საქმე №ა-5548-შ-168-2023 8 ნოემბერი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.რ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჭ–ძე (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – უკრაინის ნიკოლაევსკის ოლქის პირველი მაისის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე №484/2477/20) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის ნიკოლაევსკის ოლქის პირველი მაისის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №484/2477/20):
1.1. ი.ბ. ასული რ–ის (უკრაინის მოქალაქე, დაბადების თარიღი - 1975 წლის 17 ნოემბერი, მისამართი - ნიკოლაევსკის ოლქი, ქ.პერვომაისკი, ....., გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ბარათის სარეგისტრაციო ნომერი - 2771405283, წინამდებარე ტექსტში შემდეგში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა;
1.2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 19 ოქტომბერს მოსარჩელესა და მ.ჭ–ძეს (დაბადების თარიღი - 1980 წლის 5 მარტი, საქართველოს მოქალაქე, წინამდებარე ტექსტში შემდეგში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის ნომერი - 77173001738) შეწყდა.
2. მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ზემოხსენებულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. უკრაინის ნიკოლაევსკის ოლქის პირველი მაისის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №484/2477/20): შუამდგომლობის ავტორის სარჩელი დაკმაყოფილდა; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 19 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის ნომერი - 77173001738) შეწყდა.
5. ზემომითითებული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2020 წლის 3 ნოემბრიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში - საერთაშორისო ხელშეკრულება) პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურასა და ნოტარიუსებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები, გამოვიდნენ მათში, აღძრან შუამდგომლობა და წარადგინონ სარჩელი, განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებები, იმავე პირობებით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის მოქალაქეებმა.
საერთაშორისო ხელშეკრულების 40-45 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
საერთაშორისო ხელშეკრულების 40.1 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ცნობენ და აღასრულებენ იუსტიციის დაწესებულებების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს სამოქალაქო საქმეებზე.
8. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის/ცნობაზე უარის საფუძვლები მოცემულია, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების 43-ე მუხლში (სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე ან აღსრულების ნებართვაზე შეიძლება უარი ითქვას: 1) თუ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ან მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მისი წარმომადგენელს დროულად და სათანადო ფორმით არ ჩაბარდა სასამართლოში გამოძახების უწყება; 2) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის დაწესებულებების მიერ ადრე აღძრული იყო წარმოება მოცემულ საქმეზე; 3) თუ ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად ან ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას), ასევე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.2 მუხლში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს).
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმებში მითითებული მოთხოვნები დაცულია, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და უცხო ქვეყნის სასამართლოს წარმოდგენილი გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.რ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს უკრაინის ნიკოლაევსკის ოლქის პირველი მაისის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №484/2477/20) იმ ნაწილში, რომლითაც:
- ი.ბ. ასული რ–ის (უკრაინის მოქალაქე, დაბადების თარიღი - 1975 წლის 17 ნოემბერი, მისამართი - ნიკოლაევსკის ოლქი, ქ.პერვომაისკი, ......, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ბარათის სარეგისტრაციო ნომერი - 2771405283) სარჩელი დაკმაყოფილდა;
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 19 ოქტომბერს ი.ბ. ასულ რ–სა და მ.ჭ–ძეს (დაბადების თარიღი - 1980 წლის 5 მარტი, საქართველოს მოქალაქე) შორის რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის ნომერი - 77173001738) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები : ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე