საქმე №ას-231-2019 30 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ჭ–ი (მ–ი) (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მ.ჭ–ის (მ–ის) (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც სს „თ.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 41795,60 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის 6096.83 აშშ დოლარის, ასევე ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე (41581.07 აშშ დოლარი) პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0.1%, რაც შეადგენს ყოველდღიურად 41.58 აშშ დოლარს. დადგინდა, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდეს 30/09/2016წ.-დან 90 დღის განმავლობაში 29/12/2016წ.-მდე; დადგინდა ასევე, რომ დავალიანების თანხის ამოღების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი უძრავი ნივთები: ა) მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქალაქი ყვარელი, ......, საკადასტრო კოდი N ...... და ბ) მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, დასახლება ვარკეთილი 3, ..........., N45 საკადასტრო კოდი N .......; ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა ვერ დაფარავს მოპასუხის დავალიანებას ბანკის წინაშე, თანხის ამოღება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. სს „ბ.კ–ას“ და მოპასუხეს შორის დაიდო №02-31338-000020 გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 500 000.00 აშშ დოლარის ოდენობით, 15 წლის ვადით, სარგებლის წლიურად არაუმეტეს 48%-ის დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ყვარელში, ........, საკადასტრო კოდი: N ....... და უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქ თბილისში, ......, საკადასტრო კოდი №....... ;
2.2. 2015 წლის 01 აპრილს სს „ბ.კ–ას“ და მოპასუხეს შორის გაფორმდა N2361479-7916947 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა სესხი 39781.24 აშშ დოლარის ოდენობით, 164 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 16%-ის გადახდევინებით. საკრედიტო ხელშეკრულებების და გადახდის გრაფიკების თანახმად, მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტი;
2.3. მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კრედიტის დაფარვის თაობაზე 2016 წლის 20 აგვისტოს, რის გამოც, მოსარჩელემ შეწყვიტა სესხის ხელშეკრულება 30.09.2016 წელს. სრული დავალიანება შეადგენს 41 795,60 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 38 634,43 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 946,64 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 214,53 აშშ დოლარი.
3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ფორმულირებულია იმგვარად, რომ მოპასუხეს ბანკის სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულების შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში, ჯამში 6096.83 აშშ დოლარის, გადახდა.
4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 411-ე და 412-ე მუხლების თანახმად, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით და, რომლის ოდენობაც შესაბამისობაში იყო მხარეთა მიერ შეთანხმებულ საპროცენტო განაკვეთთან. მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებისას, მოსარჩელე მიიღებდა სარგებელს შემდგომში თანხის კრედიტის სახით გაცემის შემთხვევაში. საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადებში ამ ურთიერთობის გაგრძელების პირობებში, კრედიტორი მიიღებდა შემოსავალს კრედიტის გადაუხდელი თანხის წლიური 16%-ის ოდენობით. ამდენად, მოპასუხეს ბანკის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით სესხის ძირ თანხაზე დარიცხული წლიური პროცენტი არაუმეტეს 12 თვისა.
5. სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ იგი არ წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით (დადგენილია, რომ ძირი თანხაა 38 634,43 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 946,64 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 3 742.2 აშშ დოლარი). სასამართლოს მოსაზრებით, დაკისრებული ოდენობა გონივრული იყო ასევე კრედიტორისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული „ზიანის“ გათვალისწინებით, რის გამოც არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი.
6. პალატამ არ გაიზიარა აპელირება იმ გარემოებაზე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართებული იქნებოდა სასამართლოს მსჯელობა „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე და მიჩნეული იქნებოდა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება მიზნად ისახავდა მინიმალური ზიანის ანაზღაურებას, უსაფუძვლო იყო სასამართლოს დასკვნა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის ზიანის დაკისრების თაობაზე.
7. სააპელაციო პალატის განმარტებით, 2 946.64 აშშ დოლარის ოდენობით მოთხოვნილი საპროცენტო სარგებელი შეადგენს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის მომენტისათვის არსებულ საპროცენტო სარგებელს, ხოლო მიუღებელი სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხა - 6 096.83 აშშ დოლარი წარმოადგენს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის მომენტიდან მისაღებ სარგებელს, რომელსაც კრედიტორი მიიღებდა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში (სსკ-ის 411-412-ე მუხლები). რაც შეეხება პირგასამტეხლოს, იგი წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სსკ-ის 417-ე მუხლი). სააპელაციო პალატის მითითებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, თავის მხრივ, არ გამორიცხავს სსკ-ის 411-412-ე მუხლების საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობას.
8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ასევე აპელირება, დავალიანების თანხის ამოღების მიზნით, იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი), მდებარე ქალაქი ყვარელი, ქუჩა ......... (ს/კ N.........), სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობაზე. სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება, აღნიშნული გარემოება კრედიტორს ანიჭებდა უფლებამოსილებას მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით. ამასთან, პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია ბანკის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან მხარეთა მიერ იპოთეკის ხელშეკრულებაში, რომელიც ძირითადი ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია, ასევე, გათვალისწინებული იქნა მოვალის სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
14. საკასაციო საჩივრის თანახმად:
14.1. კასატორი ცდილობდა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები და წინსწრებით ფარავდა კრედიტს. ასევე მოთხოვნილი პროცენტის ოდენობა 2949,64 აშშ დოლარი არაპროპორციულია პირგასამტეხლოსთან მიმართებით. აღნიშნული გარემოებები კი წარმოადგენდა ფაქტობრივ საფუძველს პირგასამტეხლოს შემცირებისთვის;
14.2. პროცენტის მოთხოვნა მიუღებელ შემოსავალთან ერთად სამართლებრივად გაუმართლებელია სსკ-ის 403.1. მუხლიდან გამომდინარე;
14.3. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს რეალურად არ დარჩა უძრავი ქონება, სადაც ის შეძლებს ღირსეულად ცხოვრებას, რაც ეწინააღმდეგება სოციალური სახელმწიფოს პრინციპს;
14.4. სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 411-ე მუხლი 417-ე მუხლთან ერთობლიობაში და კასატორს დააკისრა როგორც მიუღებელი შემოსავალი, ისე პირგასამტეხლო, მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო. პრაქტიკულად გამოდის, რომ მიყენებული ზიანი ორ დამოუკიდებელ სამართლებრივ საფუძველს ემყარება: მიუღებელ შემოსავალს, როგორც ზიანს მიუღებელი სარგებლისთვის და პირგასამტეხლოს, როგორც ზიანის მარტივი ანაზღაურების საშუალებას, რაც სამართლებრივად გაუმართებელია.
15. პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე საკასაციო პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული.
16. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან (იხ. სუსგ საქმე №ას-833-799-2016, 2 ნოემბერი, 2016 წელი).
18. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).
19. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს (იხ. სუსგ საქმე №ას-1686-2019, 8 მაისი, 2020 წელი).
20. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
21. საკასაციო პალატა არ იზიარებს ასევე საკასაციო პრეტენზიას, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის ერთდროულად დაკისრების საფუძველი.
22. ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება [სსკ-ის 394.1. მუხლი]. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა [სსკ-ის 403-ე მუხლი], პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა [სსკ-ის 408.1. მუხლი], მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება [სსკ-ის 411-ე მუხლი] და ა.შ.;
23. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).
25. ამასთან, ფულადი ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოს გააჩნია მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, ფული ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც მისი ოდენობის დადგენას (იხ. სუსგ საქმე №ას-254-241-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
26. ამავე დროს, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს [სსკ-ის 867-ე მუხლი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით]. შესაბამისად, ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება (შდრ.იხ. საქმე №ას-1385-1307-2012, 7 თებერვალი, 2013 წელი).
27. მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დოქტრინაში გამოთქმულია არაერთი საინტერესო მოსაზრება, რომელიც შესრულების ინტერესის მაკომპენსირებელი ფუნქციის გაფართოების ტენდენციას ეხება და „რომელსაც ცალკეულ შემთხვევაში მივყავართ პირგასამტეხლოსა და ზიანის შეჯამებული დაკისრების დასაშვებობამდე, განუხორციელებელი სახელშეკრულებო ინტერესის სრულყოფილი კომპენსირების უზრუნველსაყოფად“ (იხ. ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf). მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ის 419.2 მუხლით „კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება”, პირგასამტეხლო ზიანისაგან დამოუკიდებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთდროულად პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურების დაკისრებაც, როგორც საჯარიმო პირგასამტეხლოსი, მოვალისათვის უკიდურესად მძიმე და უსამართლო იქნებოდა, ამასთან, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას გამოიწვევდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ჩათვლითი პირგასამტეხლოს ანალოგიურ მოვლენას აღიარებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ „კრედიტორს დამოუკიდებლად, უპირობოდ შეუძლია მოითხოვოს პირგასამტეხლო, ხოლო ზიანის ანაზღაურების საერთო საფუძვლებზე დაყრდნობით - ზიანის ანაზღაურებაც, ოღონდ პირგასამტეხლო ჩაითვლება ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობაში“ (იხ. ბესარიონ ზოიძე - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი; წიგნი მესამე, მთავარი რედაქტორი - ლადო ჭანტურია; 2001; გვ.494-495; იხ. მზია თოდუა, ჰუუბ ვილემსი- ვალდებულებითი სამართალი; 2006; გვ. 28-31).
28. განსახილველ შემთხვევაში, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის სახით მოითხოვა მხოლოდ 12 თვის საპროცენტო სარგებლის შესაბამისი თანხა და არა - ზიანი სრული მოცულობით, პირგასამტეხლოს სახით, 3 742.2 აშშ დოლარის (როგორც 90 დღის განმავლობაში მისაღები პირგასამტეხლოს), დაკისრება, არ არის კანონსაწინააღმდეგო და არ იწვევს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1302 ლარის 70% – 911,4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ჭ–ის (მ–ის) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. მ.ჭ–ს (მ–ს) (პ/ნ: .......) დაუბრუნდეს შ.ხ–ის (პ/ნ: ......) მიერ 2019 წლის 8 თებერვალს №19327610 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1302 ლარის 70% – 911,4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი