№ას-1225-2023 3 ნოემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.კ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.04.2023 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „გ.კ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა:
- მოსარჩელეს შეუმცირდეს 2019 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების ღირებულების 0.01%-მდე. პირგასამტეხლო ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვროს 77.45 ლარის ოდენობით, ჯამში 1 239.20 ლარი (774488,04-ის 0,01%X16 ვადაგადაცილებულ დღეზე=1239,20 ლარი);
- დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელისათვის დაკავებული თანხიდან 24 783.52 ლარიდან 23 544.32 ლარის ანაზღაურება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, შემცირდა მხარეთა შორის 2019 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N88 ხელშეკრულებით განსაზღვრული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და განისაზღვრა ვადაგადაცილების მომენტისათვის შესასრულებელი ვალდებულებიდან - 592 955.44 ლარიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.02%-ის ოდენობით - 118.59 ლარი, რაც 16 დღეზე შეადგენს 1 897.45 ლარს; მოპასუხეს დაევალა მხარეთა შორის გაფორმებული 2019 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N88 ხელშეკრულების ფარგლებში დაკავებული თანხიდან - 24 783.52 ლარიდან მოსარჩელისათვის 22 886.07 ლარის დაბრუნება (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 236-260). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.04.2023 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მითითებული პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ, შემცირდა მხარეთა შორის 2019 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N88 ხელშეკრულებით განსაზღვრული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და განისაზღვრა ვადაგადაცილების მომენტისათვის შესასრულებელი ვალდებულებიდან - 592 955.44 ლარიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით - 296 ლარი, რაც 16 დღეზე შეადგენს 4 736 ლარს; მოპასუხეს დაევალა მხარეთა შორის გაფორმებული 2019 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N88 ხელშეკრულების ფარგლებში დაკავებული თანხიდან - 24 783.52 ლარიდან მოსარჩელისათვის 20 047,52 ლარის დაბრუნება (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.3, ს.ფ. 52-69). გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.10.2023 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და კასატორს მიეცა 10 დღე მის შესავსებად. კასატორმა ხარვეზის შევსების ვადაში, 20.10.2023 წელს, წარმოადგინა შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე. გათვალისწინებით იმისა, რომ კასატორი მოპასუხეა და არა მოსარჩელე, 30.10.2023 წლის განჩინებით მას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით.
5. კასატორმა 02.11.2023 წელს წარმოადგინა განცხადება, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.
7. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
8. 02.11.2023 წელს კასატორის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე (იხ.: განცხადება, ტ.3, ს.ფ.98; მინდობილობა, ტ.3, ს.ფ.99).
9. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ №ას-712-2020, 04.03.2021 წელი; №ას-1238-2022, 04.10.2022 წელი).
10. კასატორმა განაცხადა, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რადგან კასატორმა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეავსო და განაცხადა უარი საკასაციო საჩივარზე, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. ამდენად, საკასაციო საჩივარზე უარის თქმა მის წარმოებაში მიღებამდე, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ Nას-37-36-2014, 17.02.2014, №ას-1238-2022, 04.10.2022). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 284-ე, 285-ე, 396.4 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.04.2023 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე