Facebook Twitter

საქმე №ას-144-2019 30 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „M. G.“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.დ–ს“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე -

შპს „ი.ჯ.ე.ჯ–ია“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შპს „M. G.“-ს (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“ ან „კასატორი“) და შპს „გ.დ–სის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 440 ევროს ეკვივალენტის ლარში გადახდა; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 3 425 ევროს ეკვივალენტის ოდენობით ლარში დაკისრების ნაწილში და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 685 ევროს ეკვივალენტის ლარში გადახდა; შეგებებული სარჩელით მოსარჩელის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 13 650.6 ლარის ოდენობით.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2014 წლის 28 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ტვირთების ექსპედირების შესახებ №001/2014 გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად, „ექსპედიტორს“ (მოსარჩელეს) „დამკვეთის“ (მოპასუხის) სახელითა და დავალებით უნდა მოეხდინა ტვირთის (საკონტეინერო, საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო და სხვ.) გადაზიდვის ორგანიზება;

2.2. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, დამკვეთი აუნაზღაურებს სამუშაოების ღირებულებას ექსპედიტორს შეთანხმებული ტარიფების შესაბამისად. თანხის გადახდა უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით. 3.3.1. პუნქტის მიხედვით კი, შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება ხდება ტვირთის მიღებიდან 10 სამუშაო კვირის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 3.5. პუნქტის შესაბამისად, დადგენილ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადამზიდავს შეუძლია მოსთხოვოს დამკვეთს საურავი გადაუხდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არც ერთი მხარის მიერ არ იყო სადავოდ გამხდარი (გასაჩივრებული) 2014 წლის 28 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებისათვის გაწეული საფასურის 3340 ევროს გადასახდელად დაკისრების ნაწილში.

4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ტვირთის დაზიანების გამო (ზიანის სახით) 39 196 ლარის ანაზღაურება. დადგენილია, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდა 13 650,60 ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია ამ ნაწილში მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი. სასამართლოს მითითებით, ტვირთის დაზიანების ფაქტი, ანუ, ის ფაქტი, რომ ტვირთი იყო დაზიანებული მასზე სიარულის, ასევე ტვირთის უყურადღებოდ დატვირთვის შედეგად, დადასტურებულია „ს.კ.ა–ის“ შეკვეთით ჩატარებული შპს „გ–ის“ სიურვერების ანგარიშით; ამასთან, აღნიშნულზე არც მხარეები დავობენ, არამედ მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ ზიანის ოდენობა (ტ.1, ს.ფ. 134-146).

5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები ტვირთის დაზიანებასთან დაკავშირებით მისი პასუხისმგებლობის ფარგლების შესახებ, კერძოდ, ის, რომ გადაზიდვა თავად არ განუხორციელებია კომპანიას და ამიტომ გადამზიდავის ვალდებულებაზე იგი პასუხს არ აგებს. პალატამ ყურადღება გაამახვილა ტვირთის ექსპედირების შესახებ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებულ გენერალურ ხელშეკრულებაზე, რომლის 2.2.1. პუნქტით ექსპედიტორმა - მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, განახორციელოს ტვირთების გადაზიდვის ორგანიზება დამკვეთთან შეთანხმებული ტრანსპორტით, ტვირთების ცალკეულ პარტიაზე დამკვეთის განაცხადისა და ცალკეული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე; 2.2.10. პუნქტით, ექსპედიტორს ეკისრება ტვირთის დანიშნულების პუნქტამდე ტრანსპორტირების და ტვირთმიმღებისთვის ტვირთის თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად ჩაბარების უზრუნველყოფა, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესებისა და გადაზიდვის შესახებ მოქმედი ნორმების დაცვით.

6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ტვირთების ექსპედირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებელი პირია მოსარჩელე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი მითითება, რომ ექსპედიტორი მხოლოდ საკუთარი ძალებით გადაზიდვის შემთხვევაში იყო პასუხისმგებელი, არ წარმოადგენს დასაბუთებულ არგუმენტაციას. პალატამ ამ მხრივ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ ქვეკონტრაქტორის დაქირავება ექსპედიტორს ვერ გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან დამკვეთის წინაშე.

7. სააპელაციო პალატის მითითებით, ტვირთების ექსპედირების შესახებ 2014 წლის 28 მარტის ხელშეკრულების 2.2.4 და 2.2.5 ქვეპუნქტების შესაბამისად, ექსპედიტორი ვალდებულია აანაზღაუროს ექსპედიტორის მიზეზით ტვირთის დაზიანებით, განადგურებით, დანაკლისით ან დაკარგვით გამოწვეული ზიანი. ზიანის ანაზღაურება ხდება ფაქტობრივი ზიანის მიხედვით, ტვირთის საინვოისო ფასის შესაბამისად. ექსპედიტორი ასევე ვალდებულია აანაზღაუროს ტვირთის თანმხლები საბუთების დაკარგვით გამოწვეული ზიანი იმ შემთხვევაში, თუ ამ საბუთების ტრანსპორტირების ვალდებულება გათვალისწინებულია შესაბამის შეთანხმებაში. ხელშეკრულების 4.1.4. პუნქტით დამკვეთი პასუხისმგებელია ტვირთის მიღებისას: ა) მისი ხილვადი დაზიანების დადგენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ექსპედიტორის ან ექსპედიტორის სახელითა და დავალებით მოქმედი მხარის წარმომადგენლის დასწრება მისაღები ტვირთის დათვალიერების მომენტში; ამასთანავე, უზრუნველყოს როგორც აქტის შედგენა, ისე საავტომობილო (CMR), საავიაციო (AWB), საზღვაო (BILL OF LADING) ან სარკინიგზო ზედდებულში (SMGS) შესაბამისი აღნიშვნის შეტანა და დამოწმება. აქტი დამოწმებული უნდა იყოს დამკვეთისა და ექსპედიტორის წარმომადგენლების, ან მათი სახელითა და დავალებით მოქმედი მხარეების მიერ; ბ) ტვირთის სხვა დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს ექსპედიტორს შესაბამისი წერილობითი პრეტენზიით, ტვირთის დანიშნულების პუნქტში მიტანის დღიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ პრეტენზია აღარ მიიღება. ხელშეკრულების 4.2.1. პუნქტით, ექსპედიტორი პასუხისმგებელია სატრანსპორტო და სატრანსპორტო-საექსპედიტორო სამუშაოების ჯეროვან შესრულებაზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე. ამ პირობების არშესრულების შემთხვევაში ექსპედიტორი აუნაზღაურებს დამკვეთს მიყენებულ ზიანს. ხელშეკრულების 4.2.2. პუნქტის შესაბამისად, ექსპედიტორი პასუხისმგებელია აანაზღაუროს მისი მიზეზით ტვირთის დაგვიანებით, დაზიანებით, განადგურებით, დანაკლისით ან დაკარგვით გამოწვეული ზიანი. ზიანის ანაზღაურება ხდება ფაქტობრივი ზიანის მიხედვით, ტვირთის საინვოისო ფასის შესაბამისად. ამავე მუხლის 4.2.3. პუნქტით კი ექსპედიტორი ასევე პასუხისმგებლობას იღებს ტვირთის თანხმლები საბუთების დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ამ საბუთების ტრანსპორტირების ვალდებულება გათვალისწინებულია შესაბამის შეთანხმებაში (იხ. გენერალური ხელშეკრულება №001/2014, ტ.1, ს.ფ. 72-76).

8. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენს 13 650.6 ლარს, საიდანაც 1 898 ლარი თავდაპირველი მიწოდებისას დაზიანებულ პროდუქციაზე გაწეული განბაჟების თანხაა, 9 854.6 ლარი - დაზიანებული პროდუქციის ხელახლა შეძენის თანხა, ხოლო 1 898 ლარი - ხელახლა მიღებულ პროდუქციაზე გაწეული განბაჟების თანხა, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ თავიდან დაუკვეთა მომწოდებლებს დაზიანებული პროდუქციის მიწოდება 9 854.6 ლარის ოდენობით, ხოლო მისი განბაჟების თანხაა 1 898 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 324-391).

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად:

14.1. სასამართლოს მიერ მითითებული ის მტკიცებულებები, რაც ზიანის ანაზღაურების სახით 13 650,6 ლარის დაკისრებას შეეხებოდა, იმდენად წინააღმდეგობრივი და არასარწმუნოა, რომ სსსკ-ით განმტიცებულ მტკიცებულებათა შეგროვებისა და შეფასების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს;

14.2. გაუგებარია, სასამართლომ საბაჟო დეკლარაცია რომელ საპროცესო ნორმებზე დაყრდნობით მიიჩნია ზიანის ოდენობის განმსაზღვრელად მაშინ, როდესაც ამის საწინააღმდეგოდ ზიანის ოდენობა - 853,50 ევრო დამოუკიდებელი ექსპერტიზის - შპს „ჯ–ის“ დასკვნით იყო დადგენილი;

14.3. სასამართლომ არ გამიჯნა გადამზიდავისა და ექსპედიტორის უფლებები და მოსარჩელის პასუხისმგებლობა გადამზიდავის მსგავსად განსაზღვრა. მოსარჩელე პასუხს არ აგებდა, რადგან გადაზიდვა მას არ განუხორციელებია და გადამზიდავთან გადაზიდვის ხელშეკრულება გაფორმებულია მოპასუხის მიერ გადამზიდავის ვალდებულებით. სსკ-ის 739-ე მუხლიდან გამომდინარე, ექსპედიტორი საკუთარი ძალებით ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში შესაძლოა გამოსულიყო, როგორც გადამზიდველი;

14.4. სასამართლომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ნაწილში სრულიად დააკმაყოფილა ანუ დამტკიცებულია, რომ მოსარჩელემ გადაზიდვა შეასრულა უნაკლოდ და სსკ-ის 692.3. მუხლის თანახმად, დაზიანებულ ტვირთზე გადაზიდვის საფასურის უკან დაბრუნების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.

16. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები].

17. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ცენტრალურ და უზოგადეს ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 394.1. მუხლი, რომელიც კრედიტორს მოვალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენების წინაპირობებია: 1) ზიანი; 2) ქმედების მართლწინააღმდეგობა; 3) მიზეზობრივი კავშირი; 4) ბრალი. მოსარჩელეს ეკისრება არამარტო ზოგადად, ქონებრივი დანაკლისის ფაქტობრივი გარემოების დამტკიცების, არამედ ამ დანაკლისის ოდენობის სარწმუნოდ დადასტურების ვალდებულება.

19. დადგენილია, რომ ზიანის სახით დაკისრებული 13 650.6 ლარიდან 1 898 ლარი თავდაპირველი მიწოდებისას დაზიანებულ პროდუქციაზე გაწეული განბაჟების თანხაა, 9 854.6 ლარი - დაზიანებული პროდუქციის ხელახლა შეძენის თანხა, ხოლო 1 898 ლარი - ხელახლა მიღებულ პროდუქციაზე გაწეული განბაჟების თანხა, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ თავიდან დაუკვეთა მომწოდებლებს დაზიანებული პროდუქციის მიწოდება 9 854.6 ლარის ოდენობით, ხოლო მისი განბაჟების თანხაა 1 898 ლარი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი).

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, [ქონებრივი] ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი)“ (იხ. სუსგ საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).

21. განსახილველ შემთხვევაში შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ დაამტკიცა მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რაც უზრუნველყოფდა იმ მდგომარეობის აღდგენას, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ კი ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტის სათანადო წესით დადასტურება, რაც მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 682,53 ლარის 70% – 477,77 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „M. G.“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „M. G.“-ს (ს/კ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 4 მარტს №7656583629 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 682,53 ლარის 70% – 477,77 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი