საქმე №ას-1136-2023 16 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.ა.ს.ე.კ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ.ა.ს.ე.კ.-ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს - 23 574,93 ლარი ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2016 წლის 27 სექტემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №565 ხელშეკრულება 26 300 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 2 453 001 ლარით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - პროდუქციის მიწოდება, მოპასუხემ, 2017 წლის 7 მარტის ნაცვლად, 2016 წლის 26 დეკემბერს მოახდინა, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისთვის მას დაეკისრა პირგასამტეხლო - 23 574,93 ლარი.
3. მოპასუხეს აღნიშნული თანხა არ გადაუხდია.
4. მოსარჩელემ დამატებით განმარტა, რომ ვინაიდან ხელშეკრულების შესრულების ვადა 2016 წლის 26 დეკემბრამდე განისაზღვრა, ხოლო მეორე მიწოდება მოპასუხემ 2017 წლის 7 მარტს განახორციელა, ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა გახდა 71 კალენდარული დღე. აღნიშნულმა განაპირობა პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულების პუნქტების შესაბამისად - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებით მიწოდებული პროდუქციის ღირებულების 0,02%.
5. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან მან სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნა რამდენჯერმე წარადგინა, მათ შორის პირველი სარჩელი, რომლის მიღებაზეც სასამართლოს განჩინებით უარი ეთქვა, აღძრულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, ყოველი მომდევნო სარჩელი აღიძრა კანონმდებლობით დადგენილ ექვსთვიან ვადაში, ამასთან, სასამართლოს პირგასამტეხლოს თაობაზე უკვე ნამსჯელი აქვს გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეებს დავა აქვთ 2016 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №565 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან პირგასამტეხლოს გაუქმების თაობაზე, რასაც იხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლო. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელეს არ წარუდგენია შეგებებული სარჩელი, ხოლო წინამდებარე განსახილველი სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული და მოპასუხისათვის თანხის გადახდის ვალდებულებას არ წარმოშობს. იმის მტკიცებულება კი, რომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებული იყო, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, სარჩელის შეტანის ვალდებულება მოსარჩელეს წარმოეშვა 2017 წლის 9 აპრილიდან, ვინაიდან 29 მარტის წერილით მათ მოპასუხეს თავადვე განუსაზღვრეს 10-დღიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. პირგასამტეხლო მხარეს დაეკისრა 2017 წლის 29 მარტს, ხოლო სარჩელი აღიძრა 2020 წლის 8 ივლისს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა დარღვეულია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 23 574,93 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული პროდუქციის ნაწილის მიწოდების ვადის დარღვევის გამო, მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ი) 477-ე და 417-ე-418-ე მუხლები.
10. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის წინააღმდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასამართლო მოთხოვნა იყო ხანდაზმული, შესაბამისად, არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. თავის მხრივ, მოსარჩელემ სადავო მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტაზე მიუთითა და განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელის სასამართლოში შეტანის გზით (სსკ-ის 138-ე მუხლი), რაც სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაზიარებულ იქნა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ი) მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
12. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
13. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი კი, ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს; მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე.
14. როგორც საკასაციო პალატა უთითებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის (საქმე №ას-1229-2022, 23 დეკემბერი, 2022 წელი).
15. განსახილველ შემთხვევაში აპელანტის (მოპასუხის) ძირითადი არგუმენტი, რომელიც მისსავე შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარშია მითითებული, იმაში მდგომარეობს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული. სააპელაციო საჩივარში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ძირითად არგუმენტად, აპელანტი ასევე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევაზე და მტკიცების ტვირთის არასწორ განაწილებაზე მიუთითებს. კერძოდ, აპელანტის განმარტებით, მაშინ როდესაც სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელი მთლიანად მიმართული იყო ხანდაზმულობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე მიიჩნია ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად, რომ ამ გარემოების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოსთვის არ წარდგენილა. მეტიც, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტასთან დაკავშირებით მტკიცებულებები სასამართლომ თავად მოიპოვა, რის თაობაზეც მოპასუხისთვის (აპელანტი) ცნობილი გახდა საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, რის გამოც მოპასუხე კომპანიას პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნის პირობებში, სარჩელისაგან სრულფასოვნად თავდაცვის შესაძლებლობა მოესპო.
16. სსკ-ის 128-ე, 144-ე, 130-ე მუხლების შესაბამისად, სააპლეაციო პალატამ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
17. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის სწორად განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული.
18. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხემ დაუპირისპირა შესაგებელი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის ხანდაზმულობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხე მხარეს, რომელსაც სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაესაბუთებინა აღნიშნული გარემოება, ხოლო მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა მოთხოვნის ვადაში წარდგენის, ხანდაზმულობის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
19. სააპელაციო პალატის შეფასებით, მართალია, კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული სასამართლოს მსჯელობა მხარეთა შორის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე სავსებით შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, თუმცა მტკიცების ტვირთის მართებულად განსაზღვრის მიუხედავად, გაზიარებულ უნდა იქნეს აპელანტის პრეტენზია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამართალწარმოების პროცესში შეჯიბრებითობის პრინციპთან მიმართებით, ბალანსის დარღვევის თაობაზე.
20. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სსსკ-ის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპი ითვალისწინებს სამართალწარმოების განხორციელებას მხოლოდ მხარეთა პროცესუალური აქტიურობის საფუძველზე. სწორედ ამ პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს სარჩელით საკუთარი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად, ხოლო იმ პირს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია სარჩელი, შეუძლია თავი დაიცვას ამ სარჩელისაგან; სარჩელის აღძვრაც და ამ სარჩელისაგან თავის დაცვაც მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესითა და საშუალებების გამოყენებით; თანასწორობისა და შეჯიბრებითობის აღნიშნული პრინციპებიდან გამომდინარე, მხარეები სამოქალაქო პროცესში სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპი ნიშნავს, რომ მხოლოდ მხარეები წყვეტენ, თუ რომელ გარემოებებსა და, მაშასადამე, ფაქტებს წარმოადგენენ, ხოლო სამართლებრივი შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად, სასამართლო მხარეებისგან ელის ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზეც იგი იღებს გადაწყვეტილებას. სასამართლოს როლი ფაქტებისა და მტკიცებულებების მოძიების პროცესში შეზღუდულია და ამ მიმართებით მისი ინკვიზიციური უფლებამოსილება მხოლოდ კანონით დაშვებული გამონაკლისების ფარგლებში ხორციელდება.
21. საქმის ფაქტობრივი გარემოებების (ფაქტები და დამამტკიცებელი საბუთები) გამორკვევა და წარდგენა მხარეთა ვალდებულებაა. შეჯიბრების წესი გამოიხატება შემდეგი ფორმულით: თვითონ სასამართლო თავისი ინიციატივით არ აგროვებს მტკიცებულებებს, არამედ საქმეს წყვეტს მხოლოდ იმ ფაქტობრივი მასალის მიხედვით, რომელსაც მას მხარეები წარუდგენენ. ეს ნიშნავს, ჯერ ერთი, იმას, რომ საქმის გადაწყვეტის დროს სასამართლოს უფლება არა აქვს იხელმძღვანელოს სხვა, თუნდაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებებით, რადგან ეს მტკიცებულებები ნაჩვენები არ იყო მხარეთა მიერ (quod non est in actis, nonest in mundo - რაც საქმეში არ არის, არც ქვეყნიერებაზე არსებობს), და მეორე ის, რომ სასამართლო ვალდებულია დაამყაროს თავისი გადაწყვეტილება მხოლოდ იმაზე, რაც მოთხოვნილი (მითითებული) და დამტკიცებული იყო მხარეთა მიერ, თუნდაც ეს ეწინააღმდეგებოდეს მის სინდისს (Sententia debetferri secundum allegata et probate et non secundum conscientiam) (შდრ. შ. ქურდაძე, ნ.ხუნაშვილი, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი“, მეორე გამოცემა, თბილისი, 2015 წ. გვ.100)).
22. სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილი, მართალია, ითვალისწინებს „სასამართლოს უფლებას, საქმის გარემოებათა გასარკვევად ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს საკუთარი ინიციატივითაც მიმართოს, მაგრამ სამოქალაქო სამართალწარმოების კონტექსტში, რომელიც მთლიანად მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს ეფუძნება, სასამართლოს მხრიდან ნებისმიერი ინიციატივის გამოჩენის უფლება ვიწროდ (შეზღუდულად) უნდა იქნას განმარტებული, რაც გულისხმობს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან ინიციატივის გამოჩენის საფუძვლები და აუცილებლობა სასამართლომ ნათლად უნდა დაასაბუთოს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.07.2015 წლის განჩინება, საქმეზე №ას-209-196-2015).
23. ამრიგად, სასამართლოს ფუნქცია მხარეთა შეჯიბრის წარმართვაა, თანაც იმგვარად, რომ მხარეებს საპროცესო თავდაცვის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეთ. ამ ფარგლებში სასამართლო, სადავო ფაქტების გათვალისწინებით, მტკიცების საგანს განსაზღვრავს და საპროცესო, თუ მატერიალური კანონმდებლობის დანაწესებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთს ანაწილებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.11.2017 წლის განჩინება, საქმეზე ას-1004-925-2017).
24. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს; შესაბამისი მტკიცების გარეშე ფაქტი დადასტურებულად მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში ითვლება, კერძოდ, მაშინ, როდესაც მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტს მოპასუხე დაეთანხმება ((ფაქტის აღიარება) (სსსკ 131) (შდრ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი რჩეული მუხლები, გვ. 540)).
25. როგორც კონკრეტული საქმის მასალებით დასტურდება, სამინისტროს მიერ არც განსახილველ სარჩელთან ერთად და არც მოპასუხის შესაგებელით შედავების შემდგომ მოსარჩელეს ხანდაზმულობის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლების არსებობის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. 2022 წლის 4 მარტის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარე მხოლოდ ზეპირი განმარტებით შემოიფარგლა, იმის თაობაზე რომ ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე „რამდენიმეჯერ“ მიმართა სასამართლოს. ამავე, სასამართლო სხდომის დასასრულს სასამართლომ მიუთითა მხარეებს, რომ ხანდაზმულობის შეწყვეტის საკითხს ელექტრონულად თავად გადაამოწმებდა (იხ. 04.03.2022 წლის სხდომის ოქმი 12:23:56) და განსაზღვრა მთავარი სხდომის თარიღი. 2022 წლის 14 აპრილის სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი სასამართლომ განმარტა, რომ საქმის წარმოების ელექტრული განაწილების პროგრამის მეშვეობით მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება - სარჩელის აღძვრის გზით ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტასთან დაკავშირებით თავად გადაამოწმა (იხ.13.04.2022წ. სხდომის ოქმი 17:18:08-17:18-18) და მიუხედავად მოპასუხე მხარის არაერთგზის დაფიქსირებული პროტესტისა (იხ.13.04.2022წ. სხდომის ოქმი), რომ არ მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა სადავო მტკიცებულებებს, სასამართლომ შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში სწორედ ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამიდან ამოღებულ ინფორმაციაზე დაყრდონით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო, რამაც, თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება განაპირობა.
26. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ვერც 2022 წლის 4 მარტის სასამართლოს მოსამზადებელ და ვერც 2022 წლის 14 აპრილის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ დააკონკრეტა და მხოლოდ ზოგადად მიუთითა, რომ სამინისტრომ „ერთზე მეტჯერ“, „რამდენიმეჯერ“ მიმართა სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლებიც წარმოებაში არ იქნა მიღებული (იხ.14.04.22წ სხდომის ოქმი, 17:16:23სთ, 17:32-17:33სთ). საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოხსენიებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის, 2020 წლის 20 იანვრის და 2020 წლის 15 მაისის განჩინებები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დაადგინა სამინისტროს მიერ პირველი სარჩელის სასამართლოში შეტანიდან (25.12.19წ) 6 თვის ვადაში განსახილველი სარჩელის აღძვრის ფაქტი, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მტკიცებულების სახით საქმეზე დართული არ ყოფილა და, ფაქტობრივად, სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზეც მოპასუხე მხარეს მათი გაცნობის საშყუალება არ მისცემია.
27. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონვენციის მე-6 მუხლის კონტექსტში საქმის შემოწმებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორც წესი, სწორედ მხარეთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვას უთმობს, შესაბამისად, მან არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს მსჯელობის საგანია სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეს, მიეცა თუ არა გონივრული შესაძლებლობა, გაცნობოდა და კომენტარები გაეკეთებინა მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე; აგრეთვე წარმოედგინა თავისი საქმე იმ პირობებში, რომელიც მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში არ ჩააყენებდა და ა. შ. (შდრ. Ternovskis v. Latvia, no. №33637/02, Judgement, 2014; Larin v. Russia, no. 15034/02, Judgement, 2010; Bartaia v. Georgia, no.10978/06, Judgement, 26.07.2018).
28. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მხარისთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს და ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს, როგორც სარჩელში და შესაგებელში ასახული გარემოებების შეფასებიდან, ისე მხარეთა ახსნა-განმარტების და მტკიცებულებათა შეფასების შედეგად გაკეთებული დასკვნებიდან... საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.03.2013წ. განჩინება საქმეზე ას-1350-1275-2012).
29. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოპასუხის შედავების მიუხედავად, მოსარჩელეს მისივე ახსა-განმარტების გარდა, სასამართლოსთვის სხვა მტკიცებულება არ შეუთავაზებია, საქმის განმხილველმა სასამართლომ კი თავად უზრუნველყო ელექტრონულ საქმის წარმოების სისტემაში მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების გადამოწმება და გადაწყვეტილება დაამყარა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც საქმეში ფიზიკურად არ მოიპოვება, შესაბამისად, არც მოსარჩელის პროცესუალურ მონაწილეს მისცემია მათი გაცნობის, გამოკვლევისა და შეფასების საშუალება, პალატის შეფასებით, ცალსახაა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სსსკ-ის მე-4 მუხლით გარანტირებული უფლების საწინააღმდეგოდ პროცესის მონაწილეთა საპროცესო თავდაცვის თანაბარი შესაძლებლობის უგულვებელყოფის ფაქტი, რაც განაპირობებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმავე სასამართლოსათვის.
30. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალური გადაწყვეტის დასაბუთების მიზნებისათვის, სააპელაციო პალატამ ასევე მიზანშეწონილად მიიჩნია, განემარტა: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს რა სააპელაციო წარმოების წესსა და ფარგლებს, იმავდროულად ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება შეამოწმოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც წარდგენილი იყო და შემოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების თანახმად: „...მხარეთა აქტიურობა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფილი და ეფექტურია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარეთა აქტიურობა შეზღუდულია თვით სააპელაციო სამართალწარმოების შეზღუდვის გამო. ამ მოსაზრების ნათელ დადასტურებას წარმოადგენს სსსკ-ის 377-ე, 380-ე, 381-ე, 382-ე, 384-ე მუხლები, რომლებიც, ფაქტობრივად, გამორიცხავს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელმეორედ განხილვის შესაძლებლობას და ადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მკაცრად შეზღუდულ ფარგლებს“.
31. ამდენად, ზემოაღნიშნული განმარტებისა და აპელანტი მხარის იმ პრეტენზიის გაზიარების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე კომპანიას სამინისტროს სარჩელისაგან სრულფასოვნად თავდაცვის შესაძლებლობა მოესპო, იმისთვის, რათა სრულყოფილად იქნეს უზრუნველყოფილი სამართალწარმოების პროცესში შეჯიბრებითობის პრინციპით გარანტირებული მოპასუხის უფლებათა რეალიზაციის შესაძლებლობა და საქმის სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილვის უფლება, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
32. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
33. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი და არასრულია. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ის კანონი, რომელიც გახდებოდა კომპანიის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის საფუძველი.
34. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას სათანადოდ არ გამოუკვლევია მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, კერძოდ, პალატამ მხედველობაში არ მიიღო, რომ მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამოსარიცხად მიუთითა საჯარო სივრცეში განთავსებულ ოფიციალურ წყაროზე, რომელიც სასამართლომ გადაამოწმა.
35. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ საქმეს ერთვოდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც კომპანიას უარი ეთქვა დარიცხული პირგასამტეხლოს გაუქმებაზე. აღნიშნულის გათვალისწინება გამორიცხავდა სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საკითხს.
36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
37. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
39. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე მსჯელობის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინებით წინამდებარე საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მართლზომიერების საკითხი.
40. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის უკან დაბრუნების მართებულობის შეფასებისას, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს: 1) რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე; 2) ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება და 3) ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას (შდრ. სუსგ №ას-1118-1145-2011, 10 იანვარი,2012წ.; სუსგ №ას-151-147-2016 , 19 აპრილი, 2016 წ.; სუსგ №ას-8-2023, 25 მაისი, 2023 წ.).
41. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლებს განსაზღვრავს სსსკ-ის 385-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამრიგად, აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების საფუძვლებზე, ხოლო, მეორეს მხრივ, სასამართლოს აძლევს უფლებას, ამ საფუძვლების არსებობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტიდან გამომდინარე, შეაფასოს, რა უფრო მართებულია - მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა თუ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება (სუსგ №ას-1234-1175-2014, 23 თებერვალი, 2015წ.; №ას-1167-2019, 22 ივლისი, 2020 წ.).
42. ზემოაღნიშნული განპირობებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და თავის თავში მოიცავს ადამიანის უფლებას მისი საქმე გონივრულ ვადაში, სწრაფად და ეფექტიანად განიხილოს სასამართლომ (Profitis and Others v. Greece, §93; Tierce v. San Marino, §31; Surmeli v. Germany [GC], §129; Capuano v. Italy, §§30-31; Versini v. France, §29), რაც წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას ისე მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ სასამართლოებმა უზრუნველყონ თითოეული პირის უფლება გონივრულ ვადაში მიაღწიოს საბოლოო გადაწყვეტილებას დავაზე, რომელიც მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალებების განხორციელებას ეხება (Scordino v. Italy (no.1) [GC] §183, Surmeli v. Germany [GC], § 129). თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს რა, რომ მართლმსაჯულება იყოს სწრაფი და ეფექტიანი, ხაზს უსვამს, რომ ამით არ უნდა დაზარალდეს მართლმსაჯულების სწორად (სათანადოდ) განხორციელების პრინციპი (Von Maltzan and Others v. Germany (dec.) [GC], §132), რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების უფრო ზოგადი პრინციპია (სუსგ №ას-1167-2019, 22 ივლისი, 2020წ.).
43. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან დაბრუნება, ისევე როგორც საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააპელაციო სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. მიუხედავად ამისა, ეს არ გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლო არაა შეზღუდული, ნებისმიერი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს საქმე. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებს, სსსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნამდვილ აზრს, რითაც მოცემულ შემთხვევაში, შებოჭილია სააპელაციო სასამართლო. ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ, რომელიც სსსკ-ის თანახმად, ასევე საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უკან უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება (სუსგ №ას-657-618-2012, 10 დეკემბერი, 2012წ.; სუსგ №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016წ.; სუსგ №ას- 973-922-2015, 16 თებერვალი,2016წ.).
44. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიჩნევს იმსჯელოს სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტზე.
45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დრო დიდ როლს თამაშობს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საკითხში. მხარეთა შორის გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობები შეიძლება იმდენად დიდი ხნის წინ წარმოიშვას, რომ გავლენა მოახდინოს მხარეთა უფლება-მოვალეობებზე. მართლწესრიგი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთ სახესაც წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობა. მისი არსებობა განპირობებულია ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და მათი ინტერესების თანაბარი დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე. გონივრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების არსებობა უფლების რეალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ სამართლებრივი სტაბილურობის მოთხოვნა უფრო მეტად დაცვის ღირსია. სასარჩელო ხანდაზმულობა უფლების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ჩარჩოებს აწესებს. სასარჩელო ხანდაზმულობა წარმოადგენს მიზნის მიღწევის საშუალებას და არა თვითმიზანს.
46. სასარჩელო ხანდაზმულობა იმ სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია, რომ რაღაც ურთიერთობას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლვი დროის გასვლა პირდაპირ გავლენას ახდენს პირთა უფლებებზე (იხ. დამატებით: თენგიზ ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ., გვ. 133; ბესარიონ ზოიძე, ქართული სამოქალაქო კოდექსის შექმნის ისტორიიდან, ჟურნალი „ქართული სამართლის მიმოხილვა“, თბილისი, 2003 წ. გვ. 110.).
47. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა, ანუ კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ამ ვადის გასვლა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო. ს-ი და ი. ხ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოთხოვნას არ აუქმებს (წყვეტს), არამედ მოვალეს შესაძლებლობას ანიჭებს, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე. ანუ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია (შდრ: გიორგი სვანაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 144-ე, ველი 1. თბილისი, 2017 წელი; შდრ: ასევე სუსგ №ას-1437-1357-2018, 11 მაისი, 2018 წელი).
48. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ №ას-547-515-2012, 11 ივნისი, 2012 წელი).
49. ზემოთ ჩამოთვლილი კანონიერი მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტომ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პ.51). (Stubbings and Otherss v The United Kingdom, განაცხადის ნომერი №22083/93; №220095/93, 22 ოქტომბერი, 1996).
50. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. საკსაციო პალატამ არერთ საქმეზე განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი წარმოადგენს უფლების დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ საშუალებას, რადგან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსზრისით არსებობს, თუმცა სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებითი განხორციელება კონკრეტული წინაპირობის არსებობისას, არ ხდება (შდრ. სუსგ №ას-1428-2018, 27 დეკემბერი, 2018; №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015).
51. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითების შედეგად წარმოშობილი საწინააღმდეგო უფლება მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობით შესაგებელია, რომელიც მოთხოვნის განხორციელებას ხანგრძლივად ან დროებით აფერხებს. „სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის მიზანია მოვალის დაცვა იმ პროცესის ნაწილად გახდომისაგან, რომელშიც პოზიციის დაცვა რთული ან შეუძლებელია მოთხოვნის სიძველის გამო“. (შდრ: სუსგ №ას-898-860-2014, 09 ოქტომბერი, 2015 წელი). ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მაგალითად, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე (იხ. დამატებით: ჰაინ ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, გვ.170; მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემუშავებული პრაქტიკული მაგალითებით, შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, GIZ, 2013, გვ.20).
52. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელი აერთიანებს ორ ნაწილს: სარჩელის აღძვრისა და სარჩელის დაკმაყოფილების უფლებას. რადგან სასარჩელო ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი განხორციელების ვადა, ის უკავშირდება სწორედ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობა მატერიალური და არა საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი მიჩნეული უნდა იქნეს მატერიალური სამართლის კუთვნილებად კანონმდებლობაში მისი ადგილისა და სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით.
53. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დასრულების მომენტს. მოთხოვნის შემოწმებისას აუცილებელია განისაზღვროს ხანდაზმულობის კონკრეტული ვადის გამოყენებისა და მისი ათვლის საკითხი. ერთმანეთისაგან განასხვავებენ ხანდაზმულობის ვადის ათვლის ობიექტურ და სუბიექტურ მომენტებს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას (შდრ: ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 2. თბილისი, 2017 წელი; ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011 წელი, გვერდი 123).
54. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (შდრ: სუსგ-ები №ას-1937-2018, 15 მარტი, 2019 წელი, პ-16; №ას-1343-1263-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-934-899-2016, 14.02.17წ.; №ას-68-68-2018, 03.04.2018წ.; №ას-382-2019, 14 მაისი, 2019 წელი).
55. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან - უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო.
56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ივარაუდება, რომ პირი უფლების დარღვევის ფაქტს მისი დადგომისთანავე შეიტყობს ან საშუალო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში შეეძლო შეეტყო ამ ფაქტის თაობაზე. აღნიშნულის საწინაარმდეგოს, ანუ უფლების დარღვევის დაგვიანებით შეტყობის მტკიცების ტვირთი კი უფლებადარღვეულ პირს ეკისრება. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობისვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით, პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (შდრ: ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 5. თბილისი, 2017 წელი).
57. ვინაიდან სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას მხოლოდ მოპასუხის მითითების საფუძველზე იკვლევს, მოთხოვნის ვადაში წარდგენა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. „თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007 წელი, გვერდი 64.).
58. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის დაწყებისათვის, როგორც წესი, არ არის სავალდებულო, რომ კრედიტორმა მისთვის ცნობილ ფაქტებს სამართლებრივი შეფასება მისცეს. თუ კრედიტორი მცდარ დასკვნებს გამოიტანს, ფაქტებს მცდარად შეაფასებს, ხანდაზმულობის ვადის დინება მაინც იწყება. ხანდაზმულობის ვადების დაწყებისათვის მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული ხანდაზმულობის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოებების ცოდნა მისი სამართლებრივი შეფასების გარეშე, რადგან რთულია შესაბამისი განათლების არმქონე პირს მოეთხოვოს ნორმის ქმედების შემადგენლობის კომპონენტების შეფასება. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის ათვლის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას, პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ითვალისწინებს ბრალეულ არცოდნასაც. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის თაობაზე, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (იხ. დამატებით: ზურაბ ახვლედიანი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კომენტარი, წიგნი პირველი, თბილისი, 1999 წელი, მუხლი 130, გვერდი 320.).
59. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკის არსებობაზე იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა თუ შეჩერება
60. სსკ-ის 138-140-ე მუხლები ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლებსა და ვადებს. ამ მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან (შდრ: სუსგ-ები: №ას-182-175-2013, 24 ივნისი, 2013 წ., №ას-493-467-2015, 26 იანვარი, 2016 წ.; № ას-652-2019, 27 დეკემბერი, 2019 წ., №ას-291-2021, 29 აპრილი, 2021 წ.,№ას-26-2021, 26 ივლისი, 2022 წ.).
61. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპებზე: მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ როგორც ფაქტების მითითების, აგრეთვე, მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა. გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებისა და მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით, უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე.
62. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ).
63. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
64. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.
65. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.
66. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. „მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა“ (ლილუაშვილი თ., ლილუაშვილი გ., ხრუსტალი ვ., ძლიერიშვილი ზ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, თბ. 2014, გამომცემლობა „სამართალი“, გვ.282).
67. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.
68. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება მტკიცების საგნის განსაზღვრის კრიტერიუმის შესახებ შემდეგი დასკვნის გაკეთება: მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.
69. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4). „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64). შეუძლია თუ არა სასამართლოს თავისი ინიციატივით შეიტანოს მტკიცების საგანში და საფუძვლად დაუდოს გადაწყვეტილებას ფაქტები, რომლებზეც მხარეები არ მიუთითებენ? იურიდიულ დოქტრინაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, სასამართლოს ეს არ შეუძლია (იხ. დამატებით: თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 87; ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64).
70. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე (შდრ: შმიტი შ., რიჰტერი ჰ., მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში გვ.27).
71. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.
72. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის განმსაზღვრელი ძირითადი ნიშნები და მიმართულებანი ჩამოყალიბებულია სსსკ-ის 4.1 მუხლში, რომლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინიციპითაა გამსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანით და მისი გასაჩივრებით.
73. „მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში, გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).
74. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე, ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან. აქედან გამომდინარე, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია.
75. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
76. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.
77. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).
78. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“ (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.). კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
79. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად, მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები.
80. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე, საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე, უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც, ასევე, აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).
81. ამრიგად, როგორც ზემოთ უკვე განიმარტა, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, სასამართლო განიხილავს საქმეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საქმისათვის მნიშვნელოვანი ამა თუ იმ გარემოების დადგენილად ცნობისა და აღნიშნული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების გზით.
82. ერთ-ერთ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რასაც საკასაციო სასამართლოც დაეთანხმა, რომ „გარემოებათა მის მიერ (სააპელაციო სასამართლოს მიერ) გამოკვლევა მიზანშეუწონელია. ასეთ შემთხვევაში მხარე დაკარგავდა კიდევ ერთ ინსტანციაში (სააპელაციო სასამართლოში) ფაქტობრივ გარემოებაზე შედავების შესაძლებლობას, ვინაიდან მას გასაჩივრება მოუწევდა პირდაპირ საკასაციო სასამართლოში, რომელიც ფაქტობრივგი გარემოებების დამდგენ სასამართლოს არ წარმოადგენს“ (იხ. სუსგ-ები: №ას-261-248-2015, 10 ივლისი, 2015წ; №ას-450-429-2015, 28 ივლისი, 2015წ.). „სააპელაციო სასამართლომ, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უკან უნდა დაუბრუნოს მხოლოდა გამონაკლის შემთავევებში, როდესაც კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება“ (იხ. სუსგ №ას-471-2015, 30 ოქტომბერი, 2015წ; №ას-973-922-2015, 16 თებერვალი, 2016წ; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016წ; №ას-1132-2016, 17.02.2017წ; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016; სუსგ №ას-543-506-2017, 31 ივლისი, 2017).
83. მოცემულ დავაში მოსარჩელემ წარადგინა მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, რასაც მოპასუხემ დაუპირისპირა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
84. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ დაუპირისპირებია გასაჩივრებული განჩინების იმ მსჯელობის გასაქარწყლებლად, რომ სარჩელის ხანდაზმულობაზე მსჯელობისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოსარჩელის მხრიდან მარტოოდენ ზეპირი ახსნა-განმარტება და საკუთარი მოსაზრება, მოსარჩელის მიერ ხანდაზმულობის ვადის დაცვის თაობაზე, დააფუძნა საქმის ელექტრონული წარმოების მასალებში ასახულ მტკიცებულებას (საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოხსენიებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის, 2020 წლის 20 იანვრის და 2020 წლის 15 მაისის განჩინებები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დაადგინა სამინისტროს მიერ პირველი სარჩელის სასამართლოში შეტანიდან (25.12.2019 წ.) 6 თვის ვადაში განსახილველი სარჩელის აღძვრის ფაქტი), რომელიც საქმეში მატერიალური სახით არ წარმოდგენილა და მოპასუხისათვის ხელმისაწვდომი არ გამხდარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების პ: 20-31 განვითარებული სააპელაციო პალატის მსჯელობების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია საქმე დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რაც მოპასუხე მხარის საკასაციო განაცხადების არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის სააფუძველია.
85. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
86. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
87. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
88. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
89. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე