Facebook Twitter

№ა-4547-გან-26-2023 30 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – გ.პ–ი

განჩინება, რომლის განმარტებასაც განმცხადებელი მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინება (საქმე №ა-2794-შ-81-2022)

განმცხადებლის მოთხოვნა – განჩინების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ი.ა.რ. კიზის შუამდგომლობა ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნიზამის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნიზამის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც: გ.პ–ს 2017 წლის 07 სექტემბერს დაბადებული დ.გ.ძე პ–ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა 2021 წლის 21 ოქტომბრიდან ყოველთვიურად მისი ყველა შემოსავლის (მოგების) ¼ ნაწილის ოდენობით.

2. 2023 წლის 7 სექტემბერს გ.პ–მა (შემდგომში - „განმცხადებელი“) განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინების (საქმე №ა-2794-შ-81-2022) განმარტება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

2.1. სასამართლომ უნდა განმარტოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნიზამის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება;

2.2. განმცხადებლისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს შემოსავლის ¼ ნაწილი; რა იგულისხმება ყველა შემოსავალში; მის ანგარიშზე დარიცხული თანხა შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ყველა შემოსავალში; როგორ შეიძლება მისი გამოთვლა აღმასრულებლის მიერ და მოვა თუ არა წინააღმდეგობაში საქართველოს (აღსრულების) მოქმედ კანონმდებლობასთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

3. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობა და თვლის, რომ განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

5. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, პროცესში მონაწილე მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ განსაზღვრული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას.

6. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნიზამის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ.პ–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად მისი ყველა შემოსავლის (მოგების) ¼ ნაწილის ოდენობით. ფაქტობრივად განმცხადებელი ითხოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის განმარტებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიექცა აღსასრულებლად.

7. სამოქალაქო საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში (იხ. სუსგ საქმე №ა-2447-გან-8-2022, 24 მაისი, 2022 წელი).

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ განცხადება განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად, ვინაიდან გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნიზამის რაიონული სასამართლო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 262-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.პ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინების (საქმე №ა-2794-შ-81-2022) განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური