Facebook Twitter

საქმე №ას-1023-2023 16 ნოემბერი, 2023 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ.ი–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ვ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.ვ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა გ.ი–ის (შემდეგში - მოპასუხე ან მეორე აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის - 2016 წლის 22 ნოემბერს დაბადებული მ.ი–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 1700 (ათას შვიდასი) ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2021 წლის 29 მარტიდან, ბავშვის სრულწლოვნებამდე.

2. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მხარეებს 2016 წლის 22 ნოებერს შეეძინათ შვილი - მ.ი–ი. მეუღლეები თვეებია ერთად აღარ ცხოვრობენ და მამა არანაირ მონაწილეობას არ იღებს ბავშვის აღზრდაში. არასრულწლოვანიოს დედა, მოსარჩელე არის უმუშევარი და უვლის მის არასრულწლოვან შვილს. ბავშვს მისი ასაკიდან გამომდინარე ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად სჭირდება ნორმალური კვება, ცხოვრების პირობების შექმნა და რაც მთავარია ჭერი, სადაც იცხოვრებს, რისი შექმნის შესაძლებლობაც დედას არ აქვს და არსებობს რეალური რისკი, რომ აღმოჩნდებიან ქუჩაში.საგულისხმოა, რომ სწორედ მოპასუხე გ.ი–ის დანაშაულებრივი განზრახვის შედეგად ე.ვ–ძემ გაყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და საცხოვრებლად გადავიდა ქირით მისამართზე: ქ.თბილისი, .......... დღეისათვის მას აღნიშნული ქირის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია და დარჩება ქუჩაში მის მცირეწლოვან შვილთან ერთად. მოპასუხე მუშაობს. ის არის სატვირთო მანქანის („ტრაილერის“) მძღოლი, თანამშრომლობს სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან, დადის შორეულ რეისებში და თვეში მისი შემოსავალი არის უცხოურ ვალუტაში 1500 აშშ დოლარიდან - 2500 აშშ დოლარამდე. მოსარჩელე ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით მომართავს სასამართლოს, რადგან იგი ამჟამად იმყოფება თავშესაფარში (იხ. სარჩელი)

3. მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში აღნიშნა, რომ ყოველთვის ეხმარებოდა მოსარჩელეს მატერიალურად.მოსარჩელემ უსაფუძვლოდ უჩივლა პოლიციაში მოპასუხეს, რის გამოც მოპასუხე დაკავებული იყო ოჯახური ძალადობის ბრალდებით. აღნიშნულის გამო მოპასუხე ჩავარდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. სასამართლომ გაამართლა მოპასუხე და მოსარჩელე მისცეს პასუხისგებაში ცრუ დასმენისათვის. მოპასუხეს არ გააჩნია სამსახური და აქვს უამრავი ვალი, რომლის გასტუმრებასაც ვერ ახერხებს რადგან არ აქვს შემოსავალი.დღევანდელი მატერიალური მდომარეობიდან გამომდინარე მოპასუხე თანახმა არის არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის გადაიხადოს ალიმენტი თვეში 100 ლარის ოდენობით (იხ. შესაგებელი).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის - 2016 წლის 22 ნოემბერს დაბადებული მ.ი–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 1200 (ათას ორასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2021 წლის 29 მარტიდან, მისი სრულწლოვნების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის სრულად დაკამყოფილება, ხოლო მოპასუხემ კი მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ალიმენტის განსაზღვრა ყოველთვიურად, 100 ლარის ოდენობით.

6. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს 2016 წლის 22 ნოემბერს შეეძინათ შვილი მ.ი–ი (შემდეგში ბავშვი, მოსარჩელის და მოპასუხის შვილი, არასრულწლოვანი).

8. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

9. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან - მოსარჩელესთან ერთად.

10. არასრულწლოვანი პერიოდულად ცხოვრობს თავშესაფარში.

11. არასრულწლოვანის მშობლები შრომისუნარიანები არიან.

12. სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 30 დეკემბრის MIA 82103449361 წერილის თანახმად მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულია: 1. 2015 წლის 16 აპრილიდან, უნაგირა საწევარა MAGNUM 500, VIN: VF617GKA00000.., სახელმწიფო სანომრე ნიშნით ...... სატრანსპორტო საშუალებაზე 2015 წლის 26 ნოემბრიდან რეგისტრირებულია გირავნობა, გირავნობის და სესხის ხელშეკრულება NCAP00125518, 19.11.2015წ., გ.ი–სა და სს ,,ს.ბ–ის“ პუშკინის ფილიალს შორის; 2. 2015 წლის 16 აპრილიდან, სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი SCHMITZ S 01, VIN: WSMS6980000..., სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..... სატრანსპორტო საშუალებაზე 2015 წლის 26 ნოემბრიდან რეგისტრირებულია გირავნობა, გირავნობის და სესხის ხელშეკრულება NჩAP00125518, 19.11.2015წ., გ.ი–სა და სს ,,ს.ბ–ის’’ პუშკინის ფილიალს შორის;3. 2021 წლის 19 ივლისიდან, ფურგონი ნახევარმისაბმელი SCHWARZMULLER SPA, VIN, 3/E, VIN: VAVSAP3384Z197..., სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..... სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვა ან/და უფლებრივი შეზღუდვა არ არის რეგისტრირებული.- მოპასუხე არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, მისი შემოსავალი ტვირთების გადაზიდვით მიღებული თანხაა.

13. მოპასუხემ (აპელანტი) სადავო გახადა არასრუწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა. მისი მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებსა და მის რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება. გარდა ამისა, აღნიშნული ოდენობით თანხა შეუსაბამობაშია აპელანტის რეალურ მატერიალურ მდგომარეობასთან.

14. სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე, 1197-ე (შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში), 1198-ე (მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება), 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ).

15. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენცია“ (შემდეგში - კონვენცია) და აღნიშნა, რომ კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

16. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

17. კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე. მათი ზრუნვის საგანს ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს.

18. ზემოთმოხმობილ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.

19. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ.

20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში.ბავშვსა და მის ინტერესებზე ზრუნვა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა. სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარებას. შესაბამისად, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა. თითოეული ბავშვის ზემოაღნიშნული უფლებების განხორციელების უზრუნველყოფის ტვირთს სახელმწიფო, უპირატესად, ბავშვის მშობლებს აკისრებს. შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავდროულად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. სწორედ, მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის საგანს.

21. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე - ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.

22. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს და ალიმენტი, რეალურად, სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას უნდა უზრუნველყოფდეს.

23. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება.

24. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. მშობლის მაღალი შემოსავალი საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს.

25. მოპასუხის(აპელანტის) შემოსავლების საკითხის გარკვევისას სასამართლო განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო სს ,,თ.ბ–ში’’ გ.ი–ის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერზე, კერძოდ, 2021 წლის იანვრის თვიდან - 2021 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით გ.ი–ის კრედიტის ბრუნვა შეადგენს იანვრის თვეში - 6935,8 ლარს, თებერვალში - 3808,3 ლარს, მარტში - 11754,34 ლარს, აპრილში - 13843,24 ლარს, მაისში - 7696,63 ლარს, ივნისში - 8939,5 ლარს, ივლისში - 12701,16 ლარს, აგვისტოში - 19444,78 ლარს, სექტემბერში - 16929,19 ლარს, ოქტომბერში - 15828,97 ლარს, ნოემბერში - 12823,16 ლარს, დეკემბერში - 16007.76 ლარს.

26. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სს,,ლ.ბ–ის’’ მიერ გაცემულ ცნობასა და კრედიტის დაფარვის შესახებ გრაფიკზე. აღნიშნული დოკუმენტებით ირკვევა, რომ გ.ი–ს სს ,,ლ.ბ–ს’’ შორის 12 400 ლარზე 25 თვის ვადით გაფორმებულია საკრედიტო ხელშეკრულება, ყოველთვიურად გადასახდელი თანხის მოცულობა 604.84 ლარს შეადგენს, ვალდებულების შესრულების ბოლო თარიღია 2024 წლის 13 ივნისი. 2023 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, სს ,,ლ.ბ–ის’’ მიმართ მოპასუხე აპელანტის მიმდინარე ფულადი ვალდებულება დარჩენილი ძირი თანხის სახით 10 563.31 ლარს, დარიცხული პროცენტი 178 ლარს შეადგენს.

27. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში როდესაც მოპასუხე აპელანტის სახელზე რეგისტრირებულია არაერთი სატრანსპორტო საშუალება, სადავოდ არ ხდება ფაქტი მასზედ, რომ მოპასუხე შემოსავალს იღებს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვით, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით საბანკო ანგარიშიდან დასტურდება სოლიდური ოდენობით თანხების ბრუნვა მოპასუხე აპელანტის ანგარიშზე, ეს უკანასკნელი სარგებლობს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს ბანკის სასარგებლოდ ნაკისრი აქვს ყოველთვიურად 604.84 ლარის გადახდის ვალდებულება, აღნიშნული გარემოებები მოპასუხე აპელანტის მიერ სოლიდური ოდენობით შემოსავლის მიღების ფაქტს ადასტურებს.

28. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ მხარის პრეტენზია, მის საკრედიტო ვალდებულებებთან დაკავშირებით, როგორც დროებითი მოვლენა, ალიმენტის შემცირების საფუძველს არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ საბანკო ვალდებულებების არსებობა მის გადახდისუნარიანობაზე მეტყველებს (შდრ. სუსგ -04.03.2011წ. საქმე №ას- 1356-1194-2010, სუსგ 03.10.2019წ. საქმე №ას-861-2019).

29. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ არასრულწლოვანი იმყოფება დედასთან ერთად, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი, ამის გამო არასრუწლოვანს უწევს იყოს თავშესაფარში, ანუ, ბავშვს სჭირდება საცხოვრებელისთვის აუცილებელი ხარჯი,

30. სასამართლოში დავის განხილვის დროს არასრულწლოვანი მ.ი–ი არის 6 წლის და 7 თვის, მას აქვს მიმდინარე საჭიროებანი განპირობებული, ბავშვის ზრდა-განვითარებით, ჯანმრთელობით (როგორიცაა ტანსაცმელი, საკვები და აა. შ.),

31. ამასთანავე, ალიმენტვალდებულ პირს გააჩნია სოლიდური ოდენობის შემოსავალი.

32. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ.ი–ისთვის გადასახდელად განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა - 1200 ლარი, არის ის გონივრული ოდენობა, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად და განვითარებისთვის.

33. სააპელაციო სასმართლომ აღნიშნა, რომ ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი ისედაც გადატანილია მოსარჩელეზე, ანუ მოცემულ შემთხვევაში დედაზე - ე.გ–ძეზე, ხოლო მამა, სრულყოფილად არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში.

34. მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას, გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით, გარკვეულწილად იზღუდება, თავისი გამომუშავებით მატერიალური სახსრების მიღება უზრუნველყოს

35. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ალიმენტის განსაზღვრა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.

36. კასატორი ასევე ასაჩივრებს მტკიცებულებათა დართვაზე ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინებას და მოითხოვს, რომ საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს მის მიერ 2023 წლის 21 მარტს წარდგენილ წერილობით მოსაზრებაზე თანდართული მტკიცებულებები.

37. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი მუდმივად ზრუნავდა არასრულწლოვან შვილზე, უზრუნველყოფდა მას მატერიალურად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უქმნიდა შვილს საიმედო და მეგობრულ ოჯახურ გარემოს და მუდმივად ზრუნავდა შვილის სათანადო აღზრდა-განვითარებაზე.

38. კასატორი აღნიშნავს, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი და მოსარჩელე (ბავშვის დედა) 2020 წლამდე ცხოვრობდნენ მოპასუხის მიერ თბილისში, დაქირავებულ საცხოვრებელ სახლში. მოპასუხე ზრუნავდა და უზრუნველყოფდა ბინის ქირის, კომუნალურების, საკვებისა და ტანისამოსის, აგრეთვე, სხვა აუცილებელი ხარჯების გადახდას, რათა მისი შვილი გაზრდილიყო ჯანსაღ, საიმედო და ყოველმხრივ უზრუნველყოფილ გარემოში.

39. კასატორი ასეევ აღნიშნავს, რომ არასარულწლოვანი ცხოვრობდა და იზრდებოდა მამის, მოპასუხის ოჯახში ყვარელში და მასზე მზრუნველობას ახორციელებდა მამა და ბებია (მამის დედა). იმ დროის განმავლობაში მოსარჩელე არათუ უარს აცხადებდა ბავშის აღზრდაზე, არამედ - არც კი ნახულობდა და კითხულობდა მის არასრულწლოვან შვილს. ვინაიდან მოსარჩელეს გადაწყვეტილი ჰქონდა მოპასუხის ხარჯზე ცხოვრების გაგრძელება, ამისთვის ერთადერთ გამოსავლად ალიმენტის დავის წარმოება მიიჩნია, არასრულწლოვანი ბავშვის მოტყუებით, ვითომდა დროებით ზამთრის არდადეგებისთვის, წაიყვანა მამისაგან, თუმცა, შემდგომში მამისა და ბავშვის სურვილის მიუხედავად, უარი განაცხადა მამის ოჯახში ადაპტირებული არასრულწლოვანის დაბრუნებაზე და დღემდე ხელს უშლის მამისა და შვილის ურთიერთობას.

40. კასატორი არ ეთანხმება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მას არ გააჩნია სტაბილური სამსახური და შემოსავალი. აღნიშნული დასტურდება სასამართლოს მიერ გამოთხოვილი და საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის ცნობით. კასატორი ნამდვილად ახორციელებს ტვირთის გადაზიდვებსს საქართველოდან საზღვრებს გარეთ, თუმცა, ბუნებრივია აღნიშნული არ გახლავთ მუდმივი და დამოკიდებულია შეკვეთაზე. სასამართლო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე დაეყრდნო სს „თ.ბ–ის" მიერ გაცემულ ამონაწერს და მიუთითა მოპასუხის მაღალ ფინანსურ ბრუნვაზე, ისე, რომ საერთოდ არ უმსჯელია ამონაწერში აღნიშნული თანხების მიზნობრიობაზე. შეფასების გარეშე იქნა დატოვებული აღნიშნულ ამონაწერში დაფიქსირებული ხარჯების ოდენობა, რომელიც გარკვეულწილად დროის პერიოდში ნაკლებიც კი გახლავთ მიღებულ შემოსავალზე, კერძოდ, საქმიანობიდან შემოსავლების უმეტესი ნაწილი ხმარდება გადაზიდვის ხარჯებს: საწვავს, ავტომობილის ცვეთიდან გამომდინარე შეკეთებას, საზღვარგარეთ ცხოვრების ხარჯს და სხვა აუცილებელ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია მოპასუხის საქმიანობასთან. გასაწევ ხარჯებთან ერთად, კასატორი ყოველთვიურად ფინანსურად ეხმარება და არჩენს მის ოჯახს, პენსიონერ მშობელს ყვარელში, იხდის კომუნალურ გადასახადებს. კასატორს აქვს საკუთარი პირადი ხარჯებიც: საკვების, ტანისამოსის და ელემენტარული მისი პირადი საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი ნივთების სახით.

41. კასატორი აღნიშნავს, რომ მას დაუსაბუთებლად ეთქვა უარი დამატებითი მტკიცებულებების დართვის შესახებ შუამდგომლობაზე. აპელანტის მიერ წარდგენილი შუამდგომლობით დასაბუთებული იყო დოკუმენტაციის პირველი ინსტანციაში წარუდგენლობის ობიექტური გარემოებები, ის გარემოება, რომ მითითებული მტკიცებულებები ვერ იქნებოდა წარდგენილი საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას, სულ მცირე, დასტურდება მითითებული დოკუმენტაციის თარიღით, რომელიც საგადასახადო ორგანოში წარდგენილი/შედგენილი გახლავთ საქმის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილვის დასრულების შემდგომ. მითითებული დოკუმენტები გახლავთ წლიური დეკლარაციები, რომლის წარდგენის პერიოდი და წესი დადგენილი გახლავთ საგადასახადო კოდექსით.

42. ამდენად, მხარე ობიექტურად ვერ წარადგენდა დეკლარაციას, რომლის წარდგენის ვალდებულება და შესაძლებლობა მას ობიექტურად არ ქონდა საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას. მითითებული დეკლარაციებით დასტურდება, ის გარემოება, რომ კასატორს არ გააჩნია სასამართლოს მიერ მითითებული შემოსავალი და მხარე ობიექტურად მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხის გადახდა.

43. კასატორი შუამდგომლობს, რომ საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს მხარეთა მიმოწერა, რაც განხორციელდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, რის გამოც კასატორი ობიექტურად ვერ შეძლებდა ამ კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტების სასამართლოში წარდგენას. აღნიშნული მომოწერა ადასტურებს, თუ რა ინტერესი აქვს მოსარჩელეს დავის მიმართ (ს.ფ. 319-322).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

44. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

45. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო.

46. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

47. მხარეებს 2016 წლის 22 ნოემბერს შეეძინათ შვილი მარიამ იორამაშვილი (შემდეგში - არასრულწლოვანი).

48. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

49. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან - მოსარჩელესთან ერთად.

50. არასრულწლოვანი პერიოდულად ცხოვრობს თავშესაფარში.

51. არასრულწლოვანის მშობლები შრომისუნარიანები არიან.

52. სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 30 დეკემბრის MIA 82103449361 წერილის თანახმად მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულია: 1. 2015 წლის 16 აპრილიდან, უნაგირა საწევარა MAGNUM 500, VIN: VF617GKA00000.., სახელმწიფო სანომრე ნიშნით ........ სატრანსპორტო საშუალებაზე 2015 წლის 26 ნოემბრიდან რეგისტრირებულია გირავნობა, გირავნობის და სესხის ხელშეკრულება NCAP00125518, 19.11.2015წ., გ.ი–სა და სს ,,ს.ბ–ის“ პუშკინის ფილიალს შორის; 2. 2015 წლის 16 აპრილიდან, სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი SCHMITZ S 01, VIN: WSMS698000046..., სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..... სატრანსპორტო საშუალებაზე 2015 წლის 26 ნოემბრიდან რეგისტრირებულია გირავნობა, გირავნობის და სესხის ხელშეკრულება NჩAP00125518, 19.11.2015წ., გ.ი–სა და სს ,,ს.ბ–ის’’ პუშკინის ფილიალს შორის;3. 2021 წლის 19 ივლისიდან, ფურგონი ნახევარმისაბმელი SCHWARZMULLER SPA, VIN, 3/E, VIN: VAVSAP3384Z19...., სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..... სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვა ან/და უფლებრივი შეზღუდვა არ არის რეგისტრირებული.- მოპასუხე არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, მისი შემოსავალი ტვირთების გადაზიდვით მიღებული თანხაა.

53. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოპასუხე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ალიმენტის ოდენობას და მიიჩნია, რომ მისი განსაზღვრა მოხდა მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის არასათანადოდ შეფასებისა და არასრულწლოვანი ბავშვის საჭიროებების არასრულად შესწავლის შედეგად. კასატორი მოითხოვს, რომ ალიმენტის ოდენობა ნაცვლად 1200 ლარისა, განისაზღვროს 100 ლარით. (აღსანიშნავია, რომ იგივე მოთხოვნა ჰქონდა დაყენებული კასატორს მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარშიც, რაც უარყოფილი იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ).

54. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

55. მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე (შობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა -აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1198.2-ე (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) და 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) მუხლები.

56. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

57. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საალიმენტო ვალდებულება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა და გულისხმობს ალიმენტის მიმღების უფლებასაც - მოითხოვოს ალიმენტის გადახდა. მშობლები ვალდებულნი არიან მატერიალურად დაეხმარონ არასრულწლოვან შვილებს (იხ. დამატებით: რ. შენგელია, ე. შენგელია, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2009, გვ. 252; Corden A., Meyer D.R., Child Support Policy Regimes in the United States, United KLingdom, and other Countrises: Similar issues, Different approaches, University of Wisconsin-Madison Institute for Research on Poverty, Focus, Volume 21, Number 1, 2000, Spring, 75.). ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან მშობლების განქორწინების დროს. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მათ შესაძლოა დაეხმაროს ამ სტრესული სიტუაციის დაძლევაში, არის ოჯახური და იმავე სოციალური გარემოს შენარჩუნება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს პრინციპით - ბავშვს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს ცხოვრების არსებული დონე, რომელიც მას მშობლების განქორწინებამდე ჰქონდა. სასამართლოს ამოცანაა, ბავშვის მატერიალური მდგომარეობა მშობლების განქორწინების გამო, რაც შეიძლება ნაკლებად გაუარესდეს (იხ. დამატებით: Kavacek-Stanic G., Child in Single (Absent) Parent family: Maintenance and Family Home: Family Finances, (Verschragen B (ed))., Jan Sramek Verlag, Vienna, 2009, P.637.; Stark B., Internacional Family Law, an Introduction, Ashgate Publishing Limited, Great Britain, Burlington, 2012, P.211.; Duncan W., Note on the desirability of revising the Hague Conventions on Maintenance Obligations, Hague Conferrence on Private International Law, January, 1999.

58. საკასაციო პალატა, სადავო საკითხის მართებულად შეფასებისთვის, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამართლებრივ დანაწესებზე, კერძოდ, „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება.

59. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას (იხ. ბავშვის უფლებების ევროპული სამართლის სახელმძღვანელო, ლაშა ლურსმნაშვილის თარგმანი, თბილისი, 2020, გვერდი 11.).

60. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაცის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესის ცნება არის სამგანზომილებიანი: (ა) მატერიალური უფლება: ბავშვის უფლება, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება, როდესაც ხდება სხვადასხვა ინტერესის განხილვა კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, და გარანატია, რომ ეს უფლება განხორციელდება ყოველთვის, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები ბავშვთან დაკავშირებით. (ბ) ძირითადი, სამართლებრივი პრინციპი: თუ სამართლებრივი ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების შესაძლებლობას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი განმარტება, რომელიც ყველაზე ეფექტიანად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. კონვენციასა და მის ფაკულტატურ ოქმებში ასახული უფლებები ქმნიან ჩარჩოს განმარტებისათვის. (გ) საპროცესო ნორმა: როდესაც ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება კონკრეტულ ბავშვს, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფს ან ზოგადად ბავშვებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ამ გადაწყვეტილების შესაბამის ბავშვზე ან ბავშვებზე შესაძლო ზეგავლენის (დადებითი თუ უარყოფითი) შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთებაში უნდა ჩანდეს, რომ ეს უფლება ცალსახად იქნა გათვალისწინებული. ამ თვალსაზრისით, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განმარტონ, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული ეს უფლება გადაწყვეტილებაში, ე.ი. რა იქნა მიჩნეული ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებად, რა კრიტერიუმებს დაეფუძნა იგი და როგორ შეფასდა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სხვა მოსაზრებებთან შედარებით, იქნება ეს პოლიტიკის ზოგადი საკითხები თუ ცალკეული შემთხვევები. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 31-ე მუხლის თანახმად, ბავშვის მოთხოვნები მოიცავს ფართო დიაპაზონს, ესენია: განათლების, კულტურული და სოციალური მოთხოვნები.

61. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 10 ოქტომბერი, 2017 წ.; №ას-1347-2022, 08 ივნისი, 2023 წ.).

62. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალიმენტის დაკისრებისას სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მშობლის ფინანსური მდგომარეობისა და მისი სხვა საჭიროებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა (შდრ: სუსგ-ები: №ას-767-2021, 18 ნოემბერი, 2021 წ., პ.24-26; №ას-1284-2020, 25 ნოემბერი, 2022 წ, პ.16.; №ას-1355-2019, 25 თებერვალი, 2020 წ, პ.28.).

63. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

64. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით აღიარებული ბავშვის უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციისათვის, 2020 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომლის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. (იხ. სოფო კილაძე, პაატა ტურავა, ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარი, თბილისი, 2021, გვერდი 65.).

65. ალიმენტის გადახდის დაკისრების კონტექსტში საკასაციო პალატა მიუბრუნდება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების კვლევის საკითხს და აღნიშნავს, რომ მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი დაქორწინებული არიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში (შდრ: სუსგ-ები: №ას-733-733-2018, 11 ივლისი, 2018 წ, პ.128; №ას-541-509-2012, 30 აპრილი, 2021 წ.; №ას-1122-1069-2013, 10 თებერვალი, 2014 წ.; №ას-204-191-2014, 20 ოქტომბერი, 2014 წ.; №ას-495-469-2015, 01 ივლისი, 2015 წ.; №ას-1173-1128-2016, 30 ივნისი, 2017 წ.; №ას-861-2019, 03 დეკემბერი, 2019 წ.; №ას-148-2020, 20 მაისი, 2020 წ.). სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა იყოს ფორმალური და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად. (შდრ: სუსგ-ები: №ას-358-2023, 27 ივნისი, 2023 წ. პ.16; №ას-767-2021, 18 ნოემბერი, 2021 წ.; №ას-1355-2019, 25 თებერვალი, 2020 წ.; №ას-463-463-2018, 14 იანვარი, 2020 წ; №ას-495-469-2015, 01 ივლისი, 2015 წ.; №ას-1610-1511-2012, 04 თებერვალი, 2013 წ).

66. სსკ-ის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვის ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მისი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა, რამდენადაც უნდა დადგინდეს გონივრული ბალანსი არასრუწლოვანთა ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში“ (იხ. სუსგ-ები: №ას-319-319-2018, 15 მაისი, 2018 წ.; №ას-619-619-2018, 12 სექტემბერი, 2018 წ; №ას-829-2019, 11 ივლისი, 2019 წ.).

67. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის დაკისრებას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (იხ. სუსგ №ას-341-2022, 14 ივნისი, 2022წ.; №ას-1141-1061-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წ.). ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება ალიმენტის მიმღები პირის აუცილებლობისა და ალიმენტვალდებული პირის შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩო, რომლის მიღების უფლებაც არასრულწლოვანს მშობლისგან აქვს, უნდა წარმოადგენდეს სარჩენი პირის მოთხოვნილებათა მინიმალური დაკმაყოფილების საფუძველს მაინც. ამდენად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს გონივრული და სამართლიანი ოდენობით, ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. (იხ. სუსგ-ები: №ას-58-49-2011, 27 ივნისი, 2011 წ.; № ას-1610-1511-2012, 04 თებერვალი, 2013 წ.; №ას-1128-1075-2013, 10 თებერვალი 2014 წ.; №ას-675-641-2013, 10 თებერვალი, 2015 წ.; №ას-298-283-2016, 26 სექტემბერი 2016 წ.; №ას-1194-1154-2016, 31 მარტი, 2017 წ.; № ას-319-319-2018, 15 მაისი, 2018 წ.; №ას-332-2019, 02 აგვისტო, 2019 წ.; №ას-463-463-2018, 14 იანვარი, 2020 წ.; №ას-148-2020, 20 მაისი, 2020 წ.; №ას-46-2023, 29 მარტი, 2023 წ., №ას-1347-2022, 08 ივნისი, 2023 წ.).

68. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს სსკ-ის 1212-ე მუხლით, რომელიც ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას, იმავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში და 1214-ე მუხლით, რომელიც შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას, თუმცა ამოსავალ პრინციპს მაინც ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა წარმოადგენს და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია (იხ. სუსგ-ები: №ას-50-2121, 05 მარტი, 2021 წ.; №ას-177-2019, 23 მაისი, 2019 წელი; №ას-284-2019, 27 ივნისი, 2019 წელი).№ას-621-2019, 11 ივლისი, 2019 წელი).

69. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

70. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, მტკიცების ტვირთი – ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე.

71. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

72. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.

73. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება მტკიცების საგნის განსაზღვრის კრიტერიუმის შესახებ შემდეგი დასკვნის გაკეთება: მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს.კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა,ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

74. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4). „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64). შეუძლია თუ არა სასამართლოს თავისი ინიციატივით შეიტანოს მტკიცების საგანში და საფუძვლად დაუდოს გადაწყვეტილებას ფაქტები, რომლებზეც მხარეები არ მიუთითებენ? იურიდიულ დოქტრინაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, სასამართლოს ეს არ შეუძლია (იხ. დამატებით:თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 87; ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64).

75. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე (შდრ: შმიტი შ., რიჰტერი ჰ., მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში გვ.27).

76. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

77. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი.მხარეთა პროცესუალური თანასწორობის განმსაზღვრელი ძირითადი ნიშნები და მიმართულებანი ჩამოყალიბებულია სსსკ-ის4.1 მუხლში, რომლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთიმოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინიციპითაა გამსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანით და მისი გასაჩივრებით.

78. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე, ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან. აქედან გამომდინარე, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია.

79. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.

80. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“ (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.). კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

81. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად, მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები.

82. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე, საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე, უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც, ასევე, აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).

83. განსახილველ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ყოველთვიური ალიმენტის ოდენობა – 1200 ლარი, მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს, შემდეგ გარემოებათა გამო:

84. მოპასუხის შემოსავლების საკითხის გარკვევისას სააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო სს ,,თ.ბ–ში’’ მოპასუხის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერზე, კერძოდ, 2021 წლის იანვრის თვიდან - 2021 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით მოპასუხის კრედიტის ბრუნვა შეადგენს იანვრის თვეში - 6935,8 ლარს, თებერვალში - 3808,3 ლარს, მარტში - 11754,34 ლარს, აპრილში - 13843,24 ლარს, მაისში - 7696,63 ლარს, ივნისში - 8939,5 ლარს, ივლისში - 12701,16 ლარს, აგვისტოში - 19444,78 ლარს, სექტემბერში - 16929,19 ლარს, ოქტომბერში - 15828,97 ლარს, ნოემბერში - 12823,16 ლარს, დეკემბერში - 16007.76 ლარს.

85. სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 30 დეკემბრის MIA 82103449361 წერილის თანახმად მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულია: 1. 2015 წლის 16 აპრილიდან, უნაგირა საწევარა MAGNUM 500, VIN: VF617GKA00000…., სახელმწიფო სანომრე ნიშნით ….. სატრანსპორტო საშუალებაზე 2015 წლის 26 ნოემბრიდან რეგისტრირებულია გირავნობა, გირავნობის და სესხის ხელშეკრულება NCAP00125518, 19.11.2015წ., გ.ი–სა და სს ,,ს.ბ–ის“ პუშკინის ფილიალს შორის; 2. 2015 წლის 16 აპრილიდან, სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი SCHMITZ S 01, VIN: …. სახელმწიფო სანომრე ნიშნით ….. სატრანსპორტო საშუალებაზე 2015 წლის 26 ნოემბრიდან რეგისტრირებულია გირავნობა, გირავნობის და სესხის ხელშეკრულება NჩAP00125518, 19.11.2015წ., გ.ი–სა და სს ,,ს.ბ–ის’’ პუშკინის ფილიალს შორის;3. 2021 წლის 19 ივლისიდან, ფურგონი ნახევარმისაბმელი SCHWARZMULLER SPA, VIN, 3/E, VIN: VAVSAP3384Z19…., სახელმწიფო სანომრე ნიშნით ….. სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვა ან/და უფლებრივი შეზღუდვა არ არის რეგისტრირებული.- მოპასუხე არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, მისი შემოსავალი ტვირთების გადაზიდვით მიღებული თანხაა.

86. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში როდესაც მოპასუხე აპელანტის სახელზე რეგისტრირებულია არაერთი სატრანსპორტო საშუალება, სადავოდ არ ხდება ფაქტი მასზედ, რომ მოპასუხე შემოსავალს იღებს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვით, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით საბანკო ანგარიშიდან დასტურდება სოლიდური ოდენობით თანხების ბრუნვა მოპასუხე აპელანტის ანგარიშზე, ეს უკანასკნელი სარგებლობს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს ბანკის სასარგებლოდ ნაკისრი აქვს ყოველთვიურად 604.84 ლარის გადახდის ვალდებულება, აღნიშნული გარემოებები მოპასუხე აპელანტის მიერ სოლიდური ოდენობით შემოსავლის მიღების ფაქტს ადასტურებს. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ მხარის პრეტენზია, მის საკრედიტო ვალდებულებებთან დაკავშირებით, როგორც დროებითი მოვლენა, ალიმენტის შემცირების საფუძველს არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ საბანკო ვალდებულებების არსებობა მის გადახდისუნარიანობაზე მეტყველებს (შდრ. სუსგ -04.03.2011წ. საქმე №ას- 1356-1194-2010, სუსგ 03.10.2019წ. საქმე №ას-861-2019).

87. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არასრულწლოვანი იმყოფება დედასთან ერთად, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი, ამის გამო არასრუწლოვანს პერიოდულად უწევს იყოს თავშესაფარში- ანუ, ბავშვს სჭირდება საცხოვრებელისთვის აუცილებელი ხარჯი. სასამართლოში დავის განხილვის დროს არასრულწლოვანი არის 7 წლამდე, მას აქვს მიმდინარე საჭიროებანი, განპირობებული ბავშვის ზრდა-განვითარებით, ჯანმრთელობით და ა.შ. ამასთანავე, ალიმენტვალდებულ პირს გააჩნია სოლიდური ოდენობის შემოსავალი. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასასრგებლოდ გადასახდელად განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა - 1200 ლარი, არის ის გონივრული ოდენობა, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად და განვითარებისთვის.

88. შესაბამისად, საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება კასატორის პრეტენზია იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ალიმენტის ოდენობა, სამართლიანობის პრინციპის უგულებელყოფის შედეგად განსაზღვრეს. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ (შდრ: სუსგ-ები: №ას- 341-2022, 14 ივნისი, 2022 წ.; №ას-1339-2018, 02 ნოემბერი, 2018 წ.).

89. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომელიც უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმებას, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდან მტკიცებულებად მიიღო და დაურთო საქმეს სს „ლ.ბ–ის“ ცნობა და გადახდის გრაფიკი და უარყო საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. (იხ. ს.ფ. 264-265). საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ კასატორმა ვერც საოქმო განჩინების გაუქმების ნაწილში წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

90. კასატორი ასეევ აღნიშნავს, რომ არასარულწლოვანი ცხოვრობდა და იზრდებოდა მამის, მოპასუხის ოჯახში ყვარელში და მასზე მზრუნველობას ახორციელებდა მამა და ბებია (მამის დედა). იმ დროის განმავლობაში მოსარჩელე არათუ უარს აცხადებდა ბავშის აღზრდაზე, არამედ - არც კი ნახულობდა და კითხულობდა მის არასრულწლოვან შვილს. ვინაიდან მოსარჩელეს გადაწყვეტილი ჰქონდა მოპასუხის ხარჯზე ცხოვრების გაგრძელება, ამისთვის ერთადერთ გამოსავლად ალიმენტის დავის წარმოება მიიჩნია, არასრულწლოვანი ბავშვის მოტყუებით, ვითომდა დროებით ზამთრის არდადეგებისთვის, წაიყვანა მამისაგან, თუმცა, შემდგომში მამისა და ბავშვის სურვილის მიუხედავად, უარი განაცხადა მამის ოჯახში ადაპტირებული არასრულწლოვანის დაბრუნებაზე და დღემდე ხელს უშლის მამისა და შვილის ურთიერთობას. ( იხ. საკასაციო საჩივარი, წინამდებარე განჩინების პ.39).

91. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა შეეხებს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის დაკისრებას და არა არსრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის თუ ერთ-ერთ მშობელთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას, ამიტომაც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიაზე.

92. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას, საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს მხარეთა მიმოწერა, რაც განხორციელდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, რის გამოც კასატორი ობიექტურად ვერ შეძლებდა ამ კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტების სასამართლოში წარდგენას. კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული მომოწერა ადასტურებს, თუ რა ინტერესი აქვს მოსარჩელეს დავის მიმართ (ს.ფ. 319-322), არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

93. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიიღოს ახალი მტკიცებულებები, არამედ, იგი საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობას ამოწმებს საქმეში უკვე წარმოდგენილი, საპროცესო წესების დაცვით ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ჭრილში (იხ. სუსგ-ები: საქმე №ას-1368-2019, 05 ოქტომბერი, 2020 წელი; №ას-1419-2018, 10 ივლისი, 2020 წელი; საქმე№ას-1453-2022, 30 მარტი 2023 წელი; №ას-64-2023, 02 ივნისი, 2023 წელი; №ას-760-2013, 17 ივლისი, 2023 წელი; №791-2023, 21 ივლისი, 2023 წელი).

94. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია ვერც სასამართლოს და ვერც მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

95. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. კანონის მოხმობილი ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა მუდმივი არ არის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს – ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლაში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება/გაზრდა, ჯანმრთელობის გაუარესება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა, ან შემცირება და სხვა (იხ. სუსგ-ები: №ას-303-290-2015, 13 მაისი, 2015 წ.; №ას-284-2019, 27 ივნისი, 2019 წ.). მითითებული საკანონმდებლო დანაწესი გამომდინარეობს თავად ალიმენტის მიზნიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე და 1214-ე მუხლებით კანონი ადგენს მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობას. არასრულწლოვნის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას გაითვალისწინება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა, განაპირობოს სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობაში ცვლილების შეტანა (იხ. სუსგ-ები: №50-2021, 05 მარტი, 2021 წ.; №ას-617-585-2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი).

96. საკასაციო პალატას მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდევინების აუცილებლობის დადასტურება, ხოლო მოპასუხემ კი ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების გამორიცხვა, შესაბამისად, კასატორმა (მოპასუხე) ვერ დარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

97. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

98. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

99. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

100. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

101. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. ხ–ვას მიერ 08.09.2023-ში N1419 საგადასახადო დავალებით გადახდილი 660 ლარის 70% – 462 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ი–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. კასატორის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს და კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მასალები ოთხ ფურცლად - ს.ფ. 319-322 .

3. კასატორის შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. გ.ი–ს (პ.ნ:45001006974) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ.ხ–ვას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 08.09.2023-ში N1419 საგადასახადო დავალებით გადახდილი 660 ლარის 70% – 462 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე