Facebook Twitter

საქმე №ას-35-2019 30 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ტ.ე–ია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შპს „ჯ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „ჯ.ტ.ე–იის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი და მოპასუხეს მოსარჩელისათვის 8 870,90 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2016-2017 წლებში მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კერძოდ, მხარეთა შორის არსებობდა სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება. ხელშეკრულების ფარგლებში, სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის საფასური განისაზღვრებოდა მხარეებს შორის ელექტრონული მიმოწერით. მხარეთა შორის სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის მარტიდან ურთიერთშეთანხმებით;

2.2. მოპასუხეს სრულად არა აქვს გადახდილი სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის საფასური გადაზიდვებზე, რომლებიც დადასტურებულია შემდეგი ინვოისებით: Nბკ-6053 (2017 წლის 30 იანვარი), ბკ-6060 (2017 წლის 30 იანვარი), ბკ-6079 (2017 წლის 3 თებერვალი), ბკ-6084 (2017 წლის 6 თებერვალი), ბკ-6061 (2017 წლის 6 თებერვალი), ბკ-6087 (2017 წლის 16 თებერვალი), ბკ-6090 (2017 წლის 20 თებერვალი). 2017 წლის მარტისათვის გაწეული მომსახურებისთვის გადაუხდელი დავალიანება შეადგენს 19 927 ლარს, საიდანაც 2017 წლის 21 აპრილს გადახდილია 11 056,11 ლარი, ხოლო გადასახდელია 8870,90 ლარი;

2.3. სადავო ინვოისების საფუძველზე განხორციელებული სატრანსპორტო ექსპედიციის პერიოდში შპს „ს.რ–თვის“ გადასახდელი გადაზიდვის ტარიფები შემცირებული იყო და სადავო გადაზიდვებზე შპს „ს.რ–თვის“ გადახდილი ხარჯი შეადგენს Nბკ-6053 ინვოისზე 472 აშშ დოლარს, ბკ-6060 – 472 აშშ დოლარს, ბკ-6079 – 236 აშშ დოლარს, ბკ-6084 – 236 აშშ დოლარს, ბკ-6061 – 236 აშშ დოლარს, ბკ-6087 - 472 აშშ დოლარს, ბკ-6090 – 236 აშშ დოლარს;

2.4. 2016 წლის იანვრიდან 20-ფუტიან კონტეინერზე მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 365 აშშ დოლარით (ფოთი-რუსთავი-ფოთი), ხოლო ამავე წლის თებერვლიდან 40-ფუტიან კონტეინერზე მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 535 აშშ დოლარით.

3. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის მომსახურებისთვის გადაუხდელი დავალიანების 8870,90 ლარის დაკისრებას, ხოლო მოპასუხე მხარე სატრანსპორტო ექსპედიციის საფასურის დაკისრების საწინააღმდეგოდ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში შპს „ს.რ–ამ“ მკვეთრად შეამცირა გადაზიდვის საფასური, თუმცა მოსარჩელემ კვლავ ძველი ტარიფით გააგრძელა მომსახურება, რაც მისი მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქცევაა და მიზნად ისახავს უსაფუძვლოდ საკუთარი მოგების გაზრდას კონტრაგენტის მართლზომიერი ინტერესების ხარჯზე.

4. ტარიფის შეთანხმების პროცესის შეფასების კუთხით, სააპელაციო პალატამ მიუთითა მხარეებს შორის წერილობით დადებულ შეთანხმებაზე (ელექტრონული ფოსტით მიმოწერა), რომლის თანახმად, 2016 წლის 27 იანვრის და 02 თებერვლის წერილებით, მოსარჩელე მოპასუხის უფლებამოსილ პირს ატყობინებს, რომ 40-ფუტიანი სავსე კონტეინერის ღირებულებაა 295 აშშ დოლარი (მანამდე 360 აშშ დოლარი), 40-ფუტიანი ცარიელი კონტეინერის ღირებულებაა 240 აშშ დოლარი (მანამდე 270 აშშ დოლარი). 2016 წლის 27 იანვრის წერილში მითითებულია, რომ 20-ფუტიანი კონტეინერის ტარიფია 200 აშშ დოლარი (მანამდე 245 აშშ დოლარი), ცარიელის ტარიფია 165 აშშ დოლარი (მანამდე 180 აშშ დოლარი). ორივე წერილში მოპასუხეს გაეგზავნა შპს „ს.რ“ ახალი ტარიფები და შეთანხმდა ამ ტარიფებით მომსახურების გაწევა, რომელიც არსებულ ტარიფებთან შედარებით შემცირებული იყო.

5. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა ხარჯების გაწევა უწევდა ექსპედიტორს დავალების შესრულებისას. სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზია მოიცავს ექსპედიტორის მიერ გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, შპს „ს.რ–თვის“ გადასახდელ გადაზიდვის საფასურს, ასევე, მოსარჩელის მოგების წილს და სხვა ხარჯებს.

6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად:

6.1. 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შპს „ს.რ.“ ტარიფების შესახებ ბრძანების შესაბამისად, ფოთი-გარდაბანის მიმართულებაზე გადაზიდვის საფასურია 20-ფუტიან კონტეინერზე 245 აშშ დოლარი (სავსე), 122 აშშ დოლარი (ცარიელი); 40 ფუტიან კონტეინერზე - 439 აშშ დოლარი (სავსე), 310 აშშ დოლარი (ცარიელი). შედარებისათვის, მხარეთა მიერ შეთანხმებული სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიაა 20-ფუტიან სავსე კონტეინერზე 200 აშშ დოლარი, ცარიელ კონტეინერზე - 165 აშშ დოლარი; 40-ფუტიან სავსე კონტეინერზე 295 აშშ დოლარი, ცარიელ კონტეინერზე - 240 აშშ დოლარი;

6.2. სადავო გადაზიდვების პერიოდში N6053, N6060, N6087 ზედნადებებზე შპს „ს.რ–ათვის“ გადახდილია გადაზიდვის საფასური 472 აშშ დოლარი; ხოლო N6079, N6084 და N6090 ზედნადებებზე - 236 აშშ დოლარი. შეთანხმებული ტარიფია 20-ფუტიან კონტეინერზე ჯამურად 365 აშშ დოლარი, 40-ფუტიან კონტეინერზე - 535 აშშ დოლარი;

6.3. 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში მოპასუხის დაკვეთით განხორციელებულ გადაზიდვებზე მოსარჩელის მიერ შპს „ს.რ–თვის“ გადახდილია შეთანხმებულ ტარიფზე ნაკლები თანხა.

7. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე მხარისაგან გამოთხოვილი გადაზიდვების ხარჯების შესახებ ინფორმაციით დასტურდება, რომ სადავო გადაზიდვების წინა პერიოდში შეთანხმებული ტარიფია თითო კონტეინერზე 425 აშშ დოლარი, ხოლო შპს „ს.რ–თვის“ რეალურად გადახდილი საფასური შეადგენს 333,02 აშშ დოლარს. ამდენად, სადავო გადაზიდვების წინა პერიოდში მხარეთა შეთანხმებული ტარიფი, ისე როგორც შპს „ს.რ–თვის“ რეალურად გადახდილი საფასური, იყო სადავო პერიოდის ტარიფსა და შპს „ს.რ–თვის“ გადახდილ რეალურ საფასურზე მეტი.

8. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სადავო პერიოდში წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც ექსპედიციის საფასური, ისე შპს „ს.რ–თვის“ გადახდილი ხარჯები. ორივე შემთხვევაში შპს „ს.რ–თვის" გადახდილი რეალური დანახარჯი არის შეთანხმებული ტარიფის დაახლოებით 80%, უფრო ზუსტად 78,4% და 78,6%. საქმეში წარმოდგენილი გადაზიდვების ხარჯების შესახებ დოკუმენტებით დასტურდება, რომ შპს „ს.რ.“ მიერ დადგენილი გადაზიდვის ტარიფები სატრანსპორტო ექსპედიციის ხარჯების ძირითადი ნაწილია და შეადგენს საფასურის 78,6%-ს. ამდენად, ტარიფის ცვლილება შესაბამისად აისახა სატრანსპორტო ექსპედიციის ღირებულებაზე.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ არ არსებობდა სსკ-ის 398-ე მუხლის შესაბამისად შეცვლილი გარემოებისადმი ხელშეკრულების მისადაგების საფუძველი და, რომ მხარეს მოეთხოვება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება. პალატის განმარტებით, ხელშეკრულების მისადაგების საფუძველია ისეთი გარემოებების შეცვლა, რომლის განვითარებაზე ზეგავლენა მხარეებს არ შეუძლიათ, ამასთან ამ გარემოების წინასწარ გათვალისწინება მხარეებს არ უნდა შეეძლოთ. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ს.რ.“ მიერ გადაზიდვის ტარიფის ცვლილება არ წარმოადგენდა ისეთ განსაკუთრებულ გარემოებას, რაც მიანიჭებდა მოპასუხეს უფლებას სრულად არ დაეცვა ხელშეკრულება.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო სახელშეკრულებო პირობის შეთანხმების დროს მოპასუხისთვის ცნობილი იყო შპს „ს.რ.“ ტარიფების შესახებ და იგი სადავო გადაზიდვების პერიოდში, ანუ ბოლო ტარიფის შეთანხმების დადების შემდეგ არ შემცირებულა. შპს „ს.რ.“ მიერ გადაზიდვების ტარიფები მნიშვნელოვნად შემცირდა 2017 წლის მაისიდან, თუმცა ამ დროისათვის მხარეთა შორის ხელშეკრულება უკვე შეწყვეტილი იყო. განსახილველ შემთხვევაში სატრანსპორტო ექსპედიციის ტარიფები შეთანხმდა შპს „ს.რ.“ შეცვლილი ტარიფების გათვალისწინებით. სადავო პერიოდში რკინიგზის მიერ გაწეული მომსახურების საფასური შეადგენს თითო კონტეინერზე 236-280 აშშ დოლარს, ხოლო შეთანხმებული ტარიფია 20-ფუტიან კონტეინერზე 200/165 აშშ დოლარი, ხოლო 40-ფუტიან კონტეინერზე 295/240 აშშ დოლარი.

11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან სადავო ტარიფი შეთავაზებულია გულისხმიერების პრინციპის დაცვით და მოპასუხე ინფორმირებული იყო შპს „ს.რ.“ მიერ გადაზიდვის ტარიფების შემცირების თაობაზე, რისი გათვალისწინებითაც 2016 წლის იანვარ-თებერვალში შეთანხმდა სატრანსპორტო ექსპედიციის საფასური. გადაზიდვების განხორციელების პერიოდში მოპასუხეს არ გაუპროტესტებია შეთანხმებული ტარიფით სატრანსპორტო ექსპედიციის მომსახურების გაწევა. სატრანსპორტო ექსპედიციის საფასური წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია შპს „ს.რ.“ მიერ გადაზიდვის საფასურის შემცირების გამო, ხოლო სადავო გადაზიდვების პერიოდში შპს „ს.რ.“ ტარიფი არ შეცვლილა და სატრანსპორტო ექსპედიციის საფასურის გადასინჯვის საფუძველი არ წარმოშობილა.

12. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს შპს „ს.რ.“ მიერ გადაზიდვის ტარიფების ცვლილებების შეტყობინების ვალდებულება არ გააჩნდა, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შეცვლილი ტარიფებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შეუმცირა მოპასუხე მხარეს სატრანსპორტო ექსპედიციის მომსახურების ტარიფი და აცნობა აღნიშნულის თაობაზე.

13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 730-ე, 731-ე, 361.2. და 316.1. მუხლებით და მიიჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხეს არა აქვს სრულად გადახდილი სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური, მას მართებულად დაეკისრა მოსარჩელისათვის 8 870,90 ლარის გადახდა.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

17. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

19. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო პერიოდში შეიცვალა შპს „ს.რ.“ ტარიფები, რასაც ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა მომსახურების ღირებულების შემცირებაც, თუმცა მოსარჩელემ საკმარისად (პროპორციულად) არ შეამცირა მომსახურების ღირებულება.

20. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა - მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის დაკისრება გამომდინარეობს სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულებიდან [სსკ-ის 730-ე მუხლი: ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია. 743-ე მუხლი: პროვიზია გადახდილ უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც ექსპედიტორი გადასცემს ტვირთს სატრანსპორტო ორგანიზაციას].

21. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016-2017 წლებში მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კერძოდ, მხარეთა შორის არსებობდა სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება. ხელშეკრულების ფარგლებში, სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის საფასური განისაზღვრებოდა მხარეებს შორის ელექტრონული მიმოწერით. მხარეთა შორის სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის მარტიდან ურთიერთშეთანხმებით. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხეს სრულად არა აქვს გადახდილი სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის საფასური. 2017 წლის მარტისათვის გაწეული მომსახურებისთვის გადაუხდელი დავალიანება შეადგენს 19 927 ლარს, საიდანაც 2017 წლის 21 აპრილს გადახდილია 11 056,11 ლარი, ხოლო გადასახდელია 8870,90 ლარი (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. და 2.2. ქვეპუნქტები).

22. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ისიც, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო შპს „ს.რ.“ მიერ გადაზიდვის ტარიფების შემცირების თაობაზე, რისი გათვალისწინებითაც 2016 წლის იანვარ-თებერვალში შეთანხმდა სატრანსპორტო ექსპედიციის საფასური. გადაზიდვების განხორციელების პერიოდში მოპასუხეს არ გაუპროტესტებია შეთანხმებული ტარიფით სატრანსპორტო ექსპედიციის მომსახურების გაწევა. ამასთან, სადავო პერიოდში წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც ექსპედიციის საფასური, ისე შპს „ს.რ–თვის“ გადახდილი ხარჯები. ორივე შემთხვევაში შპს „ს.რ–თვის" გადახდილი რეალური დანახარჯი არის შეთანხმებული ტარიფის დაახლოებით 80%, უფრო ზუსტად 78,4% და 78,6% (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 და მე-8 პუნქტები).

23. სსკ-ის 316.1. მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სსკ-ის 361.2. მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოპასუხის საკასაციო პრეტენზია, ვინაიდან ტარიფის ცვლილება შესაბამისად აისახა სატრანსპორტო ექსპედიციის ღირებულებაზე და მართებულია სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 8 870,90 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე.

25. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 443 ლარის 70% – 310,1 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ჯ–ს“ (ს/კ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 13 თებერვალს №641 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 443 ლარის 70% – 310,1 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი