Facebook Twitter

24 თებერვალი 2023 წელი

№ას-74-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შ.პ.ს. „G.H.T.“

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ა–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.ა–იმ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - შ.პ.ს. „G.H.T.“-ის მიმართ 23 750 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ სარჩელით მიმართა.

2. მოპასუხემ დაუსაბუთებელი (არაკვალიფიციური) შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 23 750 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. 2015 წლის 10 თებერვალს გაცემული მინდობილობის შესაბამისად, მოპასუხე კომპანიის დირექტორმა - ყ.მ., იურიდიული პირის სახელით უფლებამოსილება ს.მ–ს მიანიჭა. მინდობილობა მოიცავდა საზოგადოების სახელით გარიგებებზე ხელმოწერისა და ვალდებულების აღების უფლებას.

5.2. 2015 წლის 20 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: მოპასუხე კომპანია მოსარჩელეს 2015 წლის 20 მარტიდან 2018 წლის 20 მარტამდე სარგებლობაში გადასცემდა საკუთრებაში არსებულ ბინას ს/კ-ით ........, მოსარჩელე კი, მოპასუხეს სანაცვლოდ 24 500 აშშ დოლარს გადაუხდიდა. გამსესხებელს უფლება ჰქონდა იპოთეკის თანხის სრულ დაფარვამდე ესარგებლა იპოთეკის საგნით, ხოლო თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში, იპოთეკის საგანი უნდა გადაეცა კომპანიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ გამსესხებელი დროულად ვერ შეძლებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დაცვით იპოთეკის საგნის - ბინის დაბრუნებას, ვალდებული იყო, მსესხებელი კომპანიისათვის ქირის სახით ყოველთვიურად 500 აშშ დოლარი გადაეხადა.

5.3. 2017 წლის 01 თებერვალს მოპასუხემ მოსარჩელეს მოსთხოვა ბინის დაბრუნება, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა დროულად გადასცა კომპანიას იპოთეკის საგანი (მდებარე: თბილისი. .......... სართული, ბინა №70, ს/კოდით .......).

5.4. მოსარჩელისა და ს.მ–ის მონაწილეობით შედგენილი დოკუმენტის შინაარსის თანახმად, მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. მოპასუხემ მოსარჩელეს მხოლოდ თანხის ნაწილი - 12 750 აშშ დოლარი დაუბრუნა. მოპასუხის სრული დავალიანება მოსარჩელის მიმართ 23 750 აშშ დოლარია.

5.5. 2019 წლის 07 მარტის სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა, აღიარა ვალი და მისი გადახდისთვის მოითხოვა ვადა. მანვე დაადასტურა, რომ მხარეებმა თავიანთი ნება გამოხატეს ხელშეკრულებით, კერძოდ, მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, სადაც გაწერილი იყო პირობები.

5.6. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და მისი დავალიანება 23 750 აშშ დოლარია.

5.7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხემ აღიარა ვალი და დაადასტურა, რომ მოსარჩელემ შეასრულა ვალდებულება, ხოლო მოპასუხე კომპანიამ - მხოლოდ ვალდებულების ნაწილი, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე (აღიარების გაქარწყლება მხარის მიერ) მუხლით გათვალისწინებული საპროცესო საშუალებით არ უსარგებლია, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები, არ ვლინდებოდა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

6.1. საქმეში წარმოდგენილი სხდომის ოქმით დგინდება პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის წარმომადგენლის მიერ ფიზიკურ პირებს შორის არსებული სასესხო ურთიერთობის ფაქტის დადასტურება და არა იურიდიული პირის სახელით ვალდებულების აღება.

6.2. სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით უნდა ეხელმძღვანელა. ამ ნორმის თანახმად, ვალის აღიარება მოითხოვს წერილობით ფორმას, რაც განსახილველ საქმეში არ მოიპოვება.

6.3. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 10 თებერვლის მინდობილობით მარწმუნებლებმა რწმუნებულ ს.მ–ის მიანიჭეს ზოგადი უფლებამოსილებები საზოგადოების მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, ასევე, სპეციალური უფლებამოსილება საზოგადოების საკუთრებაში არსებული ავტომობილის გასხვისების თაობაზე. მინდობილობაში არ ასახულა ვალდებულების აღებისა (სესხის აღების) და საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის (იპოთეკით დატვირთვის) უფლებამოსილება, რომელიც სპეციალურ ნებართვას საჭიროებს.

6.4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის იპოთეკის საგნის 2017 წლის 01 თებერვალს დაბრუნების ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება ამ გარემოების დასადასტურებლად. აღნიშნულს არსებითი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ორივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი განმარტება იპოთეკის საგნის დაბრუნების შესახებ და ვადაგადაცილებული თვეებისათვის მოპასუხეს მითითებული თარიღიდან დააკისრა გადაუხდელი ქირის თანხა.

6.5. საქმეში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებას ხელს აწერს ერთი მხრივ მოსარჩელე ხოლო მეორე მხრივ მოწმე - ს.ა.მ–ი, რომელიც არ წარმოადგენს მოპასუხე კომპანიის მინდობილ პირს. სასამართლომ ს.მ–ის სახელზე გაცემული მინდობილობა არასწორად გამოიყენა მოწმე ს.ა.მ–ის ახსნა-განმარტებაზე ხელმოწერის უფლებამოსილებად და, შესაბამისად, უსაფუძვლოდ დაადგინა მოპასუხის მიერ ვალის აღიარების ფაქტობრივი გარემოება.

6.6. საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც მოპასუხის (იურიდიული პირის) მხრიდან სესხის აღების ფაქტს დაადასტურებდა. სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილებისას დაეყრდნო ისეთ მტკიცებულებებს, რომელთაც მოცემულ დავასთან შემხებლობა არ აქვს.

6.7. მინდობილობა გაცემულია ს.მ–ის სახელზე, საზოგადოების პარტნიორების და არა დირექტორის მიერ, ზოგადი და არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისა და თანხის მიღების უფლებამოსილებით.

6.8. სასამართლოს არ უმსჯელია საქმეში წარმოდგენილ მთავარ მტკიცებულებაზე - 2015 წლის 20 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე, რომელიც ერთადერთი მტკიცებულებაა სესხის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან მოპასუხისთვის ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრების მართლზომიერება.

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის კვალიფიციურად შედავებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

12.1. 2015 წლის 10 თებერვალს გაცემული მინდობილობის შესაბამისად, მოპასუხე კომპანიის დირექტორმა - ყ.მ., იურიდიული პირის სახელით გარიგებებზე ხელმოწერისა და ვალდებულების აღების უფლებამოსილება ს.ა.მ–ის მიანიჭა.

12.2. 2015 წლის 20 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: მოპასუხე კომპანია მოსარჩელეს 2015 წლის 20 მარტიდან 2018 წლის 20 მარტამდე სარგებლობაში გადასცემდა საკუთრებაში არსებულ ბინას ს/კ-ით ......., მოსარჩელე კი, მოპასუხეს სანაცვლოდ 24500 აშშ დოლარს გადაუხდიდა. გამსესხებელს უფლება ჰქონდა იპოთეკის თანხის სრულ დაფარვამდე ესარგებლა იპოთეკის საგნით, ხოლო თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში, იპოთეკის საგანი უნდა გადაეცა კომპანიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ გამსესხებელი დროულად ვერ შეძლებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დაცვით იპოთეკის საგნის - ბინის დაბრუნებას, ვალდებული იყო, მსესხებელი კომპანიისათვის ქირის სახით ყოველთვიურად 500 აშშ დოლარი გადაეხადა. აღნიშნული ხელშეკრულება კომპანიის სახელით ხელმოწერილი იქნა წარმომადგენლის - ს.ა.მ–ის მიერ.

12.3. მოპასუხემ მოსარჩელეს ვადამდე მოსთხოვა ბინის დაბრუნება, რის საფუძველზეც, ამ უკანასკნელმა კომპანიას დაუბრუნა იპოთეკის საგანი (მდებარე: თბილისი. ......, ს/კოდით ........).

12.4. მოსარჩელისა და ს.ა.მ–ის მონაწილეობით შედგენილი დოკუმენტის - „ახსნა-განმარტების“ მიხედვით, მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. მოპასუხემ მოსარჩელეს მხოლოდ სესხის თანხის ნაწილი - 12 750 აშშ დოლარი დაუბრუნა და დაპირდა დარჩენილი სესხის - 12750 აშშ დოლარის და დაგროვილი ქირის დავალიანების გადახდას. ჯამში მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 23 750 აშშ დოლარს შეადგენს.

12.5. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 07 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა და აღიარა ვალი და მისი გადახდისთვის მოითხოვა ვადა.

13. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ს.მ–ი (იგივე - ს.ა.მ–ი, პ.ნ. .......) არ წარმოადგენდა მოპასუხე კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რადგან მას არ ჰქონდა დირექტორის მიერ მინიჭებული მინდობილობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო მინდობილობა კომპანიის სახელით ხელმოწერილია ყოდრათოლაჰ მაყულის მიერ, რომელიც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით მოპასუხის რეგისტრირებული დირექტორია.

14. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის პოზიცია, რომ ს.ა.მ–ის არ გააჩნდა კომპანიის სახელით ვალდებულების აღების უფლებამოსილება, ვინაიდან როგორც საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 10 თებერვლის მინდობილობით დგინდება, მას მინიჭებული ჰქონდა კომპანიის სახელით ნებისმიერი ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება, რაც თავის თავში ვალდებულების აღების უფლებამოსილებასაც მოიცავს.

15. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მტკიცება, რომ მას მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულება არ გააჩნია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

აღნიშნული ნორმით მოწესრიგებული აღიარების ინსტიტუტი, საპროცესო სამართლის თეორიაში მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღიარება უნდა იყოს კონკრეტული და გამოხატავდეს მხარის გაცნობიერებულ ნებას, რომ ის ადასტურებს მტკიცების საგანში შემავალ ამა თუ იმ ფაქტს და მკაფიოდ და ნათლად ადასტურებს მის არსებობას“ (იხ. სუსგ საქმე №ას-856-800-2017, 20 ოქტომბერი, 2017 წელი).

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში 2019 წლის 07 მარტს გამართულ მთავარ სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენელმა აღიარა მოსარჩელის წინაშე ვალის არსებობა და მის დასაბრუნებლად 6 თვის ვადა მოითხოვა (იხ. 07.03.2019წ. სხდომის ოქმი, 16:39-16:42წთ.).

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტით, რომელიც დასათაურებულია როგორც „ახსნა-განმარტება“ და რომელსაც ხელს აწერს ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ - მოპასუხე კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი, დგინდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება, მთლიანობაში - 23750 აშშ დოლარი.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ზეპირი და საქმეში წარმოდგენილ „ახსნა-განმარტებაში“ წერილობითი ფორმით მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ვალის არსებობის დადასტურება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკმარის საფუძველს ქმნიდა.

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 3623 ლარი და 89 თეთრი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3623.89 ლარის 70% – 2536.72 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.პ.ს. „G.H.T.”-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „G.H.T.”-ს (ს/კ ......) დაუბრუნდეს ლ.ჩ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 3623 ლარის და 89 თეთრის (საგადახდო დავალება №697, გადახდის თარიღი: 28.04.2022წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 2536 ლარი და 72 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი