საქმე №ას-1046-2020 31 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.მ–ნი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარეები – ჯ.გ–ძე (მოპასუხე), კ.ჩ–ძე (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), ხელშეკრულების დადებულად ცნობა, სადავო ნივთის მესაკუთრედ აღრიცხვა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს.მ–ნის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“ ან „კასატორი“) სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; კ.ჩ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; დადებულად იქნა ცნობილი 2019 წლის 16 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - ....., მარკა მოდელი - ნისან მარჩ, ფერი - რუხი 2/8, გამოშვების წელი - 2002, ტექნიკური მოწმობა - ..., რეგისტრაციის თარიღი - 2017 წლის 21 მაისი, და დადგინდა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აღირიცხოს პირველი მოპასუხის სახელზე.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 30.04.2019წ. გაცემული ცნობით დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშუალების, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - ...... მარკა მოდელი - ნისან მარჩ, ფერი რუხი 2/8, გამოშვების წელი 2002, ტექნიკური მოწმობა - ...., რეგისტრაციის თარიღი: 21.05.2017წ. (შემდეგში - „სადავო ავტომანქანა“), მფლობელია მოსარჩელე (ტ.1, ს.ფ. 20);
4.2. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ 02.12.2018წ. ავტოავარიის შედეგად ჯ.გ–ძემ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) დააზიანა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა. როგორც მოსარჩელის, ასევე მეორე მოპასუხის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ამ უკანასკნელს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა დაზიანებული ავტომანქანის ღირებულება 1400 აშშ დოლარი, ან შეეკეთებინა იგი. ამდენად, დადგენილია, რომ დაზიანებული ავტომანქანის ღირებულება მოსარჩელემ და მეორე მოპასუხემ ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრეს 1400 აშშ დოლარით;
4.3. საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რომ სადავო ავტომანქანა პირველმა მოპასუხემ შეაკეთა თავისივე სახსებით (ტ.1, ს. ფ. 62-74, 95-97,99-103);
4.4. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 16.12.2019წ. დაიდო ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება.
5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ დაზიანებული ავტომანქანის ღირებულება მხარეებმა განსაზღვრეს 1400 აშშ დოლარით. აღნიშნული თანხა მეორე მოპასუხეს უნდა გადაეხადა მოსარჩელისთვის. მეორე მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილი დაზიანებული ავტომანქანა გაყიდვის მიზნით განათავსა ვებ-გვერდზე. სწორედ ამ უკანასკნელს დაუკავშირდა პირველი მოპასუხე ავტომანქანის შეძენის მიზნით, თუმცა მანქანის სანახავად მისულს ადგილზე დახვდა როგორც მეორე მოპასუხე, ასევე -მოსარჩელის ძმა ხ.მ–ნი (შემდგომში - „მოსარჩელის ძმა“). მხარეები სადავო არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის ძმა მონაწილეობდა ავტომანქანის გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებში. მოსარჩელე, საქმეზე დაკითხული მოწმეები და თავად მოსარჩელის ძმა ადასტურებენ, რომ ეს უკანასკნელი მოლაპარაკებებში მონაწილეობდა მოსარჩელის დავალებით და მოქმედებდა მასთან შეთანხებულად.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავო გარემოებების დადგენის მიზნით დაკითხული იქნენ მოწმეები - მოსარჩელის ძმა, ასევე პირველი მოპასუხის მეგობრები გ.კ–ძე და ნ.ბ–ი, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ მანქანის შეძენის ფაქტს. გ.კ–ძისა და ნ.ბ–ის ჩვენებებიდან ირკვევა, რომ პირველმა მოპასუხემ ინტერნეტში ნახა გასაყიდი ავტომანქანა, რომლის სანახავად მისულს ადგილზე დახვდნენ მეორე მოპასუხე და მოსარჩელის ძმა. სწორედ ამ უკანასკნელთან აწარმოებდა პირველი მოპასუხე მოლაპარაკებას ავტომობილის 900 აშშ დოლარად შესყიდვის თაობაზე. მოსარჩელის ძმა, თავის მხრივ, დაუკავშირდა დას, მოსარჩელეს და მისგან მიიღო თანხმობა მანქანის 900 აშშ დოლარად გასხვისებაზე. მოწმეთა განმარტებით, პირველ მოპასუხეს ხელზე ჰქონდა 900 აშშ დოლარი, რომელიც გადაუხადა მოსარჩელის ძმას.
7. სააპელაციო პალატის მითითებით, თავად მოსარჩელის ძმამ თავის ჩვენებაში რამდენჯერმე დაადასტურა ის ფაქტი, რომ პირველმა მოპასუხემ ავტომანქანა შეიძინა 900 აშშ დოლარად, რის თაობაზე ინფორმირებული იყო მოსარჩელე და ეთანხმებოდა (იხ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.11.2019წ. სხდომის ოქმი). მისივე ჩვენებით დასტურდება, რომ მან ავტომანქანის ნასყიდობის თანხა 900 აშშ დოლარი იმავე დღეს თავისი ნებით გადასცა მეორე მოპასუხეს, რათა მას ერთიანად გადაეხადა 1400 აშშ დოლარი მოსარჩელისთვის. მოსარჩელე თავადაც ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს და განმარტავს, რომ 900 აშშ დოლარის მეორე მოპასუხისთვის გადაცემის მიზანი იყო მისგან 1400 აშშ დოლარის ერთიანად მიღება.
8. სააპელაციო პალატის მითითებით, ის ფაქტი, რომ პირველმა მოპასუხემ 900 აშშ დოლარად შეიძინა სადავო ავტომანქანა, იმითაც დასტურდება, რომ სწორედ მითითებული ოდენობით თანხის მიღების შემდეგ, მოსარჩელის ძმამ თავისი დის თანხმობით პირველ მოპასუხეს გადასცა მანქანის აკუმულატორი და ტექნიკური პასპორტი. სასამართლოს მოსაზრებით, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისათვის მნიშვნელოვანი არ არის ის ფაქტი, რომ მიღებული თანხა მოსარჩელის ძმამ შემდეგში გადასცა მეორე მოპასუხეს, რათა მას დაემატებინა 500 აშშ დოლარი და ერთიანად გადაეხადა მოსარჩელისთვის 1400 აშშ დოლარი.
9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 327-ე, 477-ე, 709-ე, 186-ე, 172-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელის ძმა ავტომანქანის გასხვისებისას მოქმედებდა თავისი დის სახელით და მასთან შეთანხმებულად, მან მოსარჩელის თანხმობით სადავო ავტომანქანა, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტში იმყოფებოდა მოსარჩელის საკუთრებაში, მიჰყიდა პირველ მოპასუხეს, რა მიზნითაც მასვე გადასცა მანქანის ტექნიკური პასპორტი და აკუმულატორი. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცა სადავო ავტომანქანაზე საკუთრების უფლება პირველ მოპასუხეს და გამომდინარე აქედან, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
15. საკასაციო საჩივრის თანახმად:
15.1. არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელის ძმა ავტომანქანის გაყიდვასთან დაკავშირებით ესაუბრა თავის დას, მოსარჩელეს და მისგან 900 აშშ დოლარად მანქანის გაყიდვაზე თანხმობა მიიღო;
15.2. პირველი მოპასუხე არ არის კეთილსინდისიერი შემძენი. მან იცოდა, რომ მეორე მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა 1400 აშშ დოლარი. იგი არ დაინტერესებულა, გადაუფორმდებოდა თუ არა ავტომანქანა ამ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხესთან მოილაპარაკა 900 აშშ დოლარზე და მოსარჩელის ძმამ ეს თანხა არ მიიღო, რადგან მოსარჩელე თავის ავტომანქანას ყიდდა 1400 აშშ დოლარად;
15.3. ნასყიდობის ფასი არის 1400 აშშ დოლარი და სწორედ ამ თანხის გადახდის შემდეგ გახდებოდა მოსარჩელე ვალდებული გადაეფორმებინა პირველი მოპასუხისთვის ავტომანქანა. სასამართლოს არგუმენტი, რომ პირველ მოპასუხეს გადაეცა ავტომანქანა და საბუთები და, შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია, სამართლებრივად გაუმართლებელია, რადგან ეს არის მხოლოდ ერთი მხარის უფლება მიიღოს ნივთი, ხოლო მეორე მხარის უფლებაა მიიღოს ნასყიდობის თანხა, რაც არ არის შესრულებული. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ შემდგარა, რადგან ხელშეკრულების ყველა აუცილებელი პირობა არ შესრულებულა.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ [სსსკ-ის 3.1 მუხლი]. მოცემული ნორმა ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით ყოველი პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვას საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები [სსსკ-ის 4.1. მუხლი]. ამდენად, როგორც სასამართლოში დავის დაწყება, ისე მოთხოვნის ჩამოყალიბება თუ დავის საგნის განსაზღვრა, მხოლოდ მხარის პრეროგატივაა.
17. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ დააკმაყოფილეს მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელი უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, რადგან სახეზე არ არის სსკ-ის 172.1. მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა [მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება].
19. განსახილველ შემთხვევაში კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტის საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 16.12.2019წ. დაიდო ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება; მოსარჩელე, საქმეზე დაკითხული მოწმეები და თავად მოსარჩელის ძმა ადასტურებენ, რომ ეს უკანასკნელი მოლაპარაკებებში მონაწილეობდა მოსარჩელის დავალებით და მოქმედებდა მასთან შეთანხმებულად. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თავად მოსარჩელის ძმამ თავის ჩვენებაში რამდენჯერმე დაადასტურა ის ფაქტი, რომ პირველმა მოპასუხემ ავტომანქანა შეიძინა 900 აშშ დოლარად, რის თაობაზე ინფორმირებული იყო მოსარჩელე და ეთანხმებოდა (იხ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.11.2019წ. სხდომის ოქმი) (იხ. წინამდებარე განჩინების 4.4. ქვეპუნქტი, მე-5 და მე-7 პუნქტები).
20. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება [სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები]. ნასყიდობის ხელშეკრულება კონსენსუალურია და იგი დადებულად ითვლება მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ დადგენილი ფორმით მხარეთა შეთანხმების მომენტიდან.
21. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში [სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები].
22. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცა სადავო ავტომანქანაზე საკუთრების უფლება პირველ მოპასუხეს და არ არსებობს მისი სასარჩელო მოთხოვნის - უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, ვინაიდან დასტურდება პირველი მოპასუხის მიერ მხარეთა შორის შეთანხმებული ნასყიდობის საფასურის 900 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, სახეზე არ არის მოსარჩელის მიერ სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული, სსკ-ის 188-ე მუხლით მოწესრიგებული პირობადებული საკუთრება [თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, უკვე ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ].
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს.მ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ს.მ–ნს (პ/ნ: ........) დაუბრუნდეს მ.დ–ძის (პ/ნ: ..........) მიერ 2020 წლის 24 ნოემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი