Facebook Twitter

07 ივნისი, 2023 წელი

№ას-474-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ გ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს.ი.პ. ა.ს–ო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.მ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ს.ს.ი.პ. ა.ს–ოს მიმართ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და ხელფასის დაყოვნების კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მანვე მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე - ხანდაზმულობაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, შემდეგი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებით:

5.1. საქართველოს მთავრობის 26.08.2019 წლის №411 დადგენილების შესაბამისად, დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ა.ს–ო. დადგენილების შესაბამისად, ს.ს.ი.პ. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის უფლებამონაცვლე გახდა - ს.ს.ი.პ. ა.ს–ო.

5.2. მოსარჩელე 2013 წლიდან დასაქმებული იყო და ს.ს.ი.პ. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში, რეორგანიზაციის შემდგომ კი, მოპასუხე ს.ს.ი.პ. ა.ს–ოში. შრომითი ურთიერთობის განმავლობაში, მოსარჩელე იკავებდა შტატგარეშე თანამდებობას და ასრულებდა მძღოლის მოვალეობებს, რიგ შემთხვევაში, ეკისრებოდა დამსაქმებლის ბალანსზე რიცხული ავტომობილების მოვლა.

5.3. უკანასკნელი წერილობითი შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესთან დაიდო 18.01.2021 წელს. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, დასაქმებული მიღებული იქნა მოპასუხის ადმინისტრაციული დეპარტამენტის შტატგარეშე მოსამსახურედ და დაიკავა მძღოლის ადგილი. ამავე ხელშეკრულების 1.3. პუნქტში დასაქმებულის სამუშაო ადგილად მიეთითა ქ. თბილისი, ....... ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრა 1200 ლარით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვით. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, შრომის ანაზღაურება განხორციელდებოდა თვეში ერთხელ, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საბანკო დაწესებულების მეშვეობით, დასაქმებულის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, მძღოლის ფუნქციები იყო შემდეგი: ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველეყო სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების მოვლა-პატრონობა; ბ) სააგენტოს თანამშრომლების სამსახურებრივი დანიშნულებისამებრ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება; გ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-შენახვა და გაუმჯობესება; დ) სააგენტოს მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურების და სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოება; ე) სააგენტოს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება; ვ) ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი კორესპონდენციის მომზადება; ზ) ზემდგომი თანამდებობის პირების უშუალო დავალებების შესრულება. ხელშეკრულების მე-10 პუნქტით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 იანვრის N40 განკარგულების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე.

5.4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2013 წლიდან მხარეები ერთმანეთთან უწყვეტ შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. აღნიშნული შრომითი ურთიერთობა არ შეცვლილა საქართველოს მთავრობის 26.08.2019 წლის N411 დადგენილების შემდეგ, როდესაც დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ა.ს–ო, რომელიც დადგენილების შესაბამისად, ს.ს.ი.პ. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის უფლებამონაცვლე გახდა. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა აღემატებოდა 30 თვეს, პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა უვადო შრომითი ხელშეკრულება.

5.5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მოსარჩელესთან ერთ წლიანი ვადით შრომითი ხელშეკრულების დადების კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის დამადასტურებელი მტკიცებულება, ამასთან, ხელშეკრულების კონკრეტული ვადით დადების აუცილებლობა არც ხელშეკრულებიდან იკვეთებოდა, რითაც დამსაქმებელმა/მოპასუხემ ვერ დაასაბუთა დასაქმებულთან გაფორმებული ხელშეკრულების ამ პირობის მართლზომიერება და კანონშესაბამისობა. შესაბამისად, რადგანაც მხარეები იმყოფებოდნენ უვადო შრომით ურთიერთობაში, პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ შრომითი ურთიერთობა მართლზომიერად შეწყდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო.

5.6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. პალატამ საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელისათვის დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის დასრულების შესახებ ობიექტურად ცნობილი გახდა 2022 წლის იანვარში, რა დროიდანაც ის არ ცხადდებოდა სამსახურში და არც სახელფასო ანაზღაურება გაუციათ მისთვის. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მას არ ევალებოდა ყოველდღე და მითუმეტეს აღნიშნულ პერიოდში სამსახურში გამოცხადება.

5.7. დადგენილი იყო, რომ მოსარჩელემ დამსაქმებელს 2022 წლის 29 აპრილს წერილობით მიმართა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება მოითხოვა. მოსარჩელეს გათავისუფლების საფუძვლისა და მისი წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით დამსაქმებლისთვის საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით დადგენილ 30 კალენდარული დღის ვადაში, არ მიუმართავს და არც ამავე მუხლის მეშვიდე ნაწილით დადგენილი წესით გაუსაჩივრებია სასამართლოში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას ხანდაზმულობის გამო.

5.8. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2022 წლის მარტში დამსაქმებლის დავალებით ტექ. ინსპექტირებაზე წაიყვანა მოპასუხის კუთვნილი ავტოსატრანპორტო საშუალება, თუმცა გარდა ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებისა, ამ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი სხვა წერილობითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მან ვერ დაძლია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი დამსაქმებლის დავალებით სამუშაოს შესრულების შესახებ. თუმცა, ამ გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, ერთჯერადად გარკვეული საქმიანობის შესრულება, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვერ მიიჩნეოდა უკვე შეწყვეტილი ხელშეკრულების გაგრძელების საფუძვლად.

5.9. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ შრომითი ხელშეკრულება 2022 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით შეწყდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 16.05.2022წ. წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ 2022 წლის 01 იანვრიდან შეუწყდა შრომითი ურთიერთობა და ამავე თარიღიდან იგი აღარ მიიჩნეოდა სააგენტოს თანამშრომლად. შესაბამისად, 2022 წლის 16 მაისის წერილს აპელანტისათვის რაიმე სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია, რის გამოც, არ ვლინდებოდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.

5.10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა, არ არსებობდა სხვა თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველიც.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგ საფუძველბზე მითითებით:

6.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განსაზღვრეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის თარიღად 01.01.2022წ. დამსაქმებელს ამ დროისთვის არ ჰქონია მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ. უცნობია თუ ზუსტად როდის გადაწყვიტა დამსაქმებელმა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება.

6.2. გათავისუფლებლის შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა დაკავშირებული დასაქმებულთან ფორმალურად ერთ წლიანი ვადით დადებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვასთან.

6.3. მოსარჩელის სამსახურში გამოცხადების მოთხოვნა ხდებოდა მხოლოდ გარკვეული ღონისძიებების დაწყებისას და სააგენტოს სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით, იგი განვლილ წლებშიც არ დადიოდა სამსახურში ყოველდღიურად. 2022 წელსაც, სხვა წლების მსგავსად, მოსარჩელე ელოდა დავალების მიღებას დამსაქმებლისგან, ხოლო მანამ, ავტომობილები ჰყავდა მოწესრიგებულ მდგომარეობაში. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა მძღოლს გაეკეთებინა მაშინ, როდესაც არ ჰქონდა მიღებული სხვა რაიმე დავალება, იყო ავტომობილების ტექ. ინსპექტირების გატარება, რაც მან შეასრულა.

6.4. გათავისუფლების შესახებ მოსარჩელემ შეიტყო მხოლოდ 2022 წლის 16 მაისის წერილით, დამსაქმებლის მიერ ხელფასის დაგვიანების გამო, ვერ იფიქრებდა, რომ იგი დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდა, რადგან ისევე როგორც ყველა სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის, წლის დასაწყისში ხელფასის დაგვიანების ფაქტი, ხშირია. შესაბამისად, ხელფასის დაგვიანება არ მიუთითებდა უპირობოდ სამსახურიდან გათავისუფლებლის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილებას. ამასთან, მოსარჩელე პერიოდულად უკავშირდებოდა მოპასუხეს და ცდილობდა გამოერკვია ხელფასის დაგვიანების მიზეზი, თუმცა უშედეგოდ.

6.5. მოპასუხემ ვერ დაადასტურა გარემოება, რომ დამსაქმებელმა დასაქმებული 2022 წლის 16 მაისამდე გაათავისუფლა. დამსაქმებლის გადაწყვეტილების არსებობა სწორედ ამ უკანასკნელის სამტკიცებელია.

6.6. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ერთჯერადად გარკვეული საქმიანობის შესრულება, დასაქმებულის მხრიდან ვერ მიიჩნეოდა უკვე შეწყვეტილი ხელშეკრულების გაგრძელების საფუძვლად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია დაცული იქნა თუ არა მოსარჩელის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების (ხანდაზმულობის) კანონით დადგენილი ვადა.

11. საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილების შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.

12. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, შესაბამისად, იგი ნამდვილად ადრესატისათვის (დასაქმებულისათვის) მისვლის (ჩაბარების) მომენტიდან მიიჩნევა. დასაქმებულის უფლებაა, ინდივიდუალურად იქნეს გაფრთხილებული დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ შრომის უფლებას უკავშირდება. როდესაც შრომითი ხელშეკრულება წინასწარი გაფრთხილების გარეშე წყდება (შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში), მიზანშეწონილია, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის შეტყობინება წერილობით განხორციელდეს. წერილობითი დოკუმენტის შექმნა, ერთი მხრივ, დასაქმებულის უფლებების დაცვას ემსახურება, ვინაიდან იგი უფლებამოსილია, სრულ ინფორმაციას ფლობდეს მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის, საფუძვლისა და გასაჩივრების წესის თაობაზე, მეორე მხრივ კი, დამსაქმებლისათვის მტკიცების პროცესს აიოლებს, რადგან, თუ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა დასაქმებულისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის ჩაბარება, ხელშეკრულება შეწყვეტილად არ მიიჩნევა. დასაქმებული შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების 30-დღიანი ვადით (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1227-2021, 09.02.2022წ.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ვადა სასამართლოსათვის მიმართვის ვადაა. აღნიშნული ვადის დაუცველად სარჩელის აღძვრა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, ვადის დაცვით, თუ მის დაუცველად, სასამართლოსათვის მიმართვა, შესაბამისი შესაგებლის გარეშე, პირადი ინიციატივით, სასამართლოს კვლევის საგანი არ არის. კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვის გარეშე სასამართლოსათვის მიმართვა ერთ-ერთი ის არგუმენტთაგანია, რომელიც შესაგებლის ფარგლებში, დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. აღნიშნული ვადის სიმცირეს შრომის სამართლის თეორიაში თავისი დატვირთვა აქვს, კერძოდ, სადავო ფაქტები მტკიცებადი უნდა იყოს, ასევე დარღვეული უფლების აღდგენა დროის მცირე მონაკვეთში უნდა მოხდეს, რათა შემდგომ, ვითარების ცვლილებამ, დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის შეუძლებლობა არ განაპირობოს. მითითებული ვადის სიმცირეს თავის დატვირთვა აქვს ასევე დამსაქმებლის უფლებრივი გადასახედიდანაც. დამსაქმებელი მუდმივად თავდაცვის რეჟიმში არ უნდა იყოს. მას თამამი საკადრო გადაწყვეტილებების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, მისი მოლოდინი გათავისუფლებული დასაქმებულისაგან სარჩელის აღძვრის თაობაზე დროის გარკვეული პერიოდით უნდა იყოს შემოსაზღვრული. ამიტომაც, მიიჩნევა, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის გასაჩივრების ვადის ლიმიტით თავის დაცვა, პირველ რიგში, დამსაქმებლის უფლება და მისი შესაგებლის ფარგლებში სამტკიცებელი გარემოებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვაქვს მოცემულობა, რომ დასაქმებულის მიერ კანონით განსაზღვრული ვადის გაშვების მიუხედავად, დამსაქმებელი გამოხატავს მზადყოფნას, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება ამტკიცოს, რა დროსაც გასაჩივრების ვადის ფარგლებით აღნიშნული მტკიცება სასამართლომ არ უნდა შეზღუდოს. ხელშეკრულების შეწყვეტის გასაჩივრების ვადის დაუცველად სარჩელის აღძვრა მოპასუხის სამტკიცებელია. მითითებული გარემოება ფაქტის საკითხია, შესაბამისად, საპროცესო-სამართლებრივად ფაქტები, რომლითაც მოპასუხე, მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელი, თავს იცავს, იმთავითვე კანონით დადგენილი წესით წარდგენილ შესაგებელში უნდა მიეთითოს (საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 261-262).

13. საქართველოს შრომის კოდექსის არც 48-ე მუხლი და არც სხვა მუხლები არ შეიცავენ იმ მდგომარეობის მომწესრიგებელ ქცევის წესს, თუ რა ვადაში უნდა გასაჩივრდეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებელი თავისი ინიციატივით არ გადასცემს დასაქმებულს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთებას და არც დასაქმებული არ მოითხოვს დამსაქმებლისაგან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების გადაცემას. ასეთ შემთხვევაში, გათავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრების უფლებაზე მაინც ვრცელდება შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული 30 დღიანი ვადა, რომელიც აითვლება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების დასაქმებულისათვის ჩაბარების (შეტყობინების) დღიდან (შდრ. ს.უ.ს.გ. ას-1210-2018, 15.02.2018წ; ას-11-11-2018, 4 მარტი, 2019 წ.).

14. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლი).

15. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, 63)

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ. ს.უ.ს.გ №ას-1937-2018, 15 მარტი, 2019 წელი, პ-16; №ას-1343-1263-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-934-899-2016, 14.02.17; №ას-68-68-2018, 03.04.2018წ. და ა.შ.).

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის პროცესუალური შესაგებელი მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ე.წ. "უფლების შემაფერხებელ" შესაგებელს წარმოადგენს, რა შემთხვევაშიც, მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას, არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება. მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია, და განსხვავებით სამართლის საკითხისგან, რა დროსაც, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში სასამართლო თავად მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას და შეუფარდებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ შემთხვევაში, მხარე თავადაა ვალდებული უფლების სასამართლო წესით განხორციელებისგან ასეთი მითითებით დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოთხოვნის ნამდვილობისა და განხორციელებადობის დადგენის შემთხვევაში, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, მოვალეს დააკისრებს ვალდებულების შესრულებას.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი იყო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, ხანდაზმულობაზე მითითებით, რაც ამ უკანასკნელის საპროცესო თავდაცვის იმდენად არსებითი სახეა, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში, სარჩელის წარმატება ფერხდება.

19. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მხარეთა შორის გაფორმებული ბოლო შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადად მითითებული იყო 2021 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 01 იანვრამდე პერიოდი. ის გარემოებები, რომ მოსარჩელისათვის ცნობილია ხელშეკრულების მოქმედების ვადის 2022 წლის 01 იანვარს დასრულების შესახებ, სადავოდ არ ხდის ვადიან ხელშეკრულებას, ხელშეკრულების მოწმედების ვადის გასვლის შემდეგ არ ცხადდება სამსახურში, არ ასრულებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოვალეობებს და არც დამსაქმებელი უხდის ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებას, ადასტურებს, რომ მოსარჩელისათვის ცნობილია 2022 წლის 01 იანვრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაზიარებული იქნებოდა კასატორის პოზიცია იმის შესახებ, რომ მისთვის უცნობი იყო თუ როდის შეწყდა ხელშეკრულება, რადგან მოთხოვნის შემთხვევაში ცხადდებოდა სამსახურში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ კასატორისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მინიმუმ მაშინ, როდესაც აღარ იღებდა ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებას. მოსარჩელემ 2022 წლის 29 აპრილს მიმართა წერილობით მოპასუხეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გადაცემის მოთხოვნით, შესაბამისად, ცალსახაა, რომ მას გათავისუფლების საფუძვლისა და წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით დამსაქმებლისთვის საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით დადგენილ 30 კალენდარული დღის ვადაში, არ მიუმართავს და არც ამავე მუხლის მეშვიდე ნაწილით დადგენილი წესით გაუსაჩივრებია სასამართლოში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა (სასამართლოში სარჩელი წარდგენილი იქნა 2022 წლის 15 ივნისს).

20. რაც შეეხება კასატორის მტკიცებას, რომ მან 2022 წლის მარტში, დასაქმებლის დავალებით ტექ.დათვალიერებაზე წაიყვანა მოპასუხის კუთვნილი ავტოსატრანპორტო საშუალება, პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია, ამასთან, გასაზიარებელია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ ამ გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, ერთჯერადად გარკვეული მოქმედების შესრულება, უპირობოდ ვერ მიიჩნევა უკვე შეწყვეტილი შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებად.

21. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმ ნაწილშიც, რომ 2022 წლის 16 მაისის წერილს, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა 2022 წლის 01 იანვრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, დასაქმებულისათვის რაიმე სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია, რის გამოც, მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი წინამძღვრები, არ ვლინდებოდა.

22. ამრიგად, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და წინამდებარე განჩინებაში მოხმობილი სამართლებრივი განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი, მისი განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოების - სასამართლოსთვის მიმართვის (ხანდაზმულობის) ვადის გასვლის გამო, მართებულად იქნა უარყოფილი.

23. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. “ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ’’, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30) (იხ. სუსგ, საქმე N182-182-2018).

24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. გ.მ–ს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს ბ.რ–ის (პ/ნ ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადასახადო დავალება № 7760, გადახდის თარიღი: 06.04.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი