საქმე № ას-1027-2023 25 ოქტომბერი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.ე–ი (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს “A..“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 02 მაისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.ე–ის (შემდეგში: მოპასუხე, მსესხებელი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „A..“-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან გამსესხებელი) სარჩელი მოპასუხის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ.
2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც, არასწორად დაასკვნა, რომ მოპასუხემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა. სასამართლოს არ დაუდგენია, როდის შეწყდა ხელშეკრულება ან თუ გაგრძელდა, რა თანხა უნდა გადაეხადა მსესხებელს გამსესხებლისთვის. ამასთან, არც ის გარემოება გაუთვალისწინებია, რომ მოსარჩელის მიერ არასრულადაა წარდგენილი გადახდის ქვითრები, რითაც იგი მალავს მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის ოდენობას. სასამართლომ ასევე უსაფუძლოდ არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა მოწმის დაკითხვაზე, რომელიც ესწრებოდა სადავო ხელშეკრულების გაფორმებას და იხდიდა სესხის თანხებს.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)
8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
8.1. 2014 წლის 27 იანვარს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებელმა მსესხებელს სესხად გადასცა 15 000 აშშ დოლარი, ორი კვირით, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით, რომელიც მსესხებელს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების დადებიდან ყოველი სრულად შესრულებული მომდევნო კალენდარული თვის 24 რიცხვში. სარგებელი დაირიცხებოდა 2014 წლის 27 თებერვლიდან, იმ დღეს არსებული ეროვნული კურსის შესაბამისად;
8.2. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება (მდებარე, ქ.თბილისი, ......., ბინა N1, ფართი 53.00 კვ.მ. ს/კ N ......); იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში;
8.3. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მსესხებელი აგრძელებდა სესხზე დარიცხული სარგებლის გადახდას 2018 წლის ივლისის ჩათვლით. სალაროს შემოსავლის ორდერების უმრავლესობაში გადახდის დანიშნულებად მითითებულია „სესხის სარგებელი“, ხოლო 2017 წლის 26 სექტემბრის, 2018 წლის 17 მარტისა და 17 ივლისის გადახდების დანიშნულებაში მითითებულია „სესხის თანხა“, რაც გამსესხებელმა ჩათვალა ძირითადი თანხის ანგარიშში (ჯამურად 3000 ლარი, იმ დროისთვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად - 1622.89 აშშ დოლარი).
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
10. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული (იხ. სუსგ საქმე №ას-1220-1480-09, 25.05.2010 წ.).
11. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის მის მიერ გადახდილი თანხების დანიშნულებასა და მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების გაგრძელების ფაქტს. ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს უნდა გაეთვალისწინებინათ ის ფაქტი, რომ მოსარჩელე არასრულად წარდგენილი გადახდის ქვითრებით ფარავს მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის ოდენობას.
12. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.2 მუხლის შინაარსს, რომლის მიხედვით, ხელშეკრულება მოქმედებს ამ ხელშეკრულების მე-2 პუნქტში აღნიშნული თანხების სრულად გადახდამდე (იხ. ტ. 1. ს.ფ. 17). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ 2-კვირიან ვადაში ვერ დაფარა სესხი და იგი 2018 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდულად იხდიდა სხვადასხვა რაოდენობის თანხებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მსესხებლის მიერ თანხის პერიოდული გადახდით გაგრძელდა მხარეთა შორის სესხის დაბრუნების ვადა. აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ კი, მოპასუხეს არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია.
13. რაც შეეხება მსესხებლის მიერ გადახდილი თანხების დანიშნულებას, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს შემდეგს: დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება (სსკ 429-ე მუხლი). შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში (იხ. სუსგ საქმე №1541-1547-2011, 19 აპრილი, 2012 წელი).
14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მსესხებლის მიერ გადარიცხული თანხების უმრავლესობის დანიშნულებაში მითითებულია „სესხის სარგებელი“, ხოლო 2017 წლის 26 სექტემბრის, 2018 წლის 17 მარტისა და 17 ივლისის გადახდების დანიშნულებაში მითითებულია „სესხის თანხა“ (იხ. ტ. 1. ს.ფ 22-39). ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც წარდგენილი მტკიცებულებები ნათლად და არაორაზროვნად ადასტურებენ მსესხებლის მიერ გადახდილი თანხების მიზნობრიობას, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ აღნიშნული საკითხის არასწორად შეფასების შესახებ. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ამ გარემოების დამტკიცების მოვალეობა მსესხებელს (მოპასუხეს) და არა გამსესხებელს ეკისრებოდა, რაც ასევე საფუძველს აცლის კასატორის მოსაზრებას გამსესხებლის მიერ გადახდის ქვითრების არასრულად წარდგენის გამო მისი პოზიციის გაზიარების შესახებ.
15. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლოებმა უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა სადავო საკითხის (სესხის ძირითადი თანხის დაფარვა) დადგენის მიზნით საქმეზე მოწმის დაკითხვის თაობაზე.
16. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, „იმ შემთხვევაშიც, თუ სესხის ხელშეკრულებაში მხარეები არ გაითვალისწინებენ ვალდებულების შესრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას, სასესხო ურთიერთობების სამართლებრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ზეპირი ფორმით სასესხო ვალდებულების შესრულების ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებს სადავო ფაქტს (მაგალითად, უშუალოდ კრედიტორის წერილი, თუნდაც მესამე პირისადმი მიმართული, რომელშიც მითითებულია ინფორმაცია ვალდებულების შესრულების თაობაზე, ან/და კრედიტორის მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ ვალდებულების მიღებაზე და სხვა). ამდენად, სასესხო ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი) მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად. ეს თავისებურება განპირობებულია მატერიალურ-სამართლებრივი წესით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება, გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით“. „... ამდენად, სასესხო ურთიერთობებში კანონი „არ ენდობა“ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს (ამ შემთხვევაში მოწმის ჩვენების, როგორც არაპირდაპირი (ინდიციური) მტკიცებულების შეფასება, ემპირიული წესების საფუძველზე ხორციელდება სხვა მტკიცებულებთან შეფასების გზით). აქედან გამომდინარე, კანონი მიუთითებს არა მხოლოდ გამსესხებლის უფლებაზე, არამედ „ხელშეკრულების ნამდვილობაზე“, რაც მოიცავს როგორც გამსესხებლის უფლებას, ასევე, მსესხებლის ვალდებულებას (ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების საგნის მსესხებელზე საკუთრებაში გადაცემის და შემდეგ მისი მიღების ფაქტის დადგენა ემორჩილება ერთსა და იმავე წესს.), შესაბამისად, მითითებული დანაწესის მიზნებიდან გამომდინარე, სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზეპირი ფორმით ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით“ (იხ. სუსგ საქმე №ას-872-830-2013, 17 ოქტომბერი, 2014 წელი).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სასესხოსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი მატერიალური ნორმები და სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ე–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. მ.ე–ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 525 ლარი, დარჩეს ბიუჯტში გადახდილად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე