Facebook Twitter

№ას-1073-2022

08 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ჯ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ნ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ.ნ–მა (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა შპს „ჯ–ის“ (შემდეგში მოპასუხე, კასატორი) მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით (ტ.1, ს.ფ. 2-17).

1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დ.ნ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ჯ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით (დაბეგრილი).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს ,,ჯ–ის“ მმართველობის ორგანოა დირექტორთა საბჭო, რომელიც შედგება გენერალური დირექტორისგან და საბჭოს წევრებისგან. ასევე განსაზღვრულია ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები. ამავე ამონაწერიდან ირკვევა, რომ გარდა გენერალური დირექტორისა, კომპანიას ჰყავს კომერციული დირექტორი, ოპერაციული დირექტორი და ასევე ფინანსური დირექტორი, რომლის პოზიციაზეც დასაქმებული იყო დ.ნ–ი.

5.2. საგადახდო დავალებების მიხედვით, მოსარჩელეს 2019 წლის 10 ოქტომბერს ხელფასის სახით მიღებული აქვს 1470 ლარი, 2019 წლის 29 ოქტმბერს ხელფასის ავანსი - 150 ლარი, 2019 წლის 01 ნოემბერს - 1320 ლარი ხელფასის სახით, 2019 წლის 15 ნოემბერს ხელფასის ავანსი - 500 ლარი, 2019 წლის 03 დეკემბერს ხელფასი 571 ლარი, 2019 წლის 30 დეკემბერს ხელფასი 1470 ლარი, 2020 წლის 30 იანვარს ავანსი - 1000 ლარი, ხოლო 2020 წლის 20 მარტს - 500 ლარი ავანსის თანხა.

5.3. დ.ნ–ი შპს „ჯ–ში“ მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის აპრილამდე პერიოდში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.4. პალატამ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობა. მოპასუხის, როგორც ფინანსური დირექტორის საქმიანობა უდავოდ იყო ანაზღაურებადი და მისთვის ჩარიცხული ავანსებისა და ხელფასის ოდენობების გათვალისწინებით ყოველთვიურად შეადგენდა 1470 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, მისი ყოველთვიური ხელფასი ხელზე ასაღები ოდენობით განსაზღვრული იყო 1500 ლარით, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოპასუხე მიუთითებდა იმ გარემოების შესახებ, რომ მოსარჩელეს ხელფასი 1470 ლარის ოდენობით მიეცა მხოლოდ ორჯერადად, შემდგომ კი მისი ხელფასი შეადგენდა 1000 ლარს, თუმცა აღნიშნული პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელისთვის, გარდა ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებისა, დეკემბრის თვეშიც ჩარიცხული იყო ხელფასი 1470 ლარის ოდენობით, ამასთან, სხვა პერიოდში ეტაპობრივად ჩარიცხული თანხები რიგ შემთხვევაში წარმოადგენდა ავანსის თანხას, რომელიც ჩაითვლებოდა შემდგომი თვის ხელფასში.

5.5. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე დ.ნ–თან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა 2020 წლის აპრილის თვიდან, თუმცა მასთან საქართველოს შრომის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 34-ე მუხლით გათვალისწინებული საბოლოო ანგარიშსწორება შეწყვეტიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა არ მომხდარა და მოსარჩელის 2020 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანება მიღებული 500 ლარიანი ავანსის გათვალისწინებით, თებერვლის თვეში შეადგენდა 1000 ლარს, ხოლო 2020 წლის მარტის თვეში - 1500 ლარს.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სასამართლომ შეაფასა მხოლოდ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა და ფინანსური დირექტორის ფიქსირებული ანაზღაურების არსებობა-არარსებობის საკითხი. აღნიშნულის გარდა, საქმის მასალებით დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ ნაკისრი არსებითად მნიშვნელოვანი ვალდებულებების არაერთგზის დარღვევების ფაქტი. აღნიშნული საკითხი კი სასამართლოს არ განუხილავს და სამართლებრივი შეფასება არ მიუცია. მოსარჩელის მიერ კომპანიისთვის მიყენებული ზიანი პირდაპირ კავშირშია იმ მიზეზთან, თუ რატომ არ უნდა მოხდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

6.2. კასატორი მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის რეალურად არსებობდა დავალების ხელშეკრულება, ვინაიდან, მოსარჩელე წარმოადგენდა კომპანიის ფინანსურ დირექტორს, რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში და მასთან არ არსებობდა შრომითი ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად დაადგინა მხარეთა შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტი. ასევე არასწორად მიიჩნია, რომ დ.ნ–ის ყოველთვიური ანაზღაურება ხელზე ასაღები ოდენობით შეადგენდა 1500 ლარს, ვინაიდან, მხარეთა შეთანხმებით, მოსარჩელის ანაზღაურება დამოკიდებული იყო კომპანიაში სხვადასსხვა პროექტების წარმატებით განხორციელებასა და შესრულებაზე.

7. სართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 ნოემბრის განჩინებით, შპს „ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია შპს „ჯ–ისათვის“ დ.ნ–ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების დაკისრების კანონიერება.

13. საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ სასამართლოს, მხარეთა შორის არსებული დავა უნდა გადაეწყვიტა დავალების ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმათა დანაწესით. ნაცვლად ამისა, სასამართლომ მოცემული დავა მოაწესრიგა შრომის სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით.

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, იმ საკითხის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით).

15. „სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესატყვისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ- Nას-493-473-2016, 14.12.2016წ.).

16. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ჯ–ის“ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დგინდება რომ მოსარჩელე 2019 წლის 17 სექტემბრიდან დაინიშნა კომპანიის ფინანსურ დირექტორად. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დასტურდება, რომ შპს „ჯ–ის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად სხვა დირექტორებთან ერთად მითითებულია დ.ნ–ი. ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ამონაწერი არ შეიცავს.

17. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კასატორის მითითებით, მოსარჩელემ არაკეთილსინდისიერად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ასევე აღნიშნავს, რომ ხელმძღვანელი პირი, რომელიც უნდა ყოფილიყო სამაგალითო, პანდემიის პერიოდში სამსახურიდან წასვლისას არ უნდა ითხოვდეს სრულ სახელფასო დავალიანებას.

18. მითითებულ პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ დ.ნ–ი შპს „ჯ–ში“ დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის აპრილამდე პერიოდში, ასევე დასტურდება მის მიერ ყოველთვიურად ანაზღაურების მიღების ფაქტი. ამასთან, დგინდება, რომ მხარეთა შორის გასამრჯელოს თაობაზე შეთანხმება წერილობითი ფორმით არ დადებულა, რის გამოც საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების მიხედვით უნდა შეფასდეს გასამრჯელოს თაობაზე მხარეთა შეთანხმების არსებობა. სადავო საკითხის შესწავლისას, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედაც, რომ თავად მოპასუხე კომპანია ადასტურებს მოსარჩელის მიერ ყოველთვიურად ანაზღაურების მიღებას, თუმცა ოდენობას ხდის სადავოდ, რაც ცხადყოფს, რომ დ.ნ–ის საქმიანობა არ ატარებდა უსასყიდლო ხასიათს. რაც შეეხება ანაზღაურების ოდენობას, საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებების მიხედვით, მოსარჩელეს 2019 წლის 10 ოქტომბერს ხელფასის სახით მიღებული აქვს 1470 ლარი, 2019 წლის 29 ოქტმბერს ხელფასის ავანსი - 150 ლარი, 2019 წლის 01 ნოემბერს - 1320 ლარი ხელფასის სახით, 2019 წლის 15 ნოემბერს ხელფასის ავანსი - 500 ლარი, 2019 წლის 03 დეკემბერს ხელფასი 571 ლარი, 2019 წლის 30 დეკემბერს ხელფასი 1470 ლარი, 2020 წლის 30 იანვარს ავანსი - 1000 ლარი, ხოლო 2020 წლის 20 მარტს - 500 ლარი ავანსის თანხა. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელისთვის, გარდა ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებისა, დეკემბრის თვეშიც ჩარიცხული იყო ხელფასი 1470 ლარის ოდენობით, ამასთან, სხვა პერიოდში ეტაპობრივად ჩარიცხული თანხები რიგ შემთხვევაში წარმოადგენდა ავანსის თანხას, რომელიც ჩაითვლებოდა შემდგომი თვის ხელფასში და ვინაიდან, უდავოა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2020 წლის აპრილის თვიდან, 2020 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანება მიღებული 500 ლარიანი ავანსის გათვალისწინებით, თებერვლის თვეში შეადგენდა 1000 ლარს, ხოლო 2020 წლის მარტის თვეში - 1500 ლარს. როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებები ადასტურებს მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი დავალიანების არსებობას, ხოლო მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები, მოსარჩელის მიერ კომპანიისათვის ზიანის მიყენების შესახებ, მოცემული სამოქალაქო საქმის დავის საგანს არ წარმოადგენს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე კომპანია სათანადოდ ვერ ადასტურებს, კონკრეტულად რა პროექტების წარმატებით განხორციელებასა და შესრულებას შეუშალა ხელი მოსარჩელემ 2020 წლის თებერვლისა და მარტის თვეებში, რაზეც იყო დამოკიდებული აღნიშნულ პერიოდში დირექტორის ანაზღაურება.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს სახელფასო დავალიანების არარსებობის შესახებ და განმარტავს, რომ როდესაც საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე ეწეოდა ანაზღაურებად საქმიანობას მოპასუხესთან, ასევე იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო ანაზღაურების პერიოდულობისა და მისი ოდენობის თაობაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების სათანადოდ გაქარწყლება, სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე მართებულად დაკმაყოფილდა.

20. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. მავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, შპს „ჯ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ჯ–ს“ (………) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N6034, გადახდის თარიღი 21.10.2022) 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე