საქმე №ას-566-2023 13 ოქტომბერი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს.თ–ძე, ნ.დ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სხდომის გონივრული ვადით გადადება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.გ–ძის სარჩელი ნ.დ–ძის და ს.თ–ძის მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, დაკმაყოფილდა.
აღნიშუნლი განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და 2023 წლის 15 თებერვალს, წარმომადგენლის შეცვლის გამო, პროცესის გადადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენეს.
აღნიშნული შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის ზეპირ სხდომაზე დაკმაყოფილდა, საქმის განსახილველად 2023 წლის 18 აპრილს 16:00 საათზე გადაიდო.
სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხე მხარემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სხდომის არანაკლებ ექვსი თვის ვადით გადადება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივარში წარმოდგენილი მოთხოვნის დაზუსტება, ვინაიდან უთითებდნენ 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც საქმის განხილვა 2023 წლის 18 აპრილს 16:00 საათზე გადაიდო, თუმცა აღნიშნული თარიღით განჩინება საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი.
აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ლ.ჯ–ს ორჯერ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა ვერ ჩაბარდა. სასამართლომ დამატებით ხარვეზის შესახებ განჩინება გაუგზავნა ს.თ–ძეს და ნ.დ–ძეს, რომელთაც ჩაბარდათ 2023 წლის 15 აგვისტოს.
2023 წლის 16 აგვისტოს სასამართლოს მომართა კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა და განაცხადა, რომ ასაჩივრებს საქმის განხილვის 2023 წლის 18 აპრილს გადადების შესახებ განჩინებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს.თ–ძის და ნ.დ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩვრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორები ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინებას სხდომის 2023 წლის 18 აპრილს გადადების თაობაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხდომის გადადების შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს.თ–ძის და ნ.დ–ძის კერძო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 420-ე, 414-ე, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.თ–ძის და ნ.დ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი