Facebook Twitter

№ას-1309-2021

07 ივლისი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი.მ–ვი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.მ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, დემონტაჟი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.მ–მა სარჩელი აღძრა ქ.მ–ის (შემდეგში მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, ....... მდებარე, N .......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ი.მ–ვის კუთვნილი 88 კვ.მ. ფართის შესასვლელში ამოშენებული კარის ღიობის დემონტაჟის მოპასუხისათვის დავალება, ასევე მორალური ზიანის სახით მოპასუხისთვის 3000 ლარის დაკისრება (ს.ფ. 1-13).

1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით ა.მ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ი.მ–ვი (შემდეგში მოსარჩელე, კასატორი).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ი.მ–ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 13 იანვრის განჩინებით ი.მ–ვის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ივლისის განჩინებით ი.მ–ვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. ქ. თბილისში, .... მდებარე 88.00 კვ.მ ფართი (საკადასტრო კოდით N .....) 1995 წლის 21 ივლისის N4-2039 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იყო ა.მ–ის საკუთრებად. 2018 წლის 17 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით აღნიშნული უძრავი ქონება სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე (N180386469; 12/04/2018) რეგისტრირებულია ი.მ–ვის საკუთრებად.

6.2. ქ. თბილისში, ....... მდებარე 13.57 კვ.მ ფართი (საკადასტრო კოდით N ......) 1999 წლის 16 ივნისის N1-284 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია ქ.მ–ის საკუთრებად; ამავე მისამართზე მდებარე 40.01 კვ.მ. ფართი (საკადასტრო კოდით N .......) 1999 წლის 16 ივნისის N1-284 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია ქ.მ–ის საკუთრებად.

6.3. ქ. თბილისში, ....... მდებარე უძრავი ქონების საინვენტარიზაციო გეგმით, საჯარო რეესტრის ამონაწერებით და ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს.

6.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 08 ივლისის N16/177701 წერილით ა.მ–ს ეცნობა, რომ სამსახურის სპეციალისტების მიერ ქ. თბილისში, ..... არსებული საკითხის ადგილზე შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ რ.მ–ის მიერ სამშენებლო სამუშაოები ჩატარებულია შენობა-ნაგებობის შიდა ფართში, რაც წარმოადგენს ისეთ სამშენებლო საქმიანობას, რომლის განხორციელება არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას.

6.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 17 ივლისის N004095917 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, N..... საკადასტრო კოდით აღრიცხული 88 კვ.მ ფართის მქონე ბინა მდებარეობს N ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა N3-ის (ნაწილის) მე-2 სართულზე. აღნიშნულ ბინას ფაქტობრივი მდგომარეობით გააჩნია ორი შესასვლელი კარი, რომელთაგან ერთი კარის ღიობი, რომელიც დანართ N2-ზე ნაჩვენებია წითელი ფერით, ამოქოლილი აქვს მეზობელს. კერძოდ, აღნიშნულ ნაწილში მეზობელს მოწყობილი აქვს სველი წერტილი და სათავსო. შესაბამისად, აღნიშნული კარით საკვლევ ბინაში მოხვედრა შეუძლებელია. აღნიშნულ ბინაში მოხვედრა ფაქტობრივი მდგომარეობით შესაძლებელია მხოლოდ დანართ N2-ზე მწვანე ფერით ნაჩვენები კარის ღიობით, ხოლო აღნიშნულ კართან მოხვედრა შესაძლებელია ....... ქ. 10-ში მდებარე N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა N1-ის ვერანდის და მასზე მოწყობილი კიბის გავლით (იხ. ს.ფ. 72-87).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

6.6. პალატამ მიუთითა ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართულ აზომვით ნახაზებზე, მხარეთა განმარტებებზე და საჯარო რეესტრის ამონაწერებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ამოშენებული ღიობის გახსნის შემთხვევაში, მოსარჩელე დაუკავშირდებოდა არა N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, არამედ ქ.მ–ის საკუთრებად საჯარო რეესტრში N ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართს (კერძოდ, სველ წერტილს და სათავსოს). სველი წერტილებისა და სათავსოს ქ.მ–ის ინდივიდუალურ საკუთრებად არსებობის ფაქტი (ხსენებული ფართი საჯარო რეესტრში N ...... საკადასტრო კოდის ქვეშ არის მოქცეული) სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა. პალატამ ყურადღება გაამახილვა ასევე იმაზე, რომ 1999 წელს, როდესაც ქ.მ–ის საკუთრებაში გადავიდა ქ. თბილისში, ........ მდებარე უძრავი ქონება, სადავო კარის ღიობი უკვე გაუქმებული იყო და მოსარჩელე მის კუთვნილ ბინას უკავშირდებოდა ...... ქუჩა N10 ნომრიდან.

6.7. პალატამ მიუთითა, რომ სადავო უძრავი ქონება (13 კვ.მ. ფართი) მოპასუხის საკუთრებაა 1999 წლიდან, საქმის განხილვის მომენტისათვის მის საკუთრებადაა რეგისტრირებული და საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის, 1999 წლის 16 ივნისის N1-284 ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა ი.მ–ვის მხრიდან შედავებული არ ყოფილა, რაც მოსარჩელის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის საფუძვლიანობას გამორიცხავდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ი.მ–ვს საკუთრებით სარგებლობაში თავდაპირველი მოპასუხის ქმედების შედეგად ხელი არ ეშლებოდა და მას გააჩნდა სახლში შესასვლელი ალტერნატიული საშუალება, კერძოდ, ...... ქ.10-ში მდებარე N .......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა N1-ის ვერანდის და მასზე მოწყობილი კიბის გავლით.

7. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 07 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.მ–ვმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. სასამართლომ არ შეაფასა მოპასუხე მხარის აღიარება, რომ საჯარო რეესტრში მის საკუთრებად რეგისტრირებული 13.57 კვ.მ. (ს/კ ......) ნამდვილად წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის დერეფნის ნაწილს, სადაც ამ სართულის მობინადრეები ადიან კიბით და სწორედ მისი გავლით შედიან საკუთარ ბინაში. კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან, მეორე სართულის მობინადრეები სარგებლობენ დერეფნით, მოწინაამღმდეგე მხარემ მის მიერ დერეფანში ამოშენებული სველი წერტილით მხოლოდ კასატორს მოუსპო დერეფნით სარგებლობის შესაძლებლობა.

7.2. მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელემ ნება დართო დერეფანში მის მიერ დაყენებული კარის ამოქოლვასა და სველი წერტილის მოსაწყობად ამოქოლილი კარის ერთ კედლად გამოყენებაზე. ასევე არ დასტურდება მოპასუხის მიერ უძრავი ქონების შეძენისას დერეფანში სველი წერტილის არსებობა.

8. სართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით, ი.მ–ვის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. განსახილველ შემთხვევაში, დავა შეეხება საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას, რომელიც წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს და სამართლებრივი საკითხები სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარეობს. საკასაციო საჩივრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაფასებელია გარემოებები მასზედ, ახორციელებს თუ არა მოპასუხე უძრავი ქონებით იმგვარ სარგებლობას, რაც იწვევს მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის უფლების ხელყოფას, სხვაგვარ ხელშეშლას ან/და ზიანს. კონკრეტულ შემთხვევაში კი, მხარეთა შორის სადავოა მოსარჩელის კუთვნილი ფართის შესასვლელში ამოშენებული კარის ღიობის დემონტაჟის საფუძვლის არსებობა.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

15. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. ასეთი ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგ საქმე №ას-843-809-2016, 26 ოქტომბერი, 2016 წელი; №ას-674-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (იხ. სუსგ Nას-1250-2018, 21.12.2018 წ.).

17. როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარეობს. აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის კი საჭიროა დადგინდეს საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირის (პირთა) გამო, არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილით თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთი ფაქტი იარსებებს, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში.

18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის მართებულად გადანაწილებით, სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის უზრუნველყოფილ იქნა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპზე დაყრდნობით საქმის გამოკვლევა და შესწავლა (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები). სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წანამძღვრები და სამართლებრივად, არსებითად სწორი შეფასება მისცა მათ, ხოლო, კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მოცემულ საქმეზე, დადგენილად უნდა ჩაითვალოს ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ სადავო უძრავი ქონების მისამართზე, მოპასუხე ქ.მ–ის მფლობელობაშია საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებული ფართი. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ქ.მ–მა უძრავი ქონება, სადავო მისამართზე საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა 2009 წლის 21 ოქტომბერს. ამასთან, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონების (სველი წერტილი 13.57 კვ.მ.) მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრაციის საფუძველია 1999 წლის 21 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხემ სწორედ ისეთ მდგომარეობაში შეიძინა ფართი, როგორიც დღეს არის.

19. რაც შეეხება ამოშენებული კარის ღიობის გამო მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვას, საკასაციო პალატა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის ნაწილშიც ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიუთითებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N004095917 ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვით, N ........ საკადასტრო კოდით აღრიცხული 88 კვ.მ ფართის მქონე ბინა მდებარეობს N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა N3-ის (ნაწილის) მე-2 სართულზე. აღნიშნულ ბინას ფაქტობრივი მდგომარეობით გააჩნია ორი შესასვლელი კარი, რომელთაგან ერთი კარის ღიობი, ამოქოლილი აქვს მეზობელს. კერძოდ, აღნიშნულ ნაწილში მეზობელს მოწყობილი აქვს სველი წერტილი და სათავსო. შესაბამისად, აღნიშნული კარით მოსარჩელის კუთვნილ ბინაში მოხვედრა შეუძლებელია. აღნიშნულ ბინაში მოხვედრა ფაქტობრივი მდგომარეობით შესაძლებელია მხოლოდ დანართ N2-ზე მწვანე ფერით ნაჩვენები კარის ღიობით, ხოლო აღნიშნულ კართან მოხვედრა შესაძლებელია ......... ქ. 10-ში მდებარე N ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა N1-ის ვერანდის და მასზე მოწყობილი კიბის გავლით (იხ. ს.ფ. 72-87). ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული აზომვითი ნახაზებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ამოშენებული ღიობის გახსნის შემთხვევაში, მოსარჩელე დაუკავშირდება არა N ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, არამედ ქ.მ–ის საკუთრებად საჯარო რეესტრში N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართს (კერძოდ, სველ წერტილს და სათავსოს). სველი წერტილებისა და სათავსოს ქ.მ–ის ინდივიდუალურ საკუთრებად არსებობის ფაქტი (ხსენებული ფართი საჯარო რეესტრში N ....... საკადასტრო კოდის ქვეშ არის მოქცეული) სადავო გარემოებას არ წარმოადგენს და საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტიც არ ყოფილა შედავებული.

20. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, რომ მეორე სართულის მობინადრეები სარგებლობენ დერეფნით და ამოშენებული სველი წერტილით მხოლოდ კასატორს მოესპო დერეფნით სარგებლობის შესაძლებლობა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული პრეტენზია ვერ გახდება ი.მ–ვის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს, როგორც მესაკუთრეს, მოპასუხის ქმედების გამო, საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილით თავისუფალი სარგებლობის, ფლობისა და განკარგვის უფლება არ შეზღუდვია და არსებობს ალტერნატიული შესასვლელი, რითაც სარგებლობდა და სარგებლოს მოსარჩელე მის კუთვნილ ფართში შესასვლელად. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებენ მეორე სართულის მობინადრეების სარგებლობას დერეფნით, ხოლო ი.მ–ვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (ამოშენებული კარის ღიობის დემონტაჟი), მოსარჩელეს ექნება არა დერეფნით სარგებლობის უფლება, არამედ იგი დაუკავშირდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სველ წერტილს და სათავსოს.

21. ამდენად, საქმის მასალების თანახმად, მოპასუხემ საკუთრებაში შეიძინა ამგვარი უძრავი ქონება და ამავდროულად, საქმის მასალებში არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ უშუალოდ მოპასუხის მიერ განხორციელდა სადავო კარის ღიობის ამოშენება. ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელეს ალტერნატიული შესასვლელის არსებობის პირობებში არ ეზღუდება მისი საკუთრებით ფლობისა და სარგებლობის უფლება და ამოშენებული კარის ღიობი არ წარმოადგენს საკომუნიკაციო საშუალებას მოსარჩელისათვის მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან დასაკავშირებლად.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ისევე როგორც, დავის გადაწყვეტისას მართებულად განმარტეს სამართლის ნორმები. ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, ი.მ–ვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.მ–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ი.მ–ვს (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N12338681381, გადახდის თარიღი 05.01.2022) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე