Facebook Twitter

23 ივნისი 2023 წელი

საქმე №ას-1590-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ.რ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - კ.ი–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ.რ–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე კ.ი–ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორის მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, ცილისმწამებლური განცხადების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 1 ლარის დაკისრების მოთხოვნებით (სასარჩელო მოთხოვნა შემცირდა პირველი ინსტანციის სასამართლოს 11.12.2018 წლის მთავარ სხდომაზე).

სარჩელის საფუძვლები:

2.1. კ.ი–მა 2017 წლის 21 სექტემბერს ტელეკომპანია „ი“-ს გადაცემა „ახალი ამბები“-ს ეთერში 18 საათზე გაავრცელა მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია, კერძოდ მოპასუხემ განაცხადა: „რატომ იცავს მკვლელ დეკანოზ გ.მ–ძეს და თურმე ამ საქმეში ის არის „მეუფე პ–თან მაბეზღარა ადამიანი“ და წარსულში ს. გ–ის საქმეზე ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორი, საიდანაც ინფორმაციას თურმე აწვდის, ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროს ა–ას“.

2.2. მ.რ–ი, როგორც ადვოკატი, ს. გ–ის საქმეში, მისი ოჯახის წევრების თხოვნით, ჩართული იყო, როგორც წინასწარი გამოძიებისას, ასევე სასამართლო განხილვისას. აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს სახელმწიფოს მოსთხოვა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და დაზარალებულების ირინა ენუქიძისა და გურამ გ–ის სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრა გარკვეული თანხის გადახდა. 2017 წლის 21 სექტემბერს, ტელეკომპანია „ი“-ს გადაცემა „ახალი ამბები“-ს ეთერში მოპასუხის მხრიდან განცხადებები გავრცელდა საჯაროდ, მტკიცებითი ფორმით და დანაშაულებრივი გზით ბრალს სდებს „მეუფე პ–თან მაბეზღარობაში და ს. გ–ის საქმეში ჩანერგილი კუდის უფროსის დ. ა–ას აგენტ-პოვოკატორად და ინფორმატორად“. მოპასუხის ქმედება წარმოადგენს არა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, არამედ საჯარო პირის ცილისწამებას, რის გამოც, მოსარჩელის აზრით, მოპასუხე კ.ი–ს უნდა დავალებოდა, ნებისმიერი ტელეკომპანიის ეთერით უარეყო მის მიერ გავრცელებული განცხადება შემდეგი ფორმულირებით: „ჩემს მიერ 2017 წლის 21 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანია ის საინფორმაციო გადაცემა ახალ ამბებში, სადაც მითითებულია, „მაბეზღარა ადამიანი მ.რ–ი, მას ხომ არ ავიწყდება ისევე იყო შეგზავნილი გ–ის საქმეზე და ისეთივე ის იყო პროვოკატორი, რომ მიეტანა იმასთან ა–ებთან“ - არ შეესაბამება სიმართლეს“.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი განცხადება წარმოადგენს მის აზრს, შეფასებას, მსჯელობას და არა მოსარჩელის მიმართ გავრცელებულ ცილისმწამებლურ, პატივისა და ღირსების შემლახველ განცხადებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ.რ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა მოპასუხე კ.ი–ს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე რომელიმე (ერთ-ერთი) ტელეკომპანიის ეთერის მეშვეობით სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შემდეგი სახით ცნობის გამოქვეყნება: „სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ჩემს მიერ 2017 წლის 21 სექტემბერს 18 ტელეკომპანია „ი“-ს საინფორმაციო გადაცემა "ახალ ამბებში" გავრცელებული შემდეგი ინფორმაცია - „...მაბეზღარა ადამიანი რა ქვია, მ. ისა რა ქვია რ–ი, იმას ხომ არ ავიწყდება, რომ ისევე იყო შეგზავნილი გ–ის იმაზე, საქმეზე და ისეთივე ის იყო პროვოკატორი, რომ მიეტანა იმასთან ა–ებთან“ --- არ შეესაბამება სიმართლეს; კ.ი–ს მ.რ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა კ.ი–მა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. მოსარჩელე მ.რ–ი დაკავებულია საადვოკატო საქმიანობით და იგი მონაწილეობდა არაერთი გახმაურებული საქმის განხილვაში, მათ შორის, წარმოადგენდა ს. გ–ის ოჯახის წევრების ინტერესებს და იცავდა სასულიერო პირის - გ.მ–ძის ინტერესებს.

7.2. მოპასუხე კ.ი–ი არის მაღალი რანგის სასულიერო პირი.

7.3. საქმეზე წარმოდგენილია 2017 წლის 21 სექტემბერს ტელეკომპანია „ი“-ს გადაცემა „ახალი ამბები“-ს ეთერში 18 საათზე კ.ი–ის სატელეფონო საუბარი ჟურნალისტთან, სადაც მოპასუხე ჟურნალისტს ეუბნება: „მაგ მკვლელებს რატომ იცავენ, აი მ–ძეს რატომ იცავენ, რომელი აუდიტი ჰყავთ შემოყვანილი საპატრიარქოში ერთი იმან თქვას ის რომ იყო, მეუფე პ–

-ის რომ იყო რა ჰქვია რა მაბეზღარა ადამიანი რა ქვია, მ. ისა რა ქვია რ–ი, იმას ხომ არ ავიწყდება, რომ ისევე იყო შეგზავნილი გ–ის იმაზე, საქმეზე და ისეთივე ის იყო პროვოკატორი, რომ მიეტანა იმასთან ა–ებთან“.

7.4. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის აღნიშნულ განცხადებას და მიიჩნევს, რომ არსებული ბრალდება არ თავსდება გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში, დაუსაბუთებლად ხელყოფს მ.რ–ის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას, რის გამოც მოპასუხემ უნდა უარყოს გავრცელებული ინფორმაცია და ამავდროულად უზრუნველყოს მორალური ზიანის სიმბოლური ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.

7.5. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხე მხარე დაუსაბუთებლად მიიჩნევს წარმოდგენილ სარჩელს და განმარტავს, რომ მის მიერ განხორციელდა არა მტკიცებითი ფაქტების, არამედ მოსაზრების გავრცელება, ამავდროულად იგი სატელეფონო საუბარში აყალიბებს თავის პოზიციას და მისთვის არ ყოფილა ცნობილი, რომ განხორციელდებოდა აღნიშნული ჩანაწერის საჯარო გავრცელება.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. საქმეში სასამართლოს შეფასების საგანია, მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადება წარმოადგენს თუ არა ცილისწამებას, რასაც შედეგად მოსარჩელის დისკრედიტაცია, მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა მოჰყვა. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით მოცემულია როგორც აზრის (შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს), ისე ცილისწამების (არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება) დეფინიცია, რომელთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის. მითითებული ნორმის მიხედვით, „აზრი“ ფართოდ უნდა განიმარტოს. იგი გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ერთმანეთისაგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ევროსასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ...

8.2. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში.

8.3. მოპასუხის მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია მიემართებოდა მ.რ–ის საადვოკატო საქმიანობას, მისი მონაწილეობით წარმართულ საქმეთა რეზონანსულობის გათვალისწინებით, მათ მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ამასთანავე, სადავო გამონათქვამების გავრცელების დროს საზოგადოებაში აქტიურად განხილებოდა ე.წ. „ც.ს“-სთან დაკავშრებული გარემოებები, რა დროსაც მოდავე მხარეები ერთგვარად განსხვავებულ პოზიციებს იცავდნენ, კერძოდ, მოსარჩელე წარმოადგენდა ბრალდებულის ადვოკატს, ხოლო მოპასუხე წარმოადგენდა საპატრიარქოს ინტერესებს. აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელეს დაცვის ქვეშ მყოფ პირს გარკვეული დანაშაულის მომზადებას ედავებოდნენ.

8.4. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე საჯარო პირია, რომლის მიმართაც, კერძო პირთან შედარებით, კრიტიკის თმენის ფარგლები უფრო ფართოა. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონიც საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში განსხვავებულ სტანდარტს ადგენს. კერძოდ, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის სავალდებულოა კუმულაციურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) გავრცელებული უნდა იყოს მოსარჩელის შესახებ ფაქტის შემცველი ინფორმაცია, 2) გავრცელებული ფაქტები არსებითად მცდარი უნდა იყოს და არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს, 3) გავრცელებული ცნობები მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი უნდა იყოს და 4) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი ან სახეზე უნდა იყოს მოპასუხის აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. ყველა ამ პირობის არსებობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

8.5. სადავო გამონათქვამების კონტექსტის გათვალისწინებით, პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ კ.ი–ის განცხადება ექცევა ფაქტისა და, შესაბამისად, მისი დაუდასტურებლობის პირობებში, ცილისწამების კატეგორიაში, რამეთუ გამონათქვამების ერთიან ჭრილში განხილვის შედეგად დგინდება, რომ მაღალი სასულიერო რანგის წარმომადგენელი, საპატრიარქოს პოზიციის შესაბამისად, საზოგადოებისათვის მაღალი ინტერესის მქონე საკითხთან მიმართებით, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, ე.წ. „ც.ს–ის“ კონტექსტში აყალიბებს თავის შეხედულებას მოსარჩელის საჯარო - საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით და ეხება ამავე ადვოკატის მონაწილეობით განხილულ სხვა გახმაურებულ საქმეს (ე.წ. გ–ის საქმე). გავრცელებული სადავო განცხადებები წარმოადგენს სუბიექტური დამოკიდებულებით გაჯერებულ აზრის გადმოცემას, ვიდრე ობიექტურ მოცემულობას - გამომხატველის სუბიეტურ წარმოდგენას და შეფასებას. შესაბამისად, გამოხატვის ფორმის მიუხედავად, აღნიშნულ წინადადებას არ გააჩნია ცილისწამების მაკვალიფიცირებელი აუცილებელი ელემენტი - არ წარმოადგენს მოსარჩელის შესახებ მტკიცებითი ფორმით მცდარი ფაქტის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას, რომელთა სინამდვილესთან შესაბამისობის ან მცდარობის დადასტურება/უარყოფაც შესაძლებელი იქნებოდა. აზრის გამოხატვა კი, მიუხედავად მისი სუბიექტურობისა, მცდარობისა, საფუძვლიანობისა თუ უსაფუძვლობისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცულია ჩარევისაგან. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, ნებისმიერი განცხადება, რომელიც ცალსახად ვერ მიეკუთვნება აზრსა თუ ფაქტს, უნდა დაკვალიფიცირდეს აზრად, რათა არ შეიზღუდოს დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ღირებულება - გამოხატვის თავისუფლება.

8.6. პალატამ სადავო საკითხის შეფასებისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მხარეები სადავო განცხადების გაკეთების ეტაპზე საზოგადოების მხრიდან აღიქმებოდნენ დაპირისპირებულ სუბიექტებად, რომელთაც ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ არაერთი ბრალდება და შესაბამისად, უარყოფითი დამოკიდებულება. ამავდროულად, მოპასუხე წარმოადგენს მაღალი რანგის სასულიერო პირს, რომელსაც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, არ შეიძლება უშუალო შეხება ჰქონოდა ე.წ. „გ–ის საქმესთან“, შესაბამისად, მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების მხრიდან არ შეიძლებოდა აღქმულიყო დამაჯერებელ და ფაქტებზე მითითების პრეტენზიის მქონე განცხადებად, რაც, თავის მხრივ, ზიანის მომტანი იქნებოდა მოსარჩელისათვის.

8.7. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ მოპასუხის მითითების თანახმად, იგი საკუთარ შეხედულებას აყალიბებდა კონკრეტულ ჟურნალისტთან კერძო საუბრის ფორმით და მის მიზანს არ წარმოადგნდა კონკრეტული პირის დისკრედიტაცია. მისთვის არ ყოფილა ცნობილი, რომ აღნიშნული გავრცელდებოდა საჯაროდ. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვიდეო-ჩანაწერის გაცნობის შედეგად ცალსახად არ დგინდება, რომ რესპოდენტს განემარტა, რომ მას სატელევიზიო ეთერიდან დაუკავშირდნენ ინტერვიუს მისაღებად. აღნიშნულის საპირისპიროდ, ჩანაწერი იწყება პირდაპირ მოპასუხის სადავო განცხადებებით და შესაბამისად გაურკვეველია, განმარტებული იყო თუ არა მისთვის, რომ აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდებოდა საჯაროდ.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.რ–მა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

9.1. სააპელაციო პალატამ მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადება უსაფუძვლოდ დააკვალიფიცირა აზრად და არ გაითვალისწინა, რომ განცხადება შეიცავდა ფაქტებს მტკიცებით ფორმაში, რომელთა სისწორის გადამოწმება ობიექტურად შესაძლებელი იყო. სიტყვა „მაბეზღარა ადამიანი“ (დამსმენი, ენატანია) „შეგზავნილი გ–ის საქმეზე“, „იყო პროვოკატორი“ (პროვოკატორი _ ფარული აგენტი, ჯაშუში, ვინც განზრახ გაცემის ან სხვა მიზნით იწვევს ცუდ, მავნე ან აკრძალულ მოქმედებას, წამქეზებელი) მტკიცებით გამონათქვამთა ერთობლიობაა ადვოკატის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ და არა წარმოდგენა, სუბიექტური შეფასებები მოსარჩელის მიმართ. მოსარჩელის მიერ სასამართლოს წინაშე წარდგენილმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავდა არსებითად მცდარ, შეურაცხმყოფელ ფაქტს უშუალოდ კასატორის მიმართ, რითაც მას მიადგა ზიანი _ შეელახა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, ხოლო განმცხადებლისთვის გაცხადებული ფაქტის მცდარობა წინასწარ იყო ცნობილი, თუმცა მისი მცდარობის შესახებ რომც არ სცოდნოდა, მან გამოვლინა უხეში გულგრილობა ფაქტის გავრცელებისას.

9.2. არასწორია დასკვნა მასზედ, რომ მოპასუხის მიერ ჟურნალისტისთვის ინფორმაციის მიწოდებისას განცხადების ავტორი თავს მიიჩნევდა კერძო დიალოგის მონაწილედ და არ ჰქონდა განცხადების გასაჯაროების მოლოდინი, ვინაიდან რესპოდენტის ინფორმირება, რომ იგი პირდაპირ ეთერშია, ჟურნალისტის მხრიდან არასდროს ხორციელდება, რამეთუ ხსენებულ საკითხს წინასწარ ათანხმებს პროდუსერი. ამასთან, მოპასუხე საჯარო პირია, რომელსაც სიფრთხილის შედარების მაღალი ხარისხი მართებს. ამდენად, მოპასუხე მოქმედებდა მიზანმიმართული სურვილით, განეხორციელებინა კასატორის დისკრედიტაცია, ცილისმწამებლური განცხადებით მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაქარწყლება, რამეთუ მაღალი სასულიერო იერარქის გამონათქვამები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და მასზე მიმართულია ყურადღება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და დადგინდა მისი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანია, მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადება წარმოადგენს თუ არა ცილისწამებას, რასაც შედეგად მოსარჩელის დისკრედიტაცია და მისთვის მორალური ზიანის მიყენება მოჰყვა. მართალია, სააპელაციო პალატას განცხადების „აზრის“ კატეგორიასთან კუთვნილება დადგენილი აქვს როგორც ფაქტობრივი გარემოება, მაგრამ საკასაციო პალატის შეფასებით, ფაქტს განეკუთვნება სადავო განცხადების შინაარსობრივი მხარე, ხოლო შინაარსისთვის ფაქტის ან აზრის მნიშვნელობის მინიჭება სამართლებრივი კვალიფიკაციის ნაწილია, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში სადავოა განცხადების იურიდიული შეფასება, ხოლო დავისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე, რომლებიც აღწერილია წინამდებარე განჩინების 7.1.-7.3. პუნქტებში, მხარეები პრეტენზიას არ აცხადებენ.

14.1. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი (პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება) და მე-17 მუხლის პირველი და მესამე (ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ; თუ მოპასუხე კანონით დადგენილ ვადაში განახორციელებს შესწორებას ან უარყოფას, მაგრამ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარისი ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება) ნაწილები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთად (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით).

14.2. უდავოა, რომ მოსარჩელე სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო პირია, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება, კერძოდ, იგი ადვოკატია, რომელიც მონაწილეობს გახმაურებულ საქმეებში. ამავდროულად, მოპასუხე მაღალი იერარქიის სასულიერო პირია, რომელიც ე.წ. „ც.სზე“ ბრალდებული და ამავდროულად, მოსარჩელის დაცვის ქვეშ მყოფი სხვა სასულიერო პირის მიმართ, საჯაროდ ავრცელებდა მის უარყოფით დამოკიდებულებას. ამავე სისხლის სამართლის საქმის კომენტირების ფარგლებში, ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრისას, მოპასუხემ ამ განჩინების 7.3. პუნქტში აღწერილი შინაარსის ფრაზა წარმოთქვა მოსარჩელის, როგორც ბრალდებულის ადვოკატის მიმართ. მოპასუხის წარმოთქმული ფრაზა საჯაროდ გავრცელდა 2017 წლის 21 სექტემბერს, ტელეკომპანია „ი“-ს გადაცემა „ახალი ამბები“-ს ეთერში, 18 საათზე.

14.3. განცხადებაში მოხსენიებული მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოთქმული ტერმინები _ „მაბეზღარა“, „შეგზავნილი“, „პროვოკატორი“ წარმოადგენს ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელთა გავრცელების გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

14.4. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის თანახმად, ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.

14.5. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.

14.6. გამოხატვის თავისუფლება არამხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი აქტებით, არამედ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული და დაცვას დაქვემდებარებული ძირითადი უფლებაა. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ (შემდგომში, „კონვენცია“) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. საქართველოს სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებულია „საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ (შემდგომში, „პაქტი“), რომლის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს აზრის შეუფერხებლად გამოხატვის თავისუფლებას.

14.7. მიუხედავად გამოხატვის თავისუფლების უნივერსალური აღიარებისა, არც საერთაშორისო სამართალი და არც შიდაეროვნული კანონმდებლობა მას აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას არ მიაკუთვნებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კანონისმიერ საფუძვლად განიხილავს (1) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფის, (2) სხვათა უფლებების დაცვის, (3) კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილების ან (4) სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფის ინტერესს, თუკი შეზღუდვა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. უფლების არააბსოლუტურ ბუნებაზე მიუთითებს კონვენციის მე-10 მუხლის მეორე პუნქტიც, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებს კიდევ უფრო აფართოვებს („ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად). შეზღუდვის საფუძვლებს ითვალისწინებს პაქტის მე-19 მუხლის მესამე პუნქტიც (უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ მოვალეობასა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ამიტომ, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია: a) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად; b) სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დასაცავად).

14.8. პრეცედენტული სამართლის თანახმად:

- გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და ერთ-ერთ ძირითად პირობას მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციისათვის. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, იგი ეხება არა მხოლოდ „ინფორმაციას“ ან „იდეებს“, რომლებიც დადებითი, არაშეურაცხმყოფელი ან უმნიშვნელოა, არამედ შეურაცხმყოფელ, შოკისმომგვრელ ან შემაწუხებელ ინფორმაციას, ან იდეებს. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ლიბერალური აზროვნების მოთხოვნები, რომელთა გარეშე „დემოკრატიული საზოგადოება“ არ არსებობს. მე-10 მუხლის შესაბამისად, თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც .... უნდა განიმარტოს მკაცრად, თუმცა რაიმე სახის შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს....

- ზედსართავი სახელი „აუცილებელი“, კონვენციის 10.2 მუხლის მნიშვნელობით, გულისხმობს „გადაუდებელი სოციალური საჭიროების“ არსებობას. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ დისკრეციული უფლებამოსილების გარკვეული ფარგლები ამგვარი საჭიროების არსებობის შესაფასებლად, თუმცა ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ ზედამხედველობასთან, რომელიც ეხება როგორც კანონმდებლობას, ისე კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუნდაც ისინი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს გამოტანილი.

- სასამართლომ უნდა განიხილოს სადავო ჩარევა მთლიანი საქმის კონტექსტის ჭრილში და დაადგინოს, იყო თუ არა ის „ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი“ და რამდენად „სათანადო და საკმარისია“ ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ აღნიშნული ჩარევის დასაბუთებისათვის მოყვანილი მიზეზები. სასამართლომ უნდა გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენეს სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა მე-10 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს და დაეყრდნენ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას...“ („ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, 1976 წლის 7 დეკემბერი, სერია A, №24; მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №29369/10, §124, 2015 წლის 23 აპრილი; დელფი ას ესტონეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №64569/09, § 131, ECHR, 2015; პერინჩეკი შვეიცარიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №27510/08, §196, ECHR, 2015).

14.9. მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია, ის შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ლეგიტიმური მიზნით _ „არც ერთი ადამიანის თავისუფლება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სხვისი თავისუფლების ხელყოფას. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ზღვარიც სხვათა უფლებებია. ის არ სარგებლობს თავისთავადი უპირატესობით რომელიმე სხვა კონსტიტუციურ სიკეთესთან მიმართებით. მაშინ როდესაც ამ უფლებით შეუზღუდავად სარგებლობამ რეალური დარღვევის საფრთხე შეიძლება შეუქმნას ამა თუ იმ უფლებას, გამოხატვის თავისუფლებაც შეიძლება შეიზღუდოს და ესეც დემოკრატიის ერთი-ერთი მთავარი წესია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44). სწორედ ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად მიჩნევისა და შედეგად სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების სპეციალურ წესს კი არეგულირებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდგომში, „სპეციალური კანონი“).

14.10. სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ამასთან, იმავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით; ე.ი. ექვემდებარება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას. რაც შეეხება ცილისწამებას, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

14.11. ინფორმაციის გავრცელების შედეგად სხვა პირის უფლებების შელახვისთვის პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის შეფასებისას, უპირველესად, უნდა მოხდეს აზრისა და ფაქტების გამიჯვნა. „სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ფაქტის რეალურად არსებობა-არარსებობა და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალიბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში“ (იხ. სუსგ. №ას-1278-1298-2011. 20.02.2012წ.).

14.12. აზრისა და ფაქტის გასამიჯნად „აუცილებელია საქმის გარემოებებისა და გამონათქვამების ზოგადი კონტექსტის გათვალისწინება. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ განცხადებები საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების თაობაზე, შესაძლოა, წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას და არა ფაქტის დაფიქსირებას. აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი“ (იხ. სუსგ. №ას-1477-1489-2011, 03.04.2012წ.).

14.13. საკასაციო სასამართლო, ვიდრე სადავო განცხადების შინაარსობრივ კვლევას შეუდგება, საჭიროდ მიიჩნევს, განმარტოს _ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და მტკიცებას არ საჭიროებს (სსსკ 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად), რომ ე.წ. „ც.ს“, რომლის ფარგლებშიც, სასულიერო თანამდებობის პირს ბრალად ედებოდა მკვლელობის მომზადება, წარმოადგენდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, განხილვისა და საჯარო დებატების საგანს. ბრალდებულის მხარეს ამავე საჯარო დებატებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა კასატორი, როგორც ბრალდებულის ადვოკატი, ხოლო საპატრიარქოს მხარეს _ მოპასუხე. ისინი ბრალდების საქმესთან მიმართებით ურთიერთდაპირისპირებულ მოსაზრებებს ავითარებდნენ. სწორედ საზოგადოებრივი ყურადღების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად მოხდა მოპასუხესთან ჟურნალისტის დაკავშირება.

14.14. სადავო განცხადების გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელის მიერ ცილისწამებად მიჩნეული ფრაზების წარმოთქმა სრულად არის განპირობებული იმ გარემოებით, რომ ბრალდებულ დეკანოზს შეუძლია დაცვის უფლებით სარგებლობა („მაგ მკვლელებს რატომ იცავენ, აი მ–ძეს რატომ იცავენ...“); სწორედ ამ საკითხისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატულებაა დეკანოზის ადვოკატის მოხსენიება არასასურველ ჭრილში, უპირატესად იმის გამო, რომ ადვოკატი ახორციელებს ბრალდებულის დაცვას.

14.15. ქმედების შეგზავნილობად და პროვოკატორობად დასაკვალიფიცირებლად და მისი ნამდვილობა-მცდარობის შესაფასებლად, განცხადების გამავრცელებელი ფაქტის დონეზე უნდა მიუთითებდეს მტკიცებას დაქვემდებარებულ ისეთ გარემოებებზე, რომლებიც თეორიულად დაადასტურებდა ადვოკატის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეციალური კანონის 7.5. მუხლის შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეფასდეს „აზრად“ (იხ. სუსგ. №ას-591-591-2018, 16.04.2019წ.).

14.16. პალატის მოსაზრებით, სადავო განცხადების ნამდვილი არსის გამოსაკვლევად, იგი ორ ნაწილად უნდა გაიმიჯნოს _ 1. მამა პ. მაბეზღარა ადამიანი, პროვოკატორი და შეგზავნილი მ–ძის საქმეზე; 2. პროვოკატორი და შეგზავნილი გ–ის საქმეზე, რომელსაც ინფორმაცია მიჰქონდა ა–ებთან.

14.17. ტერმინი „მაბეზღარა“, წარმოადგენს სრულად შეფასებითი ხასიათის ზედსართავ სახელს და გამოხატავს მთქმელის სუბიექტურ შეფასებას სხვა პირის მიმართ, მისი სისწორისა თუ უსწორობის გადამოწმება შეუძლებელია, ვინაიდან განცხადება არ შეიცავს მითითებას, თუ რა შინაარსის ცნობის გამჟღავნებაში („დაბეზღებაში“) სდებენ ბრალს მოსარჩელეს, ფრაზა აბსტრაქტულია, მოკლებულია ფაქტისთვის დამახასიათებელ კონკრეტიზმს, ამდენად, იგი უნდა დაკვალიფიცირდეს აზრად, რომელიც, სპეციალური კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, ესე იგი, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან სრულად და უპირობოდ გათავისუფლებულია. სადავო განცხადების ის ნაწილი, სადაც მოპასუხე მოსარჩელეს მოიხსენიებს ისეთივე შეგზავნილად და პროვოკატორად (მ–ძის საქმეში), როგორიც იყო გ–ის საქმეში, პალატის შეფასებით, არ შეიძლება აიხსნას მისი წინარე ფრაზისგან განყენებულად („მაგ მკვლელებს რატომ იცავენ, აი მ–ძეს რატომ იცავენ“...), ვინაიდან განსამარტ ტექსტში, განცხადების ავტორი, ერთვარად, ახსნას უძებნის იმ გარემოებას, თუ რატომ შეიძლება ჰყავდეს დეკანოზს დამცველი (იმ მიზნით, რომ მისგან მიღებული ინფორმაცია მიუტანოს მამა პ.). გამოხატვის საერთო კონტექსტი მიუკერძოებელ გარეშე დამკვირვებელს აფიქრებინებს, რომ ამ ფრაზაში წამოყენებული სიტყვათა შეთანხმება არა ფაქტის მტკიცების მცდელობა, არამედ განმცხადებლის სუბიექტური წარმოდგენა _ მსჯელობის, დაკვირვებისა და ანალიზის ნაყოფი, ესე იგი, აზრია, რომელიც, რაოდენ შემაშფოთებელი და მიუღებელიც არ უნდა იყოს, აბსოლუტური პრივილეგიით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს.

14.18. უშუალოდ გ–ის საქმეში მოსარჩელის ადვოკატად მონაწილეობის შეფასება, როგორც შეგზავნილისა და პროვოკატორის, რომელსაც ცნობები მიჰქონდა ა–ასთან, მტკიცების გარკვეულ დონეს შეიცავს და მას მეტი მსგავსება აქვს ფაქტთან, ვიდრე დეკანოზ მ–ძის კონტექსტში, თუმცა, საგულისხმოა, რომ „შეგზავნილობა“ ან „პროვოკატორობა“ იმ შინაარსით, როგორითაც სადავო განცხადებაშია მოცემული, არ მოიაზრებს სისხლის ან ადმინისტრაციული სამართლის წესით დასჯად ქმედებებს, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება, რომ სადავო განცხადებით მას ბრალი დანაშაულის ჩადენაში დაედო.

14.19. გ–ის ნაწილში სადავო ფრაზის სიმცდარის სამტკიცებლად სარჩელზე დართულია იმ გარემოების დამადასტურებელი წერილობითი საბუთი, რომ ს. გ–ის ოჯახი წევრები კმაყოფილნი იყვნენ მოსარჩელის მიერ გ–ის საქმეზე გაწეული პროფესიული ძალისხმევით; ამავე საქმეზე ადვოკატის პროფესიული აქტივობების პოზიტიურ შეფასებას მიემართებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული პირების _ შ.შ–ძისა და მ.ე–ძის ჩვენებები.

14.20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგულისხმოა, რომ სადავო განცხადებაში წაყენებულ ბრალდებებს (შეგზავნილობასა და პროვოკატორობაზე) ვერ აქარწყლებს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამეთუ მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. ესე იგი, მოწმემ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ფაქტების შესახებ და არა ფაქტების გარშემო მისი სუბიექტური შეფასებები. განსახილველ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებები წარმოადგენდა მათ აღქმებსა და შეფასებებს გ–ის საქმეზე ადვოკატ მ.რ–ის საქმიანობასთან მიმართებით და მათ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები (შეგზავნილობასთან და პროვოკატორობასთან მიმართებით) სასამართლოსთვის არ მიუწოდებიათ, ამდენად, მოწმეთა ჩვენებები, სარჩელზე დართული წერილობითი განმარტება და მოწმე შ.შ–ძის სატელევიზიო ინტერვიუ სადავო განცხადებაში ასახული ბრალდების გასაქარწყლებლად არ წარმოადგენს განკუთვნად მტკიცებულებებს.

14.21. ამავდროულად, როგორც აღინიშნა, როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე, საჯარო პირები არიან და განცხადების ცილისწამებად კვალიფიკაციისათვის, განსხვავებით კერძო პირის ცილისწამებისგან, მარტოოდენ ის არ კმარა, გავრცელებული განცხადება იყოს არასწორი, არამედ აუცილებელია, 1) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყოს ცნობილი ან 2) მოპასუხეს გამოიჩენილი ჰქონდეს აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. ესე იგი, საჯარო პირის ცილისწამებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება ეფუძნება ბრალეულობის პრინციპს, რომლის მტკიცების ტვირთიც, კანონმდებელმა მოსარჩელეს დააკისრა (სპეციალური კანონის მე-14 მუხლი). პალატის შეფასებით, მტკიცების საგანში შემავალი მოპასუხის ბრალეულობის კომპონენტი მოსარჩელეს არ დაუძლევია, რაც სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი წინაპირობის შეუსრულებლობის გამო სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.

14.22. საკასაციო პალატა სარჩელზე დართული სადავო განცხადების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერის შესწავლის შედეგად იმასაც შენიშნავს, რომ 2017 წლის 21 სექტემბერს, ტელეკომპანია „ი“-ს გადაცემა „ახალი ამბები“-ს ეთერში მოპასუხის სატელეფონო კომენტარი არ შეიცავს რესპოდენტის გაფრთხილებას მასზედ, რომ მისი საუბარი პირდაპირ ეთერში გადაიცემა ან გამოყენებული იქნება სატელევიზიო სიუჟეტში. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე საკუთარ შესაგებელს აყრდნობს პოზიციას, რომ მას სადავო ფრაზების წარმოთქმისას არ ჰქონია ინფორმაცია მისი გამონათქვამების საჯაროდ გავრცელების შესაძლებლობაზე, არამედ მოსაზრებას კერძო დიალოგის ფარგლებში უზიარებდა ჟურნალისტს, გამონათქვამების საჯარო გავრცელების მიმართ განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის არსებობის ვარაუდი საკასაციო პალატას არ ექმნება.

14.23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.

15. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.რ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი