25 ივლისი 2023 წელი
№ას-777-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შ.პ.ს. „ს“
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ს.ლ.“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ.პ.ს. „ს“-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შ.პ.ს. „ს.ლ.“-ის მიმართ, სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნებით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 83 080.40 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 80 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 1400.40 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1680 აშშ დოლარი. მოპასუხეს აგრეთვე დაეკისრა საურავი ძირითადი თანხის 0.05%-ის (ყოველდღიურად 40 აშშ დოლარი) ოდენობით, 2022 წლის 09 დეკემბრიდან (სარჩელის აღძვრიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 აპრილის განჩინებით, ზეპირი მოსმენის გარეშე განხილული და დაკმაყოფილებული იქნა მოსარჩელის შუამდგომლობა და დაუყონებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის №2/37206-22 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები (მოპასუხისთვის თანხის დაკისრების შესახებ). შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლად მიჩნეული იქნა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის შორის გაფორმებული 2022 წლის 29 ივლისის №L01 სესხის ხელშეკრულების 6.3 მუხლის თანახმად, არსებობდა მხარეთა შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.
4. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში. ამავდროულად, მოპასუხის მხრიდან წარდგენილი იქნა სააპელაციო საჩივარიც, 2023 წლის 27 თებერვლის შემაჯამებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით. სააპელაციო საჩივარი, ისევე როგორც მოპასუხის შესაგებელი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, არსებითად აგებულია იმ პოზიციაზე, რომ მხარეთა შორის არსებული სესხის ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებაა, მისი დადებისას მხარეები მიზნად ისახავდნენ არა სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლას, არამედ, პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე, გარკვეული თანხების ინვესტირებას ერთი კომპანიიდან მეორეში.
5. შ.პ.ს. „ს.ლ.ი“-ს წარმომადგენელმა 2023 წლის 26 აპრილს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და სსსკ-ის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერება (რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 აპრილის განჩინებით) და აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გაუქმება. შუამდგომლობა დაეფუძნა ორ ძირითად არგუმენტს _ 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის 11 აპრილის №2/3/1421,1448,1451 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას. გადაწყვეტილება გამოქვეყნდა და შესაბამისად ძალაში შევიდა 2023 წლის 11 აპრილს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 აპრილის განჩინება მოპასუხეს გაეგზავნა და ჩაბარდა - 2023 წლის 12 აპრილს, ანუ მაშინ, როდესაც ძალაში შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობა; 2. აპელანტს მოსარჩელის მიმართ გააჩნია იმაზე მეტი ფულადი მოთხოვნის უფლება, ვიდრე წინამდებარე საქმის ფარგლებში თავად მოსარჩელეს აქვს წაყენებული მოპასუხის მიმართ. ხსენებული მოთხოვნის რეალიზებისათვის შ.პ.ს. „ს.ლ“-ს მიმართული აქვს აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის, დავალიანების გამარტივებული წარმოების ფარგლებში გადახდევინების განცხადებით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის განჩინებით, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 აპრილის განჩინებაზე შ.პ.ს. „ს.ლ.ი“-ს კერძო საჩივრის გადაწყვეტამდე შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 აპრილის განჩინების საფუძველზე დაწყებული 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაეფუძნა შემდეგ დასაბუთებას:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით.
6.2. 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო წესით, სააპელაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, თუმცა არ დაწყებულა საქმეზე არსებითი განხილვა; სააპელაციო საჩივრით აპელანტი სადავოდ ხდის სესხის ხელშეკრულებას და მიიჩნევს რომ მხარეთა შორის ადგილი ქონდა თვალთმაქცურ გარიგებას და არა რეალურ სასესხო ურთიერთობას, რაც გამორიცხავდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთანავე, როგორც შუამდგომლობიდან და თანდართული მასალიდან ირკვევა, აპელანტ მხარეს კერძო საჩივრით გასაჩივრებული აქვს 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 აპრილის განჩინება.
6.3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის №1421, 1448,1451 გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან (2023 წლის 11 აპრილი). საკოსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლოს პრაქტიკით, უკვე დადგენილია ზოგადი საპროცესოსამართლებრივი სტანდარტი ამა თუ იმ სამართლებრივი საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით. დასახელებული სტანდარტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს მხრიდან მოითხოვს ფაქტების გამოკვლევას, დადგენას და ამასთან ერთად, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირის უფლებრივ მდგომარეობაზე, რის გამოც, განსაკუთრებით დიდია ამ პირის მხრიდან საკითხის ზეპირი მოსმენის გზით განხილვის ინტერესი, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნაა, რომ დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში, კანონმდებლობა უზრუნველყოფდეს საკითხის განხილვას ზეპირი მოსმენის გამართვის ფორმით. თუკი სადავო ნორმით მოწესრიგებული სამართალურთიერთობის ფარგლებში არსებობს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საჭიროება და გადასაწყვეტი საკითხის მიმართ პირს მომეტებული სამართლებრივი ინტერესი გააჩნია, პირის ინტერესი, არ მოხდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა, მნიშვნელოვნად აღემატება საქმის განხილვის ეკონომიურობისა და სწრაფ მართლმსაჯულებაზე სამოქალაქოსამართლებრივი სამართალწარმოების მონაწილე მეორე მხარის ინტერესს.
6.4. საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული განმარტებისა და შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების შეფასების შედეგად, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შ.პ.ს.“ს.ლ."-ის მიერ გამოყენებული იქნა 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 აპრილის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა და არ ვლინდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების შეჩერების დაუშვებლობის საფუძველი, მხარეთათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის ხელშეწყობის გათვალისწინებით, გამოიკვეთა აღსრულების შეჩერების წინაპირობა.
7. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე შ.პ.ს. „ს“-ს წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი გაუქმება, იმ დასაბუთებით, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხზე სასამართლოს მსჯელობის ეტაპზე (2023 წლის 06 აპრილს) საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება არ არსებობდა, შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხზე მსჯელობა ზეპირი მოსმენის გარეშე წარმოადგენდა პროცესუალურად სწორ მოქმედებას. დაუშვებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსმა იქონიოს უკუქცვითი ძალა და უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მის გამოტანამდე შესრულებულ საპროცესო მოქმედებებზე. ამავდროულად, სააპელაციო პალატა დაეყრდნო აპელანტის უსაფუძვლო მითითებას მასზედ, რომ თითქოს მას პროცესუალური მოწინააღმდეგის მიმართ დავის საგანზე მაღალი ღირებულების მოთხოვნა გააჩნია, ვინაიდან გამარტივებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოთხოვნილია არარსებული, დაუდგენელი ვალდებულების შესრულება, რაც ვერ დააბრკოლებს სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ინტერესს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განჩინებით, შ.პ.ს. „ს“-ს კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად და დადგინდა მისი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერება, რომლითაც შეჩერდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისათვის უკუძალის მინიჭებით, რაც დაუშვებელია და აუარესებს გადაწყვეტილების დროული აღსრულებით დაინტერესებული კრედიტორის მდგომარეობას.
12.1. უწინარეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12.2. დასახელებული ნორმა ცხადყოფს, რომ საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების (განჩინებების) აღსრულების შეჩერების საფუძველი შესაძლოა იყოს მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელსაც არსებითად ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება (განჩინება), თუკი შესაბამისი სამართალურთიერთობის ფარგლებში გამოსაყენებელი საპროცესო კანონმდებლობა აღსრულების შეჩერების მექანიზმს ითვალისწინებს.
12.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობა კანონმდებელმა დამოუკიდებელი ნორმით მოაწესრიგა და იგი სსსკ-ის 375-ე მუხლის რეგულირების სფეროს დაუქვემდებარა (იხ. სუსგ. №ას-393-2021, 24.05.2021წ.).
12.4. ციტირებული ნორმა სააპელაციო სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, მხარის შესაბამისი შუამდგომლობის არსებობისას, დროებით შეაჩეროს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულება, ამრიგად, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო მექანიზმით სამოქალაქო დავის განმხილველი სააპელაციო სასამართლო აღჭურვილია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ზემოქმედების ფარგლები განსაზღვრულია იმ მასშტაბით, რომ მას შესწევს გადაწყვეტილების არა გაუქმების, არამედ მოქმედების დროებით _ საქმის განხილვა-გადაწყვეტამდე შეჩერების უნარი.
12.5. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორის მითითება მასზედ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღება 2023 წლის 06 აპრილის განჩინების საფუძველზე წამოწყებული აღსრულების დროებით შეჩერების საკითხის განხილვისას ეწინააღმდეგებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს ,,Ex Nunc" მოქმედების პრინციპს, გაზიარებას არ იმსახურებს (საკითხზე იხ. ლუაშვილი გ., „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი ეფექტი“, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია, თბილისი, 2020, გვ. 55-56).
12.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
12.7. წარმოდგენილ საქმესთან მიმართებით, ყურადსაღებია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 აპრილს გამოტანილი გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ ხსენებული გადაწყვეტილების ძალით, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 269-ე მუხლის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს, ამავე კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას.
12.8. საკასაციო პალატის შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 მუხლის საფუძვლით ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევამ წინამდებარე საქმეში დროში გაუსწრო საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებულ გადაწყვეტილებას და ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გადაწყვეტილების აღსასრულებლად გადამცემ სასამართლოს შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე მოქმედი საპროცესო კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია, დაუყოვნებლივი აღსრულების პროცესის შეჩერების ერთადერთ საფუძვლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული შინაარსით საპროცესო ნორმის გამოყენების არგუმენტი. საჭიროა, აღსრულების პროცესის დროებითი შეჩერების საკითხის განხილვისას სასამართლომ ყურადღება მიაპყროს კონკრეტული საქმის იმ ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდეს დაუყოვნებლივი აღსრულების პროცესის გაგრძელებისა თუ შეჩერების საჭიროებაზე.
12.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის მიზანი ამავე კოდექსის მე-5 მუხლით დაცული მხარეთა თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით ორივე მხარის კანონიერი ინტერესის გათვალისწინებაში გამოიხატება. წარმოდგენილ საქმეში, როგორც აღინიშნა, შესაგებლისა და სააპელაციო საჩივრის პოზიცია აგებულია მხარეთა შორის დადებული გარიგების თვალთმაქცურ ბუნებასა და, შესაბამისად, ბათილობაზე. სხვაგვარად რომ ითქვას, მოპასუხე ნამდვილი იურიდიული ძალის მქონედ არ განიხილავს მასსა და მოსარჩელეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების არცერთ ნაწილს, მათ შორის, არც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობაზე მიღწეულ პირობას, დავა ხსენებული საკითხის ირგვლივ მიმდინარეა და საჭიროებს არსებითი განხილვის გზით შეფასებას, რასაც საკასაციო პალატა ცალკეულ საპროცესო საკითხზე წარდგენილი კერძო საჩივრის პირობებში ვერ განახორციელებს, თუმცა თანასწორობის საპროცესო პრინციპი მოითხოვს, სასამართლომ გაითვალისწინოს სააპელაციო საჩივრის შესაძლო დაკმაყოფილების შედეგებიც _ თუკი გარიგება ბათილად ჩაითვლება, თუმცა მის საფუძველზე მოთხოვნილი სოლიდური თანხები მოსარჩელისგან დავის მიმდინარეობისას იქნება ამოღებული, დაუყოვნებლივი აღსრულების შედეგების უკუქცევა მოპასუხისათვის შესაძლოა არსებითად რთული, რიგ შემთხვევებში კი შეუძლებელიც აღმოჩნდეს. მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესების შეპირისპირებისას პალატა ასკვნის, რომ თანასწორი, სამართლიანი პროცესი მოითხოვს, ჯერ საბოლოოდ გაირკვეს სადავო გარიგების იურიდიული ბედი და მხოლოდ ამის შემდეგ წარიმართოს ძალისხმევა სასარჩელო მოთხოვნის აღსასრულებლად. სხვაგვარად შეუძლებელია, დაცული იქნეს გონივრული წონასწორობა დასაცავ უფლებასა და შესაზღუდ სიკეთეს შორის (იხ. სუსგ. №ას-756-2021 14.09.2021წ.).
13. ამრიგად, გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის სწორ გამოყენებას, რომლის წინააღმდეგ კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ს“-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი