საქმე №ას-1248-2023 16 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.შ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაანგარიშება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ.შ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სს „ს.რ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა: მოპასუხისათვის დაკისრებული ყოველთვიური სარჩოს სახით გადასახდელი 1252 ლარი გაიზარდოს 200 ლარით და 01.01.2023 წლიდან მოპასუხეს ყოველთვიურად სარჩოს სახით გადასახდელად დაეკისროს 1452 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
2. სარჩელში აღნიშნულია შემდეგი: მოსარჩელე საწარმოო ტრავმის მიღებამდე დასაქმებული იყო მოპასუხე საწარმოში მემანქანის პოზიციაზე. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა და შრომითი დასახიჩრების გამო დაეკარგა პროფესიული შრომის უნარი 80% უვადოდ. მას სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით დანიშნული აქვს და ამჟამად მოპასუხისაგან ღებულობს ყოველთვიურ სარჩოს შრომისუნარის უვადოდ 80%-ით დაკარგვის გამო გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მემანქანის ხელფასის 80% - 1252 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს დაკისრებული სარჩოს ოდენობის გაზრდას
3. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია, რადგან ვერ ამტკიცებს, იმ გარემოებებს, რომელსაც მოთხოვნის საფუძვლად უთითებს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული ყოველთვიური სარჩოს სახით გადასახდელი 1252 ლარი გაიზარდა 200 ლარით და 01.01.2023 წლიდან მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად სარჩოს სახით გადასახდელად დაეკისრა 1452 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
8. მოსარჩელე საწარმოო ტრავმის მიღებამდე დასაქმებული იყო მოპასუხე საწარმოში მემანქანის პოზიციაზე.
9. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა და შრომითი დასახიჩრების გამო დაეკარგა პროფესიული შრომის უნარი 80% უვადოდ.
10. მოსარჩელეს სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით დანიშნული აქვს და ამჟამად მოპასუხისაგან ღებულობს ყოველთვიურ სარჩოს შრომისუნარის უვადოდ 80%-ით დაკარგვის გამო გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მემანქანის ხელფასის 80% - 1252 ლარის ოდენობით.
11. 01.01.2023 წლიდან მოპასუხე საწარმოში გაიზარდა მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებულ თანამდებობაზე მომუშავე მოქმედი მუშაკის ხელფასი და 2023 წლის 01 იანვრიდან დღემდე შეადგენს 1815 ლარს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომისუნარიანობის შემცირება ან დაკარგვა არ განისაზღვრება აბსტრაქტულად, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, არამედ, კონკრეტულად, რეალური შემოსავლის დაკარგვის მიხედვით. თუ დაზიანების გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელებას, ზიანის ანუ სარჩოს ოდენობის გამოთვლისათვის გადამწყვეტია, თუ რამდენად შეუძლია მას, გამოიყენოს შერჩენილი შრომის უნარი. ანაზღაურებადია ასევე მთელი ის ზიანი, რაც დაზარალებულს ადგება, შრომისუნარიანობის ნაწილობრივ შენარჩუნების ან აღდგენის მიუხედავად, ახალი სამუშაოს პოვნის შეუძლებლობით. თვითდასაქმებულისა და დაქირავებული მუშაკის შემთხვევაში მოქმედებს ვარაუდი, რომ დაზიანების გარეშე ის განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა შესაბამის ხელფასს (სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი III, 2019წ., გვ. 707-708). მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმათა განმარტება, სასამართლოს აძლევს დასკვნის გაკეთების საფუძველს იმის შესახებ, რომ არა საწარმოო ტრავმა, ივარაუდება, რომ მოსარჩელეს კვლავ ექნებოდა შესაძლებლობა, შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, ემუშავა ანალოგიურ პოზიციაზე და შესაბამისად, მიეღო გაზრდილი ხელფასი. უფლების თეორიული რესტიტუცია კი, დაკავშირებულია სწორედ პირის მიერ სარჩოს სახით იმ შემოსავლის მიღებასთან - რასაც საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში მიიღებდა იგი შრომის ანაზღაურების შესაბამისად. საწარმოო ტრავმის მიღების გამო სამუშაოს შესრულების ფიზიკური შესაძლებლობის დაკარგვა, უშვებს პრეზუმფციას იმისას, რომ ამ გარემოების არარსებობის პირობებში, მუშაკი იქნებოდა აქტიურად შრომისუნარიანი და მიიღებდა გაზრდილი ოდენობით შრომის ანაზღაურებას.
13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება სარჩოს გადაანგარიშების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის თაობაზე და მიუთითა უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლის შესაბამისადაც, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48- ე ბრძანებულების მე-12 პუნქტით მუშაკისათვის დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობა ექვემდებარებოდა გადაანგარიშებას, მიუხედავად იმისა, როდის მიიღო მან ეს დასახიჩრება. აღნიშნულ ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის №923 ბრძანებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით ამოღებულ იქნა პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48-ე ბრძანებულების მე-12 პუნქტი. 2007 წლის 6 თებერვლის საქართველოს პრეზიდენტის №93 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის თებერვლის №48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესები. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით კი დამტკიცდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. აღნიშნული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ წესით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. აღნიშნული დადგენილებით ახლებურად მოწესრიგდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებული პირისათვის ზიანის ანაზღაურების წესები. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით (შდრ: სუსგ, №ას-169- 497-09, №ას-939-889-2015; №ას-84-80-2016).
14. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. სარჩოს მიღების უფლების ხანგრძლივობა პირდაპირაა დაკავშირებული დაზარალებულის მხრიდან ხელფასის მიღების შესაძლებლობასთან. სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, დაზარალებულს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის შრომით ანაზღაურებას.
15. სარჩოს გადახდით დაზარალებულისათვის შემოსავლის მიღება უზრუნველყოფილია ზიანის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ, ჯანმრთელობის დაზიანების გამო, მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს, თუმცა განუსაზღვრელი ვადით სარჩოს დაწესება, თავისთავად არ გულისხმობს სარჩოს უვადოდ გადახდის ვალდებულებას. სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც სარჩოს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო (შდრ: სუსგ-ები №ას-169-497-09, №ას-939- 889-2015; №ას-84-80-2016).
16. პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა სარჩოს გადაანგარიშება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც, პრეზუმირებულია, რომ პირი იმუშავებდა თავისი პროფესიით და მიიღებდა იმ შეღავათებს და უპირატესობას, რასაც ანალოგიურ, თანაბარ პირობებში მყოფი მუშაკი. ამდენად, ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების, პროფესიული დაავადების არ არსებობისა და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს, ე.ი. სახეზე იყო ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით (სსკ-ის 411-ე მუხლი) (იხ. სუსგ №ას-1220-1145-2015, 3.06.2016წ.).
17. მოპასუხე არამართლზომიერად არ ახდენდა მოსარჩელის სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას მოქმედი ელმავალის მემანქანის გაზრდილი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით და მოპასუხის მიერ, მოსარჩელისათვის მისაცემი სარჩოს ოდენობაში, მემანქანის ხელფასის გაზრდილი ოდენობის გაუთვალისწინებლობით, მოსარჩელე არასრულად იღებდა სარჩოს, რითაც მას ადგებოდა ზიანი.
18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ჯერ არ მიუღწევია 65 წლის ასაკისათვის, რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდულ გადამოწმებას აღნიშნულ არგუმენტი სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხველ გარემოებად ვერ გამოდგება დავის გადაწყვეტისათვის, ვინაიდან უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხის ბრალეულობით დაკარგა 80%-ით პროფესიული საქმიანობის უნარი და მას ეს უნარი რომ არ დაეკარგა როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექნებოდა მას გადამოწმების შედეგად წარმოადგენს მხოლოდ მოპასუხის ვარაუდს, რაც რაიმე მტკიცებულებით არ არის გამყარებული და მიეკუთვნება ალბათობის და თეორიის სფეროს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა გარემოებები და დაადგინა, რომ არსებობდა სარჩოს ოდენობის გაზრდის საფუძველი.
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა (მოპასუხე) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის უარყოფას შემდეგი საფუძვლებით:
20. სააპელაციო სასამართლოს სარჩოს გადაანგარიშებისათვის არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი, რამდენადაც აღნიშნული მუხლი სარჩოს გადაანგარიშებას არ აწესრიგებს. უფრო მეტიც, სარჩოს გადაანგარიშების შესახებ მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი საერთოდ არ გააჩნია.
21. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტი №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ყოველთვიური სარჩო გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება.
22. სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ დანაწესს და ადგენს პირველადი მდგომარეობის აღდგენის საშუალებას სარჩოს დანიშვნის გზით. აღნიშნული ნორმა პირდაპირ ადგენს ასეთ შემთხვევაში, რა მეთოდით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ხოლო მასზე ამავე მუხლის პირველი ნაწილის გავრცელება, როგორც განსხვავებული მოწესრიგება, დაუშვებელია.
23. კასატორი აღნიშნავს, რომ გასახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლად მითითებლი გარემოება: რომ არა უბედური შემთხვევა, ის ნამდვილად მიიღებდა იმ შემოსავალს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ის მოითხოვს სტაბილური ხელფასის სახით.
24. შეუძლებელია მიუღებელი შემოსავლის მთელი ცხოვრების მანძილზე წინასწარ ზუსტად განსაზღვრა. კანონი ლოგიკურად დარჩა საკითხის მოწესრიგების იმგვარ ფორმაზე, როგორიცაა სარჩოს გამოანგარიშება და დანიშვნა იმ ოდენობიდან, რა ოდენობითაც დაზარალებული იღებდა ხელფასს ზიანის მიყენების დროს. სარჩოს სახით ყოველთვიური გადახდის ვალდებულება განისაზღვრა 65 წლის ასაკამდე და არა სიცოცხლის ხანგრძლივობით.
25. მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 18 სექტემბრის N9/43 დადგენილებით დამტკიცდა ინსტრუქცია სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და უსაფრთხებასთან დაკავშირებულ დასაქმებულთა და დასასაქმებელ პირთა პირველადი და სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების დამატებითი მოთხოვნების შესახებ. დასაქმებულმა პერიოდული სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს 3 წელიწადში ერთხელ. 60 წლის ზემოთ ერთხელ. აქედან გამომდინარე მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობა (მატარებლის შემდგენელი) მოითხოვს კარგ ფიზიკურ მონაცემებს და ჯანმრთელობას, რაც რეგულირდება ხსენებული ინსტრუქციით.
26. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
30. მოსარჩელე საწარმოო ტრავმის მიღებამდე დასაქმებული იყო მოპასუხე საწარმოში მემანქანის პოზიციაზე.
31. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა და შრომითი დასახიჩრების გამო დაეკარგა პროფესიული შრომის უნარი 80% უვადოდ.
32. მოსარჩელეს სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით დანიშნული აქვს და ამჟამად მოპასუხისაგან ღებულობს ყოველთვიურ სარჩოს შრომისუნარის უვადოდ 80%-ით დაკარგვის გამო გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მემანქანის ხელფასის 80% - 1252 ლარის ოდენობით.
33. 01.01.2023 წლიდან მოპასუხე საწარმოში გაიზარდა მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებულ თანამდებობაზე მომუშავე მოქმედი მუშაკის ხელფასი და 2023 წლის 01 იანვრიდან დღემდე შეადგენს 1815 ლარს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
34. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
35. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, მისი განმარტებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სარჩოს გადაანგარიშების შესაძლებლობას. შესაბამისად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არა სსკ-ის 408-ე მუხლი, არამედ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაზე არ ვრცელდება აღნიშნული წესი, ვინაიდან მოსარჩელე არ წარმოადგენს ამ წესის მეხუთე პუნქტით განსაზღვრული დახმარების მიმღებ პირს. შრომითი ურთიერთობისას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
37. სსკ-ით დადგენილია ზიანის ანაზღაურების ორი წესი: სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები და დელიქტური ვალდებულებები. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადგენილია: იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ხოლო, მეორე ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. (იხ. სუსგ-ები Nას-349-349-2018, 18.06.2020წ; Nას-57-57-2018, 08.02.2021წ; Nას-269-2022, 31.05.2022წ).
38. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სსკ-ის 408-ე მუხლთან დაკავშირებით, რომლის პირველი ნაწილის მიზანია დაზარალებულისთვის ზიანის მიყენებდამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კერძოდ კი დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენება, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა. განსახილველ შემთხვევაშიც, სარჩოს გადაანგარიშების მიზანი დაზარალებულისთვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსებაა, რომელიც მიიღო დაზიანების გამო, რაც ნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. რაც შეეხება ამ მუხლის მეორე ნაწილს, იგი მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა დრომდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია (იხ. სუსგ-ები: №ას-169-497-09, 24.07.2009წ; № ას-939-889-2015, 13 ნოემბერი, 2015წ; №ას-84-80-2016, 11 მარტი, 2016 წ; №ას-1180-1141-2016, 31 მარტი, 2017 წელი; №ას-349-349-2018, 18 ივნისი, 2020.; №ას-1149-2021, 26 ოქტომბერი, 2022 წ.).
39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ხოლო, მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად, განხორციელდეს ე.წ რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა სახეზე. სადავო შემთხვევაშიც, სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანების (უბედური შემთხვევის) გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან (დელიქტის არარსებობის პირობებში) აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. რაც შეეხება იმავე მუხლის მე-2 ნაწილს, იგი მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა დრომდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია. ამდენად, შეფასებას საჭიროებს გარემოება, რომელიც პირის დასაქმების პერიოდს უკავშირდება (იხ. სუსგ საქმე №ას-52-48-2017, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
41. საგულისხმოა თავად უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) მოთხოვნის ფარგლებიც. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
42. საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკის თანახმად, პრეზუმირებულია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული საწარმო აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ, მართალია, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, თუმცა დაზარალებულისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს (იხ. სუსგ-ები: №1216-1141-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №1220-1145-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-1180-1141-2016, 31 მარტი, 2017 წელი; №ას-1195-2022 16.12.2022 წ).
43. ზიანის ანაზღაურების სამართალში, როდესაც საქმე ეხება შრომისუნარიანობის შემცირებას ან დაკარგვას, ეს „არ განისაზღვრება აბსტრაქტულად, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, არამედ, კონკრეტულად, რეალური შემოსავლის დაკარგვის მიხედვით. თუ დაზიანების გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელებას, ზიანის ანუ სარჩოს ოდენობის გამოთვლისათვის გადამწყვეტია, თუ რამდენად შეუძლია მას, გამოიყენოს შერჩენილი შრომის უნარი. ანაზღაურებადია ასევე მთელი ის ზიანი, რაც დაზარალებულს ადგება, შრომისუნარიანობის ნაწილობრივ შენარჩუნების ან აღდგენის მიუხედავად, ახალი სამუშაოს პოვნის შეუძლებლობით. თვითდასაქმებულისა და დაქირავებული მუშაკის შემთხვევაში მოქმედებს ვარაუდი, რომ დაზიანების გარეშე ის განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა შესაბამის ხელფასს“ (იხ. გიორგი რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 408, ველი 29).
44. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება საწარმოს ეკისრება დაზარალებულის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო, დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს (იხ. სუსგ-ები: №ას-349-349-2018, 2018 ივნისი, 2020წელი; №ას-269-2022, 31 მაისი, 2022 წელი; №ას-854-2022, 20 ოქტომბერი, 2022 წელი). განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მოსარჩელე დაბადებულია 1963 წლის 28 აპრილს (იხ. ს.ფ 16).
45. ამ განჩინების პ.25 -ში მითითებულ კასატორის პრეტენზიას რაც შეეხება, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს პრეტენზია უსაფუძვლოა, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაკარგა 80%-ით პროფესიული საქმიანობის უნარი და ამ უნარის შენარჩუნების შემთხვევაში, გადამოწმების შედეგად როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექნებოდა მას, ეს მხოლოდ სავარაუდო საკითხია და ობიექტურად ვერ იქნა გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში არ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ დასაქმებული ვერ გაივლიდა შემოწმებას. რომ არა პროფესიული შრომისუნარიანობის უვადოდ დაკარგვა, დასაქმებულს შეეძლო არა მხოლოდ ემუშავა, არამედ კარიერული დაწინაურების პრინციპითაც ესარგებლა და საკუთარი შრომით არათუ მის მიერ მანამდე დაკავებულ პოზიციაზე განსაზღვრული და შემდეგ გაზრდილი ოდენობის ხელფასი, არამედ უფრო მეტი ანაზღაურება გამოემუშავებნა. ამდენად, ყველა ვარაუდი იმ პირის სასარგებლოდ მოქმედებს, რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, საწარმოო ტრავმის შედეგად დაუზიანდა ჯანმრთელობა და მოეშალა შრომის უნარი ნაწილობრივ ან სრულად (შდრ: სუსგ №ას-854-2022, 20 ოქტომბერი, 2022 წელი).
46. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ასკვნის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ., სუსგ-ები: №ას-62-2023, 16.03.23; №ას-854-2022, 20.10.2022; №ას-269-2022, 31,05.22; №ას-349-349-2018, 18.06.2020).
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
50. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. სს „ს.რ–ას“ (ს.კ: ..........) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 10.08.2023-ში N694 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე