Facebook Twitter
საქმე №ას-1029-2023 13 ოქტომბერი, 2023 weli,
ქ. თბილისი



სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს "ლ.ბ–ი" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.ჯ–ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ლ.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, ბანკი ან გამსესხებელი) სარჩელი ჯ.ჯ–იას (შემდეგში: მოპასუხე, კლიენტი ან მსესხებელი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2019 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 15 744.25 ლარის გადახდა დაეკისრა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 13 185.58 ლარი, პროცენტი - 2 058.67 ლარი, ჯარიმა - 500 ლარი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 20 ნოემბერს გაფორმდა №147.4237160.002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე 15 000 ლარის სესხი გაიცა. კრედიტის მოქმედების ვადად 36 თვე განისაზღვრა, წლიური 15.5 % სარგებლის დარიცხვის პირობით. მხარეებმა შეათანხმეს პირგასამტეხლოც - კრედიტის ძირითადი თანხის 0.257 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.2. ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის თანახმად, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენდა 524.92 ლარს (ძირითადი თანხა და პროცენტი), ხოლო მთლიანად გადასახდელი თანხა - 18 897.24 ლარს (ძირითადი თანხა და პროცენტი);
3.3. ბანკა 2020 წლის 20 მარტს კლიენტს გაუგზავნა შემდეგი შინაარსის სმს შეტყობინება: „მომხმარებლებზე ზრუნვის მიზნით, თქვენს სესხებზე გააქტიურებულია 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი, თუ არ გსურთ შეღავათით სარგებლობა, გთხოვთ, 25 მარტამდე დააფიქსიროთ გადაწყვეტილება ბმულზე: httpს//l....ge/“. კლიენტს (მოპასუხეს) საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე უარი არ დაუფიქსირებია;
3.4. ბანკის მიერ კლიენტისათვის 2020 წლის 20 მარტს შეთავაზებული საკრედიტო პროდუქტების გადავადების პირობების 2.2 პუნქტის თანახმად, გადავადების პერიოდია - 3 (სამი) თვიანი ვადა, რომელიც ემატება შესაბამისი საკრედიტო პროდუქტის მოქმედების (სრულად დაფარვის) იმ ვადას, რაც ძალაში იყო წინამდებარე გადავადების პირობების ამოქმედებამდე;
3.5. საკრედიტო პროდუქტების გადავადების პირობების 2.6 პუნქტის თანახმად, საშეღავათო პერიოდია - დროის მონაკვეთი 2020 წლის 13 მარტიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით, რომლის განმავლობაშიც კლიენტი არ იხდის საკრედიტო პროდუქტზე დარიცხულ პროცენტს და საკომისიოებს, ასევე, საკრედიტო პროდუქტის ძირითად თანხას, თუ გადახდის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
3.6. მოპასუხისაგან საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე უარის არარსებობის პირობებში, მოსარჩელემ დააკორექტირა მომხმარებლის ინტერნეტ ბანკში სესხის დაფარვის გრაფიკი, რის შედეგადაც, ვალდებულების შესრულების ვადა, ნაცვლად 36 თვისა, განისაზღვრა 50 თვიანი გადახდის პერიოდით, თვეში - 518.97 ლარის ოდენობით. ამასთან, კლიენტის (მოპასუხის) ვალდებულება ბანკის წინაშე გაიზარდა 1 197.94 ლარით (საიდანაც პროცენტია - 484 ლარი, ხოლო ძირითადი თანხა - 713.94 ლარი);
3.7. კლიენტმა 2019 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულება 2021 წლის 25 იანვრიდან დაარღვია;
3.8. 2019 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხემ ჯამში 3 652.99 ლარი გადაიხადა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 1 814.42 ლარს, ხოლო პროცენტი - 1 838.57 ლარს შეადგენს;
3.9. მოპასუხემ საქმის მომზადების ეტაპზე სარჩელი სცნო ნაწილობრივ - სესხის ძირითადი თანხის - 13 185.58 ლარის დაკისრების ნაწილში, ამასთან, სადავოდ გახადა კრედიტის დაფარვის ახალი გრაფიკით გაზრდილი ძირითადი თანხისა და პროცენტის დარიცხვის კანონიერება.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, შესაფასებელია, მოსარჩელის მიერ „მომხმარებლებზე ზრუნვის მიზნით“, სესხზე გააქტიურებული „სამთვიანი საშეღავათო პერიოდის“ ფარგლებში მოპასუხისათვის შეთავაზებული პირობების შესაბამისობა კეთილსინდისიერებისა და კონტრაჰენტის ინტერესებისადმი გულისხმიერად მოპყრობის პრინციპებთან.
5. იმ გარემოების შესაფასებლად, თუ რამდენად იყო მოცემულ შემთხვევაში დომინირებული კონტრაჰენტის - ბანკის მიერ დაცული სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპები, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5.1. გამსესხებელი არის საბანკო დაწესებულება და მის ძირითად საქმიანობას სარგებლიანი სესხების გაცემა წარმოადგენს, რა დროსაც მოსარჩელე ცალმხრივად, ხელშეკრულების წინასწარ შემუშავებულ სტანდარტულ პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს;
5.2. პანდემიიდან გამომდინარე, „საკრედიტო პროდუქტების გადავადების პირობები“ მოსარჩელის მიერ წინასწარ იყო შემუშავებული. 2020 წლის 20 მარტს ბანკის მხრიდან გაგზავნილ სმს-ზე („მომხმარებლებზე ზრუნვის მიზნით, თქვენს სესხებზე გააქტიურებულია 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი, თუ არ გსურთ შეღავათით სარგებლობა, გთხოვთ, 25 მარტამდე დააფიქსიროთ გადაწყვეტილება ბმულზე: httpს//loans.lb.ge/“) მოპასუხისაგან 5 დღიან ვადაში რეაგირების არარსებობის შედეგად, ამოქმედდა ბანკის მიერ წინასწარ შემუშავებული საკრედიტო პროდუქტების გადავადების პირობები, რომლის მიხედვითაც სესხის გადახდის გრაფიკში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა;
5.3. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, მოპასუხეს ვალდებულების შესრულების ვადა გაეზარდა არა სამი თვით (როგორც ეს სმს-შია მითითებული), არამედ 14 თვით და ნაცვლად 36 თვისა, განესაზღვრა 50 თვიანი პერიოდით, ამასთან, გაიზარდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების მოცულობაც. ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვალდებულებასა და საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შედეგად განსაზღვრულ ვალდებულებას შორის სხვაობამ 1 197.94 ლარი (აქედან პროცენტი - 484 ლარი, ძირითადი თანხა - 713.94 ლარი) შეადგინა;
5.4. სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლის თანახმად, მოპასუხისთვის ცნობილი არ იყო ხელშეკრულებაში ამგვარი ცვლილებების შეტანის შესახებ. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ თვითნებურად დაადგინა და აგრეთვე თვითნებურად გაზარდა შეთანხმებული, ჯამურად გადასახდელი თანხა.
6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შემთხვევაში, ხელშეკრულების „ძლიერი“ და „სუსტი“ მხარის არსებობა „აღიარებულია“ კერძო სამართლით, რომელიც „სუსტი“ მხარის ინტერესების დაცვას სპეციალური საკანონმდებლო კონტროლით უზრუნველყოფს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 343.1-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა მათ შემთავაზებელსა და ხელშეკრულების მეორე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, როცა: ა. შემთავაზებელი ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე და ბ. ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები.
7. სსკ-ის 343-ე, 344-ე, 346-ე მუხლების ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სტანდარტული პირობების შემცველი ხელშეკრულების გაფორმებისას, „ძლიერ“ მხარეს კანონი, კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტიდან გამომდინარე, დამატებით ავალდებულებს, უზრუნველყოს „სუსტი“ მხარის ინფორმაციული ხელმისაწვდომობა გარიგების ყველა მნიშვნელოვან პირობაზე, რომ მან შეძლოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ხელშეკრულების ხელმოწერისას. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი სადავოდ გამხდარი სტანდარტული პირობის ბათილად ცნობის საფუძველია.
8. ასეთსავე სტანდარტს ადგენს ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2008 წლის 23 აპრილის 2008/48 დირექტივა, რომელიც მომხმარებლის საბანკო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობას აწესრიგებს. აღნიშნული დირექტივის თანახმად, ხელშეკრულების „ძლიერ“ მხარეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველყოფა ევალება, რაც სწორედ „სუსტი“ მხარის დაცვის პერსპექტივიდან გამომდინარეობს. საკრედიტო დაწესებულების მიერ ინფორმირების შესახებ ვალდებულების სრულფასოვანი შესრულება მსესხებელს შესაძლებლობას აძლევს თანასწორი შესაძლებლობების პირობებში, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება ნების თავისუფალი და გაცნობიერებული ფორმირებით. სხვა შემთხვევაში, ინფორმაციული უთანასწორობა შესაძლებლობას აძლევს გარიგების „ძლიერ“ მხარეს, თავს მოახვიოს ოპონენტს მისთვის ხელსაყრელი, წინასწარ შემუშავებული დებულებები.
9. სტანდარტული პირობის შეთავაზებისას, პირის სრული ინფორმირება, როგორც კეთილსინდისიერი მოქმედების მაჩვენებელი, გაზიარებულია ასევე 2010 წლის უნიდროას საერთაშორისო პრინციპებით (UNIDROIT PRINCIPLES), კერძოდ, 2.1.20. მუხლის თანახმად პირობას, რომელიც სტანდარტული სახისაა და გააჩნია იმგვარი ხასიათი, რომ მეორე მხარე გონივრულად არ მოელოდა მას, არ გააჩნია ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული პირობა მეორე მხარის მიერ ნათლად იყო მიღებული (Surprising terms).
10. სსკ-ის 344-ე მუხლის ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ უჩვეულოდ ითვლება სტანდარტული პირობების ის დებულებები, რომლებიც კლიენტს, მისთვის მოულოდნელად, დამატებით ვალდებულებებს აკისრებს ან შეთანხმებულ შესრულებას არსებითად ცვლის და კლიენტს მათი გათვალისწინება არ შეეძლო.
11. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ (ბანკმა) 2020 წლის 20 მარტის ელექტრონული წერილით მოპასუხეს (კლიენტს) განუმარტა, რომ მასზე „ზრუნვის მიზნით“, სთავაზობდა სამთვიან „საშეღავათო პერიოდს“, რომელიც ამოქმედდებოდა, თუ მოპასუხე შესაბამის ბმულზე გადასვლით არ დააფიქსირებდა შეთავაზებაზე უარს. საშუალოდ გონიერი ადამიანის სტანდარტიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ 2020 წლის 20 მარტის სმს-ის შინაარსმა, რომლის თანახმადაც ბანკი „მომხმარებელზე ზრუნვის მიზნით, კლიენტს სთავაზობდა საშეღავათო პერიოდს..“ მოპასუხეს შეუქმნა პოზიტიური მოლოდინი საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ხელშეკრულების ახალი პირობები, რომლის მიხედვითაც მოპასუხეს სამ თვეზე მეტად გაეზარდა ვალდებულების შესრულების ვადა, ამასთან, მნიშვნელოვნად გაეზარდა ვალდებულების ოდენობა, უნდა შეფასდეს სსკ-ის 344-ე მუხლით გათვალისწინებულ უჩვეულო პირობად, რომელმაც მოპასუხეს მისთვის მოულოდნელად დამატებითი ვალდებულება დააკისრა.
12. ამრიგად, მოსარჩელის 2020 წლის მარტის „საკრედიტო პროდუქტის გადავადების პირობები“, როგორც ბანკის მიერ მოპასუხისათვის შეთავაზებული უჩვეულო სტანდარტული დებულება, სსკ-ის 344-ე მუხლის თანახმად, არ იქცევა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად და არ არის ნამდვილი, თუ შემთავაზებელი არ გააქარწყლებს მოულოდნელობის ეფექტს კვალიფიციური მითითების მეშვეობით. იმისათვის, რომ შემთავაზებელმა გააქარწყლოს სტანდარტული პირობის მოულოდნელობის ეფექტი, აუცილებელია მკაფიო მითითება და მოპასუხის ინფორმირება ხელშეკრულების სტანდარტული პირობის უჩვეულო დებულებაზე.
13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მან სრულფასოვნად შეასრულა „საკრედიტო პროდუქტების გადავადების პირობების“ შესახებ მოპასუხის ინფორმირების ვალდებულება და რომ აღნიშნულ პირობაზე თანხმობა მსესხებლის გააზრებულ ნებას წარმოადგენდა, თუმცა, მან ასეთი მტკიცება სასამართლოს ვერ წარუდგინა. აპელანტმა (ბანკმა) ვერ დაადასტურა, რომ ხელშეკრულებაში და შესაბამისად, გადახდის გრაფიკში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც გაიზარდა ვალდებულების მოცულობა და ვალდებულების შესრულების პერიოდი, მოპასუხისათვის (კლიენტისათვის) განსაკუთრებული წესით იყო ხელმისაწვდომი ან/და განმარტებული. ასეთი მტკიცების არარსებობის პირობებში კი, „საკრედიტო პროდუქტების გადავადების პირობები“, რომელთა საფუძველზეც გაიზარდა მოპასუხის პასუხისმგებლობა, სსკ-ის 344-ე, 346-ე მუხლების თანახმად, ბათილია.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა იმის შესახებ, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებაც მას გააჩნდა 2019 წლის 20 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად: ძირითადი თანხა - 13 185.58 ლარი და პროცენტი - 2058.67 ლარი.
15. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს დაკისრება მოხდა ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით - მხედველობაში იქნა მიღებული ხელშეკრულების ტიპი, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო (500 ლარის ოდენობით) უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.

15.1. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.2. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე ბანკმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
15.3. კასატორის განმარტებით, საქართველოს მთავრობისა და საბანკო სექტორის მიერ მომხმარებელთათვის აქციის შეთავაზების საფუძველი იყო ქვეყანაში შექმნილი ვითარება, რის გამოც ფორსირებულად მოხდა სამუშაო რეჟიმის დისტანციურ სივრცეში გადატანა. აღნიშნული შეთავაზების შესახებ ქვეყნის მოსახლეობისათვის ცნობილი გახდა სწორედ საქართველოს მთავრობის განცხადებით. ქვეყანაში მაქსიმალურად შეიზღუდა მიმოსვლა და „დარჩი სახლში” მოწოდების ფარგლებში ბანკმა მიიღო ყველა ზომა იმისთვის, რომ მომსახურების და ინფორმაციის მიღება მომხდარიყო დისტანციური არხებით. ცხადია, იმ პირობებში, როდესაც სესხის გადავადებით ისარგებლა ათასობით მომხმარებელმა და ქვეყანაში შეზღუდული იყო გადაადგილება, ვერ მოხდებოდა თითოეულ მომხმარებელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება. საკითხი ეხებოდა მხოლოდ სესხის ვადის გაზრდას, რაზე შეთანხმებაც მოხდა ბანკსა და მომხმარებელს შორის ნების გამოვლენის საფუძველზე. თითოეულ მსესხებელს ბანკის მხრიდან გაეგზავნა შეტყობინება (კომუნიკაციის ამგვარი ფორმა შეთანხმებულია ხელშეკრულებით) და მიეცათ არჩევანის შესაძლებლობა, გაეგრძელებინათ გადახდა უკვე არსებული გრაფიკით, ან გაეგრძელებინათ ხელშეკრულების ვადა;
15.4. მოპასუხეს შეტყობინების გაგზავნიდან ჰქონდა გონივრული ვადა იმისათვის, რომ გაცნობოდა პირობებს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოეხატა ნება სესხის გადავადებით სარგებლობის შესახებ. მოპასუხეს პირად ნომერზე მიუვიდა სმს შეტყობინება, რომ ბანკი სთავაზობდა ორ ვარიანტს - პირველი, ესარგებლა საშეღავათო პერიოდით; მეორე - არ დათანხმებოდა პირობებს და ბანკში მისვლით უარი დაედასტურებინა. ვინაიდან, უარი არ დაუფიქსირებია, აღნიშნული ნიშნავს მხარის თანხმობას. გაუგებარია, რატომ გახდა ბანკი არაკეთილსინდისიერი, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეს სესხის დაფარვის ორი გზა შესთავაზა. ამასთან, რომელიმე პირობის ბუნდოვანების შემთხვევაში, მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა, პირობების დაზუსტების მიზნით, დაკავშირებოდა ბანკის ცხელ ხაზს, რაც მას არ განუხორციელებია.
15.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის (ბანკის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32)
18. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
19. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამსესხებლის ძირითადი საკასაციო პრეტენზია იმას შეეხება, რომ მას კეთილსინდისიერების პრინციპი არ დაურღვევია და მან მსესხებელს სესხის გადავადების ორი ალტერნატიული გზა შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო კიდეც (კონკრეტულ შემთხვევაში თანხმობა უარის განუცხადებლობით გამოიხატა)
21. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას კეთილსინდისიერების პრინციპთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ასევე - შეფასებას ხელშეკრულების ე.წ. „ძლიერი“ და „სუსტი“ კონტრაჰენტების შესახებ, რაზეც მოხმობილია ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკა (იხ. ამ განჩინების 7-10 პუნქტები).
22. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.
23. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტზე მითითებით აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ადასტურებს მის მიერ მითითებულ მთავარ სადავო გარემოებას, რომ მოპასუხემ სესხის გადავადების პირობები დეტალურად იცოდა (იხ. ამ განჩინების მე-13 პუნქტი). საქმის მასალების მიხედვით მსესხებელმა სესხის 3 თვით გადავადების შესახებ შეთავაზება მიიღო, რაც მას არ უარუყვია, რეალურად კი ბანკმა მსესხებელს კრედიტის ვადა 14 თვით გაუგრძელა, ამასთან, გაიზარდა გადასახდელი თანხაც, რაც მართებულად შეფასდება ხელშეკრულების უჩვეულო პირობად, რომლის თაობაზეც მსესხებლის თანხმობა აუცილებელი იყო (სსკ-ის 344-ე, 346-ე მუხლები. იხ. ამ განჩინების 11-12 პუნქტები).
24. სსკ-ის 344-ე მუხლის თანახმად, სტანდარტული პირობების ისეთი დებულებები, რომლებიც ფორმის მიხედვით იმდენად უჩვეულოა, რომ მეორე მხარეს არ შეეძლო მათი გათვალისწინება, ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად არ იქცევა. იმავეს ადგენს გერმანიის სამოქალაქო კოდექსიც, კერძოდ, სტანდატული პირობა თუნდაც აკმაყოფილებდეს კანონმდებლის მოთხოვნებს, იგი ვერ გადაიქცევა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, თუ მეორე მხარისათვის ასეთი პირობების არსებობა მოულოდნელი იყო (შდრ: Becker, in Beck OK BGB, 45.Aufl, §305c, Rn.2).
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების შემოწმება, საერთოდ სახეზეა თუ არა სტანდარტული პირობა (სსკ-ის 342-ე მუხლი) და, ამის დადასტურების შემთხვევაში, ხდება თუ არა ის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი (სსკ-ის 343-ე მუხლი), სისტემურად წინ უსწრებს სსკ-ის 344-ე მუხლის დანაწესის შემოწმებას. სსკ-ის 344-ე მუხლის მიხედვით, კონტროლი არის „ხელშეკრულებაში ჩართვის ნეგატიური კონტროლი“ და შესაბამისად, იმ შედეგის კორექტირება, რომლის მიხედვითაც პირობა „თავისთავად“ იქნებოდა ძალაში, უჩვეულო რომ არ ყოფილიყო (იხ. სუსგ N ას-812-2022, 05.10.2022 წ.).
26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ერთი მხრივ, სსკ-ის 344-ე და, მეორე მხრივ, 346-348-ე მუხლების (ჩართვის ნეგატიური კონტროლი) წინაპირობების შემოწმება შეიძლება მოხდეს პარალელურად, თუმცა ეს აუცილებელი არ არის. არა ყოველი პირობა, რომელიც უჩვეულოა, არის იმავდროულად ( და მხოლოდ ამის გამო) შინაარსობრივად დაუშვებელი და პირიქით. სამართლებრივი შედეგი ორივე შემთხვევაში იდენტურია: ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილი რჩება ძალაში და უჩვეულო თუ შინაარსობრივად დაუშვებელ პირობას ანაცვლებს კანონისმიერი დისპოზიციური დანაწესები (იხ. სუსგ-ები: N ას-812-2022, 05.10.2022 წ; N ას-372-2023, 6.10.20203წ. -).
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უჩვეულოდ ჩაითვლება სტანდარტული პირობების ის დებულებები, რომლებიც ხელშეკრულების მეორე მხარეს, მისთვის მოულოდნელად დამატებით ვალდებულებებს აკისრებს ან შეთანხმებულ შესრულებას არსებითად ცვლის და ხელშეკრულების მხარეს მათი გათვალისწინება არ შეეძლო (შდრ: ლ.ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2001, მუხლი 344, გვ.190.).
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმის დასადგენად, თუ რა ჩაითვლება ხელშეკრულების უჩვეულო სტანდარტულ პირობად, აუცილებელია შედარება “ჩვეულ“ რეგულაციასთან, რაც წამოჭრის საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი თვალსაწიერიდან უნდა განისაზღვროს, რა ჩაითვლება „ჩვეულ“ წესად. ნების გამოხატვის შინაარსის დადგენისას, გადამწყვეტია არა შემთავაზებლის, არამედ მიმღების თვალსაწიერი(შდრ: Becker, in Beck OK BGB, 45.Aufl, §305c, Rn.14). მნიშვნელობა ენიჭება არა კონკრეტული მეორე მხარის სუბიექტურ დამოკიდებულებას, არამედ კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე ჩამოყალიბებულ მოლოდინს. სსკ-ის 344-ე მუხლის ამოქმედებისათვის, ხელშეკრულების სტანდარტული პირობის უჩვეულო დებულება უნდა იყოს იმავდროულად მოულოდნელი ანუ უნდა ჰქონდეს ე.წ. „მოუმზადებლად თავზე დატყდომის ეფექტი“. ასევე გასათვალისწინებელია გარემოებები, რომლებშიც იდება ცალკეული ხელშეკრულება შემთავაზებლის ქცევის ჩათვლით (შდრ: რუსიაშვილი/ალადაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 344, ველი18.).
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს ბანკის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "ლ.ბ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "ლ.ბ–ს" (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2023 წლის 26 ივლისი), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი


მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი


მ. ერემაძე