საქმე №ას-1272-2023
13 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ჯ.ი–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, მოპასუხე ი/მ ჯ.ი–ძის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხე ი/მ ჯ.ი–ძის (პ/ნ ......) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ....... მიმდებარედ, №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილი - სიტუაციურ რუკაზე (ს.ფ. 21) მითითებული - მიწის ნაკვეთი - 250 კვ.მეტრი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N19 ფართით 45 კვ.მეტრი და აღნიშნული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა სახელმწიფოს.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მათი გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განჩინებით ჯ.ი–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ.ი–ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს ამოწმებს საქმის გადაცემიდან ათი დღის ვადაში და სხვა საკითხებთან ერთად ადგენს შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო წესით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განჩინება, რომლითაც ჯ.ი–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. მიუხედავად აღნიშნული შედეგისა ჯ.ი–ძე მინც ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, ანუ, ამ შემთხვევაში სახეზეა ისეთი ვითარება, როცა სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მხარე, რომლის სასარგებლოდაცაა ეს განჩინება მიღებული, რაც არასწორია. მართალია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც საკასაციო გასაჩივრების სუბიექტებს შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლებას ანიჭებს საქმეში მონაწილე ნებისმიერ მხარეს (მოსარჩელე, თანამოსარჩელე, მოპასუხე და თანამოპასუხე), მაგრამ კანონის აღნიშნული ნორმა ზოგადად განსაზღვრავს ამ სუბიექტებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ანალოგია, რაც გულისხმობს სადავო ურთიერთობის მოწესრიგებას მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონის ან კანონმდებლობის ზოგადი პრინციპების საფუძველზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების პრინციპებიდან გამომდინარე, მხარეს, რომლის სასარგებლოდაცაა გამოტანილი გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს გაასაჩივროს იგი ზემდგომი წესით. ამგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებას ანიჭებს პირს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. დასკვნა, რომელიც ამ პრინციპიდან გამომდინარეობს, მდგომარეობს შემდეგში: თუკი მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მისი უფლება არ დარღვეულა და სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მისი დავა, მას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აღარ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამართლებრივი შემოწმებისას აღმოჩნდება, რომ იგი არასწორი და კანონშეუსაბამოა, საკასაციო სასამართლო ვერ გააუქმებს და ვერ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს იქნება კასატორის მდგომარეობის საუარესოდ შებრუნება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლიდან გამომდინარე დაუშვებელია. ამდენად, მხარეს შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება/განჩინება მთლიანად, თუ იგი მის წინააღმდეგაა გამოტანილი, ან იმ ნაწილში, რომელიც მის წინააღმდეგაა მიღებული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ჯ.ი–ძე არაუფლებამოსლია გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განჩინება, რომელიც მის სასარგებლოდ არის გამოტანილი.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განჩინება, რომლითაც ჯ.ი–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, მოგებული მხარის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება გამოიწვევს მხოლოდ და მხოლოდ საქმის განხილვის და მასზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურებას, სხვა სამართლებრივი შედეგის მიღების პერსპექტივა კი მოგებული მხარის საკასაციო საჩივარზე არ არსებობს. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 284–ე, 285–ე, 391–ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ.ი–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია