Facebook Twitter

№ა-2915-ა-19-2023 3 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

განმცხადებელი – სს „დ.კ.ქ–უ“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ა.ტ–ნი

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ლ.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თანხის ანაზღაურების მოთხოვნით სს „დ.კ.ქ–უს“ (შემდეგში: განმცხადებელი, მოპასუხე, კასატორი, საწარმო) წინააღმდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა (შემდეგში - მოწინააღმდეგე მხარე) სასამართლოში სარჩელი აღძრა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 10 759.59 ლარისა და, პირგასამტეხლოს, 270 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

5. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის განჩინებით განმცხადებლის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

- საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2023 წლის 21 აპრილის განჩინება კასატორს 2023 წლის 26 აპრილს ჩაბარდა, რისი გათვალისწინებითაც ხარვეზი მას 2023 წლის 8 მაისის ჩათვლით უნდა შეევსო, კერძოდ, ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის (რაც საკასაციო პალატის ხსენებული განჩინებით დადგინდა) დენა ამ უკანასკნელისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან (2023 წლის 27 აპრილი) დაიწყო და 2023 წლის 8 მაისს ამოიწურა (6 და 7 მაისი იყო არასამუშაო დღეეები - შაბათი და კვირა). რაკი ხარვეზის აღმოსაფხვრელად კორესპონდენცია კასატორმა 2023 წლის 11 მაისს წარმოადგინა, ამიტომ საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 396-ე, 59-ე, 63-ე მუხლები).

7. 2023 წლის 30 მაისს კასატორმა საკასაციო სასამართლოში განცხადება წარმოადგინა და საქმის წარმოების განახლება ითხოვა, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

- საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2023 წლის 21 აპრილის განჩინება მოპასუხეს სსსკ-ის მოთხოვნათა დარღვევით ჩაბარდა, კერძოდ, სასამართლო გზავნილი კურიერს კანცელარიისთვის ან უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის კი არ ჩაუბარებია, არამედ, შენობის პირველ სართულზე დაზღვეულთა სამედიცინო დოკუმენტაციისათვის განკუთვნილ საზოგადოების ყუთში მოათავსა, რაც სასამართლო კორესპონდენციისთვის არ გამოიყენებოდა, ხოლო საწარმოს ოფისი და კანცელარია შენობის მე-10 სართულზეა განლაგებული. საკურიერო სამსახურის მიერ სასამართლო გზავნილის ხსენებულ ყუთში მოთავსების ფაქტი შპს „ს.კ.ს–ის“ წერილით დასტურდება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით განცხადება განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. პალატის განხილვის საგანია, თუ რამდენად საფუძვლიანია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნა, კერძოდ, არსებობს თუ არა სსსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

10. განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ მოთხოვნას მხარე შემდეგნაირად ასაბუთებს:

საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2023 წლის 21 აპრილის განჩინება მოპასუხეს სსსკ-ის მოთხოვნათა დარღვევით ჩაბარდა, კერძოდ, სასამართლო გზავნილი კურიერს კანცელარიისთვის ან უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის კი არ ჩაუბარებია, არამედ, შენობის პირველ სართულზე დაზღვეულთა სამედიცინო დოკუმენტაციისათვის განკუთვნილ საწარმოს ყუთში მოათავსა, რაც სასამართლო კორესპონდენციისთვის არ გამოიყენებოდა, ხოლო საწარმოს ოფისი და კანცელარია შენობის მე-10 სართულზეა განლაგებული; საკურიერო სამსახურის მიერ სასამართლო გზავნილის ხსენებულ ყუთში მოთავსების ფაქტი შპს „ს.კ.ს–ის“ წერილით დასტურდება.

შპს „ს.კ.ს–ის“ წერილი შემდეგი შინაარსისაა: სასამართლო გზანილი შპს „სკს-ს“ კურიერმა გ.შ–იამ მითითებულ მისამართზე მიიტანა, ადგილზე მოპასუხე საწარმოს კანცელარიის თანამშრომელმა აღნიშნული გზავნილის ყუთში მოთავსებაზე კურიერს მითითება მისცა, რის შემდეგაც (2023 წლის 26 აპრილი, 15:43 საათზე) კურიერმა გზავნილი ყუთში მოათავსა.

11. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ) და 102-ე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებაები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება.

საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი (სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ).

12. საკასაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში არც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაბუთება და არც განცხადებაზე თანდართული შპს „ს.კ.ს–ის“ 2023 წლის 29 მაისის წერილი საფუძველს არ ქმნის დასკვნისათვის, რომ სასამართლო გზავნილი მოპასუხეს არ ჩაბარებია.

უფრო მეტიც, დასახელებული წერილით ირკვევა, რომ 2023 წლის 26 აპრილს საწარმოს საფოსტო ყუთში სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე კურიერს მოპასუხე საწარმოს კანცელარიის თანამშრომელმა მიუთითა. ამასთან, სასამართლო გზავნილის დაყოვნების სამართლებრივ შედეგებზე სწორედ დაწესებულებაა პასუხისმგებელი, რომლის კონტროლის ქვეშაც ხსენებული საფოსტო ყუთია.

13. სადავო საკითხის შეფასებისას, საყურადღებოა, ამონარიდი ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებიდან, სადაც განმარტებულია შემდეგი: „საფოსტო ყუთი განიხილება ორგანიზაციის კანცელარიის კონტროლს დაქვემდებარებულ საშუალებად, რომლის მეშვეობითაც დაწესებულების კანცელარია იღებს კორესპონდენციას და შემდგომ არეგისტრირებს საქმის წარმოების პროგრამაში. საკასაციო პალატის განსჯით, საფოსტო ყუთში განთავსებულ კორესპონდენციაზე დროული რეაგირება საქმის წარმოების პროგრამაში რეგისტრაციის გზით ან/და ამგვარი რეაგირების დაყოვნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკები დაწესებულების პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება“ (იხ. სუსგ №ა-1318-ა-3.2021, 19.04.2021).

14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ საფოსტო ყუთში განთავსებულ სააპელაციო სასამართლოს გზავნილის საფუძველზე კასატორმა საკასაციო საჩივარი წარმოადგინა და სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა, ისე, რომ სასამართლო გზავნილის ჩაბარების ფაქტი მას სადავოდ არ გაუხდია. ეს გარემოებაც ადასტურებს კასატორის მიერ საფოსტო ყუთის, მათ შორის - სასამართლო გზავნილის მისაღებად გამოყენების ფაქტს.

15. ამდენად, ორგანიზაციის საფოსტო ყუთში სასამართლო გზავნილის მოთავსება, სამართლებრივი მნიშვნელობით უტოლდება, კორესპონდენციის დაწესებულების კანცელარიისთვის ჩაბარების აქტს და საკასაციო პალატის დასკვნით, კასატორისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დროს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, 423-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „დ.კ.ქ–უს“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე