თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებლები - დ.კ–ი, მ.კ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“
დავის საგანი - საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინება
განმცხადებლების მოთხოვნა - გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება
აღწერილობითი ნაწილი:სს „ტ–მა“ 2010 წლის 23 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა შპს „ს.ს.მ.ა–ის“ 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სს „ტ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნა ნაწილობრივ და დაექვემდებარა აღსრულებას შემდეგი სახით: დ.კ–ს სს „ტ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 14870.29 აშშ დოლარის და საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 532.61 ლარის გადახდა; განსაზღვრულ იქნა, რომ აღნიშნული თანხების გადახდევინება მომხდარიყო დ.კ–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სს „პ–ის“ უფლებამონაცვლე სს „ს.ბ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, უძრავი ნივთის რეალიზაციის ნაწილში დ.კ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ.კ–ი და განისაზღვრა სააღსრულებო ფურცლის გაცემა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ და უძრავი ნივთის რეალიზაციის ნაწილში მ.კ–ის მიმართ. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს დ.კ–მა და მ.კ–მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით დ.კ–ისა და მ.კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება.
2023 წლის 16 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე.
2023 წლის 17 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს დ.კ–მა და მ.კ–მა და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინებით დ.კ–ისა და მ.კ–ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად, რაც განმცხადებლებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. ამასთან, 2023 წლის 27 ოქტომბერს მათ სასამართლოს განცხადებით მომართეს და სააღსრულებო წარმოების შეჩერება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. ამასთან, იმავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ასეთი საპროცესო მოქმედების შესრულება. გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს.
საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობით გათვალისწინებულია გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების დროებით შეჩერების შესაძლებლობა, თუკი განმცხადებელი დაასაბუთებს შეჩერების აუცილებლობას. ამასთან, როდესაც წარმოდგენილია საქმის წარმოების განახლების შუამდგომლობა და მხარე ითხოვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შეჩერებასაც, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დამატებითი გარანტიები მოწინააღმდეგე მხარის უფლებების დასაცავად. კანონმდებლის მსგავსი მოთხოვნა განპირობებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განსაკუთრებული მნიშვნელობით და მისი შეჩერებით კრედიტორის უფლებებისთვის ზიანის მიყენების მომეტებული რისკის არსებობით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინებით დ.კ–ისა და მ.კ–ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად. ამასთან, ისინი ითხოვენ სააღსრულებო წარმოების შეჩერებას, თუმცა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი არ არის შესაბამისი გარანტიები, რაც მათი შუამდგომლობის დაკმაყოფილებასა და სააღსრულებო წარმოების შეჩერებას გაამართლებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განცხადება დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე, 399-ე, 284-ე-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.კ–ისა და მ.კ–ის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე