Facebook Twitter

საქმე №ას-509-2019 14 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტილად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა (შემდგომში - „სააგენტო“ ან „პირველი მოპასუხე“ ან „პირველი კასატორი“) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მერია“ ან „მეორე მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.მ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა და შეწყვეტილად იქნა აღიარებული, ერთი მხრივ, ა.ქ–სა და, მეორე მხრივ, ქ. თბილისის მერიას (წარმოდგენილი მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსი კ.შ–ია) შორის დადებული 1998 წლის 19 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულებები N2523 და N2529.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 1976 წლის 08 ივლისს ა.ქ–სა და ნ.ა–ძეს შორის დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც ა.ქ–მა შეიძინა ერთსართულიანი სახლი, შემდგარი ერთი ოთახისგან, საერთო ფართით 23.31 კვ.მ, რომელიც განთავსებული იყო 680 კვ.მ. ფართობზე (ს/ფ 17-18);

2.2. 1978 წლის გენგეგმის თანახმად, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი დაიყო ორ ნაწილად, კერძოდ 240 კვ.მ. და 440 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთებად (ს/ფ 19);

2.3. ქ. თბილისის ტექბიუროს არქივში დაცული 1997 წლის 19 ივნისის გენგეგმის შესაბამისად, სახლთმფლობელობა აღირიცხა 1967 წლის 19 ივნისს, ხოლო კანონიერი და უკანონო მიწის ნაკვეთების ფართმა ჯამში შეადგინა 1600 კვ.მ. (ს/ფ 20);

2.4. 1998 წლის 5 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის N05.15.82 დადგენილებით მიღებული იქნა ქ. თბილისის მერიის მიწათსარგებლობისა და ქალაქმშენებლობის საქმეთა საქალაქო კომისიის 1998 წლის 27 თებერვლის წინადადება და დაკანონდა ფიზიკურ პირებზე რიცხული სახლთმფლობელობები და მათ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთები. ამავე დადგენილებით განისაზღვრა ა.ქ–ისთვის დასაკანონებელი მიწის ნაკვეთი, კერძოდ, სოფელ ....... რიცხული სახლთმფლობელობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის უკანონო (დაახლოებით 800 კვ.მ) ნაწილი (ს/ფ 28);

2.5. 2010 წელს ა.ქ–ი გარდაიცვალა და ე.მ–ძემ, როგორც ერთადერთმა მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება სრულად (ს/ფ 60-64);

2.6. 2016 წლის 5 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, ე.მ–ძის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და მოსარჩელემ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით, მათ შორის, ქონება, რომელიც შეადგენს შენობა-ნაგებობებს, მდებარე ქ. თბილისი,..... (მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 949 კვ.მ., წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას) (ს/ფ 73-75);

2.7. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ........, ს/კ ........, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართით 949 კვ.მ., მესაკუთრეა სახელმწიფო, ხოლო შენობა-ნაგებობის მესაკუთრეა მოსარჩელე, მიწის ნაკვეთის საკუთრების ტიპია საკუთრება; მოიჯარე - მოსარჩელე (ს/ფ 76-77);

2.8. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ........, ს/კ ........, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართით 463 კვ.მ., მესაკუთრეა სახელმწიფო, მოიჯარე - მოსარჩელე (ს/ფ 78-79);

2.9. სადავო უძრავ ნივთებზე იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მოსარჩელის მამკვიდრებლის წარმომადგენელმა წერილობით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (ს/ფ 70-71);

2.10. მოსარჩელეს იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო გადასახადი არ გადაუხდია, რადგან მეიჯარეს ხელშეკრულების დამატება N2-ის თანახმად, იჯარის თანხა არ დაურიცხავს;

2.11. ა.ქ–სა და ქ. თბილისის მერიას (წარმომადგენელი/მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსი კ. შ–ია) შორის 1998 წლის 19 აგვისტოს დაიდო მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულებები, რომლითაც ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 5.03.98 წლის N05.15.82 დადგენილების შესაბამისად, იჯარის გამცემი აძლევს მოიჯარეს ერთ შემთხვევაში 949 კვ.მ. და მეორე შემთხვევაში -463 კვ.მ. ფართობს, მდებარე ....... ხელშეკრულებებით იჯარის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 25 წლით (ს.ფ 23-27; 31-34);

2.12. საქმეში წარმოდგენილი ცნობა-დახასიათებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1998 წლის 19 აგვისტოს, იჯარის ხელშეკრულებების დადების შემდგომ, ა.ქ–ის საკუთრებად აღირიცხა შენობა-ნაგებობა, ხოლო მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ განისაზღვრა სახელმწიფო (მიწის ნაკვეთი ფართით 949 კვ.მ და მიწის ნაკვეთი ფართით 463 კვ.მ.) (ს/ფ 42-43);

2.13. იჯარის ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, მოიჯარეს აქვს უფლება გააუქმოს მოცემული ხელშეკრულება: 1. მხარეთა ორმხრივი თანხმობით; 2. საკუთარი სურვილით (ს/ფ 23-27; 31-34).

3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააგენტოს პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესის არარსებობის თაობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი უკავშირდებოდა საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას, სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლითა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციას. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე სარჩელი აღძრულია მოსარჩელის მიერ, რომელიც მოითხოვს იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებას, და რომელიც იურიდიულ ინტერესად მიუთითებს უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობას/აღიარებას (ს/ფ 4). ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ იკვეთება მესაკუთრედ აღიარების/ცნობის ის უფლება, რომელიც გააჩნდა მამკვიდრებელს და, რომელიც არ უნდა შეეზღუდოს მოსარჩელეს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც უძრავი ქონების მესაკუთრეს შენობა-ნაგებობაზე წარმოადგენს მოსარჩელე, ხოლო მთლიანი მიწის ნაკვეთის 949 კვ.მ. მესაკუთრედ აღრიცხულია სახელმწიფო და მოიჯარეა მამკვიდრებელი, ისევე როგორც 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის კანონიერ სარგებლობაშია 440 კვ.მ., ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრების უფლება მთლიანად 463 კვ.მ.-ზე რეგისტრირებულია სახელმწიფოზე.

4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 582-ე, 561-ე, 590-ე მუხლებით, მიუთითა წინამდებარე განჩინების 2.11., 2.9. და 2.13. ქვეპუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სადავო იჯარის ხელშეკრულებები დაიდო 1998 წლის 19 აგვისტოს ათ წელზე მეტი ვადით და მოსარჩელემ სასამართლოს ხელშეკრულების მოშლის თაობაზე მიმართა სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებული ნორმების დაცვით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის დასაკმაყოფილებლად სახეზე იყო ყველა სამართლებრივი წინაპირობა.

5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მერიის პრეტენზიები, რომ იგი წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, რადგან საიჯარო მიწის ნაკვეთები აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე, რომლის უფლებამოსილებას განეკუთვნება იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა.

6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო უძრავი ქონების საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განისაზღვრა თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის წყაროები, რომლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონება იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის საფუძველზე: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემით; ბ) საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით; გ) იმ ხდომილებათა შედეგად, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების წარმოშობას; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების შექმნით ან შეძენით. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთეა, მათ შორის, ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იჯარის ხელშეკრულებები 1998 წლის 19 აგვისტოს დაიდო, ერთი მხრივ, ა.ქ–სა და, მეორე მხრივ, მერიას (წარმომადგენელი/მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსი კ. შ–ია) შორის. ამასთან, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მერიის უფლებამოსილება მიწების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მერია წარმოადგენდა გარიგების მხარეს და სათანადო მოპასუხეს.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივრები, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

13. პირველი კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არ აქვს იურიდიული ინტერესი, სახეზე არ არის სსკ-ის 1513-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რადგან მოსარჩელეს უძრავი ქონება მიღებული აქვს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების ანუ 1997 წლის 25 ნოემბრის შემდგომ. ამასთან, მოსარჩელეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის არ მიუმართავს და ამდენად, შეუძლებელია იმაზე მსჯელობა, რა შედეგი დაუდგებოდა მხარეს აღნიშნული ქმედების განხორციელებით.

14. მეორე კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს, რომ სარჩელზე სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რადგან საჯარო რეესტრის ამონაწერით, სადავო ქონება სახელმწიფოს საკუთრებაა და, შესაბამისად, სახელმწიფოზე გადადის იჯარის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.

15. საკასაციო პალატა არ იზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას მოსარჩელის იურიდიული ინტერესის [სსსკ-ის 180-ე მუხლი: სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს] არარსებობის თაობაზე.

16. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

17. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს სადავო მიწის ნაკვეთებზე მესაკუთრედ ცნობა წარმოადგენს, რაც იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტილად აღიარების გარეშე ვერ მიიღწევა.

18. რაც შეეხება მეორე მოპასუხის პრეტენზიას არასათანადო მოპასუხეობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მერია წარმოადგენდა იჯარის ხელშეკრულებების მხარეს, იგი განსახილველ დავაში სათანადო მოპასუხეა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი