5 ოქტომბერი, 2022 წელი,
საქმე №ას-646 -2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.მ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილსის მუნიციპალიტეტის მერია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით შპს „ა.მ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 273 928,87 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, როგორც 2011-2012 წლებში ისე ამჟამად სახელმწიფო შესყიდვებს საკუთარი ბიუჯეტიდან ახორციელებენ შესაბამისი რაიონის გამგეობები, ამდენად, თავად არასაანადო მოპასუხეა. გარდა აღნიშნულისა, კასატორის მტკიცებით, შესაფასებელია, გამართლებულია თუ არა მოცემულ დავაზე უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება და დაცულია, თუ არა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მოსარჩელემ 2012 წელს - 273 928,87 ლარის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა, სახელდობრ:
1) ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის შესახვევის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები - 136 923,32 ლარი;
2) ქვემო ფონიჭალაში, „ვ“ კორპუსის ეზოში შესრულებული გზის საფარის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები - 8 103,93 ლარი;
3) ქვემო ფონიჭალაში, კორპუსი 12 „ვ“, „გ“ კორპუსის ეზოს გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 14 694, 85 ლარი;
4) ქვემო ფონიჭალაში, კორპუსი 12ა-ს ეზოს გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 14 860,66 ლარი;
5) ქვემო ფონიჭალაში, კორპუსი 14-ის ეზოს გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 7 254,16 ლარი;
6) ქვემო ფონიჭალაში, კორპუსი 12-ის ეზოს გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 35 234,49 ლარი;
7) ქვემო ფონიჭალაში, კორპუსი 16 „ა“, „ბ“ ეზოს გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 16 518,76 ლარი;
8) ქვემო ფონიჭალაში, სადგურის ქ. N57ა კორპუსის გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 40 338,70 ლარი.
4.4. სამუშაოების შესრულება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კომპეტენციას წარმოადგენდა და მუნიციპალიტეტის მატერიალური რესურსით უნდა დაფინანსებულიყო.
4.5. მოპასუხეს მოსარჩელისთვის ზემოაღნიშნული სამუშაოების ღირებულება არ აუნაზღაურებია.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შესრულებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების დაკისრება, წარდგენილი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია: სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979.1 მუხლი (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით).
6. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის უნდა ვლინდებოდეს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა.
ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რისი შედეგია უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის თუ მესამე პირთა მოქმედების ან განხორციელდა მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათი მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას.
კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ასევე, აუცილებელია გამდიდრება სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე იზრდება.
უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე.
7. კონკრეტული საქმის გარემოებები ცხადყოფს სსკ-ის 976.1 მუხლის გამოყენების თანმხვედრი ყველა წინაპირობის არსებობას და საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი დადასტურებულია. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებული სარგებლის უკან დაბრუნება მხარეთა შორის სამოქალაქოსამართლებრივი წონასწორობის აღდგენას უზრუნველყოფს და სრულად ესადაგება სამოქალაქო კოდექსის ნორმებით დადგენილ სამართლებრივ წესრიგს.
8. კასატორის პრეტენზია მოთხოვნის ხანდაზმულობასაც ეხება, რასაც საკასაციო სასამართლო უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 128.3 მუხლზე, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს, ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უკუმოთხოვნას არ გააჩნია სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სახელშეკრულებო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ან სხვა რაიმე სპეციალური ხანდაზმულობის ვადები, შესაბამისად, მათ მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის საერთო - 10 წლიანი ვადა, რა ვადაშიც მოსარჩელემ წარადგინა კიდეც სარჩელი, შესაბამისად, კასატორის ამ პრეტენზიას სამართლებრივად ვარგისი არგუმენტი არ გააჩნია.
9. საკასაციო სასამართლო კასატორის სათანადო მოპაუხეობასთან დაკავშირებითაც იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ (სადავო ურთიერთობის წარმოშობისას მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სპეციალური კანონი) 4.2 და 4.4 მუხლის მიხედვით, ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი ორგანოს – ქალაქ თბილისის საკრებულოს და აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მერიის მეშვეობით. ქალაქ თბილისის მერია (ქალაქ თბილისის მთავრობა, ქალაქ თბილისის რაიონების გამგეობები) წარმოადგენს თვითმმართველობის ორგანოთა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას.
9.1. სპეციალური კანონი 91 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებებია: ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა. 33-ე მუხლის მიხედვით კი, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ეკონომიკურ საფუძვლებს ქმნის თბილისის ქონება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ის ქონება, რომელიც მართვის უფლებით გადაცემული აქვს თვითმმართველობას, აგრეთვე კანონით დადგენილი სხვა ქონება, რომელიც გათვალისწინებულია დედაქალაქის მოსახლეობის საჯარო ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
9.2. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 80.1 მუხლის თანახმად, თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში − რაიონში იქმნება თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო − თბილისის რაიონის გამგეობა. 80.2 ნაწილის მიხედვით კი, რაიონის გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. რაიონის გამგეობის სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება რაიონის გამგეობის ტიპური დებულებით.
9.3. ქ. თბილისის მერიის 2006 წლის 26 დეკემბრის ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ N2 ბრძანების მე-8 მუხლის თანახმად, გამგეობა მთლიანად ფინანსდება ქ. თბილისის ბიუჯეტიდან.
9.4. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით დასტურდება, რომ თბილისის რაიონის გამგეობა არის ქალაქ თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო, რომლის დაფინანსების წყაროა ქალაქ თბილისის ბიუჯეტი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ თბილისის მერიის ტერიტორიულ ორგანოში, კერძოდ, ისანი-სამგორის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის ტერიტორიულ ფარგლებში სამუშაოების შესრულების და ამ სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის პირობებში, დაიზოგა თბილისის მერიის ბიუჯეტის სახსრები, რადგან დადგენილია, რომ თბილისის რაიონის გამგეობის დაფინანსების მთავარი წყარო ქალაქ თბილისის ბიუჯეტია.
10. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მოაქციეს სადავო ურთიერთობა სსკ 976-ე მუხლის მოწესრიგების სფეროში და მოპასუხეს დასაბუთებულად დააკისრეს სამართლებრივი საფუძლის გარეშე დაზოგილი 273 928,87 ლარის ანაზღაურება.
11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
12. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე