ბს-480-68(გ-05) 3 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ბ-მა სარჩელით მიმართა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა, შვილის გარდაცვალების გამო, ზიანის ანაზღაურება _ ყოველთვიურად სარჩოს სახით 50 ლარი, თანახმად სკ-ის 1006-ე მუხლისა იმ საფუძვლით, რომ მისი შვილი დაიღუპა მოპასუხის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 25 ლარის გადახდა ყოველთვიურად.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა და მისი გაუქმება და სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას, რომელმაც 2004წ. 25 ნოემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული დავა სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის იყო და იგი უნდა განეხილა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 დეკემბრის განჩინებით საქმე უფლებამოსილი სასამართლოს დასადგენად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს და დავა მის მიერ ზიანის ანაზღაურებაზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე ნაწილის “გ” პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის მიხედვით უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 27 იანვრის განჩინებით სამოქალაქო საქმე ნ. ბ-ის სარჩელით მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის თანახმად, საკასაციო პალატა უფლებამოსილი არ იყო, განეხილა დავა სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ. სსკ-ის 24-ე მუხლის თანახმად, დავა სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ არ დაიშვება. ხოლო მოცემულ შემთხვევაში სამართლის ანალოგიის გამოყენება მიზანშეუწონელი იყო, რადგან სსკ-ის მე-7 მუხლის მიხედვით, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ასეთი კანონის არარსებობისას კი სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო პალატის აზრით, აღნიშნული ურთიერთობა მოწესრიგებული იყო კანონით, კერძოდ, სსკ-ის 24-ე მუხლით, რის გამოც არც კანონის და არც სამართლის ანალოგიის გამოყენება არ შეიძლებოდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ, იმის გათვალისწინებით, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათის იყო და მისი განხილვა სცილდებოდა მის უფლებამოსილებას, 2005წ. 14 მარტის განჩინებით საქმე უფლებამოსილი სასამართლოს დასადგენად გადააგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების შესწავლისა და განსჯადობის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატისა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებათა შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეში სახეზე არ არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით განსაზღვრული ელემენტი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეს წარმოადგენს საჯარო დაწესებულება-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, ვერ გახდება დავის ადმინისტრაციული კატეგორიისათვის მიკუთვნების საფუძველი.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსაგან, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ანუ დავის საგანი სრულად შეესაბამება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან კონკრეტული დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათისაა და იგი ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, 26-ე მუხლებით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები მხარეებს გადაეგზავნოთ დადგენილი წესით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.