წყაროს გამხელისაგან, რომელთანაც, მ–ძის გარდა, ინფორმაცია იქნა გადამოწმებული, პრესა დაცულია;
26.5. რაც შეეხება მეორე ციტატას - „ოზურგეთში ყველა კრინიმალურ გარჩევაში ი.კ–ძე მონაწილეობს“, ამ შემთხვევაში ფრაზა კონტექსტიდან არის ამოვარდნილი, იგი წარმოადგენს სტატიის ნაწილს, რომლის ცალკე და შინაარსთან შეუსაბამოდ განხილვა არასწორია;
26.6. მოცემულ შემთხვევაში გავრცელებული ინფორმაცია არ ეხებოდა პირის პირად ცხოვრებას და იგი ასახავდა მის სხვადასხვა ფორმის კანონიერ თუ კანონსაწინააღმდეგო აქტივობებს, რომელთა ერთობლიობა იმ ფორმატით და უფლებამოსილებით, რაც მედიას გააჩნია, გავრცელებული იყო საზოგადოებრივი მოთხოვნილებების გათვალისწინებით;
26.7. სასამართლომ არ გამოიყენა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-2, მე-7, მე-13 და მე-14 მუხლები, რომელიც ადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პირობებს; გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ევროსასამართლოს განმარტებები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აზრის გამოხატვის თავისუფლების მასშტაბებთან დაკავშირებით; ასევე, არ გაითვალისწინა, რომ პრეცედენტული სამართალი მტკიცებას დაქვემდებარებულ ფაქტად საერთოდ არ მიიჩნევს სადავო გამონათქვამების იმ სფეროს, რომელიც „აზრის”, „შეფასებითი მსჯელობის” კატეგორიაში ექცევა. ამ თვალსაზრისით, არც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებაა ნორმატიულად დასაშვები. თუმცა, საგულისხმოა, რომ აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია;
26.8. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „თორგეისონი ისლანდიის წინააღმდეგ“ განმარტა შემდეგი: „ჟურნალისტისათვის სიმართლის დამტკიცების ვალდებულების დაკისრება საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე, აშკარად არაგონივრული და შეუძლებელია. პრესა ვერ შეძლებს რაიმეს გამოქვეყნებას, თუ მას მოსთხოვენ მხოლოდ დამტკიცებული ფაქტების გამოქვეყნებას“. საქმეში „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ განაცხადა, რომ „სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მარტო იმგვარ ინფორმაციას ან იდეას, რომელსაც კეთილგანწყობით ხვდებიან ან რომელიც ნეიტრალურია, არამედ ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი ან ამაღელვებელია“;
26.9. საქმეში „გუერა იტალიის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „უფლება მიიღო ინფორმაცია, მოიცავს დაინტერესებული საზოგადოების დამოუკიდებელ უფლებას, წაიკითხოს ან მოისმინოს სხვა პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ან იდეა“;
26.10. საქმეში „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „პრესას აკისრია ვალდებულება, გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე. ამასთან, არამარტო პრესას აქვს ასეთი ინფორმაციისა და მოსაზრების გავრცელების ამოცანა, არამედ საზოგადოებას გააჩნია მათი მიღების უფლება“, „დასაშვები კრიტიკის ფარგლები პოლიტიკოსებთან მიმართებაში უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირებთან დაკავშირებით, საჯარო პირები გაცნობიერებულად და განზრახ აქცევენ საკუთარ თავს საზოგადოებისა და ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში. აქედან გამომდინარე, ისინი უნდა ამჟღავნებდნენ თმენის მაღალ ხარისხს“.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
28. საკსაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
29. მხარეთა შორის დავის საგანია პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა.
30. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია პირველი მოპასუხის გაზეთსა და ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სადავო სტატიაში მითითებული ინფორმაცია მოსარჩელის შესახებ წარმოადგენს თუ არა ამ უკანასკნელის სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცულ სფეროში იმგვარ ჩარევას, რასაც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება. სხვაგვარად, შეიცავს თუ არა სადავო სტატია მცდარი ფაქტების შემცველ განცხადებებს, რომლითაც შეილახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. შესაბამისად, მოპასუხის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა აუცილებელია თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად.
31. გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ცილისწამებად მიჩნეულ იქნა სადავო სტატიაში მოცემული მხოლოდ შემდეგი განცხადებები: „კრიმინალები მ–ძეს პოლიციის უფროსმა მ–მა ი.კ–ძის დავალებით მიუსია“; „ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კ–ძე მონაწილეობს“, - გადაწყვეტილება კი საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ და არა მოსარჩელემ, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია კონკრეტულად აღნიშნული განცხადებები. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი არ არის სადავო სტატიაში მოცემული სხვა განცხადებები, აგრეთვე, მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის მართებულობა, რადგან ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოსაყენებელი საკანონმდებლო ნორმები
32. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად.
33. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18.2 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
34. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - „კანონი“) სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს: აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას; პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას; ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას; ცენზურის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობა და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები.
35. სიტყვისა და გამოხატვის უფლების დაცვის პარალელურად, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი, ისევე როგორც, სამოქალაქო კოდექსის მე-18.2 მუხლი, იცავს პირის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას შელახვისაგან. კანონის მე-13 მუხლი კრძალავს ნებისმიერი [კერძო და საჯარო, ფიზიკური და იურიდიული] პირის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი, პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადების გავრცელებას. ცილისწამებისათვის (რომელიც განიმარტება, როგორც „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება“), გათვალისწინებულია სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა (კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია მისი მე-5, მე-15 და მე-16 მუხლებით).
36. კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, კერძო პირის მიმართ ცილისწამებისათვის მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ეკისრება ტვირთი დაამტკიცოს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.
37. კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
38. კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს, ერთი მხრივ, აზრისა და, მეორე მხრივ, ფაქტის შემცველ განცხადებას და განმარტავს, რომ აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.
39. კანონის მე-4.1 მუხლის შესაბამისად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და მისი გამოხატვის ან გავრცელების გამო პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
40. კანონის მე-17.1 მუხლის შესაბამისად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
41. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18.3 მუხლის შესაბამისად, თუ პირის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით
42. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემგომში - „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია“ ან „კონვენცია“) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად”.
43. კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან. ამიტომ ის შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებსა და სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ პუნქტში მითითებული კანონიერი მიზნების მისაღწევად, რომელთაგან ერთ-ერთია სხვა პირთა რეპუტაციის დაცვა.
44. გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებელობის“ ძირითადი პრინციპები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (შემდგომში - „ევროპული სასამართლო“ ან „სტრასბურგის სასამართლო“) დაადგინა მრავალ საქმეში. ამ გადაწყვეტილებებში სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (Handyside v. the United Kingdom (7 December 1976, Series A no. 24), Stoll v. Switzerland ([GC] no. 69698/01, § 101, ECHR 2007 V); Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08, § 100, ECHR 2013; Morice v. France [GC], no. 29369/10, § 124, 23 April 2015).
45. როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირთა რეპუტაციის დაცვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებაა. სტრასბურგის სასამართლომ არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ ორივე უფლება - გამოხატვის თავისუფლებაც და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც - თანაბარ დაცვას იმსახურებს. თუმცა, იმისათვის, რომ მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევა დადგინდეს, თავდასხმამ პირის რეპუტაციაზე სერიოზულობის განსაზღვრულ ხარისხს უნდა მიაღწიოს (Ärztekammer Fur Wien And Dorner v. Austria, no. 8895/10, § 62, 16 February 2016).
46. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც ამ ორ უფლებას შორის სამართლიანი წონასწორობის უზრუნველყოფის მიზნით ფასდება. აღნიშნული კრიტერიუმებია: (ა) ის წვლილი, რომელიც სადავო განცხადებამ საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში მიმდინარე დებატებში შეიტანა; (ბ) იმ პირის საზოგადოებრივი ცნობადობის ხარისხი, როლი და ფუნქცია, ვისაც სადავო განცხადება ეხებოდა და იმ ქმედებების ბუნება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც სადავო განცხადებაში აისახა; (გ) განცხადებაში ასახულ პირთა ქმედებები განცხადების გამოქვეყნებამდე; (დ) განცხადების გამოქვეყნების ფორმა და მანერა; (ე) რა გზით იქნა მოპოვებული განცხადებაში დაცული ინფორმაცია და რამდენად სარწმუნო იყო ის - აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს ჟურნალისტებთან მიმართებაში ნათქვამი აქვს, რომ ისინი უნდა მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად, სათანადო ფაქტობრივ საფუძველზე და, ჟურნალისტური ეთიკის წესების შესაბამისად, საზოგადოებას აწვდიდნენ სარწმუნო (სანდო) და ზუსტ ინფრმაციას (იხ. Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, § 93, ECHR 2012).
47. განსაკუთრებით პრობლემურია პირის რეპუტაციის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ განცხადება, რომელიც პირის რეპუტაციას ეხება, პოლიტიკურია ან გაკეთებულია საზოგადოების ინტერესის სფეროში მყოფ საკითხზე მიმდინარე დებატების პროცესში (Sürek v. Turkey (no. 1) [GC], no. 26682/95, § 61, ECHR 1999-IV; Lindon, Otchakovsky-Laurens and July v. France [GC], nos. 21279/02 and 36448/02, § 46, ECHR 2007-IV; and Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, § 90, ECHR 2012).
48. საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას გაკეთებულ განცხადებაში გამოვლენილი მტრული დამოკიდებულების გარკვეული ხარისხი (E.K. v. Turkey, no. 28496/95, §§ 79-80, 7 February 2002) და გამოთქმების სერიოზულობაც კი (Thoma v. Luxembourg, no. 38432/97, § 57, ECHR 2001-III) არ ართმევს განმცხადებელს უფლებას დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლებით (Paturel v. France, no. 54968/00, § 42, 22 December 2005).
49. თავის გადაწყვეტილებებში საქმეებზე “ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ” (Lingens v. Austria, 8 July 1986, §46, Series A no. 10) და “ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ” (Oberschlick v. Austria (no.1), 23 May 1991, §63 Series A no. 204) სტრასბურგის სასამართლომ ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირებულ იქნას, მაშინ როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაევალოს. ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (De Haes and Gijsels v. Belgium, 24 February 1997, §42, Reports-I).
50. იმისათვის, რომ ფაქტობრივი ბრალდება შეფასებითი მსჯელობისაგან გაიმიჯნოს, აუცილებელია საქმის გარემოებებისა და განცხადების ზოგადი ტონის ანალიზი, იმის მხედველობაში მიღებით (Brasilier v. France, no. 71343/01, 11 April 2006, § 37), რომ გამონათქვამები საჯარო ინტერესის საკითხზე, შესაძლებელია, სწორედ აღნიშნულ საფუძველზე (სწორედ აღნიშნულის გამო), უფრო შეფასებით მსჯელობას წარმოადგენდეს, ვიდრე ფაქტის შესახებ განცხადებას (Paturel v. France, no. 54968/00, 22 December 2005, § 37).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით
51. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
52. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების განხორციელება განუყოფელია შესაბამისი „ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან“, რომელიც პრესაზეც ვრცელდება. სწორედ აღნიშნული „ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის“ გამო, მე-10 მუხლის მიხედვით, ჟურნალისტებისათვის მიკუთვნებული დაცვა, როდესაც ისინი აშუქებენ საზოგადო ინტერესის მქონე საკითხებს, ექვემდებარება დათქმას, რომ ისინი მოქმედებენ კეთილსინდისიერად, რათა წარმოადგინონ სწორი და სანდო ინფორმაცია ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად (Bladet Tromsø and Stensaas v. Norway [GC], no. 21980/93, § 65, ECHR 1999-III; Kasabova v. Bulgaria, no. 22385/03, § 63, 19 April 2011). წინა საქმეებში, როდესაც სასამართლოს უნდა ემსჯელა, გაეთავისუფლებინა თუ არა გაზეთები დაკისრებული ვალდებულებისაგან - გადაამოწმონ ფაქტის შემცველი განცხადებები, რომლებიც ცილისმწამებული ხასიათისაა, მან გაითვალისწინა სხვადასხვა ფაქტორი, განსაკუთრებით ცილისწამების ბუნება და ხარისხი და აგრეთვე ის მოცულობა, რამდენად გონივრულად შეეძლო გაზეთს მისი წყარო სანდოდ მიეჩნია (Bladet Tromsø and Stensaas, cited above, § 66). თავის მხრივ ეს ფაქტორები მოითხოვს სხვა ისეთი ელემენტების განხილვას, როგორებიცაა წყაროს ავტორიტეტი, აგრეთვე, გამოცემის გამოშვებამდე შეეძლო თუ არა გაზეთს ჩაეტარებინა საკმარისი მოკვლევა, წარმოადგინა თუ არა გაზეთმა ამბავი საკმარისად დაბალანსებულად და მისცა თუ არა მეორე მხარეს თავის დაცვის შესაძლებლობა. ამდენად, ცილისმწამებლური განცხადების გადამოწმების მოთხოვნიდან გადახვევა იმგვარი ბუნებისაა, რომ მისი გამოყენებისათვის ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გაითვალისწინონ განსახილველი საქმის კონკრეტული გარემოებები. თუ ეროვნული სასამართლოები გამოიყენებენ ზედმეტად ხისტ მიდგომას ჟურნალისტის პროფესიული ქცევის შეფასებისას, ამ უკანასკნელს არასათანადოდ შეეშლება ხელი მისი ფუნქციის, კერძოდ, საზოგადოების ინფორმირებულობის, განხორციელებაში. ამრიგად, სასამართლოებმა უნდა გაითვალისწინონ მათი გადაწყვეტილებების სავარაუდო გავლენა არა მხოლოდ ინდივიდუალურ საქმეებზე, არამედ ზოგადად მედიაზე (Kasabova, cited above, § 55 and Yordanova and Toshev v. Bulgaria, no. 5126/05, § 48, 2 October 2012). განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დამატებითი ფაქტორია „მოდარაჯე ძაღლის“ როლი, რომელსაც პრესა ასრულებს დემოკრატიულ საზოგადოებაში. თუმცა, მან არ უნდა გადააბიჯოს განსაზღვრულ ფარგლებს, კერძოდ, სხვათა უფლებებსა და რეპუტაციასთან მიმართებით, მიუხედავად ამისა, პრესის მოვალეობაა ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად, გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები პოლიტიკურ და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე, როდესაც ეროვნული ხელისუფლების მიერ დაკისრებულ სანქციებს შეუძლია პრესას გული აუცრუოს დებატებში მონაწილეობაზე, რომელიც ეხება ლეგიტიმურ საზოგადოებრივ პრობლემას (Tønsbergs Blad A.S. and Haukom v. Norway, no. 510/04, § 88, ECHR 2007-III).
ზემოაღნიშნული ნორმებისა და პრინციპების გამოყენება მოცემული საქმის მიმართ
53. ზემოაღნიშნული პრინციპებიდან, ნორმებიდან და განმარტებებიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეში სანამ სადავო სტატიაში დაცული, გასაჩივრებული განცხადებების შინაარსის შეფასებას შეუდგება, საკასაციო სასამართლო აუცილებლად თვლის განიხილოს წვლილი, რომელიც სადავო სტატიამ საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში მიმდინარე დებატებში შეიტანა; იმ პირის საზოგადოებრივი ცნობადობის ხარისხი, როლი და ფუნქცია, ვისაც სადავო სტატიაში მოცემული განცხადებები ეხებოდა და იმ ქმედებების ბუნება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც სადავო განცხადებებში აისახა.
54. ზემოაღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა მნიშვნელოვანია მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრის განსაზღვრის სისწორის შესამოწმებლადაც, რამდენადაც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს კერძო პირისა და საჯარო პირის სტატუსს და ამ პირთა მიმართ ცილისწამებისას მოსარჩელის მტკიცების ფარგლებს.
55. სადავო სტატიის სათაურია: „რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა, დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ი.კ–ძე“. სტატია იწყება ცნობით, რომ გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თანამდებობიდან გადააყენეს და საუბარი იმაზე, რომ გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა იმატა, გადაჭარბებული ნამდვილად არ არის. აღნიშნული განცხადების შემდეგ სტატიის ავტორი ასახელებს ბოლო 5 წლის მანძილზე ოზურგეთში მომხდარი კონკრეტული პირების მკვლელობის ფაქტებს, რომელთაგან ყველა მათგანი გაუხსნელია. იგი აღწერს, აგრეთვე, სტატიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოკლული ახალგაზრდის ჭირისუფლების მხრიდან ბათუმის ავტობანის ქობულეთის მონაკვეთზე გზის გადაკეტვის პროცესს, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო და ცდილობენ აიძულონ სამართალდამცველები დაიწყონ საქმის გამოძიება და დააპატიმრონ მკვლელები. სტატიის ავტორი განიხილავს რამდენიმე დღის წინ მომხდარი სხვა მკვლელობის ფაქტსაც და ხაზს უსვამს გურიაში ე.წ. „მაყურებლების“ არსებობის პრობლემას, რომლებიც ინიშნებიან სკაიპის მეშვეობით მეზობელ თურქეთში და საბერძნეთში „გადახვეწილი“ კრიმინალური „ავტორიტეტების“ მიერ და რომელთაც, ავტორის თანახმად, კრიმინალურ „ავტორიტეტებთან“ ერთად ყოველი არჩევნებისას ეფექტურად იყენებს მმართველი პარტია. აღნიშნულის შემდეგ ავტორი აკეთებს განცხადებას, რომ ოზურგეთში სულ უფრო გავრცელებული ხმების თანახმად, ამ შეკვეთილი მკვლელობებისა და გურიაში არსებული მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობის მიზეზი, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, პოლიციის პოლიტიზირებული ხელმძღვანელობაა. იგი კონკრეტულად მიმოიხილავს პოლიციის ყოფილი უფროსისა და მოსარჩელის კავშირს და საქმიანობას. სტატია გრძელდება განცხადებებით, რომლებიც მოცემულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში და რომელთა ცილისწამებად კვალიფიკაციაც მოითხოვა მოსარჩელემ.
56. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ზ“ პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი ყურადღება განიმარტება, როგორც საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან; ხოლო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში დაცული განმარტებების თანახმად, „საზოგადოებრივი ინტერესი“ გულისხმობს საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე იმ მოცულობით, რაც საკმარისია მათ მიმართ ლეგიტიმური ინტერესის გასაჩენად; საკითხებს, რომლებიც იპყრობს საზოგადოების ყურადღებას ან აღელვებს საზოგადოებას მნიშვნელოვანი დოზით; განსაკუთრებით როცა საქმე ეხება მოქალაქეთა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის კეთილდღეობას. ასეთი შეიძლება იყოს სოციალური საკითხები, სისხლის სამართალწარმოება ზოგადად და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა კონკრეტულად (იხ. Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland [GC], §171; Dupuis and Others v. France, §42; July and SARL libération v. France, §66; White v. Sweden, par. §29, Egeland and Hanseid v. Norway, §58; Leempoel & S.A. ED. Ciné Revue v. Belgium, §72, Eerikäinen and Others v. Finland, §59). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის განმარტებების თანახმად, საზოგადოებაში არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, მიიღოს ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეებზე და განცხადებები, რომლებიც უკავშირდება მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებას, საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს (Morice v. France [GC], no 29369/10, §150-153, 23 April 2015).
57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სტატია რეგიონში გართულებული კრიმინოგენური მდგომარეობის, 5 წლის მანძილზე გაუხსნელი მრავალი მკვლელობის, ე.წ. კრიმინალური „ავტორიტეტებისა“ და „მაყურებლების“ საქმიანობის, მათი, ისევე, როგორც ადგილობრივი პოლიციის მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო პოლიტიკური კავშირების შესახებ - საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ, საზოგადოების არსებობისა და მშვიდობიანი განვითარებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებს ეხება, ხოლო იმ ქმედებების ბუნება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც სადავო სტატიაში აისახა, კრიმინალურია. აქედან გამომდინარე, სტატიის ავტორი გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი ხარისხით სარგებლობს.
58. გამომდინარე იქიდან, რომ კერძო და საჯარო პირების მიმართ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ხარისხი განსხვავებულია და საჯარო პირების თმენის ვალდებულება ბევრად მაღალი, მნიშვნელოვანია, თითოეულ შემთხვევაში სასამართლომ სწორად განსაზღვროს განცხადების ადრესატის სტატუსი.
59. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო პირი არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო. იმავე კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო პირი არის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; აგრეთვე, პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; ან პირი რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.
60. ზემოაღნიშნულ განმარტებათა შესაბამისად, პირი, რომელიც ზოგადად საჯარო პირს არ წარმოადგენს, შესაძლებელია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მიზნებისათვის ასეთად იქცეს, თუ მისკენ მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება (შედ. იხ. ასევე Verlagsgruppe News GmbH v. Austria (no.2), §36, სადაც სტრასბურგის სასამართლომ ბიზნესმენი საჯარო პირად მიიჩნია).
61. წინამდებარე საქმეში კასატორის პირველი პრეტენზია ეხება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოსარჩელის, როგორც კერძო პირის სტატუსი, რადგან სადავო სტატიის გამოქვეყნების დროისათვის იგი, მართალია, არ წარმოადგენდა თანამდებობის პირს, მაგრამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მისი აქტიური საქმიანობის გამო მისკენ მიმართული იყო საზოგადოებრივი ყურადღება. კასატორის განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მოსარჩელე იყო საჯარო პირი, სასამართლომ სწორად მიუთითა მოსარჩელის შესახებ პრესის სხვადასხვა საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, რომელიც შეეხებოდა კრიმინალურ სამყაროსთან მის კავშირს, ასევე - საჯარო ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მის გავლენას; ამასთან, მოსარჩელე იყო მაშინდელი ვიცე-პრემიერის ახლო მეგობარი და ბიზნეს-პარტნიორი, ოზურგეთის მერის მძახალი და საარჩევნო შტაბის უფროსი, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების დამფინანსებელი, რომელიც აშკარად, ყველასათვის ნათლად ერეოდა საარჩევნო პროცესებში; აღნიშნული პირი მოხვედრილი იყო მასმედიის სხვადასხვა საშუალების ყურადღების ცენტრში და მისი ნებისმიერი მოქმედების მიმართ ძალიან დიდი იყო მასმედიისა და საზოგადოების ინტერესი.
62. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თავად მოსარჩელეს საკუთარი თავი თავდაპირველად საჯარო პირად მიაჩნდა. სარჩელი მან „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის (საჯარო პირის ცილისწამება) საფუძველზე წარადგინა (იხ. სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი, ტ. 1, ს.ფ. 1-24, 85-98), თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე პოზიცია შეიცვალა და მიუთითა, რომ კერძო პირია (იხ. მოსარჩელის საპაექრო სიტყვა, ტ. 1., ს.ფ. 2014). მოსარჩელის მიერ წარდგენილი ბიოგრაფიის თანახმად, იგი 2008-2016 წლებში სს „პ.ბ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს და რისკების მართვის დირექტორს წარმოადგენდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 27). საქმის მასალებით დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ ის არის ბიზნესმენი, რომელიც აქტიური საქმიანობით გამოირჩევა გურიაში; მოსარჩელის მხრიდან შედავებული არ ყოფილა, რომ იგი წარმოადგენს ქალაქ ოზურგეთის ამჟამად უკვე ყოფილი მერის - ბ.ს–ძის მძახალს; მის ქმედებებთან დაკავშირებით არაერთხელ გაკეთდა განცხადებები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის დ. მ–ძის მხრიდან; მოსარჩელის საქმიანობის შესახებ განცხადება გააკეთა, აგრეთვე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარტიის 2017 წლის 11 მაისის პრესკონფერენციაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 76, 146-147, 233-254); მოსარჩელის საქმიანობას ოზურგეთში მიეძღვნა პირველი მოპასუხის და სხვა მედია საშუალებების მიერ სადავო სტატიის გამოქვეყნებამდე გამოქვეყნებული რამდენიმე სტატია, სადაც იგი წარმოჩენილი იყო, როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 72-77, 146-161, 233-254).
63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე კერძო პირებს არასწორად მიაკუთვნა და იგი საჯარო პირის სტატუსის მატარებელია.
სადავო განცხადებების შინაარსი
64. კასატორი ადასტურებს, რომ სადავო სტატიაში მოცემული პირველი განცხადება, რომელიც სააპელაციო სასამართლომ ცილისწამებად მიიჩნია, ფაქტის შემცველი განცხადებაა და არა თვალსაზრისი ან კომენტარი, თუმცა მიუთითებს, რომ განცხადება შეიცავს დაზარალებულთან გადამოწმებულ ინფორმაციას და ამ ინფორმაციის გავრცელების დროს იგი სხვა სათანადო წყაროსაც ეყრდნობოდა, რომლის გამხელისგანაც პრესა კანონით არის დაცული; რაც შეეხება მეორე განცხადებას, ამ შემთხვევაში ფრაზა კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, იგი წარმოადგენს სტატიის ნაწილს, რომლის ცალკე და შინაარსთან შეუსაბამოდ განხილვა არასწორია.
65. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ დადგინდეს ცილისწამების არსებობა, პირველ რიგში აუცილებელია შეფასდეს სადავო სტატიაში დაცული, გასაჩივრებული გამონათქვამები აზრის, შეხედულების გამოხატვაა თუ დადასტურებადი ან უარყოფადი ფაქტების შემცველი განცხადებები.
66. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, „აზრი“ განიმარტება, როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. იმავე კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.
67. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია (იხ. სუსგ Nას-625-593-2014, 20 მაისი, 2016 წელი; სუსგ Nას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი).
68. აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ Nას-625-593-2014, 20 მაისი, 2016 წელი; სუსგ Nას-1477-1489-2011, 03 აპრილი, 2012 წელი). ცილისწამების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მათი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ Nას-625-593-2014, 20 მაისი, 2016 წელი; სუსგ Nას-179-172-2012, 01 ოქტომბერი, 2014 წელი).
69. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპლაციო სასამართლოს მიერ ცილისწამებად მიჩნეული განცხადებების შეფასება უნდა მოხდეს მთლიანად სადავო სტატიის იმ ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, სადაც აღნიშნული განცხადებებია მოცემული, რამდენადაც სადავო სტატია შედგება როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტების შემცველი განცხადებებისაგან და ისინი მჭიდროდ არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული.
70. პუბლიკაციის მიხედვით, მისი მიზანია საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შექმნილ მდგომარეობას, რომელიც უკავშირდება გაძლიერებულ კრიმინოგენულ ვითარებას, მომრავლებულ გაუხსნელ მკვლელობებს, რომლებიც, საზოგადოების აზრით, შეკვეთილი მკვლელობებია. აღნიშნულის მიზეზი, სტატის ავტორის მოსაზრებით, ადგილობირივი პოლიციის უმოქმედობა და კრიმინალებთან და პოლიტიკოსებთან მისი უკანონო კავშირებია.
71. სტატიაში დაცული განცხადებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ ცილისწამებად მიიჩნია და რაც გასაჩივრებული აქვს კასატორს, შემდეგი შინაარსისაა: „გადამოწმებული ინფორმაციით, ეს კრიმინალები მ–ძეს პოლიციის უფროსმა, მ–მა ი.კ–ძის დავალებით მიუსია“; „ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კ–ძე მონაწილეობს“.
72. საკასაციო სასამართლო უპირველესად განიხილავს განცხადებას - „გადამოწმებული ინფორმაციით, ეს კრიმინალები მ–ძეს პოლიციის უფროსმა, მ–მა ი.კ–ძის დავალებით მიუსია“.
73. სადავო სტატიის ნაწილი, სადაც აღნიშნული განცხადებაა დაცული, სრულად ასე გამოიყურება:
„. . . სწორედ არჩევნების მიზნით იყენებს პოლიცია, ძირითადად, ეჭვმიტანილთა და მათ ოჯახთა უმეტეს ნაწილს, არჩევნების დღეს შედის კრიმინალებთან უშუალო თანამშრომლობაში, შემდეგ კი მოსახლეობა იხდის პოლიციისა და კრიმინალების დანაშაულებრივი კავშირის შედეგებს.
ამას კი გურიაში ი.კ–ძისა და პოლიციის უფროსის, მ–ის ახლო კავშირებით ხსნიან, მ–მა თავი გურიას, მისი რამდენიმეწლიანი მმართველობის პერიოდში კიდევ იმით დაამახსოვრა, რომ ოზურგეთში ე.წ. „მ.შ–მა“ ანუ „მ.შ–მა“ გახსნა.
სხვათაშორის ამ „მ.შ–მასთან“ ასოცირდება ერთი სკანდალიც, როცა ოზურგეთში მომხდარი ერთ-ერთი გახმაურებული მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, ოზურგეთში პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერმა, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, დ. მ–ძემ, აღნიშნული საშაურმეს წინ გამართულ ბრიფინგზე მკაცრად გააკრიტიკა გურიის პოლიციის უფროსი, განაცხადა, რომ: „იმის ნაცვლად რომ გურიის პოლიციის უფროსი კრიმინალს ებრძოდეს, ეს უკანასკნელი საშაურმეს ხსნის“ - ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ოპოზიციის ლიდერს სახლში კრიმინალური ავტორიტეტები მიუვარდნენ და ემუქრებოდნენ. გადამოწმებული ინფორმაციით, ეს კრიმინალები მ–ძეს პოლიციის უფროსმა, მ–მა ი.კ–ძის დავალებით მიუსია“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 25).
74. ამრიგად, ცალსახაა, რომ სტატიის ამ ნაწილში საუბარია კონკრეტულ ფაქტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატის, დ. მ–ძის მიერ გამართული ბრიფინგის შემდეგ.
75. განცხადება წარმოადგენს სერიოზულ ბრალდებას, რომლის უშუალო ადრესატიც მოსარჩელეა და რომელსაც მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციისათვის ზიანის მიყენება შეუძლია.
76. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ აღნიშნული ფაქტის არსებობა დადასტურებული არ არის. აღნიშნულ ფაქტზე არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე. არ არის დადასტურებული ასევე, რომ თავად დაზარალებულმა დ. მ–ძემ სადავო განცხადებაში აღწერილი ქმედების გამოძიების მიზნით პოლიციას მიმართა.
77. ასეთ პირობებში, მნიშვნელოვანია შეფასდეს ის ფორმა, რომლითაც ჟურნალისტმა სადავო ფაქტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა და მეთოდი, რომლითაც ჟურნალისტმა აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა, მათ შორის, ღონისძიებები, რომლებიც მან ინფორმაციის სარწმუნოობის გადასამოწმებლად განახორციელა. საკასაციო სასამართლოს მიერ აღნიშნულის შემოწმებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ის სტანდარტი, რომელიც საკასაციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილების 52-ე პუნქტში ჩამოაყალიბა.
78. კასატორი აცხადებს, რომ სადავო ფაქტზე მითითებისას იგი ეყრდნობოდა სათანადო წყაროებს. მან ეს უშუალოდ სადავო განცხადების ტექსტშიც აღნიშნა - სადავო განცხადების თანახმად, ფაქტი, რომ მ–ძეს სახლში კრიმინალური ავტორიტეტები მიუვარდნენ და ისინი ი.კ–ძის დავალებით მოქმედებდნენ, „გადამოწმებული ინფორმაციაა“.
79. კასატორის განმარტებით, სადავო განცხადებაში სიტყვები „გადამოწმებული ინფორმაცია“ გულისხმობს, რომ ფაქტის შესახებ თავად დაზარალებულის (მ–ძის) განცხადება და მასთან და სხვა წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია იქნა ჟურნალისტის მიერ გამოყენებული. კასატორის განმარტებით, ინფორმაციის მიმწოდებელი ერთ-ერთი წყარო თავად მ–ძე იყო, ხოლო „სხვა წყაროს“ ვინაობის გამჟღავნებისაგან იგი კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებით არის დაცული. ამასთან, განცხადებაში მოყვანილ ფაქტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა პრესის საშუალებით ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს ეს ფაქტი არ გადაუმოწმებიათ.
80. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიების შემოწმების მიზნით, ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტის მიერ განსახორციელებელ იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რასაც მოიცავს კეთილსინდისიერად და ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად სწორი და სანდო ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება. აღნიშნული მოიცავს ჟურნალისტის მიერ საინფორმაციო წყაროს სწორად მითითების ეთიკური ვალდებულებასაც, რომელიც დადგენილია არაერთი საერთაშორისო თუ ეროვნული სტანდარტით.
81. ასეთი სტანდარტების შემცველია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ 1993 წლის 01 ივლისს მიღებული რეზოლუცია 1003 (1993) ჟურნალისტური ეთიკის შესახებ, რომელშიც ვკითხულობთ:
„…
4. მიწოდებული ფაქტები უნდა ეფუძნებოდეს სიმართლეს, რომელიც უზრუნველყოფილია გადამოწმებისა და მტკიცების შესაბამისი საშუალებებით, და მიუკერძოებლად უნდა იქნას წარდგენილი, აღწერილი და მოთხრობილი. ჭორი არ უნდა იქნას აღრეული ნამდვილ ფაქტში. ახალი ამბების სათაურები და მოკლე შინაარსი შეძლებისდაგვარად ზუსტად უნდა ასახავდეს წარდგენილი ფაქტებისა და მონაცემების არსს…“
82. ჟურნალისტის მიერ სანდო და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებისა და საინფორმაციო წყაროს სწორად მითითების კონკრეტულ ეთიკური ვალდებულებას ადგენს, აგრეთვე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“.
83. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მესამე პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“; „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“; ხოლო მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად:
„1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით…
2. სიზუსტის უზრუნველყოფისათვის მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში, მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ.
3. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს ინფორმაციის წყაროს შესაძლო დაინტერესება ან მიუკერძოებლობა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას და მიიღოს ყველა გონივრული ზომა გადაცემული ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად…
5. ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაუწყებელმა უნდა დააზუსტს მისი წარმომავლობა და სიზუსტე. თუ შეუძლებელია ინფორმაციის სისწორის, უტყუარობისა და წარმომავლობის დაზუსტება, მაუწყებელმა უნდა აღნიშნოს, რომ ინფორმაცია დაუზუსტებელია.“
84. ზემოაღნიშნული ნორმებისა და სტანდარტების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, როცა ფაქტის შემცველი განცხადება ისეთი წყაროდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია, ჟურნალისტის კეთილსინდისიერების სტანდარტი მოითხოვს აღნიშნული წყაროს მითითებას; ხოლო ანონიმური წყაროს არსებობის შემთხვევაში, ჟურნალისტმა სტატიაში უნდა მიუთითოს, რომ ეს წყარო ანონიმურია.
85. მოცემულ შემთხვევაში, სადავო სტატიაში ჟურნალისტის მიერ სიტყვების - „გადამოწმებული ინფორმაციით“ გამოყენება, მკითხველს უქმნის მოლოდინს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტმა ეთიკის ყველა იმ სტანდარტის დაცვით მოიპოვა და გადაამოწმა, რომელიც დადგენილია სანდო და ზუსტი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ამიტომ იგი მკითხველის თვალში წარმოშობს ფაქტის ნამდვილობის მიმართ სანდოობის უფრო აღმატებულ ხარისხს.
86. ინფორმაციის გადამოწმებისას სავალდებულოდ განსახორციელებელი კონკრეტული მოქმედებების შესახებ დეტალურ მსჯელობას შეიცავს, აგრეთვე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებებით დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც ჟურნალისტების მხრიდან ეთიკის ქარტიის დარღვევის შესახებ დავების განხილვის შედეგად შეიქმნა. მაგალითად, ქარტიის საბჭოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ:
„ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და აუდიტორიას მიაწოდოს ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წყაროები იყოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ჟურნალისტმა აუდიტორიას პატიოსნად უნდა აცნობოს მის მიერ გადამოწმების მცდელობისა და გზების შესახებ და უნდა მიუთითოს, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელია.“
(იხ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, გადაწყვეტილება საქმეზე - ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი - საქართველო; დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი: ეკატერინე ციმაკურიძე, მაია ბაქრაძე, თამარ ლალიაშვილი, ნათია ქუთათელაძე, ბესო ლოლაძე, ბესიკ სისვაძე მარიამ ოშხნელის წინააღმდეგ, 08.02.2022, საქმე N533).
87. წინამდებარე საქმეში სადავო განცხადების გაკეთებისას კასატორმა ზემოაღნიშნული მოქმედებების განხორციელება ვერ დაადასტურა. შესაბამისად, არასწორია სტატიაში მითითებული ფრაზა, რომ მასში აღწერილი ფაქტი დადგენილია იმ სტანდარტით, რასაც გულისხმობს ტერმინი „გადამოწმებული ინფორმაცია“. ჟურნალისტის ეთიკის სტანდარტი მოცემულ შემთხვევაში მოითხოვდა საინფორმაციო წყაროს ზუსტად და სწორად მითითებას.
88. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოების უფლებას - მიიღოს სანდო და ზუსტი ინფორმაცია.
89. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო პირველ განცხადებასთან მიმართებაში მოსარჩელემ შეძლო „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ყველა ელემენტის დამტკიცება, რომელიც მოპასუხის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია, მოპასუხემ კი ვერ მიუთითა ისეთ ქმედებებზე, რომლებიც ცილისწამებისათვის მას კვალიფიციურ პრივილეგიას ანიჭებს ან მის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში არსებითად სწორია.
90. საკასაციო სასამართლო შემდგომ განიხილავს განცხადებას - „ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კ–ძე მონაწილეობს“.
91. სტატიის ნაწილი, სადაც აღნიშნული განცხადებაა დაცული, ასე გამოიყურება:
„… თავად ი.კ–ძე (რომელიც პირველად ოფიციალურად პოლიტიკურ სკანდალში მაშინ გაეხვა, როცა მას თბილისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის ლიდერებმა კანონიერი ქურდების საქართველოში უკანონოდ შემოყვანაში, გადაადგილებასა და მფარველობაში დასდეს ბრალი და შესაბამისი ფაქტებიც წარმოადგინეს) მ–ის დანიშვნაში ფიგურირებს და მის „კრიშად“ ასოცირდება, მიუხედავად იმისა, რომ კ–ძემ ის გარკვეული ფინანსური მაქინაციებისათვის საკუთარი არაოფიციალური გუნდიდან დაითხოვა, მოიშორა, ოზურგეთში პოლიტიკურ პროცესებზე, როგორც „კ–ძის“ „მარჯვენა ხელს“ და ქალაქ ოზურგეთის მერის მძახალს, უდიდესი გავლენა აქვს.
სწორედ კ–ძე-მ–ის დუეტთან ასოცირდება ყველა „ბოროტება“ რაც კი გურიაში ხდება ამ დროისათვის.
და რაოდენ სამწუხარო და სავალალო არ უნდა იყოს, რამდენიმე და არა ყველა შეკვეთილი მკვლელობის უკანაც გურიაში ამ დუეტს ხედავენ.
მ–ს სავარაუდოდ იმიტომ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, ის უკვე დათხოვილია აღნიშნული თანამდებობიდან, ოღონდ არჩევნების პირველ ტურს ელოდებიან რომ ოფიციალურად გადააყენონ.
კ–ძეს იმიტომ, რომ ყველა კრიმინალურ გარჩევაში ის მონაწილეობს.
ოზურგეთში დღემდე დიდი მითქმა მოთქმაა იმ ფაქტზე, რომ ოზურგეთის კანალიზაციის მილების გარკვეული ნაწილის ჯართში ჩაბარების მიზნით, დემონტაჟის დროს (დღეს ოზურგეთის კანალიზაცია პირდაპირ მდინარე ნატანებში ჩაედინება) ქალაქ ოზურგეთის მერმა, კ–ძის მძახალმა, ბ.ს–ძემ და მაშინდელი პოლიციის სამმართველოს უფროსმა მილები ვერ გაიყვეს და კ–ძემ „საქმის გასარჩევად“ რუსეთიდან კრიმინალური ავტორიტეტი ჩამოიყვანა, რომელმაც ამ ორი უწყების ხელმძღვანელს მოპოვებულ ჯართზე საკუთრების უფლების ესა თუ ის ფორმა განუსაზღვრა. სამწუხაროა ასევე, როგორც უშუალო თვითმხილველები გვიმტკიცებენ, ი.კ–ძე და გურიის პოლიციის უფროსი ამ უკანასკნელის კაბინეტში ხშირად იბარებენ და ზეწოლას ერთობლივად ახორციელებენ ოპოზიციის მხარდამჭერებზე“.
92. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ. ამიტომ ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნას შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (იხ. სუსგ Nას-625-593-2014, 20 მაისი, 2016 წელი; სუსგ Nას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი).
93. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გამონათქვამი - „კ–ძეს იმიტომ, რომ ყველა კრიმინალურ გარჩევაში ის მონაწილეობს“ მჭიდროდ უკავშირდება სტატიაში მოცემულ იმ ფაქტობრივ ინფორმაციას, შეფასებებსა და დასკვნებს, რომლებიც მოცემულია ზემოთ მოხმობილ ამონარიდში, სადავო განცხადების წინამორბედ და შემდგომ აბზაცებში და შეუძლებელია განხილულ იქნას მათგან იზოლირებულად. აღნიშნულ აბზაცებში მოცემული ინფორმაციისაგან იზოლირებულად განხილვის შემთხვევაში, სადავო განცხადებას ეძლევა ზოგადი შინაარსი და არ მიუთითებს რამე კონკრეტულ ფაქტზე, რომლის დადასტურება ან უარყოფა შესაძლებელია. ამიტომ, იმ პირობებში, როცა სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სადავო სტატიის ის აბზაცები (წინამდებარე გადაწყვეტილების 91-ე პუნქტში მოხმობილი ამონარიდი), რომლებსაც მჭიდროდ უკავშირდებოდა აღნიშნული გამონათქვამი, ცილისწამებად არ დააკვალიფიცირა, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ აღნიშნული ზოგადი გამონათქვამის სტატიის დანარჩენი ტექსტისაგან იზოლირებულად განხილვა არამართებული იყო.
94. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ სტატიის დანარჩენი ნაწილი, გარდა მ–ძის სახლში მივარდნასთან დაკავშირებული ფაქტისა, არ შეფასებულა, როგორც მცდარი ფაქტების შემცველი განცხადება და გამოხატვის დაცულ ფორმად იქნა მიჩნეული, აღნიშნული გამონათქვამიც, რომლის იზოლირებაც შეუძლებელია სტატიის დანარჩენი ტექსტისგან, უნდა ჩაითვალოს შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და მთლიანად იქნას შეყვანილი გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ სფეროში.
95. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
96. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
97. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ფრაზა - „ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კ–ძე მონაწილეობს“ - ცილისწამებად იქნა მიჩნეული; ასევე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც გაზეთ „გ.მ–ეს“ დაევალა ფრაზის -„ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კ–ძე მონაწილეობს“ - გაზეთში და მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უარყოფა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში; ძალაში უნდა დარჩეს ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 07 სექტემბრის განჩინება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებული უსწორობის გასწორების თაობაზე, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის განაწილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ გაუქმებულა და დარჩა უცვლელი.
98. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
99. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ საკასაციო საჩივრის უმეტესი ნაწილი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ვინაიდან განსახილველი დავა არაქონებრივ დავას წარმოადგენს, სახელმწიფო ბაჟის დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად დაანგარიშება/ დაკისრება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ძირითადი ნაწილი არ დაკმაყოფილდა, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „გ.პ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ფრაზა - „ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კ–ძე მონაწილეობს“ - ცილისწამებად იქნა მიჩნეული;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც გაზეთ „გ.მ–ეს“ დაევალა ფრაზის - „ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კ–ძე მონაწილეობს“ - გაზეთში და მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უარყოფა;
4. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში;
5. ძალაში დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინება;
6. შპს „გ.პ–ის“ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი 300 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. ზამბახიძე