13 ნოემბერი 2023 წელი
№ას-1211-2023 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ა.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს. „ვ.ბ.ჯ–ია“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით, ს.ს. „ვ.ბ.ჯ–ია“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ა.მ–ს ს.ს. „ვ.ბ.ჯ–ია“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 17975.12 ლარის გადახდა.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.მ–მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ დაკისრებული სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ა.მ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1, 1.1. და 2 პუნქტების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ს.ს. „ვ.ბ.ჯ–ია“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ა.მ–ს მოსარჩელე ს.ს. „ვ.ბ.ჯ–ია “-ს სასარგებლოდ დაეკისრა 16 715,35 ლარის გადახდა (ნაცვლად 17 975,12 ლარისა), საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 11 835,73 ლარი, პროცენტი - 1329,62 ლარი და პირგასამტეხლო - 3550 ლარი.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.მ–მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ დაკისრებული სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, ა.მ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ა.მ–ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორს 2023 წლის 18 ოქტომბერს ჩაბარდა და მან განსაზღვრულ ვადაში სრულად აღმოფხვრა ხარვეზი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ნოემბრის განჩინებით, ა.მ–ის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად დასაშვებობის შესამოწმებლად.
7. 2023 წლის 03 ნოემბერს მხარეებმა _ ა.მ–მა და ს.ს. „ვ.ბ.ჯ–ია“-მ ერთობლივი განცხადებით და მორიგების აქტით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვეს მხარეთა დასწრების გარეშე წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მორიგების პირობები უნდა დამტკიცდეს, ხოლო მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ და თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.
10. მორიგება თავისუფალი ნების გამოვლენაა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომას ისახავს მიზნად და იგი, თავისი ბუნებით, სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მასზე ვრცელდება გარიგების ნამდვილობის ყველა ის მოთხოვნა, რაც სამოქალაქო კოდექსითაა გათვალისწინებული.
11.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.
11.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა სამხედრო მოსამსახურემ გასცა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
11.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
11.4. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მორიგების აქტი და თანხმობა მორიგების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე კასატორის მხრიდან ხელმოწერილია უშუალოდ ა.მ–ის მიერ.
11.5. მორიგების აქტი მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მხრიდან ხელმოწერილია ორგანიზაციის რისკების დირექტორის მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის - ხ.ტ–ის მიერ. საკასაციო საჩივარს დაერთვის ს.ს. „ვ.ბ.ჯ–ია“-ს რისკების დირექტორის ნ.ჩ–ის მიერ გაცემული რწმუნებულება, რომლის ძალითაც, ხ.ტ–ს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს ს.ს. „ვ.ბ.ჯ–ია“-ს ყველა ინსტანციის სასამართლოში, მოპასუხე ა.მ–ის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით, დავის მორიგებით დასრულების უფლების ჩათვლით. საკასაციო საჩივარს ასევე ერთვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება ნ.ჩ–ის უფლებამოსილება ს.ს. „ვ.ბ.ჯ–ია“-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ მორიგების პირობები მიღწეულია საამისოდ უფლებამოსილ პირთა შორის.
12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს.
13.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო თავისი განცხადებით ან მხარეთა ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
13.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
14.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
14.2. მოცემულ შემთხვევაში, კასატორ ა.მ–ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. ვინაიდან მორიგების აქტი წარმოდგენილია საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.მ–ის და ს.ს. „ვ.ბ.ჯ–ია“-ს შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:
2.1. კასატორი აღიარებს, რომ წინამდებარე მორიგების შესახებ შეთანხმების გაფორმების დროისთვის ბანკის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს: 14,425.12 (თოთხმეტი ათას ოთხასოცდახუთი და თორმეტი) ლარს (შემდგომ „ძირითადი დავალიანება“) და 539.25 ლარს (შემდგომ „სახელმწიფო ბაჟი“).
2.2. კასატორი კისრულობს ვალდებულებას, მოწინააღმდეგე მხარის მიმართ არსებული ძირითადი დავალიანება 14,425.12 ლარი დაფაროს შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით (დანართი N1), რომელიც წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
2.3. კასატორი კისრულობს ვალდებულებას, სახელმწიფო ბაჟი 539.25 (ხუთას ოცდაცხრამეტი და ოცდახუთი) ლარი დაფაროს არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა.
2.4. თუ ერთხელ მაინც დაირღვევა წინამდებარე შეთანხმების 2.2 პუნქტით და/ან ასევე 2.3 პუნქტით გათვალისწინებული პირობა, ბანკი უფლებამოსილია, მოთხოვნის დროისთვის არსებული დავალიანება ამოიღოს/დაიკმაყოფილოს კასატორის კუთვნილ ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევით.
2.5. ბანკი უფლებამოსილია, კასატორთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი მიაწოდოს გარე აუდიტორს, რომელიც ბანკს უწევს პროფესიულ მომსახურებას.
2.6. კასატორი ადასტურებს, რომ იმ დრომდე, ვიდრე ს.ს. „ვ.ბ.ჯ–თან“ ვერ ხერხდება უნაღდო ანგარიშსწორება, წინამდებარე შეთანხმების N1 დანართით გათვალისწინებულ თანხებსა და სახელმწიფო ბაჟს გადაიხდის ნაღდი ანგარიშსწორების გზით ბანკის სათავო ოფისში (მისამართი თბილისი, ....) არსებულ სალაროში.
მორიგების შესახებ შეთანხმების დანართი
დაფარვის გრაფიკი
№
თარიღი
ბალანსი თავიდან
პროცენტი
ძირი
შენატანი
ნაშთი
1
27.11.2023
14425.12
0.00
500.00
500.00
13,925.12
2
27.12.2023
13925.12
0.00
500.00
500.00
13,425.12
3
29.01.2024
13425.12
0.00
500.00
500.00
12,925.12
4
27.02.2024
12925.12
0.00
500.00
500.00
12,425.12
5
27.03.2024
12425.12
0.00
500.00
500.00
11,925.12
6
29.04.2024
11925.12
0.00
500.00
500.00
11,425.12
7
27.05.2024
11425.12
0.00
500.00
500.00
10,925.12
8
27.06.2024
10925.12
0.00
500.00
500.00
10,425.12
9
29.07.2024
10425.12
0.00
500.00
500.00
9,925.12
10
27.08.2024
9925.12
0.00
500.00
500.00
9,425.12
11
27.09.2024
9425.12
0.00
500.00
500.00
8,925.12
12
04.11.2024
8925.12
0.00
8,925.12
8,925.12
0.00
სულ:
0.00
14,425.12
14,425.12
3. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება (№2/90-21) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება (№2ბ/4774-22).
4. მხარეთა მორიგების გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე №ას-1211-2023.
5. ა.მ–ს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი (საგადასახადო დავალება №2801, გადახდის თარიღი: 30.10.2023წ) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
6. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი