საქმე №ა-5303-შ-162-2023 10 ნოემბერი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.გ–ძე
დოკუმენტი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, კიონიგშტაინ იმ ტაუნუსის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 25 ნოემბერს გაცემული ორმაგი სამკვიდრო მოწმობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2023 წლის 24 ოქტომბერს, შუამდგომლობით მომართა ი.გ–ძემ და მიუთითა, რომ გერმანიის, კიონიგშტაინ იმ ტაუნუსის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 25 ნოემბერს გაცემული ორმაგი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე - 1) ს.გ–გან გერმანიის კანონის გამოყენებით მიიღეს მემკვიდრეობა ი.ქ.ფ–მა, ა.გ–ძემ და ი.გ–ძემ. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობა არ ეხება საქართველოში მდებარე უძრავ ქონებას; 2) საქართველოს კანონის გამოყენებით მიიღეს მემკვიდრეობა ი.ქ.ფ–მა, ა.გ–ძემ და ი.გ–ძემ. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობა ეხება საქართველოში მდებარე უძრავ ქონებას.
2. ი.გ–ძემ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით გერმანიის, კიონიგშტაინ იმ ტაუნუსის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 25 ნოემბერს გაცემული ორმაგი სამკვიდრო მოწმობის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68.1-ე და 69.2-ე მუხლების საფუძველზე.
3. ი.გ–ძის შუამდგომლობას ახლავს შემდეგი დოკუმენტების ასლები: გერმანიის, კიონიგშტაინ იმ ტაუნუსის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 25 ნოემბერს გაცემული ორმაგი სამკვიდრო მოწმობის აპოსტილით დამოწმებული ასლი; ნოტარიუსის მიერ, 2023 წლის 29 სექტემბერს, გაცემული რწმუნებულება, რომლითაც ი.გ–ძემ პ.გ–ს მიანიჭა უფლებამოსილება, რომ იყოს მისი წარმომადგენელი ყველა ინსტანციის სასამართლოში (შუამდგომლობას ი.გ–ძის სახელით ხელს აწერს გ.დ–ია).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მოთხოვნებს და არ უნდა იქნას მიღებული წარმოებაში.
4. სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
5. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის იურიდიულ ინტერესს, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ, სამკვიდროს საკუთრებაში მიღება უნდა წარმოადგენდეს.
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტშია აღნიშნული, დგინდება, რომ გარდაცვლილ ს.გ–ძის სამკვიდროში შედის როგორც გერმანიაში, ასევე, საქართველოში მდებარე უძრავი ქონებები.
7.საკასაციო სასამართლო ი.გ–ძის შუამდგომლობის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლად შემდეგ გარემოებებს მიიჩნევს:
7.1.სპეციალური კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყოფება. ამ ქვეყნის სანივთო-სამართლებრივი ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მითითებითი (კოლიზიური) ნორმის მიხედვით სხვა ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული;
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა;
7.3. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71 ბრძანების 77-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში იღებს ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად, აღწერს სამკვიდრო ქონებას, ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ფუნქციებს ასრულებს ნოტარიუსი სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობისა და სამკვიდროს გახსნის ადგილის მიუხედავად. ამავე ბრძანების 91-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია შემდეგი: თუ მამკვიდრებელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე (მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის გარდა) და სამკვიდრო მასაში არის ქონება, რომლის ადგილსამყოფელი არის საქართველო, ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას გასცემს შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის (ან სხვა დოკუმენტის, რომელიც სამკვიდრო მოწმობას ცვლის) საფუძველზე. ამ შემთხვევაში ნოტარიუსს უნდა წარედგინოს მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა და საქართველოში შესაბამისი ქონების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული კანონმდებლობით დადგენილი წესით;
7.4. სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად საქართველოში ნამდვილად ითვლება სამოქალაქო აქტების ჩანაწერები და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია და ლეგალიზებულია ან აპოსტილით დამოწმებულია საზღვარგარეთ, სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე, თუ ამ კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
8. მოცემულ შემთხვევაში, მხარის იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.გ–ძის მოთხოვნის დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს და არა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები, რადგან საკითხის გადაწყვეტა (სამკვიდროზე საკუთრების მოპოვება) სანოტარო ბიუროს და არა სასამართლოს კომპეტენციაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.გ–ძეს უარი ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე;
2. მასვე დაუბრუნდეს შუამდგომლობაზე დართული მასალები და განემარტოს, რომ მისი მოთხოვნის (ინტერესის) დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს და არა სასამართლოს კომპეტენციაა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი