საქმე №ას-796-2023
26 ოქტომბერი 2023 წელი ქ. თბილისი
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ბ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, გ.ბ–ძის სარჩელი, მოპასუხე მ.ბ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 5 586.46 ლარის ოდენობით; მოპასუხეს დაევალა მის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე: ქ.თბილისი, ........., კორპუსი 6, ბინა N12ა, საკადასტრო კოდი: ........, ტერასაზე არსებულ არმირებული ბეტონის 200 მილიმეტრის სისქის ფილაზე დაგებული კერამიკული (მეტლახის) ფილების, წებოცემენტის ხსნარის, ჰიდროიზოლაციის ფენის, მოჭიმული ქვიშა-ცემენტის შრის დემონტაჟი. მოპასუხეს, ასევე დაევალა ამავე ტერასაზე არსებულ არმირებულ ბეტონის 200 მილიმეტრის სისქის ფილაზე სამშენებლო სამუშაოს ჩატარება შემდეგი თანმიმდევრობით: დაიგოს EPS-ის პენოპლასტის თბოიზოლაციის 30 მილიმეტრის სისქის შრე; მოიჭიმოს და დაიგოს 70 მილიმეტრის სისქის ქვიშა-ცემენტის შრე; დაიგოს ჰიდროიზოლაციის 10 მილიმეტრი სისქის ორი შრე; დაიგოს წებოცემენტის 10 მილიმეტრი სისქის ხსნარისგან შემდგარი შრე; დაიგოს 20 მილიმეტრის სისქის კერამიკული (მეტლახის) ფილები; არ დაკმაყოფილდა გ.ბ–ძის სარჩელი მოპასუხე მ.ბ–ძის მიმართ დაზიანებული მოძრავი ნივთების ღირებულების სახით, 4 039.4 ლარის დაკისრების თაობაზე.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
მოპასუხემ მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით, გ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად, ხოლო მ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი, 2023 წლის 05 აპრილის განჩინებით, მიღებულ იქნა წარმოებაში.
4. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.ბ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
5. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ განჩინებაში დაშვებულია შეცდომა, კერძოდ, სასამართლო არ დაუკვირდა გ.ბ–ძის სააპელაციო შესაგებელში გამოხატულ პოზიციას, რომ ის აპირებს აღძრას შეგებებული - სააპელაციო საჩივარი, რის შემდეგაც მ.ბ–ძის სააპელაციო საჩივრის ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 10-დღიან საპროცესო ვადაში წარმოადგინა კიდეც შეგებებული სააპელაციო საჩივარი. როგორც ჩანს, სასამართლოს შეცდომა გამოიწვია იმან, რომ სააპელაციო საჩივარს, კალმით დამატებული არ ჰქონდა სიტყვა „შეგებებული“, რასაც ათვლის განსხვავებული საპროცესო ვადები გააჩნია.
6. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ გ.ბ–ძის მიერ წარმოდგენილია შეგებებული სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან, იგი წარდგენილი იქნა უშუალოდ სააპელაციო ინსტანციაში (რაც ჩვეულებრივი სააპელაციო საჩივრის პირობებში არ დაიშვება); იგი წარდგენილი იქნა სააპელაციო შესაგებლის შემდეგ; შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის განზრახულობაზე წინასწარ იყო გაცხადებული სააპელაციო შესაგებელში 3 დღით ადრე (რასაც წესით სასამართლო სააპელაციო საჩივარზე ადრე უნდა გასცნობოდა); ამასთან, გ.ბ–ძის დაცვას სააპელაციო ინსტანციაში ახორციელებდა საამისო კვალიფიკაციის მქონე ადვოკატი და როგორ სააპელაციო შესაგებელს, ისე შეგებებულ სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს ადვოკატი. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ევარაუდა, რომ სპეციალური იურიდიული განათლების მქონე პირი არ დაუშვებდა ისეთ უხეშ შეცდომას, როგორიცაა სააპელაციო საჩივრის ვადის ათვლისა და წარდგენის წესის დიდი აცდენა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით, გიორგი
ბენდუქიძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
9. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ, (შეგებებული) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი.
10. საკითხის სწორად შეფასებისათვის, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტზე, შესაბამისად მარეგულირებელი ნორმა უნდა განიმარტოს მისი მიზნიდან გამომდინარე.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე და 379-ე მუხლები წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმებს და დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.
12. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანონ სააპელაციო საჩივარი, თუმცა მოწინააღმდეგე მხარისათვის, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით არ სურდა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება (მაგ: აღარ უნდოდა დავის გაგრძელება), ან კანონის მოთხოვნათა დარღვევის (მაგ: სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის) გამო არ წარადგინა ძირითადი სააპელაციო პრეტენზია, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ კანონით კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა, რაც შეიძლება განხილულ იქნას ასევე ე.წ დაგვიანებულ სააპელაციო საჩივრად. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტთან მიმართებით, უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე იგი საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე პრინციპის - დისპოზიციურობის კლასიკური გამოხატულებაა და მოიცავს მხარის ისეთ შესაძლებლობასაც, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება მაშინაც, თუ მას წერილობით აქვს უარი ნათქვამი სააპელაციო საჩივრის წარდგენაზე (სსსკ 370-ე მუხლი). შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიმართ სრულად ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებსაც კანონმდებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით უდგენს ძირითად სააპელაციო საჩივარს, ასევე, სასამართლოს დამატებით ევალება მხარის მიერ 10-დღიანი საპროცესო ვადის დაცვის უტყუარად გამორკვევა. შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონმდებელი ადგენს რა სპეციალურ წინაპირობებს, სასამართლოს არ აქვს რაიმე უფლებამოსილება, მისი განსახილველად დაშვებისათვის დააწესოს დამატებითი, კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლები (იხ. სუსგ. ას-1175-2021, 17.03.2022წ).
13. შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც გასულია სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ან/და მხარეს უარი აქვს ნათქვამი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. ეს ის შემთხვევებია, როდესაც მხარეს რეალიზებული არ აქვს კანონით მინიჭებული გასაჩივრების უფლება (სააპელაციო ან საკასაციო წესით).
14. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ამ ურთიერთკავშირის ფარგლებს თავად კანონი განსაზღვრავს: ძირითადი სააპელაციო საჩივრის გამო საქმისწარმოების შეწყვეტისა თუ მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივარიც იმავე შედეგის მატარებელი გახდება. კანონის ამ დათქმის უფრო ფართოდ განმარტება ეწინააღმდეგება თავად შეგებებული სააპელაციო საჩივრის სამართლებრივ ბუნებას, რამდენადაც შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის თავდაცვის დამატებით და ქმედით საპროცესო საშუალებას. თუ სააპელაციო საჩივარზე წარდგენილი შესაგებლით მხარე უარყოფს პროცესუალური ოპონენტის მოსაზრებებს, შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიზნად ისახავს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომელიც მის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ასევე მის სასარგებლოდ მიღებული და ძირითადი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილის უცვლელად დატოვებას (იხ. სუსგ. Nას-788-2020, 26.02.2021წ.).
15. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას მასზედ, რომ გ.ბ–ძის მიერ წარდგენილი საჩივარი არის შეგებებული სააპელაციო საჩივარი და ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
16. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტ მ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, გ.ბ–ძის წარმომადგენელს, გაეგზავნა 2023 წლის 01 მაისს და ჩაბარდა 2023 წლის 08 მაისს (იხ. ტ.3, ს.ფ. 9-10).
17. გ.ბ–ძის წარმომადგენელმა, 2023 წლის 15 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარზე, წარადგინა სააპელაციო შესაგებელი (იხ. ტ.3, ს.ფ. 11).
18. სააპელაციო შესაგებლით დასტურდება, რომ გ.ბ–ძე აპირებდა შეგებებული სააპელაციო საჩივრის აღძვრას (იხ. ტ.3, ს.ფ. 16).
19. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ.ბ–ძემ, 2023 წლის 18 მაისს, კანონით გათვალისწინებულ 10 დღის ვადაში, (რომელიც არის პროცესის სუბიექტის, მოწინააღმდეგე მხარისათვის განსაზღვრულ კონკრეტული ვადა, კონკრეტული საპროცესო უფლების - შეგებებული სააპელაციო საჩივრის აღძვრის რეალიზაციისათვის), თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა სააპელაციო საჩივარი (იხ. ტ.3, ს.ფ. 25), რომელიც თავისი შინაარსით არის შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
20. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს, შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ბ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე