12 ოქტომბერი, 2023 წელი,
საქმე №ას-1199-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - შპს „კ.ნ.თ–ი“ (წინა სახელწოდება - შპს ,,თ.ს.მ–ი’’)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე.ა–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განჩინება
კასატორთა მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ე.ა–ძე (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) 2016 წლიდან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა შპს „თ.ს.მ–თან“ (თავდაპირველი საფირმო სახელწოდება - შპს „ე.ბ.ჰ–ი“, შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც: მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი, საწარმო), სადაც ექიმი-გინეკოლოგის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა. დასაქმებულის ანაზღაურება შესრულებულ საქმიანობაზე იყო დამოკიდებული და ჩატარებული ოპერაციების ღირებულების 20-%-ს შეადგენდა.
2. დამსაქმებელი საწარმოს დირექტორის 2016 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით მოსარჩელე 2016 წლის 1 ოქტომბრიდან გამოსაცდელი ვადით ექიმ-გინეკოლოგის პოზიციაზე დაინიშნა.
3. საწარმოს დირექტორის 2021 წლის 18 მაისის ბრძანებით დასაქმებული სამუშაოდან გათავისუფლდა. გასაჩივრებულ ბრძანებაში განთავისუფლების საფუძვლად საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 47.1 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტზეა მითითებული.
4. დასაქმებულის წარმომადგენელმა დამსაქმებელს წერილობითი განცხადებით მიმართა, რომლითაც სახელფასო დავალიანების შესახებ ცნობა და საწარმოში მუშაობის სრულ პერიოდზე დასაქმებულის სამორიგეო საათების თაობაზე შინაგანაწესი ან/და დირექტორის ბრძანების გაცემა მოსთხოვა.
5. დასაქმებულის სახელზე დამსაქმებელმა ანაზღაურება გასცა, დანიშნულებით ,,ხელფასი“. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას მოპასუხე ახორციელებდა. შესრულებული საქმიანობის ანაზღაურებას მოსარჩელე დაგვიანებით იღებდა.
6. 6 700 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანებისა (დასაბეგრი ხელფასი) და ხსენებული დავალიანების დაყოვნების პირგასამტეხლოს (2020 წლის 8 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, 6 700 ლარის 0.07%) ანაზღაურების მოთხოვნით დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სახელფასო დავალიანების ნაწილში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ხოლო, პირგასამტეხლოს ნაწილში - ნაწილობრივ. კერძოდ, 2021 წლის 26 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე კასატორს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა დაევალა, ყოველდღიურად 6 700 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) 0.07%-ის ოდენობით.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არ გაიზიარა დამსაქმებლის პოზიცია მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის ნარდობის ხელშეკრულებად კვალიფიკაციის ნაწილში.
მოცემული საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები:
1). დამსაქმებლის 2016 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით 2016 წლის 1 ოქტომბრიდან ექიმ-გინეკოლოგის პოზიციაზე მოსარჩელე გამოსაცდელი ვადით დაინიშნა, გამოსაცდელი ვადა კი, შრომითსამართლებრივი ურთიერთობისთვისაა დამახასიათებელი.
აღნიშნული პერიოდი დასაქმებულის უნარ-ჩვევების შემოწმებასა და დაკავებულ თანამდებობასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენას ემსახურება. გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლაზეა დამოკიდებული მხარეთა შორის შემდგომში ვადიანი თუ უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.
რაც შეეხება ნარდობის ხელშეკრულებას, მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეწყვიტონ იგი და საამისოდ გამოსაცდელი ვადის დაწესება აუცილებელი არ არის.
2). შრომითი ხელშეკრულება და, ზოგადად, შრომითი ურთიერთობა, დასაქმებულის მიერ გაწეული შრომისთვის ანაზღაურებას - ხელფასს (შრომის კოდექსში გამოყენებულია ტერმინი ხელფასი) ითვალისწინებს.
გადარიცხვის შესრულებისას დანიშნულებაზე დამსაქმებელი მიუთითებს. ამასთან, დამსაქმებელსვე ეკისრება ვალდებულება, გადახდის წყაროსთან დააკავოს და სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხოს დასაქმებულის მიერ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი, რაც, უდავოა, რომ შრომითი ურთიერთობის პირობებში დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურების წესის შემადგენელი ნაწილია.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილ საგადახდო დავალებებში, საბანკო ამონაწერსა და უწყისებში, 2016 წლის დეკემბრის თვიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სახელზე ანაზღაურება ,,ხელფასის“ დანიშნულებითაა გაცემული.
ამასთან, მოპასუხეს არ უარყვია, რომ მოსარჩელეზე დარიცხული თანხიდან საშემოსავლო გადასახადის დაკავებას თავად ახორციელებდა, რაც ნარდობის სამართალურთიერთობისათვის არ არის დამახასიათებელი, ვინაიდან გადასახადს პირადად მენარდე იხდის.
3). სადავო ბრძანებაში დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლად სშკ-ის 47.1 მუხლზეა მითითებული.
4). გასაჩივრებული ბრძანების საფუძველი - სამსახურში გამოუცხადებლობაა და შესაბამისად, საწარმო მიიჩნევდა, რომ მოსარჩელე მის დაქვემდებარებაში მყოფ სუბიექტს წამოადგენდა.
დაქვემდებარებული მდგომარეობის მანიშნებელი ელემენტი, გარდა ორგანიზაციული მოწესრიგებისა, გულისხმობს პირობების თითქმის ცალმხრივად დადგენას, რომლის ფარგლებშიც უნდა შესრულდეს სამუშაო. მოსარჩელის განმარტებით, მას არ შეეძლო უარი ეთქვა ოპერაციის ჩატარებაზე.
ამდენად, ზემომითითებული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეთა შორის სწორედ შრომითი ურთიერთობა არსებობდა, ხოლო აღნიშნული გარემოების გამაქარწყლებელ საკმარის არგუმენტებად მოპასუხის ზეპირი ახსნა-განმარტება და ამ უკანასკნელის მიერ მხარეთა შორის მომსახურების ხელშეკრულების არსებობაზე მითითება ვერ მიიჩნეოდა; მით უფრო იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მომსახურების ხელშეკრულების არსებით პირობებს დამსაქმებელი ვერ აკონკრეტებდა, რაც შრომით სამართალში მოქმედი სპეციფიკური მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით ამ უკანასკნელის მტკიცების ტვირთში შედიოდა.
9.2. შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დამსაქმებელმა სახელფასო დავალიანების კუთხით დასაბუთებული პრეტენზია ვერ წარადგინა, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად ცნო და უცვლელად დატოვა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა. კასატორის მოთხოვნაა გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც 6 700 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულია უცვლელად.
10.1. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა, მხარეებს ერთმანეთთან ნარდობის ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული. აღნიშნული იმაში გამოიხატებოდა, რომ მოპასუხე სამუშაოს პერიოდულად ასრულებდა, რადგან დამსაქმებელ საწარმოში მას საჭიროებიდან გამომდინარე, პერიოდულად იწვევდნენ.
ყოველი გამოძახების შემდეგ მოსარჩელეს შრომის ანაზღაურება დამოუკიდებლად ეძლეოდა და ყოველთვიურად ფიქსირებული ხელფასი არ ჰქონია, აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მოპასუხესთან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა; შესაბამისად, მტკიცების ტვირთის განაწილება კლასიკური ფორმით უნდა მომხდარიყო და რაკი მოსარჩელემ მიუღებელი ხელფასის თაობაზე მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
12. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.
14. მოცემული დავის საკვანძო საკითხი შემდეგია: მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს თუ უნდა დავაკვალიფიციროთ როგორც შრომითსამართლებრივი გარიგება.
ზემომითითებული შეკითხვის პასუხად სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტი. აღნიშნული დასტურდება წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ჩამოყალიბებული ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც სსსკ-ის 407.2 მუხლიდან (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) გამომდინარე საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა, რადგან მათ წინააღმდეგ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება) არ წამოუყენებია.
15. სადავო საკითხის შეფასებისას გასათვალისწინებელია საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით:
„როგორც ნარდობის, ისე _ შრომითი ხელშეკრულების უმთავრესი მსგავსება სამუშაოს შესრულებაა (მომსახურების გაწევა), თუმცა ამ ორ სამართლებრივ ურთიერთობას შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაცაა: შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის გენერალური პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განარჩევს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან. უპირველესად, ეს არის ურთიერთობის სუბიექტები: დამსაქმებელი და დასაქმებული (სშკ-ის მე-3 მუხლი), გარდა ამისა, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა).
რაც შეეხება ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობას, აღნიშნული საკითხი სრულად რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 629-ე-656-ე მუხლებით, ასევე, სახელშეკრულებო სამართლის ყველა იმ ზოგადი დანაწესებით, რომლებიც ზემოხსენებული სპეციალური ნორმებით არაა მოწესრიგებული.
ამ ურთიერთობის ნამდვილობისათვის დამახასიათებელი უმთავრესი ნიშანი ისაა, რომ ორმხრივად მავალდებულებელი, სასყიდლიანი ურთიერთობა ხასიათდება კონსესუალური ბუნებით, ანუ წარმოშობილად ითვლება მხარეთა მიერ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან (სკ-ის 327.1 მუხლი) და ნარდობის მთელი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებულია მისი სუბიექტების თანასწორობა (დამოუკიდებლობა), რომელიც ორიენტირებულია ხელშეკრულების მიზნის მიღწევაზე და არ ახასიათებს ორგანიზაციული დაქვემდებარება, ხოლო შრომითი ურთიერთობა, შრომის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, წარმოშობილად ითვლება დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
ვალდებულების დარღვევის თვალსაზრისით, განსხვავებულია კრედიტორისა და მოვალის როგორც პირველადი, ისე მეორადი მოთხოვნებიც: თუკი შრომით ურთიერთობაში დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული სანქციები ან ცალმხრივად შეწყვიტოს ურთიერთობა (შკ-ის 37-ე მუხლი), ნარდობიდან გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევისას, იმის მიხედვით, თუ რა წარმოადგენს ხელშეკრულების საგანს, გამოიყენება, როგორც სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული, ისე უშუალოდ ნარდობის სპეციალური რეგულაციები (სკ-ის 636-ე-637-ე; 642-ე-644-ე მუხლები) (შდრ. იხ.: სუსგ. №ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ.)
16. პალატის განსჯით, ექიმ-გინეკოლოგის პოზიციაზე მოსარჩელის გამოსაცდელი ვადით დანიშვნა, დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სახელზე ანაზღაურების ,,ხელფასის“ დანიშნულებით გაცემა, სადავო ბრძანებაში დასაქმებულის განთავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად - სამსახურში გამოუცხადებლობაზე, ხოლო, - სამართლებრივ საფუძვლად სშკ-ის 47.1 მუხლზე მითითება, საქმეზე დადგენილად ცნობილ სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასების შედეგად მეტყველებს მასზედ, რომ 2016 წლიდან მხარეთა შორის უწყვეტი სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, რომელიც ქვემდებარეობის ნიშნებს შეიცავდა და სანაცვლო უკუგების („ხელფასის“) გაცემით ხასიათდებოდა.
ეს გარემოებები საკმარისად და არაორაზროვნად ადასტურებს მხარეთა შორის შრომითსახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას, შესაბამისად, მოცემულ საკითხზე გასაჩივრებული განჩინებაში წარმოდგენილი მსჯელობა სრულადაა გასაზიარებელი.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სარჩელის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა. რაკი განსახილველ შემთხვევაში სადავოა შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელფასო დავალიანების არსებობა, შრომითსამართლებრივი ურთიერთობების თავისებურებებიდან გამომდინარე მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობის გამო, „დამსაქმებელს გააჩნდა მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულება სახელფასო დავალიანების საკითხის დადგენის მიზნით“ (იხ.: სუსგ. №ას-108-2021, 22.04.2021). მიუხედავად ამისა, კასატორმა სასამართლოში საქმის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერ უზრუნველყო დასაქმებულისათვის ხელფასის სრულად ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა და შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილია სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა.
18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 329 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „კ.ნ.თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „კ.ნ.თ–ს“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს ,,თ.ს.მ–ის’’ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, მთლიანობაში 470 ლარის (მათ შორის: 2022 წლის 21 ოქტომბერს # 1666161781 საგადასახადო დავალებით გადახდილი 335 ლარი და 2022 წლის 19 დეკემბერს # 1671447616 საგადასახადო დავალებით გადახდილი 135 ლარი) 70% - 329 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე