Facebook Twitter

07 ივნისი 2023 წელი

№ას-122-2023 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „შ–ი“

თავდაპირველი მოპასუხე _ შ.პ.ს "ბ–ნი"

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შ.პ.ს. „შ–ი“-მ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს შ.პ.ს. „ბ–ნი“-სა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „I მოპასუხე“, „თავდაპირველი თანამოპასუხე“, „მოვალე“) და ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „II მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „კრედიტორი“) მიმართ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №16131225 სააღსრულებო საქმეზე კახეთის სააღსრულებო ბიუროს 15.02.2017 წლის აღწერა-დაყადაღების №121156 აქტიდან დაყადაღებული მოძრავი ნივთების ამორიცხვისა და ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელის საკუთრებაშია სპირტის საწარმო, მდებარე: ქალაქი საგარეჯო, ........ საწარმოში განთავსებულია შ.პ.ს. „შ–ი“-ს საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები, მათ შორის: №67686 – ორთქლის ქვაბი – 1 ცალი; №67687 – ქვაბი შარანტი – 2 ცალი; №67688 – შემამაგრებელი კოლონა; №67689 – სიმინდის საფქვავი წისქვილი; №67690 – ტაროიანი სიმინდის საფქვავი წისქვილი; №67691 – რკინის ცისტერნა 2 ტონიანი; №67692 – სპილენძის მაცივარი – 2 ცალი; №67693 რკინის ცისტერნა 15 ტონიანი – 1 ცალი; №67694 უჟანგავი ლითონის ცისტერნა 1 ტონიანი – 2 ცალი.

2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 15 თებერვლის აღწერა - დაყადაღების №121156 აქტით, შ.პ.ს. „ბ–ნი“-ს საგადასახადო დავალიანების იძულებით გადასახდევინების მიზნით, დაყადაღებული იქნა შ.პ.ს. „შ–ი“-ს საკუთრებაში არსებული ზემოთ ჩამოთვლილი მოძრავი ნივთები. მოძრავი ნივთების დაყადაღებას საფუძვლად დაედო მხოლოდ შ.პ.ს. „ბ–ნის“-ს დირექტორის მინდობილი პირის განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ ეს ნივთები შ.პ.ს. „ბ–ნი“-ს საკუთრება იყო, რაც სინამდვილეს არ წარმოადგენდა, ვინაიდან ნივთები სხვადასხვა დროს შეძენილია შ.პ.ს. „შ–ი“-ს მიერ, იმყოფება მისი საწარმოს ტერიტორიაზე, აღრიცხულია მისი საწარმოს ბალანსზე და წარმოადგენს შ.პ.ს. „შ–ი“-ს საკუთრებას, რის გამოც დაყადაღებული ნივთები ამოღებული უნდა იქნენ 2017 წლის 15 თებერვლის აღწერა - დაყადაღების №121156 აქტიდან.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხე შ.პ.ს. „ბ–ნი“-ს შესაგებელი არ წარუდგენია. მოპასუხე ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შ.პ.ს. „ბ–ნი“-ს აქვს დავალიანება ბიუჯეტის წინაშე, რის გამოც მოხდა მისი ქონების დაყადაღება. მოსარჩელის ნივთები შეცდომით დაყადაღებული არ არის, მათ დაყადაღებას საფუძვლად დაედო შ.პ.ს. „ბ–ნი“-ს წარმომადგენლის განცხადება ნივთების მოვალისადმი კუთვნილებისა და მათი ადგილმდებარეობის მითითებით. ამავდროულად, მოსარჩელეს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ დაყადაღებული ნივთები მისი საკუთრებაა, სასამართლოს წინაშე არ წარუდგენია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „შ–ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად; ყადაღისაგან გათავისუფლდა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №16131225 სააღსრულებო საქმეზე კახეთის სააღსრულებო ბიუროს 15.02.2017 წლის აღწერა-დაყადაღების №121156 აქტიდან ამოირიცხა დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: №67686 – ორთქლის ქვაბი – 1; №67687 – ქვაბი შარანტი – 2; №67688 – შემამაგრებელი კოლონა; №67689 – სიმინდის საფქვავი წისქვილი; №67690 – ტაროიანი სიმინდის საფქვავი წისქვილი; №67691 – რკინის ცისტერნა 2 ტონიანი; №67692 – სპილენძის მაცივარი – 2; №67693 რკინის ცისტერნა 15 ტონიანი – 1; №67694 უჟანგავი ლითონის ცისტერნა 1 ტონიანი – 2 ცალი.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. შ.პ.ს. „ბ–ნი“-ს (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ერიცხება დავალიანება. ბიუჯეტის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულების იძულებით აღსრულების მიზნით, შ.პ.ს „ბ–ნი“-ს დირექტორის მინდობილი პირის განცხადების საფუძველზე, კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ყადაღა დაედო სადავო მოძრავ ქონებას.

7.2. შ.პ.ს. „შ–ი“-ს საქმიანობის წარმოადგენს სპირტის წარმოება, რასაც ახორციელებს ქ. საგარეჯოში, ...... მდებარე უძრავი ქონების მისამართზე.

7.3. სადავო ნივთების დაყადაღება მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე განხორციელდა, მაშინ როდესაც შემოსავლების სამსახურის სახელზე დაწერილ განცხადებაში, რომლის საფუძველზეც კახეთის სააღსრულებო ბიურომ სადავო ნივთები დააყადაღა, შ.პ.ს. „ბ–ნი“- დირექტორის წარმომადგენელი სადავო ქონების ადგილმდებარეობად სულ სხვა მისამართს - ქ. საგარეჯო, ....... მიუთითებდა.

7.4. დაყადაღებული მოძრავი ნივთები მოსარჩელეს სხვადასხვა დროს შეძენილი აქვს სხვადასხვა პირისგან, მათ შორის, შ.პ.ს. „ბ–ნი“-ს დირექტორის - ა.გ–სგან.

7.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №16131225 სააღსრულებო საქმეზე კახეთის სააღსრულებო ბიუროს 15.02.2017 წლის აღწერა-დაყადაღების №121156 აქტით ყადაღადადებული მოძრავი ნივთები _ №67686 – ორთქლის ქვაბი – 1; №67687 – ქვაბი შარანტი – 2; №67688 – შემამაგრებელი კოლონა; №67689 – სიმინდის საფქვავი წისქვილი; №67690 – ტაროიანი სიმინდის საფქვავი წისქვილი; №67691 – რკინის ცისტერნა 2 ტონიანი; №67692 – სპილენძის მაცივარი – 2; №67693 რკინის ცისტერნა 15 ტონიანი – 1; №67694 უჟანგავი ლითონის ცისტერნა 1 ტონიანი – 2 ცალი _ მოსარჩელის საკუთრებაა.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ შემდეგი სამართლებრივი შეფასება მისცა:

8.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. იმავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება.

8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც, იგი სივრცობრივად მთავარ ნივთს უკავშირდება და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა.

8.4. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, რაც მან უნდა განახორციელოს უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით, რომლებიც ობიექტურად დაადასტურებს სარჩელში მითითებულ სადავო გარემოებებს. მოპასუხე კი მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

8.5. ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნას მოსარჩელე იმ გარემოებებზე აფუძნებს, რომ დაყადაღებული მოძრავი ქონება შეძენილი აქვს სხვადასხვა დროს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე. ამ გარემოების დადასტურების მიზნით მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია სხვადასხვა დროს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, მათ შორის: 1. 09.05.2014 წლით დათარიღებული აქტი, რომლითაც მოსარჩელის დირექტორის და ა.გ–ს მიერ დადასტურებულია მოსარჩელის მიერ ორი ცალი საქვაბის შეძენა (ტ.1.ს.ფ. 28); 2. მოსარჩელეს და შ.პ.ს. „ი“-ს შორის გაფორმებული 2014 წლის 20 იანვრით დათარიღებული ხელშეკრულება და 2014 წლის 23 იანვრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დადასტურებულია სპირტის გამოსაშვები დანადგარის კვანძების, ანუ შემდგენელი ნაწილების მოსარჩელის მიერ შეძენა და შემდეგი ნივთების: 1. ათ ტონიანი უჟანგი ცისტერნა მოტორი გარეშე, 2. კუბი უჟანგი 2 ტონიანი, 3. ცისტერნა უჟანგი ორ ტონიანი, 4. ცისტერნა უჟანგი ერთ ტონიანი, 5. ცისტერნა უჟანგი ხუთ ტონიანი, 6. ცისტერნა უჟანგი 800 ლიტრიანი, 7. დეფლეგმატორი მაცივარი, 8. უჟანგი მილები, 9. პარის რეგულატორები, 10. ნასოსი სითხის გადამტანი, 11. ზადკოშკები სხვადასხვა, 12. ფოლადის მილები, 13. ფეკი ლაბორატორიის, 14. ნახევარფაბრიკატები, 15. მაზუთი, მოსარჩელისთვის გადაცემა (ტ.1.ს.ფ. 31-32); 3. მოსარჩელეს და ი.დ–ს შორის გაფორმებული 2015 წლის 15 მაისით დათარიღებული წისქვილის შესყიდვის აქტი (ტ.ს.ფ.36), სასაქონლო ზედნადები შ.პ.ს. „ი“-ს მიერ მოსარჩელისთვის საფქვავის მიწოდების შესახებ (ტ.1.ს.ფ 33). გარდა აღნიშნულისა, სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ დაყადაღებული ქონება განთავსებულია მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაში და სწორედ ამ ნივთების საშუალებით ახორცილებს სამეწარმეო საქმიანობას.

8.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითად ინსტრუმენტად კვალიფიციური შესაგებლის წარდგენაა განმტკიცებული. დასახელებული ნორმის მიხედვით თუ მოპასუხე სარჩელში მოყვანილ რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას არ ეთანხმება, იგი ვალდებულია ამის მიზეზი მიუთითოს და შესაბამისი არგუმენტაციით დაასაბუთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ზემოაღნიშნული ნორმიდან ირკვევა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მოპასუხის მოვალეობას, უპასუხოს მოსარჩელის მიერ მითითებულ და საქმისათვის (მოთხოვნის წარმოშობა-არწარმოშობისათვის) რელევანტურ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს (მხოლოდ) მოსარჩელის ახსნა-განმარტებებისა და მითითებების საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ მოპასუხის შესაგებელი უნდა გადმოსცემდეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გამართული/დასაბუთებული სასარჩელო განცხადებისა და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისაგან განსხვავებულ სურათს იმისათვის, რომ იგი მიჩნეულ იქნას არსებითად.

8.7. მოპასუხედ დასახელებულ შ.პ.ს. „ბ–ნი“-ს, რომლის ვალდებულების შესრულების მიზნითაც სადავო ქონება დაყადაღდა, სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული არცერთ ფაქტობრივ გარემოებას არ შედავებია და სასამართლოსთვის სარჩელისგან განსხვავებული პოზიცია არ შეუთავზებია. რაც შეეხება ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურს, მართალია, სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი წარდგინა, რომლითაც სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, თუმცა კონკრეტულ არგუმენტებზე და მტკიცებულებებზე მითითებით სასამართლოსთვის არ შეუთავაზებია დასაბუთება, რომ მაგალითად სარჩელზე დართული გარიგებებით მოძრავი ქონების შეძენის შემდეგ მოსარჩელის საკუთრებიდან დაყადაღებული ქონება გავიდა და შესაბამისად, აღარ წარმოადგენს მის საკუთრებას, ან/და სადავო მოძრავი ნივთები მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არ იმყოფება და განთავსებულია მისამართზე, რომელზეც შ.პ.ს. „ბ–ნი“-ს დირექტორის წარმომადგენელმა შემოსავლების სამსახურის სახელზე დაწერილ განცხადებაში მიუთითა. ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი შესაგებელი არ შეიცავს არანაირ არგუმენტაციას, თუ რატომ განხორციელდა მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაში მოძრავი ქონების დაყადაღება, მაშინ როდესაც შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის სახელზე შ.პ.ს. „ბ–ნი“-ს დირექტორის წარმომადგენლის განცხადებაში სადავო ქონების ადგილმდებარეობად მითითებულია სულ სხვა მისამართი, სადაც ქონების დაყადაღება არ განხორციელებულა.

8.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე მეწარმე სუბიექტია, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ახორცილებს იმ უძრავი ქონების მისამართზე, სადაც კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტით, ყადაღა დაედო სადავო მოძრავ ქონებას. შ.პ.ს. „შ–ი“-ს, როგორც უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის და სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთების მფლობელის, მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე არ წარმოადგენს კრედიტორის მოვალეს, ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება რელევანტური მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე პასუხისმგებლობის გავრცელება, მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლებას სამართლებრივი საფუძველი გააჩნია.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივრის თანახმად, შ.პ.ს. „ბ–ნი“-ს გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის წინაშე, რის გამოც მოხდა მისი ქონების დაყადაღება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მოსარჩელეს საგადასახადო ორგანოსთვის ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარუდგენია, არ მიუმართავს კასატორისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების ან სადავო ნივთების ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნით, შესაბამისად, არ ვლინდება ქონების ყადაღისგან გათავისუფლების საფუძველი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14.1. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა ამ განჩინების მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი მოძრავი ნივთების კუთვნილება. დავის საფუძველი წარმოშვა იმ გარემოებამ, რომ ხსენებული ნივთები, რომელსაც მოსარჩელე თავის საკუთრებად მიიჩნევდა, კასატორის (კრედიტორის) სასარგებლოდ, მისი მოვალის _ შ.პ.ს. „ბ–ნი“-ს _ დავალიანების იძულებით გადასახდევინებლად, ყადაღის ქვეშ მოექცა.

14.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ); სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

14.3. ხსენებული ნორმა განსაზღვრავს მესამე პირის სარჩელის წარდგენის არამარტო საპროცესო წესებს, არამედ ვალდებულ პირსაც, რომელმაც მტკიცების ტვირთის რეალიზების პირობებში, უნდა დაადასტუროს, რომ მისი პრეტენზია აღსრულების საგანზე უფლების არსებობის შესახებ, საფუძვლიანია. ასეთი პირი, ქონების ყადაღისგან გათავისუფლების დავებში, მოსარჩელეა. ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე უფლების მტკიცების მიზნებისათვის, კანონი არ უთითებს მტკიცებულების რომელიმე კონკრეტულ სახეზე, არამედ, სადავო გარემოება შეიძლება დადგინდეს სსსკ 102-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი მტკიცებულებით _ მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

14.4. უწინარესად, უნდა აღინიშნოს, რომ მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სპეციალური რეჟიმი არ ვრცელდება და მათზე საკუთრება გადადის როგორც ზეპირი, ისე წერილობითი გარიგებების დადების გზით. აღნიშნულს მოწმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ (i) მესაკუთრემ (ii) ნამდვილი უფლების საფუძველზე (iii) გადასცეს შემძენს ნივთი. ციტირებულ ნორმაში გარიგების ფორმასა და რეგისტრაციის აუცილებლობაზე მითითების არარსებობა მოწმობს სწორედ იმას, რომ მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადაცემის ტიპის ხელშეკრულებები ფორმათავისუფალი გარიგებებია, რასაც დიდი საპროცესო მნიშვნელობაც გააჩნია _ გარიგების არსებობა შეიძლება დადგინდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულებით, მათ შორის, მოსარჩელის ახსნა-განმარტებითაც, თუკი მას კვალიფიციურად არ ედავება მოპასუხის ახსნა-განმარტება.

14.5. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი №5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს, კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016).

14.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი მოპასუხის უფლების დაცვის უმთავრესი ინსტრუმენტია, რომლის ჯეროვნად გამოყენება განაპირობებს საქმის საბოლოო შედეგს. უმრავლეს შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია საქმეში გამართული, არგუმენტირებული შესაგებლის არსებობა და საამისოდ შეგებებული სარჩელის აღძვრა არც არის საჭირო. შესაგებლის წარდგენის ვალდებულება მხარის მიერ დაძლეულად ვერ განიხილება, თუ იგი კვალიფიციურად, ამომწურავად და დასაბუთებულად არ ედავება მოსარჩელე მხარეს მის მიერ მოთხოვნის დასაფუძნებლად სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აბსტრაქტული და სასარჩელო მოთხოვნასთან კავშირში არმყოფი შესაგებელი, ფორმალური თვალსაზრისით, შესაძლოა, იყოს კიდეც წარდგენილი სასამართლოსათვის სწორ საპროცესო დროს, მაგრამ თუ მას არ შესწევს უნარი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც აფუძნებს სარჩელს, ამგვარი შესაგებლის პროცესუალური მნიშვნველობა უკიდურესად დაბალია და შემოიფარგლება უფლების დაცვის მხოლოდ იმ მასშტაბით, რომ აკავებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. არასათანადო შესაგებელი აფერხებს მოპასუხის უფლებას სასარჩელო ფაქტებზე მოგვიანებით შედავებისა და მტკიცებულებების მოგვიანებით წარდგენის შესაძლებლობის თვალსაზრისით. (სსსკ 201-ე მუხლის მე-4-მე-5 ნაწილების თანახმად, თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს; მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა).

14.7. წარმოდგენილი სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის დასაფუძნებლად და შესაბამისად, იმ გარემოების სამტკიცებლად, რომ აღწერა-დაყადაღების აქტში ჩამოთვლილი მოძრავი ნივთები მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა, უთითებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის სამივე წინაპირობაზე _ სადავო ნივთები ვალდებულებითი გარიგების ფორმით (i) შეძენილია ყოფილი მესაკუთრეებისგან (ii) და ნივთები იმყოფება მოსარჩელის მფლობელობაში (iii). ამ გარემოებათა კუმულაციური არსებობა საკმარისი საფუძველია, რათა შემძენი განიხილებოდეს მოძრავი ნივთის მესაკუთრედ, თუკი, შესაგებლის ფარგლებში, მოვლენათა ალტერნატიულ განვითარებას მოპასუხე სასამართლოს არ სთავაზობს.

14.8. განსახილველ შემთხვევაში, მოვალე შ.პ.ს. „ბ–ნი“-ს საამისოდ სწორ საპროცესო ეტაპზე პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო კასატორის შესაგებელი არსებითად არ შედავებია სადავო ნივთებზე მოსარჩელის უფლებების წარმოშობის სსკ 186(1) მუხლით განსაზღვრულ არცერთ წინაპირობას (მაგალითად, უფლების დამდგენი საბუთების ნამდვილობას, გამსხვისებლის უფლების ნამდვილობას, ნივთების მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებობის ფაქტს. მარტოოდენ ზოგადი მითითება, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს უფლებას სადავო ნივთებზე, არსებით შედავებად ვერ ჩაითვლება), სასამართლოსთვის არ მიუთითებია სადავო ნივთებზე საკუთრებითი მდგომარეობის ცვლილების ფაქტებზე (მაგალითად, მოსარჩელემ, მართალია, შეიძინა, მაგრამ მოგვიანებით დაკარგა უფლება სადავო ნივთებზე) ან ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების მიუხედავად, შ.პ.ს. „ბ–ნი“-ს დავალიანების დაფარვაზე შ.პ.ს. „შ–ი“-ს პასუხისმგებლობის საფუძველზე (მაგალითად, ცრუმაგიერ პირად ცნობა, თავდებობა, გირავნობა და ა.შ.). ამ პირობებში კი, სარჩელში მითითებული ფაქტები დამტკიცებულად ითვლება და თუკი მათი ერთობლიობა იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

14.9. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაპყრობს ერთგვაროვანი პრაქტიკისკენ, რომელიც დადგენილია მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

14.10. მტკიცების ტვირთის კვალდაკვალ, მისი სწორად განაწილების მიზნებისათვის, არსებითად დიდია სამოქალაქო სამართალში მოქმედი პრეზუმფციების საპროცესო მნიშვნელობა. სამართალწარმოებაში „პრეზუმციების“ არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება, პირიქით, უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში (იხ. სუსგ. №ას-528-501-2015 04.11.2015წ).

14.11. სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ, მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში, მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (იხ. სუსგ. №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018). სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს (იხ. სუსგ. №ას-1202-1144-2014, 06.02.2015წ.; №ას-262-253-2012. 25.06.2012წ.), რაც კასატორმა წინამდებარე დავაში ვერ დაძლია.

14.12. რამდენადაც ყადაღისგან ქონების გათავისუფლების სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიჩნეულ იქნა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად), ამგვარი სარჩელის განხილვისას დავის საგანია არა კრედიტორი ადმინისტრაციული (საგადასახადო) ორგანოს აქტის კანონიერება, არამედ მესაკუთრის უფლებების დაცვა დაუშვებელი ხელყოფისაგან, ხოლო საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის სააღსრულებო მოქმედებების კანონიერებას ამ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს, შესაბამისად, მიმართა თუ არა მოსარჩელემ წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე კრედიტორს სადავო ქონების ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნით და წარუდგინა თუ არა საკუთარი უფლების დამდგენი საბუთები მას, მოცემული დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი არ არის, ვინაიდან ყადაღისგან ქონების გათავისუფლების სარჩელებს კანონმდებელი დაყადაღების აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების ვალდებულებას წინაპირობად არ უწესებს (იხ. სუსგ. №ას-1887-2018, 15.03.2019წ.).

14.13. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ, საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში შეძლო, დაედასტურებინა, რომ იგი აღწერა-დაყადაღების აქტში ჩამოთვლილი ნივთების მფლობელი და მესაკუთრეა, ამავდროულად, კასატორს საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად საპროცესო ძალისხმევა არ წარუმართავს, შესაბამისად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა მასზედ, რომ მესამე პირის _ შ.პ.ს. „ბ–ნი“-ს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობის არარსებობის პირობებში, შ.პ.ს. „შ–ი“-ს მოძრავი ნივთების დაყადაღება უმართებულოა, რაც კახეთის სააღსრულებო ბიუროს 15.02.2017 წლის აღწერა-დაყადაღების №121156 აქტიდან სადავო ნივთების ამორიცხვისა და ყადაღისგან გათავისუფლების საფუძველია.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. კასატორი ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ამრიგად, არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებაზე მსჯელობის საპროცესოსამართლებრივი წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი