Facebook Twitter

საქმე №ას-1387-2019 31 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით მ.კ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში - „მოპასუხე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9 000 აშშ დოლარისა და 4004 ლარის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. გ.ა–ვას (შემდგომში - „მსესხებელი“) სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ იქნა თბილისში, ........., ბინა N28-ის თავზე არსებული საცხოვრებელი სახლის სხვენი (ს.ფ. 19, 27);

2.2. 2005 წლის 19 აგვისტოს მოსარჩელესა და მსესხებელს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების თანახმად, სესხის თანხა 9 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება სესხი ერთი თვის ვადაში 2005 წლის სექტემბრამდე დაებრუნებინა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი სესხს ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ დააბრუნებდა, გამსესხებელს მიენიჭებოდა უფლებამოსილება მსესხებელისთვის სესხის დაბრუნება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვალის გადახდა მოეთხოვა, აღნიშნულის განსახორციელებლად კი, მსესხებლის იმ ქონებაზე მიექცია აღსრულება, რომელიც გადახდის დღისათვის მის საკუთრებაში იქნებოდა აღრიცხული. ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ სესხის დაბრუნება არ არის გარანტირებული მსესხებლის ქონებით (ს.ფ. 21);

2.3. 2005 წლის 23 სექტემბერს მოსარჩელემ მსესხებლის სხვენის პრივატიზაციის საფასური - 3926.40 ლარი გადაიხადა (ს.ფ. 20);

2.4. მსესხებელი 2005 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა (ს.ფ. 125);

2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და უმკვიდროდ იქნა ცნობილი მსესხებლის სახელზე 26.09.2005 წელს რეგისტრირებული, თბილისში, ........, ბ. N28-ის თავზე არსებული საცხოვრებელი სახლის სხვენი (ს.ფ. 124-127);

2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ბ. N28 სახელმწიფოს საკუთრებად არის რეგისტრირებული (ს. ფ. 26, 124- 127);

2.7. სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელესა და მსესხებელს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ვადის დადგომის დღიდან - 2005 წლის 20 სექტემბრიდან სარჩელის წარდგენის დღემდე (2018 წლის თებერვალი) გასული იყო, როგორც სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული 6-თვიანი, ისე - მოთხოვნის ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1492-ე, 1484-ე და 1328-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მსესხებელი 2005 წლის 25 სექტემბერს, ანუ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად განსაზღვრული ბოლო ვადის გასვლის შემდგომ (2005 წლის 19 სექტემბერი) ხუთ დღეში გარდაიცვალა. ასევე, საქმის მასალებში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 აპრილით დათარიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სადავო ქონება უმკვიდროდ იქნა ცნობილი, ხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ქონებაზე არსებული ყადაღისა და მის მოხსნასთან დაკავშირებული სამართლებრივი ქმედებების განხორციელების გამო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სადავო ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრება 2016 წლის 26 დეკემბერს დარეგისტრირდა. სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია არაერთი წერილი, რომლითაც მოსარჩელე მოპასუხე მხარეს ქონების ან/და სესხად გაცემული თანხის დაბრუნებას სთხოვს, მათ შორის საქმის გადაწყვეტის მიზნებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2016 წლის 05 დეკემბრის წერილი, სადაც მოსარჩელე კვლავ მიმართავს მოპასუხე მხარეს და სთხოვს გარდაცვლილ პირთან დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცეს სადავო ქონება. აღნიშნულ წერილზე პასუხი სააგენტომ მოსარჩელეს 2017 წლის 03 თებერვალს, ანუ მას შემდეგ გასცა, რაც ქონება მის სახელზე აღირიცხა, ამ წერილით სააგენტომ უარი განუცხადა განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან სადავო ქონების მის საკუთრებაში გადასაცემად სამართლებრივი საფუძვლები არ იკვეთებოდა.

5. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მსესხებელი სესხის ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადის დადგომიდან ხუთ დღეში გარდაიცვალა და ქონება სახელმწიფოს სახელზე მხოლოდ 2016 წლის 26 დეკემბერს აღირიცხა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელისთვის ხანდაზმულობის ვადა სწორედ ამ დღიდან უნდა ათვლილიყო, ვინაიდან ამ დრომდე ობიექტურად არ არსებობდა სუბიექტი, ვის წინაშეც მოსარჩელე საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოითხოვდა, ხოლო, ვინაიდან მას 2016 წლის 05 დეკემბერს განმეორებით ჰქონდა მიმართული მოპასუხისთვის ქონების ან/და თანხის დაბრუნების თაობაზე, რაზეც პასუხი 2017 წლის 03 თებერვალს, ანუ ქონების მის სახელზე რეგისტრაციის შემდგომ გაეცა, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს დაცული ჰქონდა ხანდაზმულობის სპეციალური ვადები.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სააგენტოსთვის, მოსარჩელის მიმართ, მსესხებლის მიერ სესხად აღებული 9000 აშშ დოლარისა და მოსარჩელის მიერ სადავო ქონების პრივატიზაციისთვის გაღებული ხარჯის - 4004 ლარის, დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1328-ე მუხლით და დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის შედავება, რომ გარდაცვლილი მსესხებლის სამკვიდრო ქონება მემკვიდრეებს არ მიუღიათ, რაც მოცემულ დავაში უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სადავო ქონება უმკვიდროდ იქნა ცნობილი, რის საფუძველზეც 2016 წლის 26 დეკემბერს უძრავი ქონება საკუთრების უფლებით სახელმწიფოს სახელზე აღირიცხა.

8. სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 1444-ე მუხლით დადგენილია სათანადო წინაპირობების არსებობისას სახელმწიფოს უარის დაუშვებლობა უმკვიდრო ქონების მიღებასთან დაკავშირებით. დასახელებული ნორმა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი დავის შემთხვევაში ემსახურება სათანადო პირობების არსებობისას კრედიტორის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობის შექმნას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა სააგენტოს მსჯელობას, რომ მას სარჩელით მოთხოვნილი თანხა არ უნდა დაეკისროს ან/და შესაძლოა მისთვის დაკისრებული თანხა აღემატებოდეს მის საკუთრებაში გადასულ უმკვიდრო ქონების ღირებულებას.

9. სააპელაციო პალატამ, სსსკ-ის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად მიიჩნია ის გარემოება, რომ თბილისის ნებისმიერ უბანში, მით უფრო, ქალაქის ცენტრალურ უბანში, 81.80 კვ.მ. ფართის მქონე საცხოვრებელი ბინის ღირებულება ბევრად აღემატება სადავო თანხის ოდენობას, შესაბამისად, ამ გარემოების მტკიცების ტვირთისგან მოსარჩელე გაათავისუფლა, ხოლო მოპასუხემ დადგენილი ფაქტი რელევანტური მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ გააქარწყლა.

10. სააპელაციო პალატამ სადავო ქონების პრივატიზაციისთვის გაღებულ თანხასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ დაასახელა ვერცერთი ლოგიკური მიზეზი, რატომ გადაიხდიდა უძრავი ქონების პრივატიზაციის საფასურს მოსარჩელე, თუ შემხვედრი ვალდებულება გარდაცვლილ პირს არ უკისრია, შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ ხსენებული თანხაც განხილული უნდა ყოფილიყო სამკვიდრო პასივად, ანუ ისეთ ვალდებულებად, რომლის დაბრუნება, ან დაუბრუნებლობის შემთხვევაში - შემხვედრი ვალდებულების შესრულებაც, იმ გარდაცვლილი პირის ვალდებულება იქნებოდა, რომლის სამკვიდროც სახელმწიფომ მიიღო.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტურად გადანაწილების პირობებში, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა გარემოება, რომ გარდაცვლილ პირს, რომლის ქონებაც, როგორც უმკვიდრო, სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა, მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებები გააჩნდა. ხსენებული გარემოებების სამტკიცებლად მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულება და პრივატიზაციის განსახორციელებლად გადახდილი თანხის ქვითარი წარმოადგინა. სასამართლოს მითითებით, გარდაცვლილი პირის მიერ სასესხო ვალდებულების შესრულება საქმის მასალებით არ დასტურდება. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ქონების პრივატიზაციისთვის გაწეულ ხარჯს, მოპასუხე მხარემ სასამართლოს წინაშე ვერ დაასაბუთა, რომ იგი შემხვედრი ვალდებულების არარსებობის პირობებში განხორციელდა, რაც აღნიშნული თანხის სამკვიდრო პასივად განხილვის საფუძველს ქმნიდა.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

17. საკასაციო საჩივრის თანახმად:

17.1. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს, როდის დაირეგისტრირა სახელმწიფომ უმკვიდრო ქონების სახით გადაცემული ერთი კონკრეტული აქტივი (უძრავი ქონება). მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს მიერ 2015 წლის 27 აპრილს მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა მსესხებლის ქონების უმკვიდროობა. შესაბამისად, მსესხებლის სამკვიდრო ქონების როგორც აქტივის, ისე პასივის მიმღები ამ დროიდან გახდა სახელმწიფო და ეს იმთავითვე ცნობილი იყო მოსარჩელისთვის, რომელმაც თავად წარადგინა სარჩელი ქონების უმკვიდროდ ცნობის მოთხოვნით. შესაბამისად, პალატის განმარტება, რომ 2016 წლის 26 დეკემბრამდე, ანუ ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციამდე მოსარჩელისათვის უცნობი იყო, თუ ვის უნდა ეგო პასუხი მსესხებლის მიერ აღებულ ვალდებულებებზე, აბსოლუტურად უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან;

17.2. სასამართლო იშველიებს მოსარჩელის მიერ სააგენტოში 2016 წლის 05 დეკემბერს წარდგენილ განცხადებას და განმარტავს, რომ ამ განცხადების შეტანითა და სააგენტოს 2017 წლის 03 თებერვლის პასუხით, მოსარჩელეს არ გაუშვია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა, აღსანიშნავია, თუ რა მოთხოვნა ჰქონდა სააგენტოში წარდგენილი მოსარჩელეს. სააგენტოში წარდგენილი არცერთი წერილით მოსარჩელეს სახელმწიფოსათვის, როგორც უმკვიდრო ქონების მიმღებისათვის, არ მოუთხოვია მსესხებლისთვის სესხის სახით გადაცემული თანხის უკან დაბრუნება. მისი მოთხოვნა მარტოოდენ მიმართული იყო სხვენის საკუთრებაში გადაცემისკენ, რაზეც, რა თქმა უნდა, სააგენტოსაგან ეთქვა უარი, ვინაიდან სხვენის მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაცემის საფუძვლები არ არსებობდა;

17.3. მოსარჩელეს, მინიმუმ 2015 წლის 27 აპრილიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა სახელმწიფოს სახით მსესხებლის უფლებამონაცვლედ ცნობის საკითხი, 6 თვის განმავლობაში უნდა წარედგინა მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაბრუნების თაობაზე, რაც მას არ განუხორციელებია 2018 წლის თებერვალში სარჩელის შეტანამდე, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია;

17.4. პრივატიზაციის ხარჯების ანაზღაურებაზე რაიმე სახის ხელშეკრულება მხარეთა შორის არ ყოფილა გაფორმებული, შესაბამისად, ურთიერთობა უნდა დარეგულირებულიყო დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების ან უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით (კანონისმიერი საფუძველი), რაც სასამართლოს არ გამოუყენებია;

17.5. 2005 წლიდან გასულია ასევე უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე, გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის 10-წლიანი ზოგადი ხანდაზმულობის ვადაც.

18. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

19. სსკ-ის 1488-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება (იხ. სუსგ საქმე №ას-171-160-2017, 18 აპრილი, 2017 წელი).

21. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის - მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე გააკეთებს მითითებას ამის თაობაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-143-136-10, 7 ოქტომბერი, 2010 წელი).

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრედიტორს მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენა ევალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების (სამკვიდროს გახსნის) შესახებ (სსკ-ის 1487-ე მუხლი) და იმ მემკვიდრეების შესახებ, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობის დროს მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან შეუძლებელია მოთხოვნის წარდგენა, თუ არ არის განსაზღვრული ამ მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირთა წრე (მემკვიდრეები, რომლებმაც მიიღეს მოვალის სამკვიდრო) (იხ. სუსგ საქმე №ას-171-160-2017, 18 აპრილი, 2017 წელი).

23. განსახილველ შემთხვევაში სადავო ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრება 2016 წლის 26 დეკემბერს დარეგისტრირდა. მოსარჩელეს კი მოპასუხისთვის განმეორებით მიმართული ჰქონდა 2016 წლის 5 დეკემბერს, რაზეც პასუხი 2017 წლის 3 თებერვალს ანუ ქონების მის სახელზე რეგისტრაციის შემდგომ გაეცა, ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეს დაცული ჰქონდა ხანდაზმულობის სპეციალური ვადები. ამასთან, კასატორის შედავება, რომ ხანდაზმულობის ვადა არ უნდა ათვლილიყო უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღიდან, უსაფუძვლოა, რადგან უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი