გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-470-58-გ-03 3 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ განიხილა ლ. ს-ის, ა. ს-ის კ. კ-ისა და სხვათა, სულ 26 ფიზიკური პირის სარჩელის განსჯადობის თაობაზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 31 ივლისს ლ. და ა. ს-ებმა, კ. კ-მა და სხვებმა, სულ 26 ფიზიკურმა პირმა დაზუსტებული სარჩელით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვეს:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 17 ივნისის ¹12.98.752 დადგენილების გაუქმება;
2. ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მონაცემებში სს “ო. თ.” სახელზე არსებული ქ. თბილისში, ... მდებარე სასტუმრო “თ.” (მარიოტი-თბილისი) შენობასა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და ამ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების (სააღრიცხვო ბარათი, საკადასტრო რუკა, საკუთრების მოწმობა და ამონაწერები) გაუქმება;
3. იპოთეკის ხელშეკრულებებისა და იპოთეკის საგნის განკარგვის ხელშეკრულების გაუქმება;
4. ქ. თბილისის მერიისათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულება, რომელიც განსაზღვრავს სს “ო. თ.” საწესდებო კაპიტალში 1993წ. 5 ივნისის ¹05.08.36 გადაწყვეტილებით შეტანილ ობიექტზე გრძელვადიანი სარგებლობის უფლებას;
5. მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 24 ივნისის ¹4/5-43 დადგენილების გაუქმებასა და 1998წ. 4 აგვისტოს ¹4/5-53 დადგენილების შესწორების ტექსტის აღდგენას. საქმეში მესამე პირად დასახელებულნი არიან: სს “ო. თ."; თბილისის ქონების მართვის სამმართველო; კორპორაცია “მ."; კომპანია “მ. შ. შ. კ.”; კომპანია “ო. ფ. ი. კ.”.
2003წ. 4 აგვისტოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილისა და 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 17 ივნისის ¹12.98.752 დადგენილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია 2003წ. 9 ოქტომბრის განჩინებით არ დაეთანხმა სარჩელის საოლქო სასამართლოში განსჯადობით განსახილველად გადაგზავნას და სარჩელის განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად საქმე შემდეგი მოტივით გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში:
1. მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. ¹12.98.752 დადგენილება, სასამართლო კოლეგიის აზრით, არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნორმატიულ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, ვინაიდან იგი არ ადგენს მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს და ეხება სს “ო. თ.” მიწის ნაკვეთის დამაგრებას. ამიტომ სადავო აქტი არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დადგენილ თბილისის საოლქო სასამართლოს განსჯად აქტს;
2. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა სხვა მოთხოვნაც არ წარმოადგენს თბილისის საოლქო სასამართლოს განსჯად საქმეს. კერძოდ, ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის აქტები არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. იპოთეკის ხელშეკრულებები, რომელთა გაუქმებასაც მოითხოვენ მოსარჩელეები, არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ გარიგებას, რადგან სადავო გარიგების მხარეები არიან კერძო სამართლის იურიდიული პირები: კომპანია “ო. ფ. ი.”, სს “ო.-თ.”, “მ. შ. ს. კ.”. ამიტომ იპოთეკის სადავო ხელშეკრულების გაუქმება, სასამართლოს აზრით, განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით;
3. თბილისის მერიისათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების შესახებ მოთხოვნაც, სასამართლოს აზრით, არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლიდან გამომდინარე საოლქო სასამართლოს განსჯად საქმეს.
2003წ. 27 ნოემბერს მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართეს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოითხოვეს სადავო ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერება და ქონებაზე ყადაღის დადება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა დაზუსტებული სასარჩელო განცხადების შესწავლის, სარჩელის განსჯადობის შესახებ სასამართლოთა განჩინებების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. და ა. ს-ების, კ. კ-ისა და სხვათა, სულ 26 ფიზიკური პირის დაზუსტებული სარჩელი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მოსარჩელეები ითხოვენ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 17 ივნისის ¹12.98.752 დადგენილების გაუქმებას. აღნიშნული დადგენილებით თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ მიღებულ იქნა მიწათსარგებლობის კომისიის დადგენილება და სს “ო. თ.” 99 წლით დაუმაგრდა სს “თ. ს.” დამაგრებული ... მდებარე მიწის ნაკვეთი. ამდენად, სადავო დადგენილება სამართლებრივად წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტს, იგი არ ადგენს ქცევის ზოგად წესს და ეხება კონკრეტულად სს “ო. თ.” მიწის ნაკვეთის დამაგრების საკითხს. სადავო დადგენილება “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის თანახმად, არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში. ამიტომ, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის ¹12.98.752 დადგენილების კანონიერებაზე დავა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით წარმოადგენს რაიონული სასამართლოს განსჯად დავას, რადგან ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, თბილისის საოლქო სასამართლო პირველი ინსტანციის წესით განიხილავს სარჩელს თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის საკრებულოებისა და მერების მიერ მიღებული ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტების კანონიერების თაობაზე, ხოლო განსახილველი დავის საგანი, როგორც ითქვა, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტს. მოსარჩელეები ასევე ითხოვენ ქ. თბილისის მერიისათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულებას, რომლითაც სრულყოფილად განისაზღვრება სს “ო. თ.” საწესდებო კაპიტალში შეტანილ ობიექტზე გრძელვადიანი სარგებლობის უფლება, ანუ მოსარჩელეები ითხოვენ ქ. თბილისის მერიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულებას, რაც ასევე რაიონული სასამართლოს განსჯად დავას წარმოადგენს.
2. მოსარჩელეთა მოთხოვნა ეხება ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მონაცემებისა და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების (სააღრიცხვო ბარათი, საკადასტრო რუკა, საკუთრების მოწმობა, ამონაწერები) გაუქმებას ... მდებარე სასტუმრო თბილისის შენობასა და მიწის ნაკვეთზე. სასამართლო განმარტავს, რომ ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მონაცემები და ზემოაღნიშნული დოკუმენტები სამართლებრივად არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ აქტებს, რომლებიც სასამართლოში დამოუკიდებელი დავის საგანი შეიძლება იყოს, არამედ მიწის მართვის დეპარტამენტი დროის კონკრეტული მომენტისათვის აფიქსირებს უძრავი ქონების ფაქტობრივ-სამართლებრივ მდგომარეობას და ადგენს მონაცემებს, რომლებიც თავად არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ აქტებს, მაგრამ ეფუძნებიან ამ აქტებს ან ასახავენ უძრავ ქონებაზე დადებულ გარიგებებს.
3. მოსარჩელეები ითხოვენ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. სადავო ხელშეკრულებების კონტრაჰენტებს ადმინისტრაციული ორგანოები არ წარმოადგენენ, არამედ გარიგების მხარეები არიან კერძო სამართლის იურიდიული პირები: “ო. ფ. ი. კ.” (ოპიკი), სს “ო. თ.”, “ო. თ. ჰ. კ.”, “მ. ს. ს. კ. ბ.ვ.”. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის დადებული გარიგების (იპოთეკის) ბათილად ცნობის შესახებ დავა სსკ-ს მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რადგან სამართლებრივად იგი არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გარიგების თაობაზე დავას.
საკასაციო სასამართლოს აზრით, რაიონულმა სასამართლომ ასევე საგანგებოდ უნდა იმსჯელოს მოსარჩელეთა მეხუთე მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დასაშვებობაზე, რომელიც ეხება მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 24 ივნისის ¹4/5-43 დადგენილების გაუქმებასა და 1998წ. 4 აგვისტოს 4/5-53 დადგენილების შესწორების ტექსტის აღდგენას.
2003წ. 27 ნოემბერს მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოსაც მიმართეს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. საკასაციო პალატა კვლავ განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პალატა ამ ეტაპზე იხილავს მხოლოდ სარჩელის განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავას და პროცესუალურად არაუფლებამოსილია იმსჯელოს სარჩელის უზრუნველყოფაზე.
ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განჩინებას განსახილველი სარჩელის განსჯადობის შესახებ და თვლის, რომ ლ. და ა. ს-ების, კ. კ-ისა და სხვათა დაზუსტებული სარჩელი სამართლებრივად წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ რაიონული სასამართლოს განსჯად საქმეს და მოპასუხის – ქ. თბილისის მერიის ადგილმდებარეობის მიხედვით, განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის მთწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5, მე-6, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. და ა. ს-ების, კ. კ-ისა და სხვათა დაზუსტებული სარჩელი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს;
2 დაზუსტებული სარჩელი საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.