Facebook Twitter

საქმე №ას-655-2022 28 აპრილი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ჯ.ყ–ი, ლ.ბ–ვა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.დ–ის უფლებამონაცვლე დ.დ–ი ((მოსარჩელე) მხარდამჭერი ლ.ბ–ვა)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.03.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.10.2021 წლის გადაწყვეტილებით ქ.დ–ის უფლებამონაცვლე დ.დ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ჯ.ყ–ისა და ლ.ბ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „კასატორები“) მიმართ სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე, როგორც ქ.დ–ის უფლებამონაცვლე, ცნობილ იქნა თ.ბ–ვის (შემდეგში „მამკვიდრებელი“) სამკვიდრო ქონების - მისამართი: ქ. თბილისი, ...... ქ. #11 (ყოფილი ...... ), 1/2 წილი (სკ ....), რომელიც აღრიცხულია მოპასუხეების სახელზე, მესაკუთრედ.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.03.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 15.08.2016 წელს. გარდაცვალების მომენტისათვის მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო თბილისში, ...... მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ .......) 1/2 ნაწილი.

3.2. მამკვიდრებელი (ქორწინებამდე გვარი - ს–ვი) 09.11.1951 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ.ბ–თან.

3.3. ქ.ა–ვა 08.03.1991 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ.დ–თან. ქორწინების შემდეგ ქ.ა–ვას მიეკუთვნა ქმრის გვარი - დ–ი (აქტის ჩანაწერი #35).

3.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 15.05.2017 წლის გადაწყვეტილებით, ქ.დ–ის (ა–ვა) დაბადების აქტის ჩანაწერში (აქტი #2651) შესწორდა ბავშვისა და დედის გვარი ,,ბ–ვი“-ზე და დაბადების მოწმობაში ბავშვის სახელი და გვარი მიეთითა - ქეთევანი ბ–ი, ხოლო დედის სახელი და გვარი მიეთითა - თ. ბ–ვი. ამავე გადაწყვეტილებით, ქ.ა–ვას და დ.დ–ის ქორწინების აქტის ჩანაწერში შესწორდა საცოლის ქორწინებამდელი გვარი ,,ბ–ვი“-ზე და ქორწინების მოწმობაში ქალის სახელი და გვარი მიეთითა ,,ქ.ბ–ვი“.

3.5. 30.10.2017 წელს მოპასუხეებმა საჩივრით მიმართეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 15.05.2017 წლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. განმცხადებლებს უარი ეთქვათ საჩივრის განხილვაზე ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო. გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში, თუმცა სარჩელი დარჩა განუხილველად მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.

3.6. ქ.დ–ს ჰყავს შვილი - 01.12.1987 წელს დაბადებული მოსარჩელე.

3.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.05.2010 წლის გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმე #2/8181-09), მამკვიდრებლის განცხადება დაკმაყოფილდა. მამკვიდრებლის შვილი - ქ.დ–ი აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ. ამავე გადაწყვეტილებით ქმედუუნაროდ იქნა აღიარებული მამკვიდრებლის შვილიშვილი - მოსარჩელე.

3.8. სოციალური მომსახურების სააგენტოს 03.06.2010 წლის გადაწყვეტილებებით, მამკვიდრებლის განცხადება, რომლითაც ის ითხოვდა შვილის - ქ.დ–ის და შვილიშვილის (მოსარჩელის) მეურვედ დანიშვნას, დაკმაყოფილდა და დაინიშნა თავისი სრულწლოვანი, ქმედუუნაროდ აღიარებული შვილის და სრულწლოვანი, ქმედუუნაროდ აღიარებული შვილიშვილის (მოსარჩელის) მეურვედ.

3.9. ქ.დ–ი 1981 წლიდან რეგისტრირებული იყო მისამართზე: ქ. თბილისი, ..... (ყოფილი ......). იგი მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების დროისათვის ცხოვრობდა სადავო უძრავ ქონებაში და ფლობდა მას.

3.10. 17.02.2017 წელს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა (#170160078), რომლის მიხედვით, მოპასუხეებმა, როგორც მეორე რიგის მემკვიდრეებმა (ძმისშვილებმა) თანაბარწილად მიიღეს მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება სრულად, მათ შორის მამკვიდრებლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების - მისამართი: ქ.თბილისი, ...... ... (ს/კ:......) 1/2 ნაწილი. მოპასუხეები აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღირიცხნენ უძრავი ნივთის თამამესაკუთრეებად.

3.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 02.11.2016 წლის საოქმო განჩინებით ლ.ბ–ვას განცხადება დაკმაყოფილდა, ქ.დ–ი ცნობილ იქნა დროებითი მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: მკურნალობაზე თანხმობის გამოთქმა; მედიკამენტების მიღება ნებისმიერ დაწესებულებაში; ნებისმიერ სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებული საქმის წარმოება და მიღება ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში; თ.ბ–ვის დანაშთი ქონების (მდებარე: ქ.თბილისი, ...... საკადასტრო კოდი:....) მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანოებისათვის მიმართვა (სამკვიდრო ქონების მიღებაზე უარის თქმის უფლების გარეშე). მოსარჩელე ცნობილ იქნა დროებითი მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: მკურნალობაზე თანხმობის გამოთქმა; მედიკამენტების მიღება ნებისმიერ დაწესებულებაში; ნებისმიერ სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებული საქმის წარმოება და მიღება ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში; ლ.ბ–ვა დაინიშნა ქ.დ–ის და მოსარჩელის დროებით მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში.

3.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.08.2017 წლის გადაწყვეტილებით, ლ.ბ–ვას განცხადება დაკმაყოფილდა, ქ.დ–ი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: მკურნალობაზე თანხმობის გამოთქმა; მედიკამენტების მიღება ნებისმიერ დაწესებულებაში; ნებისმიერ სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებული საქმის წარმოება და მიღება ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში; თ.ბ–ვის დანაშთი ქონების (მდებარე ქ.თბილისი, ...... მე-3 შესახვევი, N12 საკადასტრო კოდი: .......) მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანოებისათვის მიმართვა (სამკვიდრო ქონების მიღებაზე უარის თქმის უფლების გარეშე.) საპროცესო წარმომადგენელობა, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობა. მოსარჩელე ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: მკურნალობაზე თანხმობის გამოთქმა; მედიკამენტების მიღება ნებისმიერ დაწესებულებაში; ნებისმიერ სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებული საქმის წარმოება და მიღება ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში; საპროცესო წარმომადგენელობა, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობა. ლ.ბ–ვა დანიშნა ქ.დ–ის და დ.დ–ის მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭა უფლებამოსილება თვითონ განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად. მხარდაჭერის ვადა (მისი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვრა 5 (ხუთი) წლით. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 02.11.2016 წლის განჩინებით დაწესებული დროებითი მხარდაჭერა.

3.13. ქ.დ–ი გარდაიცვალა 04.12.2018 წელს.

3.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.05.2019 წლის საოქმო განჩინებით ლ.ბ–ვას შუამდგომლობა, დამატებით სფეროში მოსარჩელისთვის დროებითი მხარდაჭერის დანიშვნის შესახებ, დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს დაენიშნა დროებითი მხარდაჭერა გარდაცვლილი დედის, ქ.დ–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღების, მასზე საკუთრების უფლების შეძენის რეგისტრაციისა და ამ მიზნით ნოტარიუსთან და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის, ასევე, საქართველოს საერთო სასამართლოებში საპროცესო წარმომადგენლობის განხორციელების, მათ შორის, წარმომადგენლის/ადვოკატის დახმარებით სარგებლობის სფეროებში; მითითებულ სფეროებში მოსარჩელის დროებით მხარდამჭერად დაინიშნა ლ.ბ–ვა და მას მიენიჭა უფლებამოსილება, ზემოაღნიშნული სფეროებიდან გამომდინარე ურთიერთობებში იმოქმედოს დროებით მხარდასაჭერი პირის, მოსარჩელის მონაწილეობის გარეშე.

3.15. 07.06.2019 წელს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა #190649749, რომლის მიხედვით 01.12.1987 წელს დაბადებული მოსარჩელე არის 04.12.2018 წელს გარდაცვლილი ქ.დ–ის კანონისმიერი მემკვიდრე.

3.16. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 27.11.2019 წლის გადაწყვეტილებით ლ.ბ–ვას განცხადება დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ დამატებით სფეროებში: გარდაცვლილი ქ.დ–ის დანაშთ ნებისმიერ უძრავ და მოძრავ ქონებაზე სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი მოქმედებების განხორციელება (სამკვიდრო ქონების მიღებაზე უარის უფლების გარეშე), მათ შორის, ნოტარიუსთან სამკვიდრო მოწმობის მიღებისთვის განცხადებისა ან ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენა და სამკვიდროს მიღება; საქართველოს საერთო სასამართლოებში მიმდინარე სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის საქმეებში ან/და სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებში უფლებების დასაცავად წარმომადგენლის ან/და ადვოკატის დაქირავება და ამასთან დაკავშირებით მათთან ხელშეკრულებების, რწმუნებულების და მინდობილობის დადება, გაფორმება ან/და გაუქმება. ლ.ბ–ვა დაინიშნა მოსარჩელის მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭა უფლება დამოუკიდებლად განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად. მხარდაჭერის ვადა (მათი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვრა 05 (ხუთი) წლით.

3.17. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და სსკ-ის 1336-ე, 1337-ე და 1421-ე მუხლების საფუძველზე, მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.

3.18. სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სადავო იყო ორი გარემოება - იყო თუ არა ქ.დ–ი მამკვიდრებლის შვილი და მიიღო თუ არა მან სამკვიდრო.

3.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 1189-ე მუხლის მიხედვით, კი შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან დასტურდება მეუღლეთა ერთობლივი ან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით. სამოქალაქო სამართლებრივი, მათ შორის, ცხადია, მემკვიდრეობის სამართლის თვალსაზრისით, მშობლისა და შვილის ურთიერთ უფლება-მოვალეობები სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი სახეა და მათი წარმოშობისათვის სამართლებრივი საფუძველია აუცილებელი. მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრედ ქ.დ–ის მისაჩნევად აუცილებელია მათ შორის შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა. ამ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ბავშვის დაბადების დოკუმენტით - დაბადების სააქტო ჩანაწერით დასტურდება. დადგენილია, რომ ქ.დ–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში მის დედად მამკვიდრებელია მითითებული. მოპასუხეები ზემოხსენებულ ჩანაწერს სასარჩელო წესით არ შედავებიან, ეს კი ნიშნავს, რომ ჩანაწერი ნამდვილია და მამკვიდრებელსა და ქ.დ–ს, როგორც დედა-შვილს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია.

3.20. გარდა ამისა, სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარემ სასამართლოს შეიძლება მიმართოს თავისი და არა სხვისი დარღვეული უფლების დასაცავად. პალატა დასაშვებად მიიჩნევს, რომ მამკვიდრებლისა და ქ.დ–ის დედა-შვილობის ფაქტი მათი ნათესავებისათვის უცნობი ყოფილიყო, თუმცა ყოვლად წარმოუდგენელია, ეს არ ცოდნოდა თავად მამკვიდრებელს, რომელსაც ის გარემოება, რომ ქ.დ–ი მისი შვილი იყო, სადავოდ არ გაუხდია. მეტიც, დაბადების მოწმობა, რომელშიც თინა ს–ვი ქ.ა–ვის დედად იყო მითითებული, მან სასამართლოს თავადვე წარუდგინა. ამ ვითარებაში, იმის გარკვევას, სინამდვილეში, იყო თუ არა ქ.დ–ი მამკვიდრებლის ბიოლოგიური შვილი, საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვს. დამატებით შეიძლება ისიც აღინიშნოს, რომ ჯერ ქმედუუნაროდ, შემდგომ კი მხარდაჭერის მიმღებად აღიარებული პარანოიდული შიზოფრენიით დაავადებული პირის გენეტიკური კავშირის დასადგენად დაინიშნულ ექსპერტიზაზე გამოუცხადებლობა ვერ შეფასდება სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ექსპერტიზის ჩატარებაში ხელის შეშლად. საქალაქო სასამართლომ ქ.დ–ი მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრედ სავსებით სწორად მიიჩნია.

3.21. სარჩელის მესამე ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ ქ.დ–ი დედის გარდაცვალების მომენტისათვის ცხოვრობდა მასთან და ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მის დანაშთ ქონებას ზემოაღნიშნულ მისამართზე, რითიც მიიღო სამკვიდრო სსკ-ის 1421-ე მუხლის შესაბამისად. ქონების ფლობა და მართვა მის მიერ ხორციელდებოდა შემდგომაც, სადაც ის ფაქტობივად ცხოვრობდა შვილთან და მხარდამჭერთან ერთად. სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მოპასუხეები ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ შედავებიან და შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები დადასტურებულად მიიჩნევა. ასეც რომ არ იყოს, დადგენილია, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 15.08.2016 წელს, სასამართლოს 02.11.2016 წლის განჩინებით ქ.დ–ს მხარდამჭერი დაენიშნა, მათ შორის, მამკვიდრებლის დანაშთი ქონების მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანოებისათვის მიმართვის სფეროში (სამკვიდრო ქონების მიღებაზე უარის თქმის უფლების გარეშე), თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრული სამმართველოს მთაწმინდის მიმართულების პ/ინსპექტორის მიერ 25.02.2017 წლის ოქმით კი დგინდება, რომ ამ დროისათვის სადავო ბინაში „რეგისტრირებულნი იყვნენ და ცხოვრობდნენ ქ. და დ.დ–ები, ასევე მათი მხარდამჭერი, რომლებიც არ ათავისუფლებდნენ ფართს.“ ეს ადასტურებს, რომ ქ.დ–ი მამკვიდრებლის სამკვიდროს მისი გარდაცვალების დროიდანვე ფაქტობრივად დაუფლებული იყო.

3.22. სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, კი სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. დადგენილია, რომ ქ. დ–მა მამკვიდრებლის სამკვიდრო მიიღო.

3.23. სსკ-ის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ვინაიდან ქ.დ–მა სამკვიდრო მიიღო, იგი მის მესაკუთრედ მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან, ე.ი. 15.08.2016 წლიდან. სსკ-ის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი ეს უფლება მემკვიდრეობით გადაეცა ქ.დ–ის შვილს - მოსარჩელეს. ამის შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე მართებულად ცნო სადავო ქონების მესაკუთრედ. 17.02.2017 წელს სამკვიდრო მოწმობის გაცემისას ქონება უკვე არა მამკვიდრებლის, არამედ ქ.დ–ის საკუთრებას წარმოადგენდა, რომელსაც სადავო ქონების განკარგვაზე თანხმობა არ განუცხადებია და შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობას გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია. ქ.დ–ის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს კი ნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად სამკვიდრო მოწმობის გაცემა აუცილებელი აღარ არის. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ გამოკვეთილა. სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. Nას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ Nას-1150-2020, 29.09.2021წ.). ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ Nა-1915-ბ-8-2015 , 22.07.2015წ.; Nას-1150-2020, 29.09.2021წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (სუსგ Nას-1150-2020, 29.09.2021წ.).

9. სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1306.1 (გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით), 1336.1 (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან), 1421-ე (სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი), 1424-ე (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან) და 1433-ე (მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან) მუხლები.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა იგი.

11. კასატორები ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პრეტენზიას აცხადებენ იმ საფუძვლით, რომ ქ.დ–ი არ იყო მამკვიდრებლის ბიოლოგიური შვილი - პირველი რიგის კანონით მეკვიდრე და მოპასუხეებს, როგორც მამკვიდრებლის მეორე რიგის კანონით მემკვიდრეებს, წარმოეშვათ ქონებრივი უფლებები დანაშთ სამკვიდროზე და არა მოსარჩელეს. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ ქ.დ–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში მის დედად მამკვიდრებელია მითითებული, რომელსაც სიცოცხლეში აღნიშნული ჩანაწერი სადავოდ არასდროს გაუხდია, ზემოაღნიშნული ჩანაწერი დღეის მდგომარეობითაც ნამდვილია. სსკ-ის 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მამკვიდრებელსა და ქ.დ–ს, როგორც დედა-შვილს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით. ფაქტობრივადაც, მამკვიდრებელი შვილთან და შვილიშვილთან (მოსარჩელესთან) ერთად ცხოვრობდა, მისივე განცხადების საფუძველზე იყო დანიშნული ამ პირთა მეურვედ, მათ შორის ყოველთვის იყო ოჯახური/მშობლისა და შვილის ურთიერთობა.

12. რაც შეეხება ქ.დ–ის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს, საკასაციო სასამართლო მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლებასთან დაკავშირებით არაერთ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) უთითებს, რომ: სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (სუსგ-ებები: №ას-595-822-08, 04.11.2008წ; №ას-186-175-2017, 02.06.2017წ.; №ას-167-2021, 28.02.2023წ.). სასამართლოს მიერ დადგენილია და დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ ქ.დ–მა კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის სამკვიდრო - დედის გარდაცვალების მომენტისათვის ცხოვრობდა მასთან ერთად და ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მის დანაშთ ქონებას. ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ ქ.დ–ი მართლზომიერად იქნა მიჩნეული დედის სამკვიდროს მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. თავის მხრივ, სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის მოსარჩელის მიერ დედის, ქ.დ–ის სამკვიდროს კანონით დადგენილ ვადაში და წესით მიღების ფაქტი, რაც საფუძვლიანს ხდის სარჩელს მამკვიდრებლის დანაშთი უძრავი ქონების მესაკუთრედ მოსარჩელის აღრიცხვის თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.07.2022 წლის განჩინებით კასატორები გათავისუფლდნენ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ.ყ–ისა და ლ.ბ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ჯ.ყ–ისა და ლ.ბ–ვას შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

თეა ძიმისტარაშვილი