Facebook Twitter

13 ნოემბერი 2023 წელი

№ას-1212-2023 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შ.პ.ს. „დ.ხ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე _ ა.ქ–ია

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილებით, ა.ქ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შ.პ.ს. „დ - ვ.პ–ს“ ა.ქ–იას სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 01 აპრილიდან 2021 წლის 01 მაისამდე, პირგასამტეხლოს გადახდა თვეში 733 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით. შ.პ.ს. „დ - ვ.პ–ს“ ა.ქ–იას სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის 01 მაისიდან შენობა - ნაგებობის (მდებარე: ქ. თბილისში, ......., ს/კ .......) ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებამდე ყოველთვიურად 733 ა.შ.შ. დოლარის გადახდა. ა.ქ–იას უარი ეთქვა მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „დ.ხ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ხოლო ა.ქ–იამ შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა სასამართლოში და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით, შ.პ.ს. „დ.ხ–ის“ სააპელაციო საჩივარი და ა.ქ–იას შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „დ.ხ–მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

5. 2023 წლის 13 სექტემბერს, შ.პ.ს. „დ.ხ–ის“ წარმომადგენელმა მ.კ–ამ განცხადებით და მორიგების აქტით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა მორიგების აქტის დამტკიცება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 05 ოქტომბერს ამავე წლის 17 ოქტომბერს და 08 ნოემბერს წარედგინა მხარეთა განცხადებები, რომლებითაც მხარეები ითხოვენ წარმოდგენილი მორიგების აქტის მე-6 და მე-7 პუნქტების ამოღებით (გაუქმებით) დამტკიცებას ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მორიგების პირობები უნდა დამტკიცდეს, ხოლო მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ და თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.

10. მორიგება თავისუფალი ნების გამოვლენაა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომას ისახავს მიზნად და იგი, თავისი ბუნებით, სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მასზე ვრცელდება გარიგების ნამდვილობის ყველა ის მოთხოვნა, რაც სამოქალაქო კოდექსითაა გათვალისწინებული.

11.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.

11.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა სამხედრო მოსამსახურემ გასცა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

11.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

11.4. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მორიგების აქტი და თანხმობა მორიგების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე კასატორის მხრიდან ხელმოწერილია ორგანიზაციის დირექტორის მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის - მ.კ–ას მიერ. საკასაციო საჩივარს დაერთვის შ.პ.ს. „დ.ხ–ის“ დირექტორის ა.კ–ას მიერ გაცემული მინდობილობა, რომლის ძალითაც, მ.კ–ას მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს შ.პ.ს. „დ.ხ–ი“ ყველა ინსტანციის სასამართლოში, დავის მორიგებით დასრულების უფლების ჩათვლით. საკასაციო საჩივარს ასევე ერთვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება ა.კ–ას უფლებამოსილება შ.პ.ს. „დ.ხ–ის“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე.

11.5. მორიგების აქტი მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მხრიდან ხელმოწერილია უშუალოდ ა.ქ–იას მიერ. ხოლო თანხმობა მორიგების ზეპირი მოსმენის გარეშე დამტკიცების თაობაზე, ხელმოწერილია წარმომადგენლის ქეთევანი ბანცურის მიერ. აღნიშნულ განცხადებას დაერთვის ა.ქ–იას მიერ ქეთევანი ბანცურის სახელზე გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლის ძალითაც, ქეთევანი ბანცურის მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს ა.ქ–ია ყველა ინსტანციის სასამართლოში, დავის მორიგებით დასრულების უფლების ჩათვლით. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ მორიგების პირობები მიღწეულია საამისოდ უფლებამოსილ პირთა შორის.

12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს.

13.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო თავისი განცხადებით ან მხარეთა ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

13.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

14.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

14.2. მოცემულ შემთხვევაში, კასატორ შ.პ.ს. „დ.ხ–ს“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან, მხარეები მორიგდნენ, კასატორი უნდა გათავისუფლდეს სასამართლოს განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „დ.ხ–ის“ და ა.ქ–იას შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:

2.1 წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, „დ“-ი უზრუნველყოფს ა.ქ–იას საბანკო ანგარიშზე, კერძოდ: სს „თ. ბ.“, ანგარიშის N: GE79TB7652245066300001; 15000 (თხუთმეტიათასი) აშშ დოლარის გადახდას, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, იმ დათქმით, რომ მოსარჩელე შეასრულებს ჯეროვნად და სრულყოფილად წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრულ ვალდებულებებს. ამასთან, მხარეები ადასტურებენ, რომ ერთი თვე გულისხმობს 30 კალენდარულ დღეს.

2.2. „დ“ ასევე სრულად გაათავისუფლებს მოსარჩელეს ქ.თბილისში, ........, . „სერვისის მომსახურების“ ღირებულებისგან, კერძოდ - საოფისე ფართის ჩაბარების პერიოდიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, იმ დათქმით, რომ მოსარჩელე შეასრულებს ჯეროვნად და სრულყოფილად წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

2.3. ა.ქ–ია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ იგი სრულად ამბობს უარს შპს „დ ჯ–თან“ (ს/კ: ......) (შენიშვნა: კომპანიის წინამორბედი საფირმო სახელწოდება იყო „დ დეველოპმენტი“), 2019 წლის 14 მაისს გაფორმებული წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულების საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის თაობაზე N11-დან გამომდინარე ნებისმიერ პრეტენზიაზე, კერძოდ, მოსარჩელე უარს ამბობს ხსენებული ხელშეკრულების 9.4. პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაზე. ხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს შეძენილი აქვს ბინა N12, მდებარე ქ. თბილისში, ......... საკადასტრო კოდი: ........ და ავტოსადგომი N5, საკადასტრო კოდი: .......... ა.ქ–ია აცხადებს, რომ იგი არ შეიტანს სარჩელს სასამართლოში ამ პუნქტში განსაზღვრული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „დ ჯ“-ს წინააღმდეგ (კერძოდ, არ მოითხოვს ვადაგადაცილებისთვის 2019 წლის 14 მაისის ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს) ხელშეკრულების 9.4 პუნქტთან დაკავშირებულ და მისგან გამომდინარე მოთხოვნებზე.

2.4. მოსარჩელე ადასტურებს და აცხადებს, რომ არც მას, არც მის უფლებამონაცვლე(ებ)ს, არ აქვთ და არც მომავალში ექნებათ უფლება წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული ხელშეკრულებების ფარგლებში, განაცხადონ სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნები, არ აქვთ უფლება მოითხოვონ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შპს „დ.ხ–ის“ ან/და შპს „დ ჯ“-ს მიმართ, არ აქვთ უფლება შეიტანონ იგივე დავის საგანზე სარჩელი, ან/და წინამდებარე მორიგების აქტში განსაზღვრულ რომელიმე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „დ.ხ–ის“ ან/და შპს „დ ჯ“-ს წინააღმდეგ. ეს პუნქტი და მასში განსაზღვრული შეზღუდვა მოქმედებს/გადადის, ნებისმიერ პირზე, რომელმაც შეიძლება საკუთრების უფლება დაირეგისტრიროს ინდივიდუალური ფართზე, რომელიც დღეის მდგომარეობით წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, შეიძინოს ან/და შეიძინა მოსარჩელის მიერ სარჩელს აღძვრამდე, ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი გარიგების საფუძველზე მიიღო მოსარჩელისგან.

2.5. მხარეები თანხმდებიან, რომ საქმეზე #2/8103-22, 2ბ/1750-22 მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს თავად მოსარჩელე და იგი დამატებით არ მოითხოვს ამ ხარჯების ან მათი ნაწილის დაკისრებას შპს „დ.ხ–ზე“.

3. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება (№2/8103-21) და ამავე გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განჩინება (№2ბ/1750-22).

4. მხარეთა მორიგების გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე №ას-1212-2023.

5. შ.პ.ს. „დ.ხ–ი“ გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

6. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი