საქმე №ას-1177-2023 16 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ბ.ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.გ–ძისა (შემდგომ – მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) და შპს „გ.? მ–გან“ (შემდგომ – მოპასუხე შპს) მიმართ და მოითხოვა, დავალიანების – 101 333,25 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 76 473,34 ლარი, პროცენტი – 10 763 ლარი, პირგასამტეხლო – 7000 ლარი, ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით ძირითადი დავალიანების – 76 473,34 ლარის 0,03% გადახდა, 2022 წლის 11 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე შპს-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი ბანკის მოთხოვნის დასაფარად, სარეალიზაციოდ მიექცეს მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ/მოძრავი ქონება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 20 აგვისტოს სს „ვ.ბ.ჯ–სა“ და მოპასუხეს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურებაზე, რომლის ფარგლებშიც 2021 წლის 15 მარტს მოპასუხეს გადაეცა კრედიტი 79 472,02 ლარის ოდენობით. კრედიტის საბოლოო დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 15 ივლისი, საპროცენტო განაკვეთი – 12,00%-ით. საკრედიტო ხელშეკრულების 2.4.1 პუნქტი ითვალისწინებს ვადაგადაცილების პირგასამტეხლოსაც. მსესხებლის მიერ კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევაში, კრედიტს ერიცხებოდა ჯარიმა ერთჯერადად – 20 ლარი, დამატებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1 %. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის 28 სექტემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე შპს-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
3. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2022 წლის 16 თებერვლიდან თანხა არ გადაუხდია.
4. 2022 წლის 20 აპრილს კრედიტორმა ბანკმა მოპასუხეს სრულად დაუთმო შეთანხმების №1 დანართით განსაზღვრული საკრედიტო/სასესხო (მათ შორის, ოვერდრაფტი, საკრედიტო ლიმიტი) და, მისი უზრუნველყოფის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნები.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხეებმა სარჩელი ძირითადი მოთხოვნისა და პროცენტის ნაწილში ცნეს და მიუთითეს, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობა განაპირობა მსესხებლის რთულმა ფინანსურმა მდგომარეობამ. ამასთან, მოპასუხემ მზაობა გამოთქვა, მხარეთა შორის ურთიერთობა დასრულდეს იპოთეკის საგნის კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემით, თუმცა მოსარჩელემ მსგავს შეთანხმებაზე უარი განაცხადა და მოითხოვა ქონების იძულებითი რეალიზაცია.
6. მოპასუხის განმარტებით, მისთვის არ იყო ცნობილი ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნის მსესხებლის კუთვნილი სხვა ქონებიდან დაკმაყოფილების შესახებ. ამასთან, დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2021 წლის 15 მარტს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხის – 76 473,34 ლარის, პროცენტის – 10 763 ლარისა და პირგასამტეხლოს – 7000 ლარის გადახდა, სასარჩელო მოთხოვნა 2022 წლის 11 ნოემბრიდან (სარჩელის აღძვრის თარიღი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ძირითადი დავალიანების – 76 473,34 ლარის 0,03%-ის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხე შპს-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი ბანკის მოთხოვნის დასაფარად, დადგინდა მსეხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით (იხ. ტ.1.ს.ფ.115-129).
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განჩინებით (იხ. ტ. 2.ს.ფ 10-14) მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2023 წლის 5 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
10. ზემოაღნიშნული განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორებს განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
11. აღნიშნული განჩინება აპელანტების წარმომადგენელს (მინდობილობა ტ. 1, ს.ფ 80, 98, საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა N6273, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია) ჩაბარდა 2023 წლის 19 ივნისს.
12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტებს ხარვეზის შევსების მიზნით, სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავთ.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 372-ე მუხლის, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის, 74-ე მუხლის პირველი ნაწილის, 75-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 20 ივნისს და ამოიწურა 2023 წლის 29 ივნისს.
14. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რადგანაც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა არ არსებობს.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
16. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ იგი სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის დოკუმენტების მიღების და ჩაბარების თარიღებს და ვადებს, თუმცა ხარვეზის შევსება სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში ვერ შეძლო უსახსრობის გამო. შესაბამისად, მხარეს სასამართლო წესით საკუთარი კანონიერი ინტერესების დაცვის უფლება შეეზღუდა (იხ. კერძო საჩივარი, ტ.2.ს.ფ. 22).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
19. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
20. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
21. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. აპელანტების უარი ეთქვათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
22. აღნიშნული განჩინება აპელანტების წარმომადგენელს (რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით, იხ ტომი 1, ს.ფ 80, 98, საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა №6273, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია) ჩაბარდა 2023 წლის 19 ივნისს (იხ. ტომი 2, ს.ფ 9).
23. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
24. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.
25. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტ მხარეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, სრულიად საკმარისი და გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, დადგენილი ხარვეზი მხარეს არ აღმოუფხვრია, არც კანონით დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივარი და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან მტკიცებულება, მისი ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ სასამართლოსათვის არ წარუდგენია. აპელანტებს არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება არ მოუთხოვიათ.
26. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
27. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მას, მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეეზღუდა სასამართლოსათვის მიმართვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბარწილად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს (სსსკ-ის მე-5 მუხლი). ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარის ერთი და იგივე შინაარსის დაუსრულებელი შუამდგომლობები ამ შედეგის მიღწევის მიზანს სცილდება. ზემოაღნიშნულის გამო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე - იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ) დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას.
28. ევროსასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლო ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის.
29. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
30. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.
31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში.
32. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დაარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.
33. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (შდრ: სუსგ №ას-1324-2018, 16 ნოემბერი, 2018; №ას-743-2022, 4 ივლისი, 2022 წელი).
36. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა, კანონით დადგენილი წესით ვერ დაასაბუთა, რომ იმყოფება ისეთ ფინანსურ მდგომარეობაში, რომლის დროსაც სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ ეტაპზე ობიექტურად არ შეუძლია.
37. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ 2023 წლის 05 ივნისის განჩინებით, აპელანტებს დაუდგინა ხარვეზი ორი საფუძვლით: ერთი მხრივ, დაევალათ კანონით დადგენილი წესით შედგენილი დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა (იხ. ტ. 2, ს.ფ.7) (შდრ: სუსგ №ას-665-2021, 10 სექტემბერი, 2021 წ).
38. საქმეზე დადგენილია, რომ აპელანტებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარუდგენიათ არც კანონით დადგენილი წესით შედგენილი დასაბუთებული და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, და არც ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვიათ, რაც შესაძლებლობას მისცემდა სააპელაციო პალატას დარწმუნებულიყო, რომ მხარეს დავის მიმართ ინტერესი გააჩნია. ამდენად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
39. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე