საქმე №ას-877-2021 11 ივლისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.კ–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ი, ს.ჯ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.07.2021 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.05.2019 წლის გადაწყვეტილებით ლ.კ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 21.05.2014 წელს დადებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელესა და ს.ჯ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) შორის უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქუთაისი, ...... (ნაგებობის ჩამონათვალი №2 - 63.05 კვ.მ, არასასოფლო-სამეურნეო, ს/კ: .......); პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 აშშ დოლარის გადახდა; სასარჩელო მოთხოვნა მ.მ–ისათვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. 21.05.2014 წელს პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელემ იყიდა ქუთაისში, ..... მდებარე უძრავი ნივთი, ნაგებობის ჩამონათვალი №2-63.05 კვ.მ (ს/კ: .......) 120 000 აშშ დოლარად.
1.2. ვალის არსებობის 21.02.2018 წლის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს მიჰყიდა ფართი, მდებარე: ქუთაისში, ...... (ს/კ: .....), რომლის ღირებულება შეადგენს 20 000 აშშ დოლარს. პირველი მოპასუხე დებს პირობას, რომ აღნიშნულ თანხას 20 000 აშშ დოლარს დაუბრუნებს მოსარჩელეს ეტაპობრივად 2 წლის განმავლობაში, 21.02.2020 წლამდე. მოსარჩელე დებს პირობას არ გაასხვისებს აღნიშნულ ქონებას 21.02.2020 წლამდე და პირველი მოპასუხის მიერ მისთვის თანხის სრული დაბრუნების შემდეგ დაუბრუნებს მას აღნიშნულ უძრავ ქონებას.
1.3. პირველმა მოპასუხემ სარჩელი სრულად ცნო. ის თანახმაა მოსარჩელეს აუნაზღაუროს დავალიანება, რომელიც შეადგენს 20 000 აშშ დოლარს (თანხა, რომელიც პირველ მოპასუხეს ბათილად ცნობილი ქონების ნასყიდობისთვის უნდა დაებრუნებინა). ამასთან, თანახმაა ბათილად იქნეს ცნობილი 21.05.2014 წლის ხელშეკრულება. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში იყო საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო. საქმეზე არ იქნა დადგენილი რაიმე გარემოება (სახელშეკრულებო ვალდებულება, ზიანის მიყენება, მოსარჩელის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრება), რაც მეორე მოპასუხისთვის თანხის დაკისრების საფუძველი გახდებოდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - თანხის მეორე მოპასუხისთვისაც დაკისრება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.10.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის შუამდგომლობა მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად; მეორე მოპასუხეს, პირველ მოპასუხესთან სოლიდარულად, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20000 აშშ დოლარის გადახდა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.10.2019 წლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მეორე მოპასუხემ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.11.2019 წლის განჩინებით მეორე მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2020 წლის განჩინებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებაზე მეორე მოპასუხის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.10.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე გაუქმდა სასამართლოს 20.11.2019 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.07.2021 წლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.05.2019 წლის გადაწყვეტილება (გასაჩივრებულ ნაწილში) დარჩა უცვლელად. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.11.2020 წლის განჩინებაში დაფიქსირებული მსჯელობის/სამართლებრივი შეფასების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის შემთხვევაში დასაბრუნებელი თანხის მეუღლეთა საერთო ვალად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1170-ე მუხლი) შეფასების და ორივე მოპასუხისათვის სოლიდარულად 20000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.
7.2. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე პირველი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძვლად უთითებს 21.05.2014 წლის უძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობისა და 21.02.2018 წლის ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებებს, რომლის მხარესაც მეორე მოპასუხე არ წარმოადგენს.
7.3. სააპელაციო პალატის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მეორე მოპასუხის მიმართ თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, არსებობდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 386-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების (გასაჩივრებულ ნაწილში) უცვლელად დატოვების საფუძველი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, პირველ მოპასუხესთან ერთად, 20 000 აშშ დოლარის მეორე მოპასუხისთვის სოლიდარულად დაკისრება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე მოპასუხისთვის, პირველ მოპასუხესთან ერთად, სოლიდარულად 20000 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. ბათილად ცნობილი 21.05.2014 წლის უძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის მხარე იყო პირველი მოპასუხე, რომელსაც სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) აქვს ნასყიდობის ფასის მიღებული ნაწილის (20 000 აშშ დოლარის) დაბრუნების ვალდებულება. ამ თანხის გადახდის ვალდებულება პირველმა მოპასუხემ 21.02.2018 წლის ხელშეკრულებით აღიარა კიდეც. მისთვის მითითებული თანხის დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
14. წინამდებარე საქმეზე დადგენილია და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ არის წარმოდგენილი, რომ მეორე მოპასუხეს 20 000 აშშ დოლარი არ მიუღია პირველ მოპასუხესთან ერთად, შესაბამისად, არც გამდიდრებულა მის ხარჯზე.
15. მოსარჩელე უთითებს, რომ 20 000 აშშ დოლარი იყო ვალი, რომლის დაბრუნებაც უნდა დაეკისროს არა მხოლოდ პირველ მოპასუხეს, არამედ ასევე მის მეუღლეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ასეთი მოთხოვნის აღძვრის დროს მოსარჩელეს ეკისრება ჯერ შესაბამისი ფაქტობრივი წინაპირობების მითითების, შემდგომ კი მათი დამტკიცების ვალდებულება, რაც მოცემულ საქმეზე არ განხორციელებულა. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მეუღლეთა ვალების დაფარვის წესი განმტკიცებულია სსკ-ის 1170-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში (ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის). ამდენად, საერთო ვალი ისეთი ვალია, რომელიც აღებულია ორივე მეუღლის მიერ ან თუნდაც ერთ-ერთის მიერ, მაგრამ ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. საოჯახო სამართალში, რეგისტრირებული ქორწინების პირობებში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ერთ-ერთი მეუღლის მიერ ვალდებულების ფარგლებში მიღებული ფულადი თანხა მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს, ეკისრება კრედიტორს, რომელიც აღნიშნული ფულადი თანხის გადახდევინებას მეორე მეუღლის კუთვნილი წილიდან მოითხოვს. ვიდრე მოსარჩელე არ დაადასტურებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, მიიჩნევა (პრეზუმირდება), რომ კრედიტორის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ ფულადი თანხის მიმღები მოვალე მეუღლე (სუსგ №ას-1646-2018, 22.03.2019წ., პუნ. 71, 72; შდრ. სუსგ №ას-511-2020, 29.04.2022წ., პუნ. 40; №ას-1334-1254-2017, 18.05.2018წ., პუნ. 1.3.2.). შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის მეორე მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილების წინაპირობა.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.კ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია