საქმე №ას-34-2019 19 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ.მ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ხ–ძე (მოსარჩელე)
მესამე პირები – ჯ.ი–ვი, ვ.მ–ი
მოპასუხე – ჯ.ი–ვი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ვ.ხ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; ჯ.ი–ვს (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „პირველი კასატორი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა; შპს „გ.მ–ს“ (შემდგომში - „მოპასუხე კომპანია“ ან „მეორე მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 58 889 ლარის გადახდა.
2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2011 წლის 12 ივლისს დაფუძნდა მოპასუხე კომპანია, რომლის დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენენ: ვ.მ–ი, ჯ.ი–ვი (შემდგომში ერთობლივად - „მესამე პირები“) და პირველი მოპასუხე. დამფუძნებელ პარტნიორებს შორის წილები განაწილდა შემდეგნაირად: ვ.მ–ი - 33.3%, პირველი მოპასუხე - 33.3%, ჯ.ი–ვი - 33.4%. საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიენიჭა დირექტორს ჯ.ი–ს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 31-32);
4.2. 2012 წლის 30 ივლისს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 10 000 ლარად შეიძინა პირველი მოპასუხის 33.3% წილი მოპასუხე კომპანიაში. მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (იხ. მხარეთა ახსნა- განმარტება; ტ.1, ს. ფ 103-106, 127);
4.3. 03.08.2012 წელს ჩატარდა მოპასუხე კომპანიის პარტნიორთა კრება დღის წესრიგით კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორის, პირველი მოპასუხის 33.3% წილის მოსარჩელეზე გასხვისების და შესაბამისი ცვლილების სამეწარმეო რეესტრში შეტანის შესახებ. კრების ოქმის თანახმად, პირველმა მოპასუხემ განაცხადა, რომ 2012 წლის 30 ივლისს მოსარჩელესთან გააფორმა სანოტარო აქტი, სადაც მან 10 000 ლარად გაასხვისა თავისი კუთვნილი წილი 33.3% და საზოგადოების პარტნიორობიდან გასვლა მოითხოვა. პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა ცვლილება და მოსარჩელე 2012 წლის 9 აგვისტოს დარეგისტრირდა მოპასუხე კომპანიის 33.3% წილის მფლობელ პარტნიორად (იხ. ტ.1, ს.ფ 105-107);
4.4. მოპასუხე კომპანიის პარტნიორმა ჯ.ი–ვმა სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე კომპანიის 2012 წლის 25 ივლისის პარტნიორთა კრების №2 ოქმის და 2012 წლის 03 აგვისტოს პარტნიორთა კრების №3 ოქმის ბათილად ცნობისა და სამეწარმეო რეესტრში სათანადო ცვლილების განხორციელების მოთხოვნით. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 23.07.2013 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხე კომპანიის პარტნიორის ჯ.ი–ვის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი კომპანიის 25.07.2012 წლის პარტნიორთა კრების №2 და 03.08.2012 წლის პარტნიორთა კრების №3 ოქმები თანამდევი შედეგებით. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, გაუქმდა სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერი №129656 (განაცხადი №601633, რეგისტრაციის №13130360551) და სამეწარმეო რეესტრში აღდგენილი იქნა ცვლილებამდე არსებული მდგომარეობა. გადაწყვეტილების საფუძველზე სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა ცვლილება და მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხე კომპანიის პარტნიორად კვლავ პირველი მოპასუხე დარეგისტრირდა (იხ. ტ.1, ს.ფ 143-154);
4.5. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხე კომპანიის სასაკლაო მეურნეობის რეკონსტრუქცია-მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე დახარჯული თანხა 58 889 ლარს შეადგენს.
5. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მისი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად მიღების პირობას წარმოადგენდა საზოგადოების მიზნების მიღწევისათვის შესაბამისი ინვესტიციის განხორციელება, რაც მან შეასრულა 58 889 ლარის ოდენობით. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოება დასტურდება არა მხოლოდ მოპასუხე კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორის ვ.მ–ის ახსნა-განმარტებით, არამედ - კომპანიის 2014 წლის 10 დეკემბრის პარტნიორთა კრების ოქმით, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ვ.მ–ი, ასევე - პირველი მოპასუხე და ჯ.ი–ვი. მითითებული კრების ოქმის შინაარსიდან გამომდინარე, ვ.მ–მა არაერთხელ და არაორაზროვნად აღნიშნა, რომ მოსარჩელეს საზოგადოების სასარგებლოდ განხორციელებულ მშენებლობაში დახარჯული ჰქონდა 60 000 ლარი, ამასთან, საგულისხმოა, რომ არც პირველ მოპასუხეს და არც ჯ.ი–ვს აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ (იხ. ტ.1, ს.ფ. 188-195).
6. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხე კომპანიაზე გაცემული მშენებლობის ნებართვების, სასაკლაო მეურნეობისთვის საჭირო შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის აშენება-რეკონსტრუქციის დასრულებისა და მოსარჩელის, როგორც საზოგადოების პარტნიორად, ყოფნის პერიოდების ურთიერთშედარების, ასევე აუდიტორული ფირმა შპს „მ–ის“ მიერ 2014 წლის 26 სექტემბერს გაცემული №050 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე მართებულად დაადგინა მოცემული გარემოება. ამასთან, მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე ხარჯის გაწევისა და გაწეული ხარჯის ოდენობასთან დაკავშირებით.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 976.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მხრიდან პირველი მოპასუხის სასარგებლოდ თანხის 10 000 ლარის გადაცემის საფუძველს წარმოადგენდა მოპასუხე კომპანიაში ამ უკანასკნელის 33.3% წილზე საკუთრების უფლების მოპოვება. სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ მოცემული შედეგი არ იქნა რეალიზებული, რაც გულისხმობს, რომ მხარეებს შორის არ არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა და პირველი მოპასუხის მხრიდან მიღებული თანხის შენარჩუნების სამართლებრივი საფუძველი.
8. სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ მოპასუხე კომპანიის პარტნიორად მოსარჩელის მიღების პირობას წარმოადგენდა საზოგადოების მიზნების მიღწევისათვის შესაბამისი ინვესტიციის განხორციელება, რაც მან შეასრულა 58 889 ლარის ოდენობით. ამასთან, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 23.07.2013 წლის გადაწყვეტილებით სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა ცვლილება და მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხე კომპანიის პარტნიორად კვლავ პირველი მოპასუხე დარეგისტრირდა. ამდენად, აღნიშნულმა ფაქტობრივად განაპირობა მისი, როგორც პარტნიორის, მხრიდან ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების ბათილობა, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიის მიმართ წარმოეშვა შესრულებულის 58 889 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა და მეორე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და მოპასუხე კომპანიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
14. საკასაციო საჩივრის თანახმად:
14.1. მოსარჩელეს მშენებლობისთვის თანხა არ გადაუხდია, ყველა თანხა გადარიცხულია კომპანიის ანგარიშიდან;
14.2. პირველი მოპასუხის მიერ გაყიდული წილი უნაკლო იყო. სასამართლომ ოქმები ბათილად ცნო და საერთოდ არ დაუვალებია წილის გამცემისთვის რაიმე;
14.3. სსსკ-ის მე-11 მუხლის თანახმად, დავა არ ყოფილა და არ არის სასამართლოს განსჯადი, რადგან სასამართლოში საჩივრდება არა თვით იურიდიული პირის შიგნით წარმოშობილი დავა, არამედ - საერთო კრების გადაწყვეტილება.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
16. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები].
17. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
18. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან მოპასუხე კომპანიის სასაკლაო მეურნეობის რეკონსტრუქცია-მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე დახარჯული თანხა 58 889 ლარს შეადგენს (იხ. წინამდებარე განჩინების 4.5. ქვეპუნქტი, მე-5 და მე-6 პუნქტები). მოპასუხე მხარეს კი აღნიშნულის საწინააღმდეგოდ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე კომპანიამ ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტის სათანადო წესით დადასტურება, რაც მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
20. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მეორე კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (2944,45 ლარის) 30% – 883,34 ლარის გადახდა.
21. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407.1. მუხლზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104.1. მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (სახელფასო უწყისების ასლები), მთლიანობაში „18“ ფურცლად (ტ. 3. ს.ფ. 194-211).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „გ.მ.“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ შპს „გ.მ.“-ს (ს/კ: .....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (2944,45 ლარის) 30% – 883,34 ლარის გადახდა;
3. ვ.ხ–ძეს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (სახელფასო უწყისების ასლები), მთლიანობაში „18“ ფურცლად (ტ. 3. ს.ფ. 194-211);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი