ბს-47-47(გ-06) 11 მაისი, 2006წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. წკეპლაძე
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა შპს “ც...ს” სარჩელის განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ც...მ” 02.12.05 სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს “თ...ის” მიმართ და მიუთითა, რომ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების თაობაზე სს “თ...მა” 18.09.05წ. შეადგინა აქტი ¹... და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების შესახებ ოქმი, რის საფუძველზეც შპს “ც...” დაჯარიმდა 5000 ლარით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შპს “ც...ს” საკუთრებაში იმყოფება ქ. თბილისში, ... ¹15-ში მდებარე ფართი, კერძოდ საცხობი და სასურსათო მაღაზია, რომელიც 2004წ. 8 მაისიდან, ქირავნობის ხელშეკრულებით გადაცემული აქვს და სარგებლობს მ. ი-ი, რომელიც საგადასახადო ინსპექციაში დარეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ. ფაქტობრივად მ. ი-ი არის აღნიშნული ფართის პირდაპირი მფლობელი, რომელსაც ზემოთ მითითებული სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე განსაზღვრული ვადით აქვს მინიჭებული ეს უფლება. ადმინისტრაციული სამართლადარღვევა, კერძოდ, ბუნებრივი აირის დატაცება მოხდა მ. ი-ის მიერ ამ ფართით სარგებლობისა და მუშაობის პერიოდში, ოქმში კი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია იურიდილ პირზე – შპს “ც...ს” მიმართ, 5000 ლარის ოდენობით, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მ. ი-ი, როგორც ინდ. მეწარმე ითვლება კერძო სამართლის ფიზიკურ პირად და ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა გამოვლენილია მისი ამ ფართით სარგებლობისა და მუშაობის პერიოდში, ოქმში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო არა იურიდიული პირის, არამედ ფიზიკური პირის პასუხისმგებლობა, შესაბამისად, ჯარიმა განსაზღვრული უნდა ყოფილიყო არა 5000 ლარის, არამედ _ 600 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მოითხოვა ს.ს. “თ...ი”-ს ¹019709 აქტის და 18.09.05წ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.12.05წ. განჩინებით შპს “ც...”-ს სარჩელი მოპასუხე სს “თ...ი”-ს მიმართ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ¹000144 ოქმის და ¹... აქტის ბათილად ცნობის თაობაზე განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო: სსკ-ის 1-ლი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესით. სსკ-ის 11-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს, დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ. კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანი არ არის მოცული ასკ-ის მეორე მუხლის მეორე ნაწილში ჩამოთვლილ დავათა კატეგორიით და არ ეხება საჯარო ინტერესების სფეროს. ადმინისტრაციული კოლეგიის მოსაზრებით მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობათა სფეროს. ასკ-ის 26-ე მუხლის თანახმად სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამარტლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.12.05წ. განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან განსჯადობით განსახილველად გადაგზავნილი საქმე მოსარჩელე შპს “ც...-ს” სარჩელისა გამო მოპასუხე სს “თ...ი-ს” მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტისა და ოქმის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და აქტის ბათილად ცნობის შესახებ მიეკუთვნება სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ სფეროს და განხილული უნდა იქნას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ არის ქცეული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე იურიდიული პირისათვის ჯარიმის დაკისრება, აღნიშნულის განხილვა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით არ დაიშვება, დავის საგანი არ გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან, რადგან, სააქციო საზოგადოების მიერ აღძრული სარჩელით განსახილველი დავა საჯარო სამართლებრივი ხასიათისაა და ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, სასარჩელო განცხადებისა და საქმის განსჯადობის შესახებ სასამართლოთა განჩინებების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ც...ს” სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
“რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 14.11.97წ. ¹649 ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტის 12.04.05წ. ¹213 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებებით, ლიკვიდირებულ იქნა ქ. თბილისის რაიონული სასამართლო და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიებით. “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 16-ე მუხლით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავს საპროცესო კანონი. სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის მე-11 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს ქვემდებარე სამოქალაქო დავების კატეგორიებს, ხოლო უწყებრივად სასამართლოს ქვემდებარე ადმინისტრაციული დავების რეგლამენტაცია მოცემულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საერთო სასამართლოში განიხილება იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის (საჯარო) კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულია სასამართლოს ქვემდებარე ადმინისტრაციულ დავათა ჩამონათვალი, კერძოდ, ადმინისტრაციულ დავას განეკუთვნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება-შესრულება-შეწყვეტის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების, ქმედების განხორციელების შესახებ დავები.
ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, დავის განსჯადობის საკითხის სწორად გადაწყვეტისა და საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ განსახილველი დავა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან. სადავო ურთიერთობის სამართალსუბიექტურობა არ განსაზღვრავს დავის ხასიათს, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს კანონმდებლობას, რომლის საფუძველზეც არის აღმოცენებული დავა, დავის არსს და საგანს, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის კერძო სამართლის იურიდიული პირი შპს “ც...”, მოპასუხეა ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი სს “თ...ი”, ხოლო ფიზიკური პირი – მ. ი-ი სარჩელში მითითებულია მესამე პირად. მოსარჩელე კერძო სამართლის იურიდიული პირი სარჩელით მოითხოვს: სს “თ...ი-ს” ¹... აქტის და 18.09.05წ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შპს “ც...-ს” მიმართ შედგენილი ოქმის გაუქმებას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239.50 მუხლის თანახმად, 961 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიანტი საქართველოს ელექტროენერგიის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესით. ამდენად, კერძო სამართლის იურიდიული პირი – სს “თ...ი” აღჭურვილია საჯარო უფლებამოსილებით. სზაკ-ის მე-2 მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით ნებისმიერი პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს ადმინისტრაციულ ორგანოდ არის მიჩნეული. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მიხედვით, განაწილების ქსელიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით, - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 600 ლარით, იურიდიული პირისა და დაწესებულების – 5000 ლარით. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათი და მისი სუბიექტური შემადგენლობა ნათლად ადასტურებს საქმის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილებას.
ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კოდექსის 961 მუხლის საფუძველზე შედგენილი ოქმი უნდა დადასტურდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის გასაჩივრების უფლება აქვს მხარეს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, გათვალისწინებულს კოდექსის 961 მუხლით. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების შესახებ აქტი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის – ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების შესახებ ოქმი არ იწვევს სამართლებრივ შედეგს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმე უნდა გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელმაც უნდა იმსჯელოს შპს “ც...ს” სარჩელის დასაშვებობის საკითხზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ც...ს” სარჩელი განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.