Facebook Twitter

საქმე №ას-1250-2023 1 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ჯ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩოს გაზრდილი ოდენობით გადახდის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის არსებითი განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ.ჯ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე სს „ს.რ–ას“ მოსარჩელე ზ.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1 900 ლარის გადახდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; ასევე, მოპასუხე სს „ს.რ–ას“ მოსარჩელე ზ.ჯ–ძის სასარგებლოდ 2022 წლის 01 ივლისიდან დაეკისრა სარჩოს გადახდა ყოველთვიურად 1015 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.რ–ამ“, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით „ს.რ–ის“ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გაშვების გამო დარჩა განუხილველი.

4.ზემოაღნიშნული განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა „ს.რ–ამ,“ რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება. საჩივრის ავტორის მითითებით მას არ გაუშვია გასაჩივების ვადა, რადგან განჩინება არ ჩაბარებიათ, შესაბამისად, არასწორადაა დადგენილი, რომ მოპასუხეს გადაწყვეტილების ჩაბარების ვადა ამოეწურა 2023 წლის 13 იანვარს და ამიტომ გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 31 დეკემბრიდან.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 259-1-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

9. ამავე კოდექსის 259-1-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

10. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საპროცესო ვადის დამთავრების დრო. კერძოდ, ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

13. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დასრულების შემდეგ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2022 წლის 30 ნოემბერს. მოპასუხის წარმომადგენელს, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით, რაც დასტურდება საქმეში არსებული დგენილი ხელწერილით. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2022 წლის 30 ნოემბერს, ხოლო სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გადაწყვეტილების ჩაბარების ვადა ამოიწურა 2022 წლის 30 დეკემბერს, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 31 დეკემბრიდან.

14. 2022 წლის 30 დეკემბერს ფოსტის მეშვეობით მოპასუხემ წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების ჩაბარება, თუმცა თავად სასამართლოში არ გამოცხადებულა, შესაბამისად, მისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 31 დეკემბერს და ამოიწურა 2023 წლის 13 იანვარს, ამდენად, სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 13 იანვარს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მხარემ წარადგინა 2023 წლის 22 მაისს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის შედავებას, რომ მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა. კერძო საჩივრის ავტორის მითითება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).

16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გაშვების გამო. ამგვარად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.რ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე