Facebook Twitter

საქმე №ა-4917-ა-29-2023 16 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – გ.ბ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ლ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ.ბ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ.ლ–ის“ (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, შრომითი ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით შპს „მ.ლ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. 2023 წლის 22 მაისს გ.ბ–მა წარმოადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით გ.ბ–ს დაევალა მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

10. ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით გ.ბ–ის შეგებებული საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

11. 2023 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა გ.ბ–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმება და შეგებებულ კასაციაზე საქმისწარმოების განახლება.

12. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ შეგებებული კასაცია ეხებოდა სამსახურში აღდგენას და კომპენსაციის (შრომის ანაზღაურების) გადახდას. ამ უკანასკნელზე კი კასატორს არ ეკუთვნოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მიუთითა, რომ მთლიანი შეგებებული კასაციის განუხილველად დატოვებით ირღვევა სამართლიან სასამართლოზე შეგებებული კასაციის ავტორის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო მოცემული განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ საკითხს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ერთპიროვნულად.

15. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

16. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

17. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმებას, თუმცა მის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტი) ვერ დაედება საფუძვლად ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლებას [სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება]. დასახელებული ნორმა ამომწურავად ადგენს, თუ რომელი გარემოება მიიჩნევა ახლადაღმოჩენილად. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი განცხადება ამგვარ საფუძვლებს არ ემყარება.

18. განმცხადებელი ვერ უთითებს სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ე“ და „ზ“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ რომელიმე საფუძველზე. რაც შეეხება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს [მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას], განმცხადებელი ვერც ისეთ ახალ გარემოებაზე ან მტკიცებულებაზე უთითებს, რომლის შეფასების შესაძლებლობაც საკასაციო სასამართლოს არ ჰქონდა გასაჩივრებული განჩინების მიღებამდე.

19. განმცხადებლის პრეტენზია, რომ შეგებებული საკასაციო საჩივრით მოთხოვნილი იყო, როგორც სამსახურში აღდგენა, ისე კომპენსაციის გადახდა, არ წარმოადგენს ახალ გარემოებას ან მტკიცებულებას, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

20. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ 2023 წლის 17 ივლისის განჩინების მიღებისას მან ყურადღებით შეაფასა შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა. გ.ბ–ის შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა იყო ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, რაც გულისხმობდა სამსახურში მის აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულად გამორიცხავს კომპენსაციის გადახდას, რადგან კომპენსაციას სასამართლო დამსაქმებელს მხოლოდ აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში აკისრებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაითვალისწინებს განმცხადებლის პრეტენზიას, რომ შეგებებული საკასაციო საჩივრით იგი ერთდროულად სამსახურში აღდგენას და კომპენსაციის გადახდას ითხოვდა. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის არასწორ განსაზღვრასთან დაკავშირებულ ზოგად პრეტენზიას, აღნიშნული პრეტენზია მას ალტერნატიული საკასაციო მოთხოვნის სახით არ ჰქონია ჩამოყალიბებული.

21. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს განმცხადებლის მითითებას, რომ კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით მისი პრეტენზია ცალკე მოთხოვნის სახით უნდა გაემიჯნა სასამართლოს და კასატორი უნდა გაეთავისუფლებინდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებას ან შეცვლას ითვალისწინებს მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში [სსსკ-ის 265-ე მუხლი: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით], რომლის კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებზეც, როგორც ზემოთ აღინიშნა, განმცხადებელი ვერ უთითებს.

23. გამომდინარე აქედან, არ არსებობს განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებებზე მსჯელობის კანონიერი საფუძველი.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული განცხადება არ შეიცავს საქმის წარმოების განახლებისათვის აუცილებელ წინაპირობებზე მითითებას, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.ბ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური