07 ნოემბერი 2023 წელი
საქმე № ა-608-შ-15-2023 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი(თავმჯომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ.გ.
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ნ–ვი
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინება (საქმე № ა56-12422/2016)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით (საქმე № ა56-12422/2016), რ.ნ–ვსა და რ.გ.ს შორის 2017 წლის 23 ნოემბერს დადებული ტრანსპორტის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. ბათილი გარიგების საფუძველზე რ. ნ–ს (დაბადებული 01.12.1960წ.) რ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კონკურსის მასა 1 200 000 რუბლი და სასამართლო ხარჯები 6 000 რუბლი.
2. რ.გ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო განჩინებისა და სასამართლოს მიერ გაცემული ცნობების შესწავლით ირკვევა შემდეგი:
3.1. რ.ნ–ვი სათანადო ფორმით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე. ამასთან, მას გადაეცა სარჩელის ასლი, რისი დასტურიც საქმის მასალებში მოიპოვება.
3.2. რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 12 აგვისტოს და ექვემდებარება აღსრულებას.
3.3. რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
4. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, რ.ნ–ვის ამჟამინდელი მისამართია საქართველო, ქალაქი თბილისი, ტაშკენტის ქუჩა, სახლი №46.
5. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით რ.გ–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინების (საქმე № ა56-12422/2016) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
6. შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განჩინების ასლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე რ.ნ–ვს ორჯერ გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა. საფოსტო უკუგზავნილების თანახმად მისამართზე არავინ იმყოფებოდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში უზრუნველეყო რ.ნ–ვისათვის (დაბადების თარიღი: 01.12.1960წ.; მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, .......) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებისა და რ.გ–ის შუამდგომლობის თანდართული მასალებით ჩაბარება. მასვე დაევალა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის ეცნობებინა დასახელებული კორესპონდენციის ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.
8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 სამმართველოს 2023 წლის 03 აგვისტოს წერილით ირკვევა, რომ რ.ნ–ვს (დაბადების თარიღი: 01.12.1960წ.; მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ტაშკენტის ქუჩა, სახლი №46) გზავნილი ვერ ჩაბარდა, ვინაიდან აღნიშნული პიროვნების მონაცემებით ვერ მოხერხდა მისი იდენტიფიცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ რ.გ.ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინების (საქმე № ა56-12422/2016) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე, მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
12. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
15. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს. ამ მიზნით საკასაციო სასამართლომ გამოიყენა საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად, თუმცა უშედეგოდ.
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით რ.გ.ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინების (საქმე № ა56-12422/2016) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. შუამდგომლობა, მასზე თანდართული მასალებისა და საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განჩინების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს რ.ნ–ვს ორჯერ გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა ვერ ჩაბარდა. საფოსტო უკუგზავნილებით ირკვევა, რომ მითითებულ მისამართზე არავინ იყო. რ.ნ–ვის მოძიება და მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ასევე შეუძლებელი აღმოჩნდა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 სამმართველოს მეშვეობითაც, რადგან აღნიშნული პიროვნების მონაცემებით მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ვინაიდან, როგორც საფოსტო განყოფილების, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ შეუძლებელი აღმოჩნდა რ.ნ–ვის მოძიება შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე, მისამართი არასწორია.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ.გ–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინების (საქმე № ა56-12422/2016) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
20. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე, 187-ე, 275-ე, 284-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.გ–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინების (საქმე № ა56-12422/2016) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
3. რ.გ.ს დაუბრუნდეს მის მიერ შუამდგომლობაზე თანდართული დედანი დოკუმენტები სრულად.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი