საქმე №ას-835-2023 25 ოქტომბერი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჰ–ო“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნარდობის საფასურის გადახდა, პირგასამტეხლოს შემცირება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი, ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „ჰ–ოს“ (შემდეგში: მოსარჩელე ან კომპანია) სარჩელი, ხოლო ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი და კომპანიას მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 278 261.85 ლარის გადახდა, ხოლო 76 043.5 ლარის დაკისრებაზე უარი ეთქვა.
2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმის გარემოებები და არ გაითვალისწინა რომ მოსარჩელეს ვალდებულების შესრულების მიმართ განსაკუთრებული ინსტერესი ჰქონდა, რაც გამომდინარეობდა მაღალი საჯარო ინტერესიდან, ქალაქში დროულად მოწესრიგებულიყო გზის საფარი.
3. კასატორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით 76 043.5 ლარის მოთხოვნის თაობაზე გაიქვითა და დარჩენილი ნაწილი 4 561.93 ლარი უნდა დაკმაყოფილებულიყო ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
8.1. მხარეთა შორის 2018 წლის 30 აპრილს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N06/20 ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე ასფალტ/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესახებ. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღე -2019 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი. სამუშაოების ღირებულებაა 1 221 776 ლარი. ხელშეკრულების 9.1 პუნქტით გათვალისწინებულია მიმწოდებლის (შპს ჰ–ო) მიერ სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო ერთჯერადად შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5%-ის ოდენობით, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეუსრულებელი ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. ხელშეკრულების მე-8 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს შპს „ო.გ..“ (ტ.1,ს.ფ. 30-32).
8.2. კომპანიამ, 2018 წლის 31 ივლისს წერილით მიმართა მერიას, მოითხოვა N06/20 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასასრულებლად ვადის გაგრძელება 2018 წლის 28 სექტემბრამდე, წერილში მითითებულია, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით რუსთავში აღინიშნა უხვი ნალექი, რამაც გამოიწვია სამშენებლო ობიექტის დატბორვა და სამუშაოების დიდი ხნით შეფერხება. მიმდინარეობდა ნალექისგან სამშენებლო ობიექტის გაწმენდითი სამუშაოები. 2018 წლის 14 აგვისტოს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ჰ–ოს შორის წერილობით გაფორმდა N06/20 ხელშეკრულებაში ცვლილება N1, რომლითაც შეიცვალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა და განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 126 დღით (2018 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით).
8.3. კომპანიის დირექტორმა, იმავე წლის 31 აგვისტოს კვლავ მიმართა მერიას და მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასასრულებლად ვადის გაგრძელება 2018 წლის 1 ოქტომბრამდე. წერილში მითითებულია, რომ მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 30 ივნისამდე სამუშაოები გაჩერებული იყო 10 დღე, ივლისში 18 დღე უხვი ნალექის გამო. უხვმა ნალექმა ასევე გამოიწვია ქალაქ რუსთავში უბნების დატბორვა. ასევე აგვისტოს თვეში ქალაქ რუსთავში აღინიშნა 11 ნალექიანი დღე (4,5,9,10,11,18,19,20,25,26,27 აგვისტო). ნალექიანი დღეების გამო სამშენებლო ობიექტზე სამუშაოები გაჩერებული იყო 19 დღე. 2018 წლის 3 სექტემბერს მხარეთა შორის წერილობით გაფორმდა N06/20 ხელშეკრულებაში ცვლილება N2, რომლითაც შეიცვალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა და განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 137 დღით (2018 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით).
8.4. 2018 წლის 20 ივნისს შპს „ო.გ..“ შეადგინა ინსპექტირების ანგარიში, რომლის მიხედვით, კომპანიამ ფაქტიურად შეასრულა 74 249.09 ლარის სამუშაო. მერიის მიერ გადახდილია 2018 წლის 27 ივნისს 58 137 ლარი და 8 687,18 ლარი. 2018 წლის 11 ივლისს შპს „ო.გ..“ შეადგინა ინსპექტირების ანგარიში, რომლის მიხედვით, კომპანიის მიერ ფაქტიურად შესრულებულია 98 136,01 ლარის სამუშაო. მერიის მიერ გადახდილია 2018 წლის 12 ივლისს 11 481,91 ლარი და 76 840,50 ლარი. 2018 წლის 24 სექტემბერს შპს „ო.გ..“-ის მიერ შედგენილია ინსპექტირების ანგარიში, რომლის მიხედვით, კომპანიის მიერ ფაქტიურად შესრულებულია 167 883,37 ლარის სამუშაო. მერიის მიერ გადახდილია 2018 წლის 25 სექტემბერს 18 336,05 ლარი და 122 710,45 ლარი. 2018 წლის 4 ოქტომბერს შპს „ო.გ..“-ის მიერ შედგენილია ინსპექტირების ანგარიში, რომლის მიხედვით, კომპანიის მიერ ფაქტიურად შესრულებულია 114 724,17 ლარის სამუშაო. მერიის მიერ გადახდილია 2018 წლის 10 ოქტომბერს 72 429,02 ლარი და 10 822,73 ლარი. 2018 წლის 4 ნოემბერს შპს „ო.გ..“-ის მიერ შედგენილია ინსპექტირების ანგარიში, რომლის მიხედვით, კომპანიის მიერ ფაქტიურად შესრულებულია 73 843 ლარის სამუშაო. მერიის მიერ გადახდილია 2018 წლის 10 ნოემბერს 1 010,14 ლარი, 16 ნოემბერს 6 760,189 ლარი. 2018 წლის 16 ნოემბერს დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდევინების მიზნით დაკავებულა 11 535,80 ლარი და 77 201,11 ლარი. 2019 წლის 14 თებერვალს შპს „ო.გ..“-ის მიერ შედგენილია ინსპექტირების ანგარიში, რომლის მიხედვით, კომპანიის მიერ ფაქტიურად შესრულებულია 185 980,03 ლარის სამუშაო. მერიის მიერ გადახდილია 2019 წლის 22 თებერვალს 90 187,17 ლარი, 21 759,66 ლარი. 2019 წლის 22 თებერვალს დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდევინების მიზნით დაკავებულია 55 435,20 ლარი.
8.5. მერიამ 2019 წლის 1 ივლისს წერილით მიმართა კომპანიას და აცნობა, რომ ცალმხრივად წყვეტს 2018 წლის 30 აპრილის N06/20 ხელშეკრულებას ხელშეკრულების 10,4 პუნქტის და სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2019 წლის 1 ივლისიდან. წერილში ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მითითებულია, რომ მენარდემ ნაკისრი ვალდებულება სრულად და დროულად არ შეასრულა. შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 714 815,67 ლარს., ხოლო შეუსრულებელია 506 960,23 ლარის სამუშაოები. სამუშაოები შეჩერებულია და არ არის დასრულებული. 2019 წლის 21 ივნისის N02/9187 წერილით კომპანიას ეცნობა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტი გადის ხელშეკრულებიდან. წერილში ასევე მითითებულია, რომ მენარდეს ერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის არსებული თანხით.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორის პრეტენზიის გათვალისწინებით სადავო საკითხს კომპანიისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
10. საკასაციო სასამართლო უპირველესად პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალების შესახებ განმარტავს, სსკ-ის 417-ე მუხლი „პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის“.
11. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).
13. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლო ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016). პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
14. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
15. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინასწარაა განსაზღვრული, კეძოდ ვალდებულების დარვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).
16. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, შესასრულებელია იყო ასფალტბეტონის საფარის სამუშაოები, რომლის არსებითი პირობები და ხარისხი განსაზღვრული იყო, კერძოდ, ხელშეკრულების მიხედვით დადგენილი იყო ასფალტბეტონის სისქე და სხვა ტექნიკური მონაცემები.
17. სამუშაოების შემოწმების, ექსპერტიზისა და ინსპექტირების დასკვნებით დასტურდება, რომ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაო არ შეესაბამებოდა ტექნიკურ რეგლამენტსა და ხელშეკრულების პირობებს, ამასთან, განსაზღვრულ ვადაში სრულად არ შესრულებულა სამუშაოები.
18. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და ინსპექტირების აქტით დასტურდება, რომ კომპანიის მიერ დაგებული ასფალტ/ბეტონის საფარი გზის გარკვეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამება ამ სფეროში ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს და ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს. კერძოდ, კომპანიას გზის გარკვეულ ნაწილზე ა/ბეტონის ძველი საფარის დემონტაჟი არ განუხორციელებია, ძირითადად მოეწყო გზის საფარის ქვედა ფენა, ტროტუარების ნაწილი, ხოლო დაგებული ასფალტი გზის გარკვეულ მონაკვეთებზე დადგენილზე ნაკლები ხარისხის იყო. ამასთან, დაგებულმა გზის საფარმა განიცადა დეფორმაცია. გზის საფარის დეფორმაციის ფაქტი მითითებულია ექსპერტიზის დასკვნასა და ინსპექტირების აქტში. ექსპერტიზის დასკვნაში დეფორმაციის გამოწვევი მიზეზი მითითებული არ არის, თუმცა ინსპქტირების აქტის თანახმად, დეფორმაციის მიზეზია გზაზე დიდი ტვირთამწეობის მანქანების მოძრაობა. დადგენილია, რომ დეფორმაციის მიზეზია როგორც უხარისხოდ გზის საფარის დაგება, ასევე სამუშაოების არასრულად და დაგვიანებით შესრულება. მენარდემ, გარდა იმისა რომ სამუშაოს ნაწილი უხარისხოდ შეასრულა, გზის საფარის დაგების ყველა ეტაპის სამუშაო არ შეასრულა, ძირითადად ასფალტის საფარის ქვედა ფენა და ტროტუარის ნაწილი მოაწყო. ამასთან, სამუშაოები რამდენიმეთვიანი ვადის გადაცილებით შეასრულა. სამუშაოების რამდენიმეთვიანი დაგვიანების გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქუჩაზე საგზაო მოძრაობა ვერ აიკრძალებოდა. სამუშაოებიდან ძირითადად შესრულდა ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობის გამო გზის საფარმა განიცადა დეფორმაცია.
19. ინსპექტირების აქტით დეტალურად არის განსაზღვრული ნაკლის გამოსასწორებლად საჭირო სამუშაოები და ისინი შეფასებულია 278 261,85 ლარით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მერიამ რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე გზის ასფალტის საფარის დაგების სამუშაოების შესასრულებლად გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რაც იმას ადასტურებს, რომ სამუშაოები ხელახლა შესრულდა.
20. საკასაციო სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების ვადაგადიცილებით შესრულების შესახებ განმარტავს, რომ გარკვეული ტიპის ხელშეკრულებში ვალდებულების შესრულების ვადას დიდი მნიშვნელობა აქვს და კრედიტორის განსაკუთრებული ინტერესი სწორედ შეთანხმებულ დროში ვალდებულების შესრულებაა.
21. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულია სამუშაოების შესრულების ვადა, რაც მხარეთა შეთანხმებით ორჯერ გაგრძელდა. მენარდემ სამუშაოები ვერც საბოლოოდ შეთანხმებულ ვადაში 2018 წლის 14 სექტემბრამდე დაასრულა. იგი სამუშაოებს აგრძელებდა 2018 წლის სექტემბრის შემდეგ - 2019 წლის თებერვლის ჩათვლით.
22. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ინსპექტირების აქტებით დასტურდება 714 815.73 ლარის სამუშაოების შესრულება (სრული ხელშეკრულების ღირებულება 1 221 775.9 ლარი იყო), საიდანაც დაკავებულია პირგასამტეხლოს თანხა 144 172.11 ლარი. შესრულებული სამუშაოს საფასურიდან პირგასამტეხლო დაქვითულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ - 2018 წლის 14 სექტემბრის შემდეგ ანუ დაგვიანებით სამუშაოების შესრულებისათვის.
23. შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული პირგასამტეხლო 144 172,11 ლარი (იხ. წინა პუნქტი) არის შეუსრულებელი ღირებულების 506 960,23 ლარის 23% პროცენტი. ამავდროულად დამკვეთი მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას - ნაკლის გამოსასწორებლად აუცილებელი ხარჯის ანაზღაურებას.
24. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი თანხა არის ერთდროულად ნაკლიანი შესრულებით და ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანი. ხელშეკრულების შეუსრულებლობით კრედიტორმა განიცადა ფაქტობრივი ზიანი, რაც შეფასებულია მტკიცებულებებით და ზიანი განსაზღვრული კონკრეტული თანხით. განსახილველ საქმეში დარიცხული პირგასამტეხლოს თანხაა 220 215.61 ლარი, საიდანაც შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაქვითულია 144 172.11 ლარი. ნაკლის გამოსასწორებლად ზიანის თანხა შეადგენს 278 261.85 ლარს. შესაბამისად, ზიანის თანხა პირგასამტეხლოს აღემატება.
25. სსკ-ის 418-ე მუხლის საფუძველზე ნარდობის ხელშეკრულებაში შესაძლებელია განისაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რაც შეიძლება აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს. ამასთან, 419-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე მხარეებს ხელშეკრულების დადებისას ნების ავტონომიის პრინციპის საფუძველზე შეუძლიათ პირგასამტეხლოს განსაზღვრა მოსალოდნელ ზიანზე მეტი ოდენობით. ამასთან, ვალდებულების დარღვევის შემდეგ პირგასამტეხლო უზრუნველყოფს ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციას, რაც კრედიტორს უმსუბუქებს ზიანის მტკიცებას და ამის გამო პირგასამტეხლო ზიანის სრულად ანაზღაურებას არ უზრუნველყოფს.
26. ზიანის ანაზღაურება კრედიტორის დამოუკიდებელი მოთხოვნაა და მას პირგასამტეხლოსთან ერთად შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როცა მოვალის მიერ ზიანის ასანაზღაურებლად გადასახდელი თანხა პირგასამტეხლოს აღემატება, ზიანის ანაზღაურება სრულად უზრუნველყოფს კრედიტორის ინტერესების დაცვას, რადგან ფაქტობრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად ისახავს კრედიტორისათვის იმ თანხის გადახდას, რაც საჭიროა დაკარგული დანაკლისის სანაცვლოდ ანაზღაურებისათვის. სამეწარმეო მიზნით იურიდიული პირის მიერ დადებულ ხელშეკრულებაში მოვალე იურიდიულ პირს ფიზიკურ პირებზე მომეტებული სტანდარტით მოეთხოვება ხელშეკრულების შესრულება და მათი პასუხისმგებლობაც განსხვავებულია. თუმცა იურიდიულ პირთან პირგასამტეხლოს შესახებ დადებული შეთანხმება 420-ე მუხლის საფუძველზე შესაძლებელია შემოწმდეს თითოეული სადაო ვალდებულების გარემოებების საფუძველზე. 420-ე მუხლი არის საკანონმდებლო მექანიზმი, რამ სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, შეფასოს პირგასამტეხლოს სამართლიანობა და გონივრულობა. (იხ. სუსგ.№ას-1031-992-2016; 23.05.2017; № ას-91-2020, 10.06.2020წ განჩინება, სუსგ საქმე №ას-577-552-2016, 9 სექტემბერი, 2016 წელი).
27. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და სამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზიანის ასანაზღაურებლად გადასახდელი თანხა, დარიცხულ პირგასამტეხლოზე მეტია. პირგასამტეხლოს დიდი ნაწილი უკვე გადახდილია, რის გამოც გადახდილი პირგასამტეხლო მოვალის ფინანსური პასუხისმგებლობის გონივრული და სამართლიანი ზომაა. ამ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქცია არა აქვს, რადგან კრედიტორის მიერ ფაქტობრივად განცდილი ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად და არა სავარაუდო, ჰიპითეტურად განცდილი ზიანის სახით, რაც პირგასამტეხლოს გადახდით იქნებოდა უზრუნველყოფილი. ასეთ პირობებში მოვალისათვის ვადის გადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს სრულად დაკისრება პირგასამტეხლოს გადახდის გზით ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციას აღარ შეესაბამება, შესრულებული სამუშაოდან დაქვითული პირგასამტეხლო ვადის ხანგრძლივი გადაცილებისათვის გონივრული ფულადი სანქციაა.
28. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე