Facebook Twitter

22 მაისი 2023 წელი

№ას-1411-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შ.პ.ს. „ა.ს–სი“

მოწინააღმდეგე მხარე - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შ.პ.ს. „ა.ს–სი“-მ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „მენარდე“, „შემსრულებელი“) სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წინააღმდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „შემკვეთი“, „შემსყიდველი“) მიმართ, შესრულებული სამუშაოების ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილის _ 121 056.67 ლარისა და ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის _ 21 437.37 ლარის დაკისრების მოთხოვნით (მოთხოვნები დაკონკრეტდა ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტების შესახებ 2021 წლის 28 ივნისის განცხადებით; ტ.3, ს.ფ. 27-29).

სარჩელის საფუძვლები (ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტების შესახებ 2021 წლის 28 ივნისის განცხადების შესაბამისად):

2.1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 18 ოქტომბერს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი NAT180016598, რომლის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტების მიერ 2019 წელს განსახორციელებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნაპირდამცავი ან/და ნაპირსამაგრი ნაგებობების, სახიდე გადასასვლელების, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების, ასევე სტიქიური და სხვა ფორს-მაჟორული მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა 2018-2019 წლის განმავლობაში. მიმწოდებელი სამუშაოებს ასრულებდა კონკრეტული მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული ტექნიკური დავალებების შესაბამისად.

2.2. ტენდერის პირობების დანართი №1-ით ანაზღაურების წესი და პირობა განისაზღვრა შემდეგნაირად _ თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ ინდივიდუალურად დადგინდა სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება, ვინაიდან მუნიციპალიტეტებს არ ჰქონდათ შესაბამისი ცოდნა და ინფორმაცია სამშენებლო სამუშაოების ღირებულების დასადგენად და რეალურად, სწორედ ამ თანხის დადგენის მიზნით გამოცხადდა აღნიშნული ტენდერი. ვინაიდან სამშენებლო სამუშაოების ღირებულება არ იყო ფიქსირებული, საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებისთვის ანაზღაურებად განისაზღვრა არა კონკრეტული თანხა, არამედ საბოლოო ღირებულების 2.1% პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ ობიექტზე შ.პ.ს. „ა.ს–სი“-ს მიერ გადაცემული საპროექტო-სახარჯთაღრცხვო დოკუმენტების ღირებულებიდან.

2.3. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, შ.პ.ს. „ა.ს–სი"-სა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას შორის, 2018 წლის 13 დეკემბერს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №ტ-47(16598). ხელშეკრულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 61950 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ ობიექტზე მომსახურების ღირებულება განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის გადაცემული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულების 2.10 პროცენტის ოდენობით. ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი იღებდა ვალდებულებას, მიმწოდებელისათვის აენაზღაურებინა მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად.

2.4. ხელშეკრულების ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა მოითხოვა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება შემდეგ ობიექტებზე: მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზა და ხიდი, ასევე ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზა, რაზედაც მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა შესაბამისი ტექნიკური დავალებები. მოსარჩელის მიერ ტექნიკური დავალებებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა სრულად და ჯეროვნად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე გაიცა დადებით დასკვნა და მოსარჩელის მიერ განხორციელებული გაანგარიშებები დარჩა უცვლელი. მედანის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაციის ღირებულება ხარჯრაღრიცხვის შესაბამისად, შეადგენს 4 773 780.08 ლარს, ხიდის რეაბილიტაციის საპროექტო ღირებულება _ 666 483.01 ლარს, ხოლო ეწერის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური გზის აღდგენის საპროექტო-სახართაღრიცხვო ღირებულება განისაზღვრა 3 274 340.47 ლარით. ჯამში, სამივე ობექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა 8 714 603.56 ლარი, რის გათვალისწინებითაც, მენარდის ანაზღაურება შეადგენდა დასახელებული თანხის 2.1%-ს _ 183 006.67 ლარს. შემკვეთმა უარი განაცხადა თანხის სრულად ანაზღაურებაზე და მენარდეს აუნაზღაურა მხოლოდ 61 950 ლარი, შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილი შეადგენს 121 056.67 ლარს.

2.5. შემკვეთის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო მენარდემ საკრედიტო დაწესებულებიდან აიღო სესხი 210600 ლარის ოდენობით, ფუნქციონირების გასაგრძელებლად. შემსყიდველის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სესხის თანხა არ იქნებოდა ასეთი კოლოსალური. 2019 წლის 25 აპრილიდან 2021 წლის 02 ივნისამდე პროცენტის სახით გადახდილია 44 008.48 ლარი. რომ არა 121 056.67 ლარის გადახდის დაყოვნება, მოსარჩელეს დავალიანების პროპორციულად არ მოუწევდა 25296.87 ლარის ოდენობით სესხის პროცენტის დაფარვა, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 21 437.37 ლარის ოდენობით.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შემკვეთს სახელშეკრულებო ღირებულების ზღვრული თანხის ზევით ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოშობია, ვინაიდან შეთანხმება ხელშეკრულების საერთო ღირებულების გაზრდაზე არ მომხდარა. აღნიშნულის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელებულიყო თავდაპირველად შეთანხმებული ფასის ფარგლებში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ა.ს–სი“-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. 2018 წლის 18 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი NAT180016598, რომლის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა - ზუგდიდის, მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ, 2019 წელს განსახორციელებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ნაპირდამცავი ან/და ნაპირსამაგრი ნაგებობების, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ასევე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება 2018-2019 წლების განმავლობაში.

7.2. აღიშნული ტენდერის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასა და შ.პ.ს. „ა.ს–სი“-ს შორის 2018 წლის 13 დეკემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების №ტ-47 (16598) ხელშეკრულება, რომლის მიხედვით:

- შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ, 2019 წელს განსახორციელებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ნაპირდამცავი ან/და ნაპირსამაგრი ნაგებობების, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ასევე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება 2018-2019 წლების განმავლობაში (1.1 პუნქტი);

- ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 61 950 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (2.1 პუნქტი);

- პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ ობიექტზე მომსახურების ღირებულება განისაზღვრება მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის გადაცემული დასრულებული საპროექტო-სიხარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულების 2.1%-ის ოდენობით (2.2 პუნქტი);

- მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (3.1 პუნქტი);

- მომსახურების გაწევის ადგილია: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი (3.6 პუნქტი);

- ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე (5.1 პუნქტი); ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში (5.2 პუნქტი);

- შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში. თუ მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების ღირებულება, მიმწოდებელს პრეტენზია არ გააჩნია ხელშეკრულების აუთვისებელ ღირებულებასა და მის გადახდაზე (5.5 პუნქტი);

- ხელშეკრულების პირველი მუხლით გათვალისწინებული მომსახურება მიმწოდებლის მიერ უნდა შესრულდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჯეროვნად, მსგავსი მომსახურებისათვის უკვე დადგენილი სტანდარტების, ხელშეკრულებითა და მასზე თანდართული ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პირობების შესაბამისად (6.1 პუნქტი);

- ამ მუხლში განსაზღვრული წესებიდან და ნორმებიდან მიმწოდებლის მხრიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ მიიღოს მომსახურება ან/და მიმწოდებლის მიმართ გამოიყენოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები (6.2 პუნქტი);

- მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება მიღებულად ჩაითვლება პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ ობიექტზე მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (7.1 პუნქტი);

- მიმწოდებელი ვალდებულია: ა) მომსახურების გაწევის პროცესში იხელმძღვანელოს ხელშეკრულების მე-6 მუხლის პირველ პუნქტითა და დეტალური ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად; ბ) მომსახურება გასწიოს ხელშეკრულების მე-3 მუხლსა და დეტალურ ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრულ ვადაში და პირობებით; გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა უზრუნველყოს პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ ობიექტზე, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის გადაცემული დეტალური ტექნიკური დავალებითა და პროექტირებას დაქვემდებარებული თითოეული ობიექტის შინაარსიდან გამომდინარე, ზოგადი ტექნიკური დავალებით (დანართი N:2) გათვალისწინებული პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ნებისმიერი უზუსტობა ან/და შეუსაბამობები აცნობოს შემსყიდველს; ... ი) გადასცეს შემსყიდველს სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ქართულ ენაზე... (8.1 პუნქტი);

- შემსყიდველი ვალდებულია: ა) მიმწოდებელს გადასცეს დეტალური ტექნიკური დავალება, რომელიც მოიცავს, მომსახურების გაწევის ვადებს, პროექტირებას დაქვემდებარებული ობიექტის დასახელებას, მის ადგილმდებარეობას, საპროექტო მომსახურების ძირითადი სახეობებს, პროექტით განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალს და მათ საორიენტაციო ღირებულებას; ბ) შეუფერხებლად აუნაზღაუროს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულება ხელშეკრულებითა და დეტალური ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების შესაბამისად (8.2 9 პუნქტი);

- შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს, განახორციელოს ხელშეკრულებით და დეტალური ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება): ბ) არ ჩაიბაროს რაოდენობრივად, ხარისხობრივად ან უფლებრივად ნაკლიანი გაწეული მომსახურება (8.3 პუნქტი);

- ხელშეკრულებაში შესატანი ნებისმიერი ცვლილება ან დამატება უნდა გაფორმდეს მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების დანართის გაფორმების გზით. ამ პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების დანართი მხარეთა ხელმოწერისთანავე წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (16.1 პუნქტი);

- ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რა დროსაც დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა (16.2 პუნქტი).

7.3. 2018 წლის 13 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების №ტ-47 (16598) ხელშეკრულების ფარგლებში, შემსრულებელმა შეასრულა, ხოლო დამკვეთმა ჩაიბარა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რაზეც მხარეებს შორის გაფორმდა მიღება- ჩაბარების აქტი და შემსრულებელს შესრულებული სამუშაოსათვის (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისათვის) აუნაზღაურდა ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული ღირებულება - 61 950 ლარი.

7.4. დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების №ტ-47 (16598) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, შ.პ.ს. „ა.ს–სი“-მ მოამზადა:

7.4.1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარებილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით, განსახორციელებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 3 274 340.47 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). მოსარჩელის მტკიცებით, სწორედ აღნიშნული თანხის 2.1 % - 68 761.15 ლარი, უნდა მიეღო შესრულებული სამუშაოს გასამრჯელოდ.

7.4.2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 5 794 607.37 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). მოსარჩელის მტკიცებით, სწორედ აღნიშნული თანხის 2.1 % - 121 686.75 ლარი, უნდა მიეღო შესრულებული სამუშაოს გასამრჯელოდ.

7.4.3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 666 483.01 ლარს, (დღგ-ის ჩათვლით). შესაბამისად, ინსპექტირებული ღირებულება (2.1%) შეადგენდა 13 996.14 ლარს.

7.5. ჯამში, მოსარჩელის მიერ შედგენილი და მოპასუხისათვის ჩაბარებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებამ (წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფარგლებში) შეადგინა დაახლოებით 9 735 430.85 ლარი, (დღგ-ის ჩათვლით) ხოლო ინსპექტირებულმა ღირებულებამ (2.1%), მოსარჩელის მტკიცებით, შეადგინა 204 444.04 ლარი, რომლის ანაზღაურება მენარდემ მოითხოვა მოპასუხისაგან უკვე გადახდილი 61 950 ლარის გათვალისწინებით/გამოკლებით.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლიდან გამომდინარეობს. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეფასებას ექვემდებარება მენარდის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თობაზე მოთხოვნის მართლზომიერება. მხარეთა შორის სადავოა მენარდის (მიმწოდებლის) მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების დაანგარიშების წესი. მოსარჩელის განმარტებით, ის დაანგარიშებული უნდა იქნეს ხელშეკრულების 2.2. მუხლით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად, (შესასრულებელი სამუშაოს 2.1%-ის ოდენობით), ხოლო მოპასუხის მტკიცებით, შესრულებული სამუშაოს ღირებულება, მართალია, დაანგარიშებული უნდა იქნეს ხელშეკრულების 2.2. მუხლით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების 2.1. მუხლით განსაზღვრული ოდენობისა, ვინაიდან ამ მუხლით მყარადაა განსაზღვრული მაქსიმალური სახელშეკრულებო ღირებულება 61 950 ლარის ოდენობით.

8.2. სადავო ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მენარდის საზღაური დადგენილი იყო მყარი განაკვეთით ხელშეკრულების 2.1. მუხლით და ის შეადგენდა 61 950 ლარს, იმ შემთხვევაშიც, თუ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოს საერთო ღირებულების 2.1% აჭარბებდა 61 950 ლარს. საწინააღმდეგო განმარტების შემთხვევაში, ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნებოდა სახელშეკრულებო ღირებულების განსაზღვრა 61 950 ლარით და ამ პირობაზე მხარეთა შეთანხმება. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს არა მხოლოდ ხელშეკრულების მე-2 მუხლის შინაარსობრივი განმარტება, არამედ ამავე ხელშეკრულების 16.2 მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვით, ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რა დროსაც დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნით კი სახელშეკრულებო ღირებულება იზრდება არათუ 10%-ით, არამედ ფაქტობრივად 330%-ით, რაც ეწინააღმდეგება გონივრული განსჯის ყოველგვარ სტანდარტს.

8.3. მხარეთა შეთანხმება მენარდის საზღაურის დაანგარიშებას, მართალია, ითვალისწინებდა საპროექტო-სიხარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულების 2.1%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 61 950.00 ლარისა, რაც წარმოადგენდა მყარად განსაზღვრულ მაქსიმალურ სახელშეკრულებო ღირებულებას. ამ განმარტებას ამყარებს ხელშეკრულების 5.5. მუხლის დანაწესიც, რომლის მიხედვით, „შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების ღირებულება, მიმწოდებელს პრეტენზია არ გააჩნია ხელშეკრულების აუთვისებელ ღირებულებასა და მის გადახდაზე“.

8.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლის თანახმად, თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.

8.5. ხარჯთაღრიცხვა არის სპეციალური დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ნარდობის ხელშეკრულების ფასის განსაზღვრისათვის რთული სამუშაოების შესრულებისას. ხარჯთაღრიცხვა შეიძლება იყოს მყარი (როცა ზუსტადაა განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის) და მიახლოებითი (რომელიც სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს). თუ ხარჯთაღრიცხვა მიახლოებითია და მენარდე მას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, აღნიშნულის თაობაზე მან, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შემკვეთს. ასეთი ვალდებულების მენარდისათვის დაკისრების არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუკი მენარდე არ შეატყობინებს შემკვეთს ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ და გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს ფასებს შორის სხვაობის ანაზღაურება.

8.6. მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შემთხვევაში, მენარდე გადახარჯვის ანაზღაურების მოთხოვნისას ვერ დაეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლს, ვინაიდან ეს ნორმა განსაზღვრავს მიახლოებითი და არა მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მყარი ხარჯთაღრიცხვა, იგი არ ექვემდებარება გადასინჯვას, მიუხედავად მისი გადასინჯვის მოთხოვნის მიზეზისა. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი.

8.7. ამ საერთო წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი). შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამართლებული საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ეკვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, რაც შეიძლება, განპირობებული იყოს, როგორც შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე - მისი შემცირებით. ამდენად, მყარი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში, მენარდეს შეუძლია, შემკვეთს მოსთხოვოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. თუ მენარდე ამ უფლებით არ ისარგებლებს და მაინც გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს გადახარჯვის ანაზღაურება.

8.8. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ასევე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის თაობაზე, 2018 წლის 13 დეკემბრის ნარდობის ხელშეკრულებით, მხარეებმა ზუსტად (მყარად) განსაზღვრეს საზღაურის მაქსიმალური ოდენობა - 61 950 ლარი, რომელიც შემკვეთს უნდა გადაეხადა მენარდისათვის, ხოლო მენარდეს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით მინიჭებული უფლებით (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი) არ უსარგებლია, არც ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ დაუყოვნებლივ უცნობებია შემკვეთისათვის, რაც გამორიცხავს მის მიერ მოთხოვნილი სხვაობის მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპლიტეტის მერიისათვის დაკისრებას. ამასთან, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ შესრულებული ინტელექტუალური სამუშაოს (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადება) ანაზღაურებისათვის გადახდილი 61950 ლარის შეუსაბამობა ანალოგიური სამუშაოს რეალურ ღირებულებასთან.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ა.ს–სი“-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

9.1. სააპელაციო პალატამ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ 2021 წლის 28 ივნისის განცხადებით, მოსამზადებელ ეტაპზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელემ დააზუსტა ფაქტობრივი გარემოებებიც და მოთხოვნებიც, კერძოდ, თუკი სარჩელით გაწეული მომსახურების ღირებულების აუნაზღაურებელ ნაწილად დასახელებული იყო 142 494.04 ლარი, დაზუსტების შედეგად, აღნიშნული მოთხოვნიდან 121 056.57 ლარი მენარდემ დააკვალიფიცირა მომსახურების აუნაზღაურებელ ღირებულებად, ხოლო 21 437.37 ლარი _ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილ ზიანად. ხსენებული დაზუსტება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ხელშეკრულების ფარგლებში შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის ჯამური ღირებულება შეადგენდა არა სარჩელში მითითებულ 9 735 430.85 ლარს, არამედ განცხადებაში მითითებულ 8 714 603.56 ლარს, რომლის 2.1% წარმოადგენდა მენარდის მიერ მისაღებ გასამრჯელოს (მიღებული 61 950 ლარის ჩათვლით). განცხადების მხედველობაში მიუღებლობამ განაპირობა ზიანის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის შეფასების მიღმა დატოვება და კასატორის მიერ მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულების ფაქტობრივი გარემოების არასწორად დადგენა.

9.2.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით მყარად განისაზღვრა 61950 ლარით, აღნიშნულის ნაცვლად, მას უნდა მიეჩნია, რომ სამუშაოთა ღირებულება განისაზღვრებოდა მენარდის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებით გათვალისწინებული ფასის 2.1%-ის ოდენობით, ზედა ზღვრის გარეშე. სააპელაციო პალატამ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების დადების ეტაპზე, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ხელშეკრულების საგანი და ის ობიექტები, რომელთა რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვაც ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მოთხოვნილი იქნებოდა, ზუსტად არ განსაზღვრულა და სწორედ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ემსახურებოდა იმის დადგენას, თუ რა ღირებულების სამუშაოები უნდა გაწეულიყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2019 წელს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნაპირდამცავი ან/და ნაპირსამაგრი ნაგებობების, სახიდე გადასასვლელების, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების, ასევე სტიქიური და სხვა ფორს-მაჟორული მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის.

9.2.2. მუნიციპალიტეტმა შესადგენი საპროექტო-სახარჯთაღირცხვო დოკუმენტაციის ღირებულება საორიენტაციოდ განსაზღვრა 2 950 000 ლარით და ტენდერი გამოაცხადა მომსახურების ყველაზე დაბალ ფასად შესასყიდად. კასატორმა შემსყიდველს შესთავაზა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ამავე დოკუმენტებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების 2.1%-ის ანაზღაურების სანაცვლოდ, შესაბამისად, ანაზღაურება კასატორს უნდა მისცემოდა ფაქტობრივად შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების საერთო ღირებულების 2.1%-ის ოდენობით, ვინაიდან ხელშეკრულების საფასურად მიჩნეული 61 950 ლარი წარმოადგენდა ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულებას შემსყიდველის მიერ მითითებული საორიენტაციო ღირებულების მხედველობაში მიღებით (2 950 000 x 2.1%= 61 950).

9.2.3. ხელშეკრულების დადების შემდგომ მუნიციპალიტეტმა მენარდეს დაავალა სამ პარალელურ პროექტზე მუშაობა, კასატორმა მუშაობა დაიწყო ერთდროულად ისე, რომ მისთვის წინასწარ ცნობილი არ ყოფილა, რა ღირებულების იქნებოდა მის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები. სამუშაოთა მოცულობის კონტროლის ვალდებულება ეკისრებოდა შემკვეთს, რომელმაც სამი პარალელური დავალების შესრულების შედეგად ჩაიბარა დაახლოებით 9 მილიონ ლარამდე ღირებულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები, თუმცა მენარდეს გადაუხადა მხოლოდ 2 950 000 ლარის პროექტის ღირებულების პროპორციული ღირებულება _ 61 950 ლარი, მაშინ, როდესაც შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით მისაღები საზღაური 183 006.67 ლარს შეადგენდა. ამით, შემკვეთმა, რომელიც გარიგების ძლიერ და დადებული გარიგების პირობების ერთპიროვნულად დამდგენ მხარეს წარმოადგენდა, დაარღვია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილისადმი დაწესებული კეთილსინდისიერების ვალდებულება და უსაფუძვლოდ გამდიდრდა, თუმცა ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებს მოთხოვნა შესრულების კონდიქციის (სსკ 976-ე მუხლის „ა“ პუნქტი) ჭრილში არ შეუფასებიათ, ესე იგი, არ გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13.1. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ წინამდებარე დავა წარმოშობილია მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირითადი ვალდებულების შესრულება-შეუსრულებლობის საკითხის ირგვლივ. მოსარჩელე სარჩელის აღძვრიდან საკასაციო სამართალწარმოების ეტაპის ჩათვლით მიუთითებდა, რომ მან შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები, თუმცა ვერ მიიღო საპასუხო ანაზღაურება შემკვეთისგან. ესე იგი, მოთხოვნის საფუძველი გამომდინარეობს ნამდვილი, შეუდავებელი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, შესაბამისად, ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა შეფასებას ექვემდებარება სახელშეკრულებო ნორმებით და არა უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რომლის ასამოქმედებლადაც აუცილებელია არარსებული, ბათილი ან შეწყვეტილი გარიგების არსებობა (სსკ 976-ე მუხლის ამოქმედება სწორედ ამგვარი „ვითომ“ გარიგებისმიერი ურთიერთობის არსებობას განიხილავს შესრულების კონდიქციის განხორციელების წინაპირობად). სხვაგვარად რომ ითქვას, თუკი ნამდვილი ხელშეკრულების ფარგლებში გამოვლენილია მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, მოსარჩელე მისთვის სასურველ შედეგს ვერც კონდიქციის გზით მიაღწევს. ამრიგად, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია მასზედ, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა შეფასებას ექვემდებარებოდა უსაფუძვლო გამდიდრების წესებით.

13.2. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რომლის მიღწევაც კასატორს სურს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ნაწილში, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი.

13.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ. სუსგ. №ას-1315-2020, 09.09.2021წ.; №ას-764-2019, 02.03.2019წ.). ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ (იხ., ძლიერიშვილი ზ., „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016, გვ. 288).

13.4. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

13.5. საკასაციო პალატა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების იმ ნორმების ნამდვილი არსის გასარკვევად, რომელიც სადავოა წინამდებარე საქმეში, საჭიროდ მიიჩნევს, მიმართოს ნების განმარტებას, რამეთუ, ერთი მხრივ, მხარეები შეთანხმებული არიან ხელშეკრულების საფასურზე მყარი თანხის სახით, ხოლო მეორე მხრივ, ანაზღაურების ოდენობა დაკავშირებული აქვთ მენარდის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულების პროცენტთან, რაც წარმოშობს ბუნდოვანებას შემდეგი მიმართულებით _ ვალდებულია თუ არა შემკვეთი, აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაოების ფასი ხელშეკრულების ღირებულებაზე მეტი ოდენობით, როცა მენარდის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულების შეთანხმებული პროცენტი აღემატება ხელშეკრულების ციფრობრივად განსაზღვრულ ფასს.

13.6. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების:

- 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 61950 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;

- 2.2. პუნქტის თანახმად, პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ ობიექტზე მომსახურების ღირებულება განისაზღვრება მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის გადაცემული დასრულებული საპროექტო-სიხარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულების 2.1%-ის ოდენობით.

- 16.2. პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რა დროსაც დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.

13.7. ნება სახელშეკრულებო ანაზღაურების შესახებ წარმოადგენს ორმხრივ გარიგებას, შესაბამისად, იგი ექვემდებარება განმარტებას ამავე კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად (ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან). კანონმდებლის მიერ დათქმული ეს „გონივრული განსჯა“ კი „უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს“ (იხ. სუსგ. №ას-836-2019წ, 14.06.2019წ.). „ნების განმარტება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარემოებები, ასევე, მხარეთა განმარტებები ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიდეს და ობიექტური დამკვირვებლისთვის, განვითარებულ ფაქტებსა და გამოხატულ ნების განმარტებას შორის დადგენილი კანონზომიერება გაუგებარი არ იყოს“ (იხ. სუსგ. №ას-224-2019, 24.09.2019წ.), ამავდროულად, ნების განმარტების მიზანია არა ხელშეკრულების რომელიმე დებულებისათვის არსის გამოცლა, არამედ, პირიქით, სადავო ნორმებში იმგვარი შინაარსის პოვნა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პირობის შენარჩუნებას, თანაარსებობას და მოქმედებაში მოყვანას.

13.8. ნების გამოვლენის განმარტებისას იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა თანხმდება მასზედ, რომ ნება უნდა განიმარტოს ნების მიმღების და არ მისი გამომვლენის თვალსაწიერიდან, ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. (იხ. კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ. 251-256; სუსგ. №ას-1190-2021, 22.02.2022წ; №ას-950-2022, 30.09.2022წ). ნების გამოვლენის განმარტებისას ფრაზისა თუ ქმედების შინაარსის შესაფასებლად სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო ბრუნვის ჰიპოთეტური, გონიერი მონაწილის სტანდარტით, ჩაყენებულით ნების მიმღების მდგომარეობაში.

13.9. დასახელებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, წარმოდგენილ ნორმებს საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგნაირად _ მართალია, მხარეებმა ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მოქმედების ძალით შეათანხმეს სამუშაოთა ღირებულების გამოანგარიშების წესი იმგვარად, რომ მენარდის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულების 2.1% წარმოადგენდა მენარდისათვის გადასახდელ საზღაურს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოთა მოცულობები წინასწარ განსაზღვრულ სახელშეკრულებო პირობას არ წარმოადგენდა (და როგორც კასატორი აღნიშნავს, ვერც იქნებოდა, ვინაიდან მოითხოვდა სპეციალურ ცოდნას, რომელიც შემკვეთს არ გააჩნდა, არამედ სამუშაოთა მოცულობის დადგენა წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებით მენარდის დავალებას წარმოადგენდა), შემკვეთის, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციაა და მას ფულადი სახსრების განკარგვა იმგვარი მოქნილობით არ სძალუძს, როგორც კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე სხვა სუბიექტებს, ფინანსური პასუხისმგებლობის მეტ-ნაკლები სიცხადის უზრუნველსაყოფად, შეთანხმდა საზღურის ჩამკეტი მექანიზმიც იმგვარად, რომ ხელშეკრულების ღირებულების 2.1. პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების ფარგლებში შემკვეთის მიერ მენარდისთვის საზღაურის სახით გადასახდელი თანხის ზედა ზღვარი _ 61 950 ლარი. აღნიშნული განმარტების სისწორეზე მეტყველებს მხარეთა შორის მოქმედი ხელშეკრულების 16.2. პუნქტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადგენდა, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვებოდა ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რა დროსაც დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა. კასატორის ინტერპრეტაციით საზღაურის განსაზღვრის წესზე შეთანხმება სრულად აცლის არსს ხელშეკრულების 2.1. და 16.2. პუნქტებს, რაც ნების განმარტების მიზნებთან შეუსაბამო შედეგია. ამრიგად, საკასაციო პალატის განსჯით, 61 950 ლარის ფარგლებში საზღაური წარმოადგენდა მყარად განსაზღვრულ ოდენობას, რომლის გადაჭარბებაც არ შედიოდა შემკვეთის სახელშეკრულებო ინტერესში.

13.10. კასატორი აპელირებს მასზედ, რომ მას ხელშეკრულებით დათქმული ე.წ. ზედა ზღვრის ოდენობის საზღაურის მიღება შეეძლო 2 950 000 ღირებულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შემთხვევაშიც, შესაბამისად მენარდეს არ გააჩნდა ინტერესი, იმავე საზღაურის სანაცვლოდ შეესრულებინა დაახლოებით 9 მილიონ ლარამდე ღირებულების დოკუმენტაციის შედგენის ვალდებულება. აღნიშნულის საპასუხოდ, საკასაციო პალატა კასატორს მიუთითებს სამოქალაქო სამართალში მოქმედი ნები ავტონომიის პრინციპზე (სსკ 319-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელიც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს შესაძლებლობას ანიჭებს, დადონ იმგვარი ხელშეკრულებები ან/და შეათანხმონ იმგვარი პირობები, რომლებიც სიტყვა-სიტყვით არ გამომდინარეობენ სამოქალაქო კოდექსის დებულებებიდან. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება მასზედ, რომ კასატორის მხრიდან წინასახელშეკრულებო ეტაპზე, სადავო ხელშეკრულების ხელმოწერამდე, გამოვლენილი იქნა ნება, რომ საზღაურის განსაზღვრის წესი არსებული რედაქციისგან განსხვავებულად მოწესრიგებულიყო, თუმცა აღნიშნულზე ხელშეკრულების შემდგენმა შემსყიდველმა თანხმობა არ გამოხატა, რის გამოც, მენარდეს „მოუწია“ არსებული პირობების უაპელაციოდ მიღება. საგულისხმოა, რომ ამგვარი უპირობო დასტურის ვალდებულებას არც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესებს. ამრიგად, საკასაციო პალატისთვის არადამაჯერებელია მტკიცება მასზედ, რომ ხელშეკრულების 2.1.-2.2. პუნქტების ურთიერთმიმართება ამ განჩინების 13.9. პუნქტისგან განსხვავებულად აღიქმებოდა მხარეთა მიერ. მიმწოდებლის რისკს, რაც დიდი მოცულობის სამუშაოს ნაკლებ ფასად მიწოდების ალბათობაში ვლინდებოდა, ლოგიკური ახსნა ეძებნება იმ გარემოებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, შეთავაზებული სატენდერო წინადადებით მან მოიპოვა არამარტო წალენჯიხის, არამედ ზუგდიდისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში იმავე პროფილის საქმიანობის განხორციელების უფლება (ტ.1, ს.ფ. 54).

14.1. ვინაიდან, საკასაციო პალატა იზიარებს ხელშეკრულების ღირებულების მყარ ხარჯთაღრიცხვად კვალიფიკაციის შესახებ სააპელაციო პალატის დასკვნას, საჭიროა განიმარტოს ის თავისებურებები, რაც ამგვარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბებას შედეგად სდევს.

14.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, მენარდეს შეუძლია, მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური. ამ წესიდან გამონაკლისს ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლი. ამრიგად, ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე ხელშეკრულების ფასი შეიძლება განისაზღვროს მყარად (როდესაც ზუსტად არის განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის) და მიახლოებით (როდესაც სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში საზღაურის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს). თუ ხარჯთაღრიცხვა მიახლოებითია და მენარდე მას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, აღნიშნულის თაობაზე მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შემკვეთს. თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია, მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია, აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. „ასეთი ვალდებულების მენარდისათვის დაკისრების არსი ისაა, რომ, თუკი მენარდე არ შეატყობინებს შემკვეთს ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ და გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს ფასებს შორის სხვაობის ანაზღაურება. მას შემდეგ, რაც შემკვეთი მენარდისაგან მიიღებს შეტყობინებას მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შესახებ, მას შეუძლია, მოითხოვოს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება, თუ იგი თანახმაა, გადაიხადოს გაზრდილი ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი არ მოისურვებს გაზრდილი ანაზღაურების გადახდას, მას შეუძლია, შეწყვიტოს ხელშეკრულება ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო. მითითებული საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებულია, აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით“ (იხ.სუსგ. №ას-214-2023, 19.05.2023წ.).

14.3. ზემოაღნიშნულისგან განსხვავებით, მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შემთხვევაში მენარდე გადახარჯვის ანაზღაურების მოთხოვნისას ვერ დაეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლს, ვინაიდან ეს ნორმა მიემართება მიახლოებითი და არა მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მყარი ხარჯთაღრიცხვა, იგი არ ექვემდებარება გადასინჯვას, მიუხედავად მისი გადასინჯვის მოთხოვნის მიზეზისა. „საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი. ამ საერთო წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი). შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამართლებული საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ეკვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, რაც შეიძლება, განპირობებული იყოს, როგორც შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე _ მისი შემცირებით. მყარი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში, მენარდეს შეუძლია, შემკვეთს მოსთხოვოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. თუ მენარდე ამ უფლებით არ ისარგებლებს და მაინც გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს გადახარჯვის ანაზღაურება (იხ. სუსგ. №ას-888-834-2012, 30.12.2013წ.; №ას-397-381-2016, 01.07.2016წ.; № ას-1096-1053-2016, 24.11.2017წ.). დასახელებული მიდგომის არსი იმაშია, რომ გაზრდილი ოდენობით სამუშაოთა ანაზღაურება შედის არა შემკვეთის, არამედ მენარდის ინტერესში, რაც სწორედ მენარდეს წარმოუშობს ვალდებულებას, სამუშაოთა დასრულებამდე მიმართოს შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების მისადაგების სამართლებრივ საშუალებას (იხ., ძლიერიშვილი ზ., „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016, გვ. 214-215). კასატორს ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების მოთხოვნის უფლებით არ უსარგებლია.

14.4. ამრიგად, საკასაციო პალატის განსჯით, ხელშეკრულებით მყარად განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდენობით საზღაურის გადახდის ვალდებულება შემკვეთს არ წარმოშობია.

15.1. საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს, სამართლებრივად შეაფასოს ის საპროცესო საკითხი, რომელიც კასატორს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად მიაჩნია _ მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე მოსარჩელემ დააზუსტა როგორც ფაქტები, ისე სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა სააპელაციო პალატას წინამდებარე დავა არც დაზუსტებული ფაქტებისა და არც დაზუსტებული მოთხოვნების მხედველობაში მიღებით არ განუხილავს.

15.2. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, განმარტოს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-471-2021, 08.07.2022წ.; №ას-409-2022, 08.06.2022წ.). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).

15.3. სასამართლო სარჩელს განსახილველად იღებს სწორედ სარჩელში მითითებული მატერიალურსამართლებრივი მოთხოვნისა (სარჩელის საგანი) და მის დასაფუძნებლად მითითებული ფაქტების (სარჩელის საფუძველი) ფარგლებში. ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილი მოსარჩელეს არ უკარგავს შესაძლებლობას, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით.

15.4. საგულისხმოა, რომ სარჩელის ელემენტების ცვლილების უფლებამოსილებასთან მიმართებით კანონმდებელი აწესებს შემდეგ დათქმას: - მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი. „ან“ კავშირის გამოყენება კი სწორედ იმას გულისხმობს, რომ მოსარჩელეს ეზღუდება სარჩელის ორივე კომპონენტის - საფუძვლისა და საგნის შეცვლა. აღნიშნული განპირობებულია სწორედ იმ გარემოებიდან, რომ სასარჩელო მოთხოვნისა და მისი დამფუძნებელი ფაქტის კომბინირებული ცვლილება გულისხმობს სასამართლოსადმი არსებითად ახალი სარჩელის წარდგენას (იხ. სუსგ. №ას-76-72-2013, 24.06.2013წ.), რომელიც, გარდა იმისა, რომ უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავდროულად ექვემდებარება დასაშვებობის წინაპირობების ხელახლა შემოწმებას ამავე კოდექსის 186-ე მუხლით დადგენილი წესით და წერილობით შეპასუხებას (შესაგებელს) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად (იხ.სუსგ. №ას-1213-2022, 22.11.2022წ.).

15.5. განსახილველ შემთხვევაში, 2021 წლის 28 ივნისის განცხადებით მოსარჩელემ შეცვალა არამარტო დავასთან კავშირში მყოფი ფაქტები (ეწერისა და მედანის ადმინისტრაციულ ერთეულებში განსახორციელებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულებები; მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მენარდის მიერ საბანკო კრედიტის აღებისა და მასზე გაწეული ხარჯების ამსახველი გარემოებები), არამედ სასარჩელო მოთხოვნაც (თუკი სარჩელით მოთხოვნილი 142494.04 ლარს უკავშირებდა შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელ ღირებულებას, ე.წ. დაზუსტების შედეგად, დასახელებული თანხა კასატორმა გამიჯნა ორ ნაწილად, შესრულებული სამუშაოების ღირებულების აუნაზღაურებელ ნაწილად დააკვალიფიცირა _ 121 056.67 ლარი, ხოლო დარჩენილი 21437.37 ლარი დაუკავშირა საზღაურის დროულად მიუღებლობით წარმოშობილ ზიანს). ფაქტებისა და სასარჩელო მოთხოვნების კუმულატიური ცვლილება კი შესაძლებელი იყო არა განცხადების ან შუამდგომლობის, არამედ სარჩელის წარდგენით, რისი უფლებითაც კასატორს არ უსარგებლია, შესაბამისად, სააპელაციო პალატას საპროცესო დარღვევად ვერ შეერაცხება 2021 წლის 28 ივნისის განცხადების შინაარსის მხედველობაში მიუღებლობა და სასარჩელო მოთხოვნებსა და მის დამფუძნებელ ფაქტებზე სარჩელის ფარგლებში მსჯელობა.

15.6. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ მატერიალურსამართლებრივად სწორი გადაწყვეტა მოუძებნა წინამდებარე დავის უმთავრეს საკითხს _ ეკისრებოდა თუ არა შემკვეთს მყარი ხარჯთაღრიცხვის არსებობისას დათქმულ საზღაურზე მეტის გადახდა იმის გამო, რომ სამუშაოთა სავარაუდო მოცულობას გადააჭარბა რეალურად შესრულებულმა სამუშაომ. ხსენებული საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისას კი გადაჭარბების კონკრეტულ ოდენობას დავისთვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.

15.7. ზიანის ნაწილში მოთხოვნის შეფასების გარეშე დატოვების მართებულობა საკასაციო პალატამ ამ განჩინების 15.2.-15.5. პუნქტებში უკვე დაასაბუთა, თუმცა დამატებით აღნიშნავს, რომ ხსენებული სასარჩელო მოთხოვნა პროცესუალურად გამართული ფორმითაც რომ წარდგენილიყო სასამართლოს წინაშე, მას წარმატების პერსპექტივა ისედაც არ გააჩნდა, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების სსკ 394-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოთხი კუმულატიური პირობიდან (1. მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 2. ზიანი; 3. მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და ზიანს, როგორც დამდგარ შედეგს შორის; 4. მოვალის ბრალეულობა) პირველივე კომპონენტი _ მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედება საზღაურის გადაუხდელობის სახით არ დადასტურდა, რაც ზიანის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის გარდაუვალ შედეგს განაპირობებს.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 7125 ლარის ოდენობით, საიდანაც 4987.5 ლარი ექვემდებარება მისთვის უკან დაბრუნებას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ა.ს–სი"-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „ა.ს–სი"-ს (ს/ნ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 7125 ლარის (გადახდის თარიღი: 03.10.2022, საგადახდო დავალება: 14667576056, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 4987.5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი