Facebook Twitter

საქმე №ას-624-2023 27 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ფ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ს–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - თ.ლ–ძე, თ.მ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.ს–ს (შემდგომში - „მოსარჩელე“) და შპს „ს.კ.ს–ოს“ (შემდგომში - „კომპანია“) შორის 03.06.2016 წელს გაფორმდა სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება, 12 თვის ვადით. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 1000 ლარი გადასცა კომპანიას.

2. მოსარჩელემ ზემოაღნიშნულ კომპანიასთან 02.08.2016 წელს გააფორმა მეორე სესხის ხელშეკრულება და დამატებით გადასცა 15000 ლარი, 12 თვის ვადით. სესხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 16 000 ლარი.

3. მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები შეუსრულებელია.

4. კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა დანაშაულებრივი გზით გაფლანგეს მოსარჩელის მიერ კომპანიისათვის სარგებლიანი სესხის სახით გადაცემული თანხები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, დგინდება, რომ კომპანია რეგისტრირებულია 2013 წლის 14 აგვისტოს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. კომპანიის ერთპიროვნული დამფუძნებელი იყო თ.მ–ი (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა თ.ლ–ძე (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), თუმცა კომპანიის საქმიანობას, ფაქტობრივად, სრულად წარმართავდა პირველი მოპასუხის მეუღლე მ.ფ–ძე (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“ ან „კასატორი“). კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში კომპანიამ მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა კომპანიას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, კომპანიის დირექტორმა, მეორე მოპასუხემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მესამე მოპასუხის წაქეზებითა და პირველი მოპასუხის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, სესხები გასცა როგორც თავად მესამე მოპასუხის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამურად სესხის სახით მესამე მოპასუხეზე გაიცა მოქალაქეთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს „გ–ზე“- 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც უკან არ დაბრუნებულა და მესამე მოპასუხემ პირადი შეხედულებისამებრ გამოიყენა. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, კომპანიამ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

6. ზემოაღნიშნული განაჩენით (საქმე N1/719-17) მოპასუხეები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა) და სასჯელის სახედ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა სხვადასხვა ვადებით.

7. ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩლე ცნობილია დაზარალებულად.

8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვა მათთვის 16 000 ლარის სოლიდარულად დაკისრება.

9. მესამე მოპასუხემ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებაზე უარი განაცხადა, ხოლო პირველ და მეორე მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ.

10. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2021 წლის 10 დეკემბერს შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 16 000 ლარის გადახდა.

11. საქალაქო სასამართლოს მითითებით, პირველ და მეორე მოპასუხეს სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ჩაბარდათ 2021 წლის 31 მარტს, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2021 წლის 02 აპრილის მიმართვაზე თანდართული ხელწერილის მიხედვით, მესამე მოპასუხემ უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე. ვინაიდან მესამე მოპასუხის მიერ გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის ხელწერილზე თარიღი მითითებული არ იყო, მის მიერ ჩაბარებაზე უარის თქმის თარიღად სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სასამართლოსადმი მიმართვის თარიღი - 02.04.2021 წელი მიიჩნია.

12. მოპასუხეებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. ამასთან, მოპასუხეებს არც შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ მიუმართავთ სასამართლოსათვის.

13. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 2321-ე მუხლებით და, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 992-ე და 998-ე მუხლების საფუძველზე, მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

14. საქალაქო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები და სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

15. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მესამე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

16. საჩივრის ავტორის მითითებით საქმის მასალებში არ იყო რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მის მიერ სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებაზე უარის თქმის ფაქტი დადასტურდებოდა. მისი განმარტებით, როდესაც პატიმარი უარს აცხადებს დოკუმენტის ჩაბარებაზე, პენიტენციური დაწესებულების სამი თანამშრომელი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელი თვითონ პატიმარმაც უნდა მოაწეროს. ამასთან, საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მოსარჩელემ თანხა გადასცა საფინანსო კომპანიას, რომელმაც დააზარალა ის. თვითონ მას კი არცერთი კანონი არ ავალდებულებს აუნაზღაუროს მოსარჩელეს შპს „ს.კ.ს–ოს“ მიერ მიყენებული ზიანი.

17. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განჩინებით, მესამე მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

18. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საჩივრის ავტორის განმარტება, რომ თუ პატიმარი უარს აცხადებს გზავნილის ჩაბარებაზე, აღნიშნულზე ოქმს პენიტენციური დაწესებულების სამი თანამშრომელი ადგენს და ხელს აწერს თვითონ პატიმარიც. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებზე, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ ადრესატმა გზავნილის ჩაბარებაზე უარი პირადად განაცხადა, მაშინ გზავნილი ჩაბარებულად ითვლება. სასამართლომ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში სამი პირის მონაწილეობით ოქმის შედგენის აუცილებლობას კანონი არ ითვალისწინებს.

19. გზავნილის ჩაბარებასთან დაკავშირებით სასამართლომ ასევე მიუთითა „პატიმრობის კოდექსის“ მე-14 მუხლის პრველი ნაწილის „აე“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს და გააგზავნოს კორესპონდენცია. სასამართლომ ასევე მიუთითა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N6 პენიტენციური დაწესებულების დებულების “ მე-14.1 და 41.2 მუხლებზე, რომელთა თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კორესპონდენციის, ბრალდებულთა /მსჯავრდებულთა წერილების, მოთხოვნების, საჩივრების, წინადადებების და განცხადებების აღრიცხვას, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზებას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება.

20. სასამართლოს განმარტებით, სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელმა უზრუნველყო სასამართლო გზავნილის მესამე მოპასუხისათვის მიწოდება ,ვინაიდან ამ უკანასკნელმა გზავნილის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, დაწესებულების თანამშრომელმა შესაბამისი აღნიშვნა გააკეთა ხელწერილზე, ხოლო დაწესებულებამ ხელწერილის სასამართლოში გადაგზავნა უზრუნველყო. როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, ასევე „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონით, გზავნილის მიღება მხარის ვალდებულება კი არა მისი უფლებაა. მხარემ თავად უნდა გადაწყვიტოს რომელი უფლებით ისარგებლებს - ჩაიბარებს გზავნილს თუ უარს განაცხადებს მის ჩაბარებაზე. გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ გზავნილის მიმტანის ხელმოწერა და იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ მხარემ უარი განაცხადა ჩაბარებაზე. უარის თქმის საფუძვლის აღნიშვნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

21. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე, 233-ე და 241-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

22. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე მოპასუხემ

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

24. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა, რომ მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე როგორც ვერ დაადასტურა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მესამე მოპასუხეს სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

25. რაც შეეხება დავის არსებით მხარესთან დაკავშირებულ აპელანტის პრეტენზიას, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

26. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მესამე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

27. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

27.1 მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე თანხა ასესხა კომპანიას. კასატორს მათთვის არასახელშეკრულებო ზიანი არ მიუყენებია;

27.2 პირველი ინსტანციის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული პენიტენციური დაწესებულების რომელმა თანამშრომელმა არ ჩააბარა მას სარჩელი.

27.3 სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სასესხო და დელიქტური ურთიერთობა ერთ ცნებაში მოაქცია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმე დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება, რასაც კასატორი არ ეთანხმება, ვინაიდან წარდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს დელიქტიდან გამომდინარე დავებისათვის დადგენილ სტანდარტულ ოთხ კომპონენტს, კერძოდ, მესამე მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივ კავშირს. ამ კომპონენტებიდან ერთ-ერთის არარსებობის შემთხვევაში კი, დაუშვებელია საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა დელიქტური სამართლის ნორმებზე დაყრდნობით. მოსარჩელეს ძირითად მტკიცებულებად წარდგენილი აქვს სესხის ხელშეკრულება, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს მხოლოდ მხარეთა ნების გამოხატვის პირველად წერილობით დოკუმენტს. სესხის ხელშეკრულება არ წარმოადგენს იმ უტყუარ მტკიცებულებას, რომელიც ადგენს დელიქტის არსებობას და ზიანის ოდენობას;

27.4 სასამართლოს საქმის განხილვისას უნდა ეხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით და მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით. სასამართლომ საქმე გადაწყვიტა მოსარჩელის მიერ მითითებული სამართლებრივი ნორმებით, თანაც ისე, რომ არ გამოიკვლია მესამე მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი;

27.5 მოსარჩელეს ზიანი მიადგა კომპანიის ხელმძღვანელების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების არაკეთილსინდისიერად და არასათანადოდ შესრულების გამო. სწორედ კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ მოხდა კომპანიიდან ფულადი თანხების მასობრივად დაბრუნება კრედიტორებისათვის, რამაც გამოიწვია კომპანიის გადახდისუუნარობა. მესამე მოპასუხის მიერ კომპანიისგან თანხის სესხება არ იყო კომპანიის გაკოტრების მიზეზი, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე სარევიზიო აქტებით და ასახულია განაჩენში, კერძოდ, აღწერილია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მესამე მოპასუხე დააბრუნებდა კომპანიაში ნასესხებ ფულად თანხებს, კომპანია მაინც ვერ გადაურჩებოდა გაკოტრებას. აშკარაა, რომ მესამე მოპასუხის ქმედება არ არის მიზეზობრივ კავშირში მოსარჩელის ზარალთან, რომელიც მას მიადგა კომპანიაში თანხის შეტანით;

27.6 სააპელაციო პალატა უთითებს, რომ კომპანიის დირექტორი - მეორე მოპასუხე, სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე და უკანონოდ გასცა სესხი მესამე მოპასუხეზე. მესამე მოპასუხე მოქმედებდა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, ხოლო მეორე მოპასუხეს, კომპანიის ხელმძღვანელს უნდა მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გამიზნული იქნებოდა კომპანიის ინტერესების სწორად წარმართვისაკენ. სწორედ ამ მიმართულებით უნდა ემსჯელა სააპელაციო სასამართლოს და კასატორი ამორიცხულიყო მოპასუხეთა სიიდან, ვინაიდან მისი ბრალეული ქმედება არ იყო მიმართული მოსარჩელისაკენ. კომპანიის ხელმძღვანელობას ჰქონდა აღებული კონპანიის სწორად წარმართვის ვალდებულება და მათ ეკისრებათ კრედიტორებისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა;

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

29. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

32. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია შესაგებლის წარუდგენლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე მიღებული განჩინების კანონიერების შემოწმება. კერძოდ, ის საკითხი, სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა თუ არა კასატორს.

33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა.

34. შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსკ-ის 2321-ე მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

36. შესაგებლის წარუდგენლობის, შესაბამისად, სარჩელის უარყოფის (არცნობის) არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ამ პროცესუალური მოქმედების განუხორციელებლობა უტოლდება სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარებას (ივარაუდება ისეთი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას). ამით მოსარჩელე თავისუფლდება ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთისაგან. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომელიც ეხება ფაქტს, მტკიცების წესს და არა სამართალს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

37. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მესამე მოპასუხისათვის ჩაბარების ფაქტი. კერძოდ, მესამე მოპასუხე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში, ასევე, სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა და მის საკასაციო საჩივრის ძირითად პრეტენზიას წარმოადგენს ის, რომ მას არ ჩაუბარებია და არც უარი განუცხადებია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებაზე.

38. სასამართლოს გზავნილის მხარისათვის ჩაბარების წესი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კანონის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

40. განსახილველ შემთხვევაში, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ შედგენილი ხელწერილებით დგინდება, რომ პირველ და მეორე მოპასუხეებს სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ჩაბარდათ 2021 წლის 31 მარტს, ხოლო მესამე მოპასუხემ (კასატორმა) უარი განაცხადა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებაზე. რამდენადაც მესამე მოპასუხის მიერ გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის ხელწერილზე თარიღი არ იყო მითითებული, სასამართლომ ჩაბარებაზე უარის თქმის თარიღად მიიჩნია პენიტენციური სამსახურის მიერ სასამართლოსადმი მიმართვის თარიღი და შესაბამისად, მესამე მოპასუხისათვის გზავნილი ჩაბარებულად ჩათვალა 2021 წლის 2 აპრილს.

41. მოპასუხეებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. ამასთან, მოპასუხეებს არც შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ მიუმართავთ სასამართლოსათვის, რაც გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

42. ვერც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრითა და ვერც სააპელაციო საჩივრით მესამე მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ასევე ვერ მიუთითა ამავე კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზებზე, რისი მტკიცების ტვირთიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩირებული განჩინება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

44. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

45. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი