Facebook Twitter

საქმე №ას-356-2023 12 ოქტომბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეული, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრი (არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ლ–ძე, დ.ლ–ძე (მოსარჩელეები); გ.ნ–ია, ნ.ნ–ია (მოპასუხეები)

არასრულწლოვანი - ნ.ლ–ძე

დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირი - სსიპ სახელწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის ხობის რაიონული წარმომადგენლობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

კერძო საჩივრის დავის საგანი - გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით:

1.1. მ.ლ–ძისა (შემდეგში - პირველი მოსარჩელე) და დ.ლ–ძის (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) დაზუსტებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

1.2. მოსარჩელეებს მათ მცირეწლოვან შვილიშვილთან, ნ.ლ–ძესთან (შემდეგში - არასრულწლოვანი ან მცირეწლოვანი) ურთიერთობის შემდეგი წესი განესაზღვრათ: ყოველი თვის მეორე კვირის პარასკევ დღეს, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე, მცირეწლოვანი შვილიშვილი მოინახულონ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის რაიონულ განყოფილებაში სოციალური მუშაკის თანდასწრებით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ.ნ–იამ (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და ნ.ნ–იამ (შემდეგში - მეორე მოპასუხე).

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით:

- მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

- არასრულწლოვნის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, არასრულწლოვანთან უთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ;

- მოპასუხეებს აეკრძალათ არასრულწლოვნის დამაშორებელი მოქმედებების განხორციელება, რომლებიც ნეგატურად იმოქმედებს მოსარჩელეებთან (ბავშვის მამის მშობლები) ურთიერთობაში;

- სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდეგში - კერძო საჩივრის ავტორი ან სააგენტო), როგორც არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს დაევალა, გამოყოს ფსიქოლოგი, რათა დახმარება გაუწიოს არასრულწლოვანს მამის მშობლებთან (მოსარჩელეებთან) ურთიერთობის გაუმჯობესებაში, სტრესთან გამკლავებაში, ემპათიის, მიმდინარე მოვლენებისა და ქცევის გაგებაში;

- მოპასუხეები, რომლებთანაც ბავშვი იქნება, ვალდებული არიან, სააგენტოსთან შეთანხმებით უზრუნველყონ არასრულწლოვნის ფსიქოლოგთან ვიზიტი (არდადეგების პერიოდში ეს საკითხი გადაწყდეს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან შეთანხმებით, ბავშვის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით), კონსულტაციების ხანგრძლივობა/ინტენსივობა ფსიქოლოგის მიერ განისაზღვროს;

- მოპასუხეებს დაევალათ, არასრულწლოვნის აღზრდის პროცესში ინტენსიური ჩართულობა იქონიონ მისი ფსიქო-ემოციური, სოციალური და საგანმანათლებლო საჭიროებების ხელშეწყობის თვალსაზრისით;

- კერძო საჩივრის ავტორს დაევალა, შესაბამისი სოციალური მუშაკის ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, საჭიროების აღმოფხვრამდე ზედამხედველობა განახორციელოს ბავშვთან მხარეების დამოკიდებულებაზე, ბავშვთან აქტიური კომუნიკაცია იქონიოს, რათა წინამდებარე გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობების არსებობა გამოარკვიოს.

4. კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განცხადება შეიტანა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების განმარტება ითხოვა.

- კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი სააგენტოს მიმართ დაკისრებული ვალდებულებების ნაწილში განმარტებას საჭიროებს, კერძოდ, განსამარტია თუ რა იგულისხმება ბავშვთან მხარეების დამოკიდებულებაზე ზედამხედველობის განხორცილების ქვეშ. მართალია, აღნიშნული ჩანაწერი მხოლოდ მოდავე მხარეებზე დაკვირვებაზე მიუთითებს, მაგრამ გამოკვეთილი არ არის, თუ კონკრეტულად რა ქმედებების განხორციელებას გულისხმობს იგი. გარდა ამისა, ბუნდოვანია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ სააგენტომ ,,იქონიოს აქტიური კომუნიკაცია ბავშვთან, რათა გამოარკვიოს წინამდებარე გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობების არსებობა".

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა.

5.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანი არ არის, იგი ნათლად და გარკვევითაა ჩამოყალიბებული და მიუთითებს, რომ სააგენტოს, როგორც არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს დაევალა, გამოყოს ფსიქოლოგი, რათა დახმარება გაუწიოს არასრულწლოვანს მამის მშობლებთან (მოსარჩელეები) ურთიერთობის გაუმჯობესებაში, სტრესთან გამკლავებაში, ემპათიის, მიმდინარე მოვლენებისა და ქცევის გაგებაში და საჭიროების აღმოფხვრამდე ზედამხედველობა განახორციელოს ბავშვთან მხარეების დამოკიდებულებაზე, აქტიური კომუნიკაცია იქონიოს ბავშვთან, რათა გამოარკვიოს წინამდებარე გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობების არსებობა.

5.2. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, ზემომითითებულ ნაწილში გადაწყვეტილება განმარტებას არ საჭიროებდა. რაც შეეხებოდა საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღესრულებინა მეურვეობის ორგანოს ხსენებული გადაწყვეტილება, ე.ი. რა წესები და მეთოდები უნდა გამოეყენებინა გადაწყვეტილების აღსასრულებლად, აღნიშნული განმარტების საკითხს სცდებოდა, ვინაიდან გადაწყვეტილების აღსრულებაზე მაკონტროლებელ ორგანოს სასამართლო არ წარმოადგენდა.

6. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება სააგენტომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და თავდაპირველ განცხადებაში ასახულ არგუმენტებზე დაყრდნობით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიიჩნევს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას (ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის შინაარსი), ხოლო განმარტების მიზნად კი, მისი აღსრულების უზრუნველყოფას.

ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს. კანონის მიხედვით, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან, თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა.

საგულისხმოა ისიც, რომ, დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან (შდრ. იხ. სუსგ, №ას-1762-2018, 27.02.2019).

8. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განსამარტი პუნქტის დათქმა შემდეგია: „სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ, შესაბამისი სოციალური მუშაკის ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, საჭიროების აღმოფხვრამდე ზედამხედველობა განახორციელოს ბავშვთან მხარეების დამოკიდებულებაზე, იქონიოს აქტიური კომუნიკაცია ბავშვთან, რათა გამოარკვიოს წინამდებარე გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობების არსებობა“.

გასაჩივრებულ განჩინებაში კი, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგი: გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის დასახელებული პუნქტი ბუნდოვანი არ არის, იგი ნათლად და გარკვევითაა ჩამოყალიბებული და მიუთითებს, რომ სააგენტოს, როგორც არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს დაევალა, გამოყოს ფსიქოლოგი, რათა დახმარება გაუწიოს არასრულწლოვანს მამის მშობლებთან (მოსარჩელეები) ურთიერთობის გაუმჯობესებაში, სტრესთან გამკლავებაში, ემპათიის, მიმდინარე მოვლენებისა და ქცევის გაგებაში და საჭიროების აღმოფხვრამდე ზედამხედველობა განახორციელოს ბავშვთან მხარეების დამოკიდებულებაზე; აქტიური კომუნიკაცია იქონიოს ბავშვთან, რათა გამოარკვიოს წინამდებარე გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობების არსებობა.

რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღასრულოს მეურვეობის ორგანომ ხსენებული გადაწყვეტილება, ე.ი. რა წესები და მეთოდები უნდა გამოიყენოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, აღნიშნული განმარტების საკითხს სცდება, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე მაკონტროლებელ ორგანოს სასამართლო არ წარმოადგენს.

9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მოყვანილი მსჯელობა გასაზიარებელია, რამდენადაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება გარკვევით მიუთითებს ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის ძირითად არსზე, რაც კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან შემდეგი მოქმედებების განხორციელების ვალდებულებაში მდგომარეობს:

1). სააგენტომ, როგორც როგორც არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელმა უნდა გამოყოს ფსიქოლოგი, რომელმაც მამის მშობლებთან (მოსარჩელეებთან) ურთიერთობის გაუმჯობესებაში, სტრესთან გამკლავებაში, ემპათიის, მიმდინარე მოვლენებისა და ქცევის გაგებაში არასრულწლოვანს დახმარება უნდა გაუწიოს (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი);

2). შესაბამისი სოციალური მუშაკის ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, საჭიროების აღმოფხვრამდე, სააგენტომ ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ბავშვთან მხარეების დამოკიდებულებას და ბავშვთან აქტიური კომუნიკაცია იქონიოს, რათა წინამდებარე გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობების არსებობა გამოარკვიოს (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ბავშვთან მხარეთა დამოკიდებულებაზე ზედამხედველობა კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან იმ გარემოებებზე დაკვირვებას გულისხმობს, რაც ზემომითითებული გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის არსს ეწინააღმდეგება და აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელ გარემოებებად გვევლინება, თუკი ასეთს რეალურად ექნება ადგილი.

განსამარტი გადაწყვეტილებითვე დადგენილია, რომ მითითებული მიზნის შესასრულებლად კერძო საჩივრის ავტორმა ბავშვთან აქტიური კომუნიკაცია უნდა იქონიოს.

10. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ქმედებები უნდა შეასრულოს კერძო საჩივრის ავტორმა განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი სასამართლო განკარგულების აღსასრულებლად, ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს:

- როგორც წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში აღინიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების განსამარტი პუნქტით დადგინდა: შესაბამისი სოციალური მუშაკის ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, საჭიროების აღმოფხვრამდე, სააგენტომ ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ბავშვთან მხარეების დამოკიდებულებას და ბავშვთან აქტიური კომუნიკაცია იქონიოს, რათა წინამდებარე გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობების არსებობა გამოარკვიოს.

„ბავშვთან მხარეეების დამოკიდებულებაზე ზედამხედველობისა“ და მასთან „აქტიური კომუნიკაციის“ მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედებები თავად კერძო საჩივრის ავტორის განსასაზღვრია, რამდენადაც კანონით სწორედ ისაა მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც მეურვეობის, მზრუნველობის, მხარდაჭერის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესის წარმართვისა და კოორდინაციის უფლებამოსილებითაა აღჭურვილი („საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის №58 დადგენილების 3.1 პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტები). ამდენად, ზემომითითებული სპეციფიკური ხასიათის ქმედებების განსაზღვრა სასამართლოს უფლებამოსილებას სცილდება და უშუალოდ კერძო საჩივრის ავტორის კომპეტენციას განეკუთვნება.

11. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსამარტი გადაწყვეტილების შინაარსი ბუნდოვანი არაა, ასევე არაა გამოკვეთილი განსამარტი გადაწყვეტილების აღსრულების ხელის შემშლელი გარემოებანი და წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია.

12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება;

3.განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე