Facebook Twitter

15 სექტემბერი 2023 წელი №ას-945-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ ი.ა–ია, ი.ს–ვა

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ტ.კ–ი“

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. “ტ.კ–ი”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ი.ა–იას შ.პ.ს. „ტ.კ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა: 2018 წლის 21 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4099.88 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3235.13 ლარი, პროცენტი - 527.43 ლარი, ჯარიმა - 331.69 ლარი, ხოლო დაზღვევა - 5.63 ლარი; 2019 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 21 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 3235.13 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 34% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 91.66 ლარს; 2018 წლის 25 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9006.37 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 7664.37 ლარი, პროცენტი - 845.09 ლარი, ჯარიმა - 478.99 ლარი, დაზღვევა კი - 17.92 ლარი; 2019 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 25 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 7664.37 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 25% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 159.67 ლარს; ბათილად იქნა ცნობილი ი.ა–იასა და ი.ს–ვას შორის დადებული 2019 წლის 31 იანვრის ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: დაბა ჩხოროწყუ, ........, ს/კ-ით: ......... და აღნიშნული უძრავი ნივთი აღირიცხა ი.ა–იას საკუთრებად.

2. აღნიშნული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივარი წარადგინეს ი.ა–იამ და ი.ს–ვამ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:

3.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენს მხარის სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის პროცესუალურ შედეგს და მისი გამოყენების მართლზომიერება პირდაპირ უკავშირდება საკითხს, იყო თუ არა მხარე ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით ი.ა–იასა და ი.ს–ვას სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და საქმის განხილვა დაინიშნა იმავე წლის 19 მაისს, 15:00 საათზე. სხდომის დანიშვნის შესახებ მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა ისინი სხდომაზე არ გამოცხადებულან, გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებიათ და არც სხდომის გადადების შუამდგომლობა წარმოუდგენიათ. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის (სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ: არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა) საფუძველზე, გამოვლინდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარმოადგინეს ი.ა–იამ და ი.ს–ვამ. კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ წინამდებარე საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის დროს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დანიშნული იყო სხდომა, სადაც მათი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ვინაიდან ამ სხდომის გადადება, მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდა, აპელანტთა წარმომადგენელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ელ.ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა განცხადება და დასახელებული საპატიო მიზეზის გამო, იშუამდგომლა სხდომის გადადება. განცხადება გაიგზავნა სწორედ იმ მისამართზე რომელიც მითითებული იყო სასამართლოს მიერ სხდომის დანიშვნის უწყებაში, თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს მისამართი იყო შეცვლილი და აპელანტთა შუამდგომლობა სასამართლოს არ მიუღია, მაშინ, როდესაც, ამ უკანასკნელებს ეგონათ, რომ სხდომა გადაიდო სხვა დროისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მათი სხდომაზე გამოუცხადებლობა განაპირობა საპატიო მიზეზმა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 მაისის სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

9. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომელებსაც გაეგზავნათ შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.

10. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მხარეებს საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ და ისინი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1080-1017-2015, 25 ნოემბერი, 2015 წელი; ს.უ.ს.გ. №ას-828-2021, 30 სექტემბერი, 2021 წელი; იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება (თეორია და პრატიკა), თბილისი, 2022 წელი, გვ.25.)

11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 19 მაისს, 15:00 საათზე. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ სხდომის თარიღის შესახებ აპელანტებს გაეგზავნათ სასამართლო უწყებები, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდათ, კერძოდ, ი.ა–იასა და მისი მეუღლის - ი.ს–ვასათვის განკუთვნილი გზავნილები ი.ა–იამ ჩაიაბარა (ს.ფ. 275-278). აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 მაისს, 15:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე მხარეები არ გამოცხადებულან.

12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

13. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

14. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. ამასთან, აღნიშნული მიზეზი უნდა ადასტურებდეს სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურ შეუძლებლობას.

15. კერძო საჩივარში ასახული პოზიცია ემყარება იმ გარემოებას, რომ წინამდებარე საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, სახელდობრ, აპელანტთა წარმომადგენელმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი განცხადებით იშუამდგომლა 19.05.2023 წელს დანიშნული სხდომის გადადების თაობაზე, რამდენადაც იმავე დღეს და იმავე საათზე ეს უკანასკნელი მონაწილეობდა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე და ვერ ახერხებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებას. ელ.ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შუამდგომლობის საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორებს ეგონათ, რომ სასამართლომ სხდომა სხვა დროისათვის გადადო, თუმცა, როგორც მოგვიანებით (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემდგომ) გაირკვა, ელ.მისამართი, რომელიც უწყებაშივე იყო მითითებული, შეიცვალა და აპელანტთა განცხადება სასამართლოს საერთოდ არ მიუღია.

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა ზემოაღნიშნულ პოზიციას ვერ გაიზიარებს და აპელანტისა და მათი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას საპატიოდ ვერ შეაფასებს, ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორებს გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მათი წარმომადგენელი კონკრეტულად 19.05.2023 წელს, 15:00 საათზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის (ბრალდებული - ბ.ჟ-ს მიმართ) განხილვაში იღებდა მონაწილეობას. მეტიც, სასამართლო საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში ასახული ინფორმაციის თანახმად, კერძო საჩივრის ავტორთა მიერ მითითებული სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში არა 2023 წლის 19 მაისს, არამედ - 2023 წლის 23 მაისს იყო დანიშნული.

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება აპელანტთა წარმომადგენელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა.

17. საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს საქმეში არსებულ კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენლის ელ.ფოსტის ამონაწერზეც, რომლითაც დასტურდება, რომ ამ უკანასკნელმა 2023 წლის 12 მაისს kutaisiappeal@court.ge-ზე გაგზავნა ელ.განცხადება და იშუამდგომლა სასამართლოს მიერ ამ განცხადების მიღების დადასტურება (ს.ფ. 316). უდავოა, რომ დასახელებული ელ.განცხადების გაგზავნის შემდგომ ადვოკატს სასამართლოს მხრიდან არც განცხადების მიღების დასტური მიუღია და არც ამ განცხადებით დაყენებული შუამდგომლობის შედეგი გადაუმოწმებია.

ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ელექტრონული ფოსტის მისამართი (kutaisiappeal@court.ge), რომელზეც აპელანტების წარმომადგენელმა გააგზავნა განცხადება, არ ემთხვევა არც უწყებაში მითითებულ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ძველ ელექტრონული ფოსტის მისამართს (kutaisiappeal@court.gov.ge-ზე) და არც ამ სასამართლოს ახალ, მოქმედ ელ.ფოსტის მისამართს (Kutaisi-appeal@court.ge).

18. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ყველა ელემენტი, სახელდობრ: 1. მხარე სასამართლო სხდომაზე მიწვეული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით (აღნიშნული გარემოება აპელანტებს სადავოდ არ გაუხდიათ); 2. აპელანტთა გამოუცხადებლობა მიჩნეული იქნა არასაპატიოდ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 70-ე, 275-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ა–იას და ი.ს–ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი