Facebook Twitter

საქმე №ას-979-2019 14 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ნ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ო.ი. ჯ–ია“ (მოპასუხე)

თავდაპირველი მოსარჩელეები – ი.ნ–ძე, დ.ნ–ძე

თავდაპირველი მოპასუხე – ნოტარიუსი ნ.ჯ–ლი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის და საურავების მოხსნა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით თ.ნ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ნ–ძის, მოსარჩელისა და დ.ნ–ძის (შემდგომში ერთობლივად - „მოსარჩელეები“) სარჩელი ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და სააღსრულებო ფურცლების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. შპს „მ.ო.ი. ჯ–იას“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) და მოსარჩელეს შორის გაფორმდა N5306, N6452, N6453, N4315, N4316, N3736, N2855, N2856, N2272, N2519, N2519, N1025, N1088, N1052, N3823, N3822 საკრედიტო ხელშეკრულებები, N355 საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის ხელშეკრულება და N463, N1040 იპოთეკის ხელშეკრულებები;

2.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 05.04.2011 წელს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება N355, რომლის საფუძველზე საკრედიტო ხაზის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 50000 ლარით, მაქსიმალური ვადა - 60 თვე, სარგებლის მაქსიმალური ოდენობა - 60%, ყოველდღიური პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

2.3. სესხის რესტრუქტურიზაციის მიზნით მხარეებს შორის დამატებით გაფორმდა რიგი ხელშეკრულებები:

2.3.1. N5306 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა კრედიტი 6560 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის რესტრუქტურიზაციის მიზნით, 18 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 28%;

2.3.2. N6452 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა კრედიტი 2233 აშშ დოლარის ოდენობით, 5 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 28%;

2.3.3. N6453 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა კრედიტი 993 ევროს ოდენობით, 5 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 28%;

2.3.4. N4315 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა კრედიტი 2145 ევროს ოდენობით, 27 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 36%;

2.3.5. N4316 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა კრედიტი 4531 აშშ დოლარის ოდენობით, 27 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 36%;

2.3.6. N3736 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა კრედიტი 260 აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 36%;

2.3.7. N2855 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა კრედიტი 1976 ევროს ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 36%;

2.3.8. N2856 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა კრედიტი 2314 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 36%;

2.3.9. N2272 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა კრედიტი 4059 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 36%;

2.3.10.N2519 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა კრედიტი 3505 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 36%;

2.3.11.N1025 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა კრედიტი 14800 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 36%;

2.3.12.N1088 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა კრედიტი 612 ევროს ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 36%;

2.3.13.N1052 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა კრედიტი 1856 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 36%;

2.3.14.N3823 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა კრედიტი 2190 ევროს ოდენობით, 32 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 36%;

2.3.15.N3822 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა კრედიტი 1120 აშშ დოლარის ოდენობით, 32 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 36%.

2.4. მოპასუხესა და მოსარჩელეებს შორის გაფორმდა N463 და N1040 იპოთეკის ხელშეკრულებები;

2.5. მოპასუხესა და ი.ნ–ძეს შორის გაფორმდა N943 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება და N3735 საკრედიტო ხელშეკრულება. N943 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, საკრედიტო ხაზის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 15000 აშშ დოლარით, მაქსიმალური ვადა - 120 თვე, სარგებელის მაქსიმალური ოდენობა - 60%, ყოველდღიური პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. N3735 საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის სესხის რეფინანსირების მიზნით ი.ნ–ძის სახელზე გაიცა კრედიტი 15000 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 36%;

2.6. N1040 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკარსა (მოპასუხე) და ი.ნ–ძეს შორის 19.06.2013 წელს გაფორმებული N943 საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებით და ამ ხელშეკრულების ქვეშ გაფორმებული ან გასაფორმებელი საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მოვალის მიერ შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელემ და დ.ნ–ძემ იპოთეკით დატვირთეს მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......... (ნაკვ. ....), დაზუსტებული ფართობი - 515 კვ.მ, საკუთრება: ბინა N10, ფართი: 148.34 კვ.მ, ს/კ: N ........;

2.7. N463 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკარსა (მოპასუხე) და მოსარჩელეს შორის 05.04.2011 წელს გაფორმებული N355 საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მოვალის მიერ შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელემ და დ.ნ–ძემ იპოთეკით დატვირთეს მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ....... (ნაკვ. .....), დაზუსტებული ფართობი - 515 კვ.მ, საკუთრება: ბინა N10, ფართი: 148.34 კვ.მ, ს/კ: N ........;

2.8. ნოტარიუს ნ.ჯ–ლის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) მიერ 2015 წლის 29 ივნისს გაიცა N150682520 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც მოვალე ი.ნ–ძის მიერ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 37121.73 აშშ დოლარით;

2.9. მეორე მოპასუხის მიერ 2017 წლის 08 ივნისს გაიცა N170632944 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც მოვალე მოსარჩელის მიერ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 13784.46 აშშ დოლარითა და 17971.43 ევროთი.

3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები არ წარმოადგენდა მოჩვენებით და მოტყუებით დადებულ გარიგებებს. მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებდა ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლებს.

4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით:

4.1. მეორე მოპასუხის მიერ 2015 წლის 29 ივნისს გაიცა N150682520 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 37 121.73 აშშ დოლარით, საიდანაც 15 000 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 9 585.48 აშშ დოლარი არის დარიცხული პროცენტი, ხოლო 12 536.25 აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა-საურავები;

4.2. 2017 წლის 08 ივნისის N170632944 სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 13 784.46 აშშ დოლარით, საიდანაც 9568.78 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 4515.68 აშშ დოლარი არის დარიცხული პროცენტი. ასევე, 07.06.2017წ. მდგომარეობით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 17 971.43 ევრო, საიდანაც 8520.79 ევრო არის ძირითადი თანხა, ხოლო 9450.64 ევრო არის დარიცხული საპროცენტო სარგებელი.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ითხოვდა 15 000 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრებული პროცენტისა და ჯარიმების გაუქმებას. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულება, ამასთან, მხარეები წერილობით შეთანხმებულნი იყვნენ პირგასამტეხლოზე. მოსარჩელეს პირგასამტეხლო დაეკისრა 19 ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების ვადაგადაცილების გამო, შესაბამისად, დარღვევის მოცულობიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მოპასუხე ვალდებული იყო მსესხებლის მხრიდან ზედიზედ ორჯერ კრედიტის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, შეეწყვიტა ხელშეკრულება, გამომდინარე იქიდან, რომ ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა მხარის უფლებას წარმოადგენს და არა - ვალდებულებას.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 15000 აშშ დოლარის ოდენობით პროცენტებისა და ჯარიმების გაუქმება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

12. საკასაციო საჩივრის თანახმად:

12.1. მხარეთა შორის დადებული ყველა ხელშეკრულება, მათ შორის, 2011 წლის 12 და 14 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებები ითვალისწინებს პირობას, რომლის თანახმად, თუ ზედიზედ ორჯერ ვერ გადაიხდის კლიენტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხისა და პროცენტის თანხებს და, თუ დადგინდა, რომ გაუარესდა ქონებრივი მდგომარეობა და საეჭვო ხდება გადახდისუნარიანობა, კრედიტორი ვალდებულია შეწყვიტოს სესხის ხელშეკრულება და მოითხოვოს ვალის გადახდა;

12.2. აქედან გამომდინარე, თუ მოწინააღმდეგე მხარე მიიჩნევდა, რომ მოსარჩელემ დაარღვია 2011 წლის 12 და 14 აპრილის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მაშინ უნდა შეეწყვიტა მას დასახელებული ხელშეკრულებები და მოეთხოვა ვალის სრულად დაფარვა. მაგრამ მოპასუხემ კანონითა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით გააფორმა მოსარჩელესთან 2012 წლის 19 ივნისის ახალი ხელშეკრულება და ძალაში დატოვა 2011 წლის 12 და 14 აპრილის სესხის ხელშეკრულებების მოქმედება, თან პარალელურად გააგრძელა საურავებისა და პროცენტების დაკისრება იმ ვადაგადაცილებულ დღეებზე, რომელიც წესით გაუქმებული უნდა ყოფილიყო. ამით, მოპასუხემ ხელოვნურად გაზარდა ჯარიმებისა და საურავების ოდენობა.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

14. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე მოითხოვდა მოპასუხესთან გაფორმებული საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ ისინი წარმოადგენდა მოტყუებით, თვალთმაქცობითა და მოჩვენებითი ფორმით დადებულ გარიგებებს, ასევე ბათილობის საფუძვლად უთითებდა სსკ-ის 54-ე-55-ე მუხლებზე, ითხოვდა აგრეთვე სააღსრულებო ფურცლების გაუქმებას (ბათილად ცნობას) იმ საფუძვლით, რომ ნოტარიუსმა დაარღვია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და ამასთან, სააღსრულებო ფურცლებში არასწორად იყო მითითებული თანხები.

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მოსარჩელე ვერ ასაბუთებს 15000 აშშ დოლარის ოდენობით პროცენტებისა და ჯარიმების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობას და მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა სსკ-ის 56-ე (მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი) და 81-ე მუხლებით (მოტყუებით დადებული გარიგებანი) გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძვლები. ამასთან, საკასაციო პალატა მოსარჩელეს განუმარტავს, რომ სესხზე წლიური 36% არ მიიჩნევა ამორალურ ოდენობად სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე (იხ. სუსგ საქმე №ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

17. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2168 ლარის 70% – 1517,6 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. თ.ნ–ძეს (პ/ნ: ........) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 3 აგვისტოს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2168 ლარის 70% – 1517,6 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი